GAMEZER 5.0 შესავალი
ოპერაციული სისტემა (OS) კომპიუტერის პრაქტიკულად ყველა ფუნქციას წარმართავს. ამ თავში თქვენ გაეცნობით ოპერაციულ სისტემა Windows 2000-სა და Windows XP-სთან დაკავშირებულ კომპონენტებს, ფუნქციებს და ტერმინოლოგიას და მისი დასრულების შემდეგ გეცოდინებათ შემდეგი თემები:

• ოპერაციული სისტემის დანიშნულება
• ოპერაციული სისტემების აღწერა და შედარება მათი დანიშნულების, შეზღუდვების და შესაბამისობის გათვალისწინებით
• ოპერაციული სისტემის განსაზღვრა კომპიუტერის მოთხოვნების საფუძველზე
• ოპერაციული სისტემის დაყენება
• ნავიგაცია გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისში (GUI)
• ოპერაციული სისტემის პროფილაქტიკის ყველაზე მეტად გავრცელებული მეთოდები და მათი გამოყენება
• ოპერაციულ სისტემებში გაუმართაობების მოძიება და აღმოფხვრა
5.1 ოპერაციული სისტემის დანიშნულება
ოპერაციული სისტემა (OS) ყველა კომპიუტერში უზრუნველყოფს ინტერფეისს მომხმარებლის, პროგრამების და აპარატურის ურთიერთკავშირისათვის. ოპერაციული სისტემა ჩატვირთავს კომპიუტერს და მართავს ფაილური სისტემით. თითქმის ყველა თანამედროვე ოპერაციულ სისტემას შეუძლია რამდენიმე მომხმარებლის, ამოცანის და CPU-ს უზრუნველყოფა.

მოცემული ნაწილის დასრულებისას თქვენ გეცოდინებათ:
• თანამედროვე ოპერაციული სისტემების მახასიათებლები
• ოპერაციული სისტემების კონცეფცია
5.1.1 თანამედროვე ოპერაციული სისტემების მახასიათებლები
მიუხედავად ზომისა და სირთულისა, ყველა ოპერაციული სისტემა ერთსა და იმავე საბაზისო ფუნქციას ასრულებს მართავს კავშირს მოწყობილობებთან, ფაილებთან და საქაღალდეებთან, უზრუნველყოფს სამომხმარებლო ინტერფეისს და მართავს, აგრეთვე, პროგრამებს.
აპარატურასთან კავშირი (Control Hardware Access)
ოპერაციული სისტემა უზრუნველყოფს პროგრამების და აპარატურის შეთანხმებულ კავშირს. მოწყობილობებთან კავშირისა და ურთიერთობისათვის ოპერაციულ სისტემაში თითოეული კომპონენტისათვის ყენდება დრაივერი. დრაივერი არის კომპიუტერის რომელიმე მოწყობილობის ამა თუ იმ ოპერაციულ სისტემასთან დამაკავშირებელი მინი პროგრამა, შექმნილი მოწყობილობების მწარმოებლის მიერ. აპარატურის დაყენების დროს ყენდება დრაივერიც, ის ყოველთვის ახლავს თან ახალ კომპონენტს.
სისტემური რესურსების დანიშვნისა და დრაივერების დაყენების პროცესის შესრულება შეიძლება კონფიგურაციის დინამიური გამართვის საშუალებით _ Plug and Play (PnP). ეს პროცესი Windows 95-ში ახალი აპარატურული უზრუნველყოფის დაყენების გასამარტივებლად შეიტანეს. ყველა თანამედროვე ოპერაციული სისტემა PnP-ის შესაბამისია. მისი მეშვეობით ოპერაციული სისტემა ავტომატურად აღმოაჩენს PnP-შესაბამის აპარატურულ მოწყობილობას და დააყენებს მის დრაივერს. შემდეგ ოპერაციული სისტემა გამართავს მოწყობილობას და განაახლებს რეესტრს, რომელიც წარმოადგენს მონაცემების ბაზას, სადაც შედის ყველა ინფორმაცია კომპიუტერის შესახებ.
შენიშვნა: რეესტრში შედის ინფორმაცია პროგრამებზე, მომხმარებლებზე, აპარატურულ უზრუნველყოფაზე, ქსელის პარამეტრებსა და ფაილების ტიპებზე.
ფაილებისა და საქაღალდეების მართვა (File and Folder Management)
ოპერაციული სისტემა ქმნის ფაილურ სტრუქტურას მყარ დისკზე, რათა შესაძლებელი იყოს მონაცემების შენახვა. ფაილი არის ბლოკი შეკავშირებული მონაცემებისა, რომელსაც მინიჭებული აქვთ საერთო სახელი და მოიაზრება როგორც ერთი მთლიანობა. პროგრამები და მონაცემთა ფაილები დაჯგუფებულია კატალოგში. ფაილები და კატალოგები იმგვარადაა სისტემატიზებული, რომ ადვილი იყოს მათი მოძიება და გამოყენება. ზოგი კატალოგი შეიძლება შეიცავდეს სხვა კატალოგებს, რომელთაც ქვეკატალოგები ეწოდებათ. OS Windows-ში კატალოგებს საქაღალდეებს უწოდებენ, ხოლო ქვეკატალოგებს _ ქვესაქაღალდეებს.
სამომხმარებლო ინტერფეისი (User Interface)
ოპერაციული სისტემა მართავს მომხმარებლის კავშირს პროგრამულ და აპარატურულ უზრუნველყოფასთან. არსებობს სამომხმარებლო ინტერფეისის ორი ტიპი:
• ბრძანებათა სტრიქონის ინტერფეისი Command Line Interface (CLI) _ მომხმარებელს შეყავს ბრძანებები პასუხისთვის განკუთვნილ სტრიქონში, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

• გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისი Graphical User Interface (GUI) _ მომხმარებელი მუშაობს მენიუსთან და პიქტოგრამებთან (სურ.).