ჩვენს თემასაც ეხება. ტექსტი უფრო ფართოა. ხაფანგი-22-ზეა, წიგნისა და სერიალის მიმართებაზე, მერე ბეჭდების მბრძანებელი, ჰარი პოტერი და აქვეა გოტ-იც.
მსუქანა ბავშვის თამაშები
https://www.geculture.com/2019/10/01/%e1%83...83%91%e1%83%98/...
პატარაობაში მსუქანა ვიყავი, ვერ დავრბოდი. არადა, სულ მინდოდა, მეც მეთამაშა ფეხბურთი. ამიტომ ჩემი თანაეზოელები ყოველთვის მსაჯად მნიშნავდნენ, რომ არ მწყენოდა, მაგრამ რეალურად არც მეთამაშა.
როცა ჩემი საყვარელი რომანის ეკრანიზაციას ვუყურებ, ის გრძნობა მიბრუნდება: მსუქანა ბავშვის, რომელსაც რაღაც დიდის შექმნაში მონაწილება მხოლოდ იმით მიაღებინეს, რომ დაკვირვების უფლება მისცეს.
...
ჯორჯ მარტინს „ამერიკის ტოლკიენს“ უწოდებდნენ. 1948 წელს ნიუ ჯერსიში დაბადებული ბიჭუნა უდიდეს ფანტასტად იქცა, ყოველთვის ოცნებობდა წარმოსახვაში შექმნილი სახეები, სამყაროები, არსებები ეკრანზე გადაეტანა – ამიტომაც ტელევიზიისთვის დაიწყო წერა, 80იანების ამერიკულ ტელევიზიას ჯერ კიდევ დიდი ძალა ჰქონდა, მაგრამ – არც იმდენი ფული, რამდენიც – ჰოლივუდს. მარტინის იდეები ძვირი უჯდებოდათ.
ამიტომაც „ამერიკის ტოლკიენმა“ რომანების წერას მიჰყო ხელი, „სამეფო კართა თამაშების“ ყოველი სეზონი ცალკეული რომანის მიხედვითაა გადაღებული, პირველი 1996-ში გამოვიდა, ყოველ შემდგომ წიგნს ორიდან ოთხ წლამდე ანდომებდა.
როდესაც სერიალმა პოპულარობა მოიპოვა, 6 რომანი უკვე გამომცხვარი იყო – ლამაზები, დახვეწილები, შეკრულები, არც სიტკბო აკლდათ, არც ალუბლები, არც ვანილის კრემი. წარმატება კი არ მოვიდა, მოვარდა: ყოველ სეზონზე 12-13 ნომინაცია ემიზე, ჯილდოები, პრიზები, მილიონობით ფანი.
მეშვიდე სეზონის რომანი უკვე ნაჩქარევად იწერებოდა, 2018 წელს გამოცხადდა, რომ 10 სერიის ნაცვლად მხოლოდ 7 ეპიზოდი იქნებოდა, პოპულარულმა საკაბელო არხმა „ეიჩბიოუ“-მ მარტინს ოთხი საუკეთესო სცენარისტი მიამაგრა. აირია სამზარეულო: ვინ ბეზეს თქვეფდა, ვინ – კვერცხებს, ხან შაქარი მოსდიოდათ მეტისმეტი, ხან – საფუარი.
კინოსერიალმა დაამარცხა წიგნი. ანუ გაასწრო მას. მაყურებელი ახალ სეზონს ითხოვდა, ბოლო – მერვე – სეზონს. მწერალ ჯორჯ მარტინს კი ახალი წიგნი ჯერ დაწერილიც არ ქონდა.
„ეიჩბიოუ“-ს კი ახალი სეზონი უკვე ბადეში ჩაესვა. ფული – გამოყოფილი, რეკლამის დრო – გაყიდული. მსახიობები – კონტრაქტზე ხელმოწერილი.
ჰოდა, მოხდა წარმოუდგენელი რამ: ჯორჯ მარტინს – „ბრწყინვალე მთხრობელს“, სიტყვის დიდოსტატს, რომელსაც მთელი შვიდი სეზონი რაღაცა არნახული, ალბათ სრულიად გამაოგნებელი დასასრულისკენ მიყავდა თავისი ზღაპრული სამყარო – აუკრძალეს წიგნის წერა. არხის მოთხოვნით, ჯერ უნდა შექმნილიყო სცენარი ანუ „სკრიპტი“, და უკვე ამის შემდეგ „სკრიპტის“ მიხედვით შეეძლო დაეწერა რომანი.
ამ დროისთვის უკვე ათასი ვინმე იყო ჩარეული შემოქმედებით პროცესში – რეიტინგები, მაყურებელი, ბიუჯეტი, პროდიუსერები, ხედვა, რეჟისორები, რომლებიც ყოველ სეზონზე იცვლებოდნენ. მწერალი ვეღარ ეწეოდა თავის ნაწარმოებს. გმირები აღარ ეკუთვნოდნენ აღარც რომანს და აღარც – ავტორს. პატარა მუტანტებად იქცნენ, რომლებსაც სათითაოდ ყველა თითო-ოროლა გენს უმატებდა ან აკლებდა – პროდიუსერები მაყურებლების მოლოდინის მიხედვით ცდილობდნენ სიუჟეტის გამართვას, რეჟისორები საკუთარი ხედვის განსამტკიცებლად ისეთ გადაწყვეტილებებს აღებინებდნენ პერსონაჟებს, რომ ერთ-ერთი მთავარი გმირის – ჯონ სნოუს – შემსრულებელმა, კიტ ჰარტინგტონმა, ბოლო ეპიზოდის სამაგიდო კითხვის დროს თავი ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო. მისმა გმირმა მოკლა ქალი, რომელიც უყვარდა – არა იმიტომ, რომ ჯონ სნოუ ოდესმე ასე მოიქცეოდა, არამედ იმიტომ რომ კინოსერიალის შემქმნელებმა ამოკვეთეს რომანი დედის – ჯორჯ მარტინის – საშოდან და გადააწვინეს ინკუბატორში, სადაც სცენარისტები პროდიუსერის ყოველი ზარის შემდეგ ხან ხელს გადაუკერებდნენ „ბავშვს“, ხან თვალს, ხან ფეხს…
ეს ტელეფონით გადაღებული პატარა ვიდეო სწრაფად მოედო ინტერნეტს – რეჟისორს ყველა მსახიობი მაგიდასთან ყავს შემოკრებილი და ხმამაღლა კითხულობს ბოლო ეპიზოდს, რომელსაც კიტ ჰარტინგტონი ცრემლებამდე მიყავს. მის წინ ზის დრაკონების დედის, დანის, როლის შემსრულებელი ემილია კლარკი, რომელიც უმწეო ღიმილით და მხრების აწურვით შემოიფარგლება. ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ფანები წერდნენ, ნეტავ ჯონ სნოუს გამოეხატა ისეთი გულწრფელი ემოცია და სინანული, რამდენიც ჰარტინგტონმა სამაგიდო კითხვისას აჩვენაო.
მსახიობი დაშორდა გმირს, გმირი – რომანს, რომანი – მწერალს, მწერალი – მკითხველს… თუ მაყურებელს. დაირღვა კავშირი, გადაიჭრა ჭიპლარი, რომლის გადაკერებაც აღარ გამოვიდა.
ამჯერად ვინ გაება ხაფანგ-22-ში? ვითომ ყველაფერი მაყურებლისთვის გაკეთდა, მაგრამ სწორედ მაყურებელი დარჩა ყველაზე იმედგაცრუებული.
„პროდიუსერებმა დევიდ ბენიოფმა და დი.ბი. ვეისმა დაამტკიცეს, რომ სასტიკად არაკომპეტენტური მწერლები არიან, როდესაც არა აქვთ წყარო (ანუ წიგნი), რომელსაც შეიძლება დაეყრდნონ“ – წერდნენ თავიანთ პეტიციაში ფანები, რომლებიც ‘სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის თავიდან გადაღებას ითხოვდნენ. ამ პეტიციას მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ბენიოფმა და ვეისმა საზოგადო ადგილებში გამოჩენა შეწყვიტეს, ცნობილ ყოველწლიურ კომიკ-კონზეც კი არ ჩავიდნენ სან დიეგოში, რომ გააფთრებული ფანებისთვის პირისპირ შეხვედრას აცდენოდნენ. კიტ ჰარტინგტონი გადაღების დასრულების შემდეგ სულიერი აშლილობის და ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ ძვირადღირებულ სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა.
დამარცხდა ყველა – მწერალიც, რეჟისორიც, მსახიობებიც, მაყურებელიც. რომანიც. სერიალიც.
„ეს სერიალი იმსახურებდა ფინალს, რომლიდანაც აზრის გამოტანა იქნებოდა შესაძლებელი“ (პეტიციიდან).
ფინალი, დიახ, ფინალი. გახსოვთ, რა ვთქვით თავში? რომანს შვენის ფინალი, სერიალს კი – უფინალობა. სერიალი წლები შეიძლება გაგრძელდეს, სეზონი სეზონს დაემატოს, ყოველი ფინალური სერია შემდეგი სეზონის დასაწყისს გავდეს. წიგნს კი არ შეუძლია, არ ამოთქვას სათქმელი, არ გაამართლოს ამდენი გვერდი, ამდენი სიტყვა, ამდენი პერსონაჟი, ამდენი ფიქრი, ამდენი უძილო ღამე.
რა იქნებოდა „გამზრდელი“ ფინალის გარეშე? ან „ხევისბერი გოჩა“? ან „ალუდა ქეთელაური“?
ნუთუ აქ მარცხდება ყველა ბრწყინვალე რომანი? ფინალის აპრიორულ უგულებელყოფასთან?
ცნობილი ამერიკელი სცენარისტი, აარონ სორკინი, ამბობს: „ როცა ჩემთან მოდიხართ და მეუბნებით, რომ სერფერებზე ფილმის გადაღება გინდათ, ეს იდეა არაა. ესაა გარემო – დიდი ტალღები, ოკეანის სანაპირო – სადაც განვითარდება თხრობა. მაგრამ იდეისთვის საჭიროა გქონდეთ ფინალი. როდესაც გაქვთ დასასრული, მხოლოდ მაშინ გაქვთ ამბავი“.