გარნეტია ადამიანი?
NBA-ში, ამერიკულ "სვეტსკი" ლიგაში, თითქმის ყველაფერი ხელოვნური, შაბლონური და უაზრობამდე ერთფეროვანია.
თუ პრაიმ თაიმში "მაიამის" და "ლეიკერსის" VS-ია, იცი, რომ აჩვენებენ ლებრონს. ჯეიმსი კამეჩივით, ერთი ყბიდან მეორეში ატრიალებს კევს, გაბერავს ბუშტს, ლამაზი სპეციალური ეფექტით, იმ ბუშტიდან გამოდის კობი და მთელი თავისი ქარიზმით გვარწმუნებს, NBA ერთი ოჯახიაო.
თუ "სელტიქსს" აპრაიმებენ, ქეი ჯი და პოლ პირსი მკერდით ასკდებიან ერთმანეთს, რაჟონ რონდო პატარა მგელუკასავით მოცუცქდება და ბურთს ფეხებში იტარებს. თუ სარეკლამო ჰაილაითებში შაკიც ხვდება, ცენტნერიანი უკანალით შედის სამწამიანში და ერთს გარეპავს. ეგ ამბავი კალათბურთის თამაშზე მაგრად იცის.
და ამას მეასედ, მეორასედ უყურებ. იქვე, სადმე ჩააგდებენ კლიპს კრისტინა აგილერას და სერ ელტონ ჯონის გაცვეთილი სლოგანით, The Game of Love. "კიას" აპიარებს რეი ალენი, "ადიდასის" ფეისები ერთმანეთში ირევა, ეკრანს ისევ შაკის ცენტნერიანი უკანალი ფარავს და უკვე დაღლილი ხარ. ოდნავ მშვიდდები, როდესაც ლარი ბერდი და მეჯიქი გვეპატიჟებიან ტკბილი მოგონებების მარანში და გვახსენებენ, რომ ყველაფერი გაცილებით ადრე გაცილებით უკეთესი და ნაკლებად ყალბი იყო. ბერდის უშნო ულვაში, მეჯიქის ოფლიანი სახე, აიზიას ღიმილი, რომელიც მერე ედი მერფიმ მოიპარა და ჰოლივუდში მილიონებად გაყიდა. ამის მერე მშვიდად იძინებდი და მეორე დღეს, რიჩმონდ-ჰარდევეი-მულინის RUN TMC კაიფის დიდ დოზას გაძლევდა, ამას ვენებში უშვებდი და, ნარკომანივით, ახალ დოზაზე ჩალიჩობდი.
ჩარლზ ბარკლისთვის სექსი სპორტი იყო, ჩვენთვის სპორტი მხოლოდ NBA გახდა და სექსიც მაიკლის, სკოტის, ლარი, მეჯიქის რამდენიმეწამიანი გამოჩენა ხდებოდა.
დღეს ყველაფერი იმაზე ადრე ვიცით, ვიდრე უნდა აგვიხსნან, უნიჭოდ შეგვაპარონ.
ვიცით, რომ დირკ ნოვიცკი ვერასოდეს გახდება ჩემპიონი.
ვიცით, რომ ზაზა ფაჩულიას ჯორჯიაში ყველაზე გემოვნებით აცვია ის, რაც აცვია.
ვიცით, რომ ტიმ დანკანს ვერ შეცვლის ტიაგო სპლიტერი.
ვიცით, რომ რაშარდ ლიუისს დოლარები გუნდზე და დედაზე მეტად უყვარს.
ვიცით, რომ ბენ აფლეკი "ბოსტონია" და ჯეკ ნიკოლსონი - "ლეიკერსი".
ვიცით, რომ დევიდ სტერნს კრემისფერი პიჯაკი არ უხდება და მაინც ატარებს.
ვიცით, რომ ელ ეიში ნაყინი 9 დოლარი ღირს და ჰიუსტონში - 5.
ვიცით, რომ გილბერტ არენასი აფერისტია.
ვიცით, რომ დუეინ უეიდი ბოულინგში მხეცია.
ვიცით, რომ რონ არტესტს 15 წლის გოგოები უყვარს.
ვიცით, რომ შაკს მერობა უნდა.
ვიცით, რომ კრის ანდერსენს პოლიციელის დანახვაზე იღლიებში აყრის.
ვიცით, რომ გრეგ პოპოვიჩს ბლანჟე ისევე უხდება, როგორც ლებრონს - ჩულქები.
ვიცით, რომ მანუ ჯინობილი გამელოტდა.
ვიცით, რომ კევინ გარნეტი არ შეიცვლება და ამასაც თავისი მუღამი აქვს.
და აქვს რო?
ქეი ჯის სკოლიდან აკვირდებოდნენ და მისი სიყრმის დღეებიდან აინტერესებდათ, რატომ არის გარნეტი ყოველთვის უაზრობამდე აფორიაქებული და სახეზე "ახურუშებული" პიტბულის გამომეტყველება აქვს. ეს აუხსნელია და ბებერი ქეი ჯიც მხოლოდ მაშინ მშვიდდება, როდესაც პირდაპირ ეთერში ბებერი ბილ რასელისგან რჩევებს იღებს.
"სელტიქსი" საკუთარ ქარიზმას იშვიათად აპიარებდა. გუნდის ქარიზმა ბობ კოუზის ტვინი, ბილ რასელის მუშტი, ლარის ანტიქარიზმა და კევინ მაქჰეილის გრძელი კიდურები იყო. სკანდალები უფრო ელ ეისკენ ფეთქდებოდა, დეტროიტში და ვაშინგტონში მოდაში იყო არასრულწლოვანის გაუპატიურება, სან ანტონიოში პროვინციალიზმმა ამოხეთქა და ბოსტონში ყოველთვის კალათბურთის ფეშენ კვირა იყო.
"სელტიქსში" გარნეტის გადასვლამ კლუბის სტილი, სატრანსფერო სტრატეგია და პერსპექტივის წონადობა უცებ შეცვალა. კევინში "მინესოტამ" 7 (!) ტიპი მიიღო და "სელტიქსმაც" (რეი ალენის დათრევით) სახელფასო ლიმიტის ჭერი გახეთქა.
მარტო გარნეტი ვერ შეცვლიდა ყველაფერს, მაგრამ კევინთან ერთად უფრო გალიდერდა და გაბოროტდა პოლ პირსი. ამდენი სეზონი კალათბურთს გულით თამაშობდა, მაგრამ "ბოსტონი" სულ სადღაც უკანა პლანზე იყო. სამაგიეროდ, პირსის ძმაკაცმა, სიტყვა "გუნდზე" აცრილმა ენტუან უოქერმა "მაიამიში" (გარი პეიტონთან ერთად) დაირტყა ჩემპიონის ბეჭედი.
გარნეტის დაცვა მისი უნივერსალიზმის ფონზე ოდნავ ფერმკრთალდებოდა. ვერ ვიხსენებ, ქეი ჯის სიმაღლის პერსონაჟს დაცვაში ხუთივე ნომრის აყვანა ერთნაირი სიიოლით შეძლებოდეს.
ჯეისონ კიდს სროლა გაეჭრა? გარნეტი დაგეშილია.
მანუ ჯინობილიმ "სელტიქსს" კალათი ამოუტენა? ქეი ჯი აშვებულია, უკვე არგენტინელზეა აკრული.
ლებრონი ცელქობს? გარნეტი უფრო მაგრად იცელქებს.
დირკ ნოვიცკის ერთ მეოთხედში 20 ქულა აქვს? შემდეგ მეოთხედში შემთხვევით წარბი გაუსკდება, კეფაში იდაყვი მოხვდება ან გერმანულად რამე "მოშვაინოს" გაიგებს. ის "შემთხვევა" გარნეტია.
"ბოსტონი" დუაიტ ჰოვარდმა გალახა? გარნეტი ერთი ბლოკით აგვარებს ყველაფერს.
"სელტიქსიც" შეიცვალა. უფრო მოლეიკერსოდ აგრესიული, აიზიას და ლემბირის "დეტროიტივით" გამომწვევი და "სპურსივით" მოჩვენებითად მშვიდი გახდა. სახიფათო მიქსტი გამოდის. სხვებისთვის სახიფათო და გარნეტის ბრიგადისთვის საჩემპიონო.
გარნეტთან ყოველთვის რაღაც ისეთი ასოცირდება, რასაც ტიმ დანკანს, კრის უებერს ვერ დაუკავშირებდნენ. 1998-ში კევინმა "მინესოტასთან" ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში 126 მილიონი დოლარი უნდა მიეღო. შთამბეჭდავი თანხაა და იმდენად სერიოზულად დააფიქრა ყველა, რომ გარნეტის კონტრაქტის გამო დაიწყო მოთამაშეების გაფიცვა. ლიგის ბოსები სახელფასო ფონდის შემცირებას ითხოვდნენ, მოთამაშეების პროფკავშირი ერუდირებული პატრიკ იუინგის პრეზიდენტობით "წადი შენის" იმეორებდა და ყველაფერი უსაშველოდ გაიწელა. ამერიკის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სტუდენტებმა წარადგინეს, რეგულარული სამთვიანი დაგვიანებით დაიწყო და დევიდ სტერნის ყოველი კომენტარის შემდეგ ჟურნალისტები გარნეტსაც ეხმიანებოდნენ.
გარნეტი ლიგაზე, დევიდ სტერნის საერთო იმიჯზე მუშაობდა და რასაც სხვას არ პატიობდნენ, კევინისთვის დაშვებული იყო. NBA-ც ჰოლივუდის გზაზე შედგა და მშვიდად, უსირცხვილოდ მიაბიჯებდა უსასრულობაში. თუ არ გადაიჩეხებოდა, ბოლომდე ივლიდა და, ადრე თუ გვიან, სტერნს და გარნეტს სხვები შეცვლიდნენ. სტერნის შეცვლა იოლია და მეორე გარნეტი აღარ დაიბადება.
გარნეტი გაიზარდა. უფრო დინჯი მოსაუბრე, სასიამოვნო თანაგუნდელი და ერუდირებული რესპონდენტი გახდა. არ შეცვლილა მხოლოდ მისი დამოკიდებულება ოპონენტისადმი. გარნეტის ჰუმანიზმი გასახდელში რჩებოდა და საფინალო სირენამდე იქვე იდო შეფუთული. ადამიანი არაადამიანი, ჯუნგლების, ოკეანის პრედატორი ხდებოდა.
გარნეტს ხშირად ასაშვებ ძაღლს ადარებენ და თითქმის არ აკონტროლებენ იმ ძაღლის ჯიშს. ბულტერიერივით უაზრობამდე ბოროტი და ცანცარა არ არის. არც პიტივით გამაღიზიანებლად წითელი თვალები და რაფინირებული სიბოროტე ახასიათებს. სტაფივით მძიმე და ოდნავ მოუქნელიც ვერ არის, ხერხემალში ვინმეს გადატეხვასაც არ ჩალიჩობს.
გარნეტი უფრო მასტიფია. სოლიდური, ცივი გამოხედვა, ჩხუბში დაუნდობელი და ჩხუბის მერე - დინჯი. მისი საუბარი კი ზეფირივით ადვილი მოსანელებელია.
გარნეტი დაბერდა. მალე 35 წლის შესრულდება. ძველებურად ვეღარ კეტავს დაცვაში მთელ სამწამიანს, ეფექტური ბლოკის მერე ინერციით, მეორე ბლოკს ვეღარ, აღარ აკეთებს.
1 134 VS-ი, 22 421 (19.8) ქულა, 12 292 (10.8) მოხსნა, 4 738 (4.2) პასი, 1 531 (1.4) ჩაჭრა, 1 796 (1.6) დაფარება, ერთხელ რეგულარულის MVP, ერთხელ სეზონის საუკეთესო დამცველის პრიზი, ერთხელაც ოლ სთარის MVP და კარიერა, სადაც იმაზე მეტი ადრენალინი გამოიყოფოდა, ვიდრე ორივე Iron Man-ში ერთად აღებული.
გარნეტი არ მომწონს. მომენტებში, მაღიზიანებს და მომენტებში, გარნეტის კალათბურთი მართლა იმასავითაა... აი, ბარკლიმ რომ თქვა რა, მანამდე. გარნეტის კალათბურთი მონატრებული სექსივით გამშვიდებს, ზედმეტი ენერგიისგან გცლის და თვალს გიკრავს, მალე შევხვდებითო.
მომავალ შეხვედრამდე, ფინალში.
"სელტიქსი" იქ იქნება. მინდა, რომ იქ იყოს და ქეი ჯის საჯარიმოს ხაზთან კიდევ ერთი მაღალი, ოღონდ ბუნჩულა და უვნებელი ტიპი დახვდეს.
ჩემი ოცნების ფინალი გარნეტი VS დანკანია.
მერე ერთად ვიოცნებოთ.
ზურა თალაკვაძე
ValiantiT@chka
RIP georgia7777...
Forca juve!Forca italy!
NHL _Anaheim ducks!!!
NBA_San antonio spurs!!!
NFL_Baltimore Ravens!!!
Tennis_Venus wiliams (black panter)
Lleyton Hewitt
Juan Martin Del Potro
ტიმოთე მეფე ხარ მეფე!(c)T@chka