კოკოშკოვის საქართველომ სლოვაკეთიც დასცა
საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებმა, იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, სტუმრად ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და წელს გასამართი ბოლო შეხვედრის წინ, ჯგუფში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.
ლუქსემბურგში და ირლანდიაში მიღწეული წარმატების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს შანსი არ დაუტოვა, 101:78 გაანადგურა და 17 სექტემბერს, მთავარ კონკურენტ შევედეთთან სტუმრად გასამართი მატჩისთვის გაემზადა.
საქართველოს ნაკრები სლოვაკეთში დიდი ბრძოლის მოლოდინში ჩავიდა. სლოვაკებმა წინა ტურში ჩვენი ჯგუფის ერთ–ერთ ლიდერად შერაცხული შვედეთს, ბოლო წამებზე მხოლოდ ქულა დაუთმეს და თავისთავად ცხადი იყო, რომ ქართველებს მათ მოედანზე იოლი გასეირნება არ უნდა დაეგეგმათ.
თუმცა პირველივე მეოთხედის შემდეგ გაირკვა, რომ იგორ კოკოშკოვის გონივრულად მოთამაშე გუნდს პროვინციულ ქალაქ ნოვა ვესში საფრთხე არ ემუქრებოდა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, ქართველების დიდი უპირატესობა საწყის წუთების შემდეგვე გამოიკვეთა. ამ ფონზე სლოვაკები შეიბოჭნენ და მთელი პირველი ტაიმის მანძილზე მათგან მხოლოდ სამმა კალათბურთელმა ჩააგდო ბურთები. ეს კი უპირველესად, ქართველების დაცვის დამსახურება იყო.
მხოლოდ დაცვა არ იყო კოკოშკოვის გუნდის მძლავრი იარაღი. ჩვენიანები შესაშური სიზუსტით ესროდნენ როგორც ახლო, ისე შორი დისტანციებიდან. პირველი მეოთხედი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა საქართველოს ნაკრებს ორქულიანების სროლათა 100% (8-დან 8) ჰქონდა ჩაგდებული, ხოლო პერიმეტრსმიღმა დისტანციიდან 5 ტყორცნიდან მიზანს 4-მა უწია.
ერთადერთი, რაშიც ქართველები მოიკოჭლებდნენ, საჯარიმო სროლები იყო, თუმცა ეს ვერანაირად ვერ ცვლიდა იმ საერთო ფონს, რომელიც კოკოშკოვის გუნდის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ შექმნილიყო.
ტაირონ ელისმა პირველ მეოთხედში 4 სამქულიანი ესროლა და ყველა ჩააგდო (საბოლოოდ 7-დან 6 სამიანი მიითვალა), ნიკოლოზ ცქიტიშვილი კი პერიმეტრსმიღმიდანაც იხვეჭდა ქულებს და რამდენჯერმე მოხდენილადაც ჩაუტენა აჭრილ სლოვაკებს.
რაც დრო გადიოდა, კოკოშკოვის შეგირდების უპირატესობა იზრდებოდა და ათეულებს აჭარბებდა, ხოლო მესამე მეოთხედის დასაწყისში ზაზა ფაჩულიას ჩატენვის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს, 35 ქულას მიაღწია – 68:33.
ფარქვეშ სლოვაკების რისხვა ფაჩულია იყო. ზაზამ მასპინძლებს სამწამიანი ზონიდან უამრავი იოლი ბურთი ჩაუგდო და ის, რომ ასე ლაღად გრნობდა ფარქვეშ თავს, მისი თანაგუნდელების დამსახურებაც იყო. გიორგი ცინცაძე მას პასებით ამარაგებდა, ხოლო ვიქტორ სანიკიძე და ცქიტიშვილი ზაზას ფარქვეშ ეხიდებოდნენ.
ამ უკანასკნელმა სულაც თავგზა აუბნია თავის მეურვეებს, რადგან ისეთივე წარმატებით ესროდა სამქულიანებს, როგორც ფარქვეშ ყოჩაღობდა. ცქიტიშვილმა ამ მატჩში ყველაზე მეტი ბურთი (6) მოხსნა, თან სამქულიანებიც ბლომად ჩააგდო – 6 ცდიდან 4 მოათავსა მასპინძლების ფარში.
როცა სლოვაკეთში ჩადიოდნენ, ქართველებმა იცოდნენ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე მასპინძელთა ლიდერ რადოსლავ რანჩიკისგან ელოდათ. რანჩიკმა შვედებს 34 ქულა ჩაუგდო და ქართველებთანაც საამისოდ გაიწია, მაგრამ ჩვენიანთა მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა.
მას თავდაპირველად ნიკა ცქიტიშვილი მეურვეობდა, შემდეგ კი მოედანზე ვლადიმერ ბოისა გავიდა და სლოვაკების ლიდერი ქართველებისთვის უსაფრთხო გახდა.
ბოლო მეოთხედის წინ საქართველო 32 ქულას იგებდა და იგორ კოკოშკოვმა სათადარიგო მოთამაშეებსაც მისცა შანსი. უფრო სწორად, ნაკრების ახალბედებს, თორემ სათადარიგოები მანამდეც იყვნენ მოედანზე და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
17 წლის თორნიკე შენგელიამ ლუქსემბურგთანაც ითამაშა, აი, მიხეილ ბერიშვილისთვის კი სლოვაკეთში ოფიციალური სანაკრებო დებიუტი შედგა. ბერიშვილი საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე შევიდა მოედანზე და სამიანიც ჩააგდო. მისმა ნასროლმა სამქულიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 101:78.
ქართველთაგან ყველაზე მეტი, 27 ქულა ზაზა ფაჩულიას ანგარიშზეა, 20 ქულა მოაგროვა ტაირონ ელისმა, ცქიტიშვილის მონაგარი 17 ქულაა, ვიქტორ სანიკიძე კი, გუნდს 16 ქულით შეეწია. მასპინძელთაგან 19 ქულით, ყველაზე შედეგიანი ლესკო იყო, რანსიკმა და სედმაკმა კი, შესაბამისად 17 და 16 ქულა დააგროვეს.
ამგვარად, B დივიზიონში საქართველო ყველაზე უხვქულიანი გუნდი გახდა. საწყის სამ ტურში კოკოშკოვის შეგირდებმა ყველაზე მეტი ქულა მიითვალეს, თანაც საქართველოს გარდა ვერც ერთმა ნაკრებმა ვერ გადააბიჯა 100-ქულიან ზღვარს. ეს ქართველებმა სლოვაკეთში შეძლეს და 17 სექტემბერს უკვე შვედებთან გავლენ საბრძოლველად.
ქართველებს ირლანდიის მსგავსად სლოვაკეთშიც მხურვალე მხარდაჭერა ჰქონდათ. კოკოშკოვის გუნდის საქომაგოდ სლოვაკეთში მცხოვრები ქარველები ეროვნული დროშებით მივიდნენ. შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი სლოვაკეთში ნიკო ნიკოლოზიშვილი, რომელმაც მატჩის შემდეგ პირადად მიულოცა ჩვენებს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება.
მატჩის შემდეგ
იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა ბიჭებს, რომლებმაც უდიდესი ბრძოლისუნარიანობა და რაც მთავარია, გონიერება გამოიჩინეს. მოედანზე მყოფთაგან ბრძოლის ჟინი არავის აკლდა, ყველა გააზრებულად თამაშობდა და მიხარია, რომ ასეთ უხერხულ მეტოქესთან საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ.
მართალია, დიდი სხვაობით მოვიგეთ, მაგრამ ეს არ ყოფილა იოლი გასეირნება. ყველა მოთამაშე ბოლომდე დაიხარჯა და საქმეც კარგად ამიტომ წაგვივიდა. ყოველივე იმ დიდი შრომისა და ოფლის ღვრის შედეგია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბოლო ხანებში გასწია.
შეკრებაზე გუნდი მოემზადა როგორც ფიზიკურად და ტაქტიკურად, ასევე მენტალურად. ფსიქოლოგიური განწყობა და შეგრძნება იმისა, რომ გამარჯვება მხოლოდ შენს ხელთაა, ერთ–ერთი უმთავრესი იარაღია წარმატების მისაღწევად.
ჩვენ სლოვაკეთში კარგად მომზადებულები ჩამოვედით და გამარჯვების გარდა არაფერს ვგეგმავდით. მატჩის მომენტებზე შეჩერება და ჩვენი გუნდის წევრების გამორჩევა არ მინდა.
ყველამ კარგად ითამაშა, ძირითადმა ხუთეულმაც და შეცვლაზე შესულებმაც. დაცვა იყო მთავარი ფაქტორი ჩვენი გამარჯვებისა, რამაც ხელფეხი გაგვიხსნა შეტევაში და მასპინძლებს საკმაოდ ბლომად ქულაც ჩავუგდეთ.
რამდენიმე დღის წინ, სლოვაკეთმა შვედეთს კინაღამ მოუგო, მაგრამ ჩვენთან შანსი არ ჰქონია. როცა კარგად მომზადებული ხარ, გამარჯვება იოლია.
მაღალ დონეზე საასპარეზოდ ხელმძღვანელობამ ჩინებული პირობები შეგვიქმნა. წმინდა სპორტულ მომზადებას რომ თავი დავანებოთ, ჩვენ საკმაო ვიდეომასალა გვქონდა მომარაგებული. მომავალ მეტოქე შვედეთის თამაშების ჩანაწერებიც გვაქვს და ამ დღეებში ყველაფერს დაწვრილებით გავაანალიზებთ.
მე ვერ გპირდებით, რომ შვედეთშიც უპირობოდ გავიმარჯვებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი მომდევნო მატჩსაც კარგად მომზადებული შეხვდება და ყოველი მისი წევრი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება.
ეს ბიჭები არ თამაშობენ ფულის გამო. ეს ეროვნული ნაკრებია და სამშობლოს ღირსების დაცვა ყველაზე დიდი მოტივაციაა მათთვის. მე ამას ყოველი მატჩის შემდეგ უფრო და უფრო ცხადად ვხედავ და ვგრძნობ”.
დავით უსტიაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “ძალიან მაგრად ვითამაშეთ. გუნდის წევრებმა გამარჯვებისთვის არაფერი დაიშურეს. სათადარიგოებიც მშვენივრად ჩაერთვნენ თამაშში და უკვე 20 წუთის შემდეგ შეხვედრას აზრი თითქმის დაეკარგა.
მეტოქეს ვაჯობეთ ყველა კომპონენტში, ყველა სათამაშო რგოლში. რომელი ერთი გამოვარჩიო, თუმცა მაინც დაცვაზე გავამახვილებ ყურადღებას. ასეთი მწყობრი და გამართული დაცვა ამ ნაკრებს არ უთამაშია.
აუცილებლად გამოსარჩევია გუნდური თამაში. 22 პასი გავაკეთეთ, რაც ევროპულ კალათბურთში ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჩაგდებულ სროლათა მაჩვენებელიც ძალიან მაღალი გვქონდა, რაც შეტევების კარგად ორგანიზების შედეგია.
ახლა ერთი მატჩი გვაქვს დარჩენილი და მთლიანად ამ დაპირისპირებაზე ვართ გადართულები. შვედეთში 14 სექტემბერს მივემგზავრებით და მასპინძლებთან დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად 3 დღე გვექნება”.
ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. B დივიზიონი. მე-3 ტური. ნოვი ვესი (სლოვაკეთი).
სლოვაკეთი – საქართველო 78:101 (17:31, 13:26, 23:28, 25:16)
საქართველო: გამყრელიძე (17 წ. 3 ქ. 1 მ. 2 პ. 1 ჩ.), ვ.ბოისა (20 წ. 8 ქ. 3 მ. 1 პ. 1 დ.), ა.ბოისა (8 წ. 1 მ.), ფაჩულია (28 წ. 27 ქ. 5 მ. 1 პ. 2 ჩ.), ცინცაძე (29 წ. 2 ქ. 2 მ. 9 პ. 1 ჩ.), შერმადინი (8 წ. 2 ქ. 3 მ.), ტუღუში (6 წ. 3 ქ.), სანიკიძე (29 წ. 16 ქ. 3 მ. 6 პ. 1 ჩ.), ბერიშვილი (1 წ. 3 ქ.), ელისი (29 წ. 20 ქ. 5 მ. 2 პ. 3 ჩ.), ცქიტიშვილი (24 წ. 17 ქ. 6 მ. 1 პ.), შენგელია (2 წ. 1 მ.).
ლუქსემბურგი – ირლანდია 70:97
სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო 3 0 293:220 6
2. შვედეთი 2 0 171:151 4
3. ირლანდია 1 2 237:246 4
4. სლოვაკეთი 0 2 166:190 2
5. ლუქსემბურგი 0 2 135:195 2
17 სექტემბერი
სლოვაკეთი – ლუქსემბურგი
შვედეთი – საქართველო
20 სექტემბერი
ირლანდია – სლოვაკეთი
ლუქსემბურგი – შვედეთი
http://www.msofsport.com/more.aspx?id=12087