ბესიკ ლიპარტელიანი: “შვედეთთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ”
ვაჟ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ წრეში, C ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ზედიზედ მოგებული სამი მატჩის შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი დღეს, 15 სექტემბერს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ლიპარტელიანი პირადად დაესწრო ჩვენი გუნდის თამაშებს ირლანდიასა და სლოვაკეთში. ვიცე-პრეზიდენტ ლაშა ძიძავასთან ერთად, უახლოეს საათებში იგი შვედეთში ჩავა და “ჯვაროსნებს” იქაც ტრიბუნიდან უქომაგებს. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე “ტრეკრუნთან” 3 შეხვედრა გვაქვს ჩატარებული - 2 შესარჩევ ტურნირში და ერთიც ამხანაგური, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ოფიციალურ მატჩებში კი შვედებმა გვაჯობეს, მაგრამ ეს დაახლოებით 10 წლის წინ იყო...
- ნაკრებში არნახული ერთსულოვნებაა. ეს პირველ რიგში ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის დამსახურებაა, რომელმაც გუნდი ერთ მუშტად შეკრა. ავტობუსში, შეკრებაზე და თამაშის დროსაც ნაკრები ერთი ოჯახივითაა.
- თქვენი აზრით, როგორ შეძლო კოკოშკოვმა ასეთ მცირე დროში გუნდის ერთ მუშტად შეკვრა?
- კალათბურთის მწვრთნელის უდავო ნიჭთან ერთად, კოკოშკოვი ძალიან კარგი, კომუნიკაბელური პიროვნებაცაა. იგი ადვილად შედის კალათბურთელებთან კონტაქტში და უმნიშვნელო პრობლემასაც არ ტოვებს ყურადღების გარეშე.
- შეიძლება ითქვას, რომ კოკოშკოვმა “ჯვაროსნების” ყველა პრობლემა მოაგვარა?
- რა თქმა უნდა, გასაკეთებელიც ძალიან ბევრია, მაგრამ უმადურობა იქნება, რაც ამ მცირე დროში კოკოშკოვმა გააკეთა, ვერ დავინახოთ. მას საქართველოს ნაკრებთან საკმაოდ ხანგრძლივი, 2+2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და დარჩენილი პრობლემებიც ნელ-ნელა მოგვარდება.
- სლოვაკეთში მოგების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ცალი ფეხით ნახევარფინალში ვართ. რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის შვედეთთან შეხვედრა, რომელიც შეიძლება წავაგოთ, მაგრამ მეორე წრის ოთხივე მატჩის მოგების შემთხვევაში, ნახევარფინალის საგზურს მაინც მივიღოთ...
- თუ გვინდა, რომ ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, შედარებით სუსტ გუნდს შევხვდეთ, შვედეთში მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, სამი ჯგუფიდან ნახევარფინალში თითო გამარჯვებული და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის. საუკეთესო შედეგის მქონე ნახევარფინმალისტის მეტოქე, ყველაზე უარესი შედეგის მქონე, ანუ სწორედ მეორეადგილოსანი იქნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა ვიბრძოლოთ, რათა ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ყველაზე ცუდი შედეგის მქონე მეტოქეს შევხვდეთ.
- რომელ გუნდებს თვლით A და B ჯგუფების ფავორიტებად?
- ჩერნოგორიასა (A) და ბელარუსს (B), რომელბმაც ძირითადი კონკურენტები, შესაბამისად ჰოლანდია და შვეიცარია, გასვლაზე დაამარცხეს.
- ამჟამად თავს როგორ გრძნობენ ჩვენი კალათბურთელები?
- უმნიშვნელო ტრავმები აწუხებთ ვლადიმერ ბოისას, ვიქტორ სანიკიძესა და ლაშა გამყრელიძეს. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ სერიოზული არაფერია და მათ შვედეთთან თამაშის შესაძლებლობა ექნებათ.
http://worldsport.ge/more.aspx?id=12163