ზაზა ფაჩულია: “მე ყოველთვის საქართველოს ნაკრების ერთგული ვიქნები”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩში, სლოვაკეთის გუნდს 27 წუთში 27 ქულა ჩაუგდო და შეხვედრის ერთ-ერთი გმირი გახდა. დიახ, ერთ-ერთი და ერთადერთი, რადგანაც იგორ კოკოშკოვის ხელში საქართველოს ეროვნული ნაკრები წარმატებებს, უპირველეს ყოვლისა, გუნდური თამაშის ხარჯზე აღწევს და ეს, ზაზასაც ძლიერ ახარებს. ფაჩულიასთან ინტერვიუში, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, საუბარია როგორც განვლილ მატჩებზე, ასევე შვედეთთან 17 სექტემბერს დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე.
– ზაზა, რით ახსნი ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებულ თამაშს?
– პირველ რიგში, თვალში საცემი ის უდიდესი მონდომებაა, რაც გუნდში სუფევს. ყველა გულით უდგება საქმეს. კარგი შემადგენლობა რომ გვყავს, ეს აქამდეც ვიცოდით. ახალგაზრდებიც არ გვაკლია და აღნიშნული იმედს იძლევა, რომ მომავალში კიდევ უფრო მოვუმატებთ. ამასთან, ახალ მწვრთნელს გუნდი კარგად აჰყვა და იგორ კოკოშკოვის საქმისადმი სწორმა მიდგომამ ნაყოფი გამოიღო.
– ეს ზოგადად და კონკრეტულად რომელ სათამაშო კომპონენტს გამოარჩევდი?
– უკვე ბევრმა ახსენა და მეც გავიმეორებ, რომ ჩვენი ნაკრები გუნდურად თამაშობს. რაც მართლა მუშაობს, ესაა და ამის მთავარი შემოქმედი ახალი მწვრთნელია. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მოთამაშეები რომ არ იყვნენ სათანადო ფორმაში, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. ყველა კარგად არის მომზადებული და მოტივაციაც არავის დაეწუნება. გუნდურად ვთამაშობთ და გამარჯვების მისაღწევად ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
– კარგ ფორმაში ყოფნა, ალბათ, ხანგრძლივმა შეკრებამ განაპირობა...
– რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი ეგაა. გუნდი რა ხანია ერთადაა და ისე შეიკრა და შეთამაშდა, რომ მოედანზე ერთმანეთს უპრობლემოდ ვუგებთ. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ერთმანეთის ხასიათი კარგად ვიცით. აქამდე ისიც გვიშლიდა ხელს, რომ სრულად ვერ ვიკრიბებოდით ხოლმე. შარშან ნიკა ცქიტიშვილი გვაკლდა, ვიქტორ სანიკიძემ კი ტრავმა მიიღო და გუნდი მოიშალა. ახლა კი დროულად შევიკრიბეთ და თან მწვრთნელმაც უდიდესი სამუშაო გასწია.
– რას იტყვი იგორ კოკოშკოვზე? ჩანს, რომ მისით კმაყოფილი ხარ...
– კმაყოფილი როგორ არ უნდა ვიყო, სამივე თამაში ერთი ამოსუნთქვით მოვიგეთ. კოკოშკოვს თამაში სწორად მიჰყავს და შედეგსაც აღწევს. მართალია, შეუცდომელი არავინაა, მაგრამ მისი მოქმედება ძალიან მოსაწონია.
– კოკოშკოვმა თქვა, NBA-ს საზაფხულო ლიგაზე ზაზას პირველივე თამაში ნანახი მაქვსო...
– მართალია, მან “ორლანდოში” პირველივე შეკრებისას მნახა. კოკოშკოვს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ვხედავდი NBA-ს თამაშებზე, როცა იგი “დეტროიტ პისტონზში” მუშაობდა.
ეს გუნდი ლიგაში დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც შედეგებით, ასევე ორგანიზაციით. “პისტონზში” კოკოშკოვს ისეთ დიდ მწვრთნელებთან უმუშავია, როგორებიც ლარი ბრაუნი და ფლიპ სონდერსი არიან.
ერთ-ერთ წელს იგორის გუნდიდან ოლ სტარში 4 კალათბურთელი მოხვდა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ კოკოშკოვს ევროპულ კალათბურთშიც უმუშავია – სერბეთის ნაკრებში ჟელკო ობრადოვიჩის ასისტენტი იყო, რაც ასევე ბევრ რამეზე მეტყველებს.
– კოკოშკოვის მოსვლით გუნდის წევრთა სტატისტიკა მეტნაკლებად გათანაბრდა. არადა, აქამდე შენ გაუპროტესტებელი ბომბარდირი იყავი. ლიდერის ფუნქციების დათმობა დისკომფორტს ხომ არ გიქმნის?
– გუნდური თამაშის მომხრე ვარ და რაც საჭირო იქნება ნაკრებისთვის, ყველაფერს გავაკეთებ. მე გუნდის კაპიტანი ვარ, ამდენად, ჩემთვის მხოლოდ გამარჯვებაა მთავარი და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ქულა მომიგროვდება.
მაგალითად, წინა მატჩში ვიქტორ სანიკიძეს ყველაფერი გამოსდიოდა, მისი შემჩერებელი არავინ იყო და ცხადია, არც არავის უფიქრია საკუთარ მონაგარზე. იმის წინა მატჩში ცქიტიშვილს და ვლადიმერ ბოისას წაუვიდათ თამაში, ტაირონ ელისიც მოწოდების სიმაღლეზე იყო და ამან ჩინებული შედეგები მოიტანა.
აქვე დავძენ, რომ თუ მოედანზე აგრესიის გამოხატვა იქნება საჭირო, არც ამაზე დავიხევ უკან.
– გასულ მატჩებში თანაგუნდელთა ჩინებული გარჯა ახსენე, სლოვაკეთთან მატჩში კი შენი ჯერიც დადგა...
– სწორედ ამას ვამბობ, რომ როგორც მატჩი გვიკარნახებს, ყველა ისე მოვიქცევით. ბოლო შეხვედრაში მე წამივიდა თამაში და გუნდმა ხელი შემიწყო. თუმცა, ეს 27 ქულა ჩემთვის არაფერია იმ გამარჯვებასთან შედარებით, რაც გუნდმა სლოვაკეთში მოიპოვა. აქვე მინდა ვთქვა, რომ სტატისტიკით რამის განსაზღვრა არ მიმაჩნია მართებულად. მაგალითად, გიორგი ცინცაძემ და ლაშა გამყრელიძემ მხოლოდ თითო ბურთი ჩააგდეს, მაგრამ მათი როლი გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი გახლდათ.
– განვლილი მატჩების ასე იოლად მოგება შენთვის მოსალოდნელი იყო?
– და ვინ თქვა, რომ იოლად მოპოვებული წარმატებაა? მართალია, ყველა შეხვედრაში დიდი სხვაობით ვიმარჯვეთ, მაგრამ ბიჭებმა უდიდესი შრომა გასწიეს. ყველა მაქსიმალურად დაიხარჯა და გამარჯვებასაც ალალად ვიმსახურებდით.
ერთი ის იყო, რომ თუკი სლოვაკეთთან 35 ქულით გავიჭრებოდით წინ, ეს ნამდვილად არ გვეგონა.
სხვა მხრივ, სამივე მატჩის მოგება მოულოდნელი არანაირად არ ყოფილა. რაკი თუ ელიტაში ასვლის პრეტენზია გაქვს, ასეთ გუნდებს უნდა ულაპარაკოდ უნდა ამარცხებდე.
როგორ უნდა გამიკვირდეს სლოვაკეთის ან ირლანდიის დამარცხება, როცა მოსამზადებელ პერიოდში ლატვიას, ჩეხეთს და უკრაინას ვაჯობეთ.
– ავსტრიასთან რაღა დაგვემართა?
– ავსტრიასთან მატჩები ჩვენივე ბრალით წავაგეთ და იქნებ, ეს სადღაც საჭიროც იყო. დავინახეთ, რომ ოდნავი მოდუნებაც კი არ შეიძლება. თუმცა, დაიწყო საკვალიფიკაციო მატჩები და დავამტკიცეთ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვძლებია. ყველაფერი ჩვენს ხელშია და თუკი მოვინდომებთ, არაფერი გაგვიჭირდება.
– შვედეთთან მატჩამდე ეს სამი გამარჯვება ფსიქოლოგიურად როგორ იმოქმედებს?
– არა მგონია, ამის გამო ვინმემ ცხვირი ასწიოს და შვედეთთან მოედანზე დაარხეინებული გავიდეს. ყველამ იცის, ჩვენთვის ამ თამაშის მოგებას რა დიდი მნიშვნელობა აქვს და მჯერა, რომ რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა არ შეგვექმნება.
– შვედეთის მატჩის შემდეგ თბილისში ჩამოხვალ?
– სანამ მაგაზე გიპასუხებთ, სხვა რამე მინდა ვთქვა, რაც საქართველოში და ნაკრებში ჩემს ჩამოსვლას ეხება. ბევრს ეგონა, რომ ზაზა ფაჩულია ნაკრებში არ ჩამოვიდოდა. ამაზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ მე ყოველთვის საქართველოს ნაკრების გვერდით ვიქნები.
შარშანდელი ამბების გახსენება არ მინდა, ეს უკვე წარსულია, წერტილი აქვს დასმული და შედეგი ისაა, რომ მე ახლა საქართველოს ნაკრებში ვარ და გამარჯვებისთვის არაფერს ვიშურებ.
კითხვის ნიშნები, ითამაშებს თუ არა ფაჩულია ნაკრებში, ყველას შეუძლია, წაშალოს.
რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას, ეს პირველი შემთხვევაა 12 წლის მანძილზე, ანუ მას შემდეგ, რაც სათამაშოდ უცხოეთში წავედი, როცა ზაფხულში თბილისში არ ვარ. ასე მოხდა და ამაში ვერავის დავადანაშაულებ.
ნაკრების მატჩები 17 სექტემბერს მთავრდება და ამდენი დატვირთვის შემდეგ მცირე დასვენება მინდა, რომ შემდეგ NBA-ს ახალი სეზონისთვის მოვემზადო.
უკვე 2 კვირაში საგამოფენო მატჩები იწყება და სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყო. “ატლანტა ჰოუქსში” ჩემი ბოლო სეზონია და თავის განსაკუთრებით გამოჩენა მმართებს, კარგი კონტრაქტი რომ დავიმსახურო – ისევ “ატლანტაში” ან NBA-ს სხვა გუნდში.
http://worldsport.ge/more.aspx?id=12176