delpo
scarlett lover

      
ჯგუფი: Members
წერილები: 15329
წევრი No.: 53529
რეგისტრ.: 15-February 08
|
#24013210 · 15 Feb 2011, 18:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კევინ ლავმა იცის, რომ ქეი ჯიზე ეფექტურად ვერ მიასლემებს. კევინი ჭკვიანი ბიჭია და იმასაც ხვდება, რომ ელ ჯეფერსონივით ეფექტურად ვერ მიაფარებს რომელიმე ცელქ სუბიექტს „ვულვზის" სამწამიანში.
ასი პროცენტით უნდა ხვდებოდეს, რომ არაეფექტურ ტიპებში ყველაზე პოპულარული და ტიტულებით დამძიმებული ვერ გახდება. ამ ამბავში კოვბოების შტატის გუნდის 21-ე ნომერია პირველი კაცი. კევინ ლავი ოდნავ გახუნებული Range Rover-ით დადის და „მაიამის" უფუნქციო ცენტრს, ჯოელ ენტონის ბოლო „მერსი" ჰყავს. კევინს სხვა მუღამი აქვს.
კევინისთვის მუღამი კალათბურთია. მწვრთნელს ყურადღებით მოუსმენს, ყველაფერს დაიმახსოვრებს, ერთს გაიწელება, ბურთს სამჯერ აკოცებს და 140 წუთში 20 ქულას და 15 მოხსნას დაუძმაკაცდება. კევინს ბევრი ძმაკაცი ჰყავს.
კევინი კალიფორნიაში დაიბადა, ორეგონში გაიზარდა და მინეაპოლისში საკალათბურთო ატესტატი მიიღო. ლავი მშრომელი, კარგი ბიჭია. უყვარს პოპკორნი და რეპი. არ უყვარს ჩიპსი და „სპრაიტი". გიჟდება ჯიმ ქერიზე და „სერიოზულ" ფილმებს ბოლომდე ვერ უყურებს. ლავი იცინის. თითქმის სულ იცინის. და არაფერს არ ივიწყებს.
კევინის ყველა ძმაკაცმა დაიზეპირა ერთი ეპიზოდი. „მინესოტას" ლიდერი მაშინ 6 წლის იყო და ბიძამისმა ჰიუსტონის აეროპორტში დადგმულ გიგანტურ სცენაზე გაიყვანა. კევინი დაიბნა, მიკროფონის შეეშინდა და ტირილი დაიწყო. მისტერ ლავის მუსიკალური კარიერა იქვე დამთავრდა. ლაივი კევინის ბიძამ, ლეგენდარული The Beach Boys-ის სოლისტმა მაიკ ლავმა გააგრძელა. ის მიკროფონი დღესაც კევინის განსაკუთრებულ ოთახში, მანსარდაშია. იქვეა გარნეტის „მინესოტას" სავარჯიშო მაისური, ლატრელ სპრიუელის ოფლსაწმენდი, კევინის ბიძის ორი კვიცის ნალი, ჯიმ ქერის უზარმაზარი კარიკატურა და კიდევ ბევრი საინტერესო ნივთი. ლავი იმ ოთახში ყველდღე შედის, ინსპექციას ატარებს, ოთახს ანიავებს და კმაყოფილი ჩადის ქვედა სართულზე.
Target Center „მინესოტას" ბუნაგია. იქვეა წიგნების მაღაზია. ლავი დეივ ბროდერიკის მაღაზიის ხშირი სტუმარია. ძირითადად, ცნობილი სპორტსმენების ავტობიოგრაფიებით არის დაინტერესებული. ლენს არმსტრონგი, ლარი ბერდი, მუჰამედ ალი, მარკ მესიე, ჯორჯ გერვინი, ტაიგერ ვუდსი, ჩაკ დეილი, სხვები - კევინმა ეს ლიტერატურა ბოლომდე აითვისა და თითო ქვეთავი რამდენჯერმე აქვს გადაკითხული. იქვეა მყუდრო, დიდი ხნის გახსნილი Coffee Shop, რომელშიც ლავი ვარჯიშის შემდეგ შედის და ისვენებს. ცხელ შოკოლადზე კევინი მთელ გუნდს პატიჟებს. ისიც ტრადიციაა, რომ დარკო მილიჩიჩი ორ ულუფას იღებს, სხვები კი ერთით კმაყოფილდებიან. ძალიან მოეწონა ეს ადგილი „ვულვზის" კიდევ ერთ ლეგიონერს, კოსტას კუფოსს. Coffee Shop-ში „ვულვზის" თამაშის დღეს ბევრი ბერძენი შედის.
ლენს არმსტრონგი კევინის კერპია. ლავს ლეგენდარული ველომრბოლის ავტობიოგრაფია, It’s Not About The Bike: My Journey Back To Life სულ თან დააქვს. რამდენიმე თვის წინ მისტერ არმსტრონგი „მინესოტას" ერთ-ერთ ვარჯიშს დაესწრო. კევინი დაიბნა, ლენსს გაუცინა და ხმა ვერ ამოიღო. მერე დამშვიდდა, არმსტრონგს „ვულვზის" ამუნიცია აჩუქა და იქვე ფოტოსესია გაიმართა. კევინი ბედნიერი იყო.
ლავი: „ლენსი გმირია. თან ყველაფერს მშვიდად, არააფიშირებულად აკეთებდა. პირადი ცხოვრებით მილიონები არ დაუგროვებია. ყოველთვის აფასებდა სხვის მონდომებას, სითბოს, ყურადღებას. ვცდილობ, ბევრ ნიუანსში მისტერ არმსტრონგივით ვიყო".
მშვიდია კევინ ლავიც. მშვიდად გადის მოედანზე და „დენვერთან" 43 ქულას და 17 მოხსნას აგროვებს. „ნაგეტსთან" ლავმა NBA-ს ისტორია გადაწერა - კევინი გახდა პირველი, ვინც მატჩი, სულ მცირე, 40 ქულით, 15 მოხსნით და 5 ჩაგდებული სამიანით დახურა. მშვიდად შეუსრულა „ნიუ იორკს", როდესაც, პირველად ბოლო 28 სეზონში, 31 ქულა და 31 მოხსნა გააკეთა. მშვიდად ჩაატარა ერთკვირიანი საქველმოქმედო აქცია და ამ პერიოდში აღებულ 56 672 დოლარს კიდევ 120 000 მიამატა. კევინის ძმაკაცებმა თანხა შეკრიბეს და უსახლკარო ბავშვების ფონდში გადარიცხეს. იმ აქციის შესახებ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შემთხვევით, ლავის მეგობრის დედისგან გაიგო.
კევინი ბედნიერია, როდესაც თავისი დიდი ოჯახის რომელიმე წევრზე საუბრობს. განსაკუთრებით მამიკოზე.
ლავი: "მამა ჰიპი მყავდა. დღესაც გრძელი, გაჩეჩილი თმით დადის, ყოველთვის ერთ ბარში ატარებს საღამოს, ყოველთვის წითელ ღვინოს უკვეთავს. მეგობრები ეხუმრებიან, ვინმემ შენი მოკვლა რომ გადაწყვიტოს, იცის, სად მოგნახოსო. მამას ეცინება და იუმორისტებს დასალევს უკვეთავს."
სტენ ლავიც NBA-ს ოჯახის წევრი იყო. ოთხი სეზონი ირბინა, საშუალოდ 6.6 ქულა და 3.9 მოხსნა დააგროვა, მიიღო 7 ტექნიკური შენიშვნა, საჯარიმო სროლას ცალი ხელით ასრულებდა. მერე, გამთენიისას, ძმამ დაურეკა, ჩვენი პირადი მცველი უბანში ჩაცხრილეს, ვაკანსია გვაქვს, რას იტყვი, კვირაში 3 000 დოლარი რომ გადაგიხადოთო? სტენი ერთი ოჯახიდან მეორეში გადავიდა - The Beach Boys ტურნეში წავიდა. სტენის საკალათბურთო კარიერა იმ ერთმა ზარმა დაასრულა.
კევინის უფროსი ძმა, კოლინი, სამხტომში კოლეჯის რეკორდსმენი გახდა, სიმაღლეშიც გაიზარდა, მაგრამ ხერხემლის ტრავმის გამო იურისტობაზე გადაერთო. უფროსი ძმა კევინის ერთ-ერთი აგენტი და საუკეთესო მრჩეველია. ორი წლის წინ კოლინს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს - ლეიკემია გაქვსო. კევინმა ძმასთან ერთად რამდენიმე ჰოსპიტალი მოიარა. როდესაც გაირკვა, რომ კოლინი ჯანმრთელი იყო, კევინმა მას ორი პონი აჩუქა.
კევინი: "ჩემი ოჯახი ჩემი სიმდიდრეა. როდესაც მშობლებთან ვიკრიბებით, მგონია, რომ მთელი სამყარო ჩემია. ოჯახს პატივი ეცით. შეიძლება მეგობრებთან ურთიერთობაში შეცდე, გარკვეული დროით მათ გარეშე დარჩე. ეს გამოსაცდელი ვადაა. ოჯახი გამოსაცდელ ვადას არ გაძლევს, ყოველთვის გულში გიკრავს და გათბობს. მამა ყოველთვის მეუბნებოდა, ისე უნდა იცხოვრო, როდესაც ღმერთი წაგიყვანს, დამტირებელი გყავდესო. მეგობრებთან ვისვენებ. ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ თუ ვინმემ ჩემს საფლავზე ქვა უნდა დადოს, მინდა, რომ ეს ჩემი ოჯახის რომელიმე წევრმა გააკეთოს."
კევინი დღესაც აგროვებს საყვარელი მოთამაშეების პოსტერებს, ყიდულობს ძველი, VHS-ის ფორმატის ვიდეოჩანაწერებს. კევინის ბოლო დაბადების დღეზე მისმა დამ, 16 წლის ემილიმ, უძველესი ვიდეოკასეტა აჩუქა - დენი ეინჯის და ბილ უოლტონის Boston Outlet Drills. კევინმა აუქციონზე 49 დოლარად შეიძინა პიტ ნიუელის Big Man Moves. კევინის საძინებელში დღესაც ჰაკიმ ოლაჯუონის, მეჯიქ ჯონსონის, აიზია ტომასის, მაიკლ ჯორდანის, პიტ მარავიჩის და ლარი ბერდის პოსტერებია. სხვა ბავშვები ტელესერიალ Sesame Street-ის ყველაზე მაგარ, გაპიარებულ პერსონაჟზე - Big Bird-ზე გიჟდებოდნენ, კევინის კერპი Larry Bird იყო.
კევინისთვის სტენი ყველაფერია. უბრალოდ, კევინი მამიკოს მუსიკალურ გემოვნებას ვერ უჭერს მუღამს. თუ ოჯახში პოკერს თამაშობენ, პირველი 20 წუთი დინამიკებიდან Jay-Z და Snoop Dogg რეპავენ. მერე, მამიკოს თხოვნით, მუსიკალურ ცენტრში cd იცვლება და მიდის Sam Cooke, Rod Stewart, Jimi Hendrix, The Beach Boys. სტენი ძველი დიზაინის, პალმებიან პერანგში ზის, სიგარას აბოლებს, ბედნიერია. მთელი Love იქ არის.
NBA-ს რეგულარულის ბოლოს კევინი ჩადის ვისკონსინში, პატარა, კოხტა და მოვლილ სახლს მეგობრებისთვის ქირაობს. კევინთან ჩადიან ჯერ კიდევ UCLA-დან დაძმაკაცებული რასელ უესტბრუქი, მაიკლ ბისლი, ერნი სპადა ჯუნიორი და ჯორდან მენიგენი. ერთი კვირის შემდეგ კევინი კოტეჯის გასაღებს პატრონს უბრუნებს, თავაზიანად ემშვიდობება და ოჯახში ბრუნდება. კევინის დაიკოს საყვარელი დასასვენებელი ადგილია Cabo San Lucas. კევინმა ემილის იქ ორსართულიანი კოტეჯი უყიდა.
კევინის გარშემო სულ სითბოა. "მინესოტას" ერთ-ერთ მატჩს მაიკ ტაისონი და მიკი რურკი დაესწრნენ. ძმაკაცები Target Center-ში ლავის კალათბურთის სანახავად მივიდნენ. კევინს ეს ამბავი გააგებინეს. ლავი იმდენად ანერვიულდა, რომ თამაშიდან პირველი 9 სროლა გააფუჭა. მერე დამშვიდდა, ორმაგი დუბლიც დაირტყა, მისმა გუნდმა მშვიდად წააგო მატჩი და კევინი მოგვიანებით მაიკს და მიკის შეხვდა.
ლავი: "მაიკმა ორი მტრედი მაჩუქა. მიკიმ პრეზერვატივების ორი შეკვრა მომიტანა. მოგვიანებით, როდესაც მწვრთნელებისგან ნებართვა ავიღე, ერთ-ერთ კლუბში წავედით. მიმტანებმა მიკი ვერ იცნეს, მე კი ავტოგრაფი მთხოვეს. მიკის ეცინებოდა, მაგრამ ვინმესთვის თავი რომ არ გაეტეხათ, მაინც ისე გავაკეთე, რომ ავტოგრაფისთვის მასთანაც მივიდნენ. ძალიან კარგი, საყვარელი ხალხია. უბრალოდ, ვნერვიულობდი და ვგრძნობდი, რომ მათთან ერთად ნებისმიერ წამს შეიძლებოდა სერიოზული პრობლემები შემქმნოდა. გვერდით ორი დინამიტი მეჯდა. მაინც მაგრად გავერთეთ."
კევინის გარშემო სულ სითბოა. როდესაც "სან ანტონიოსთან" კევინმა ტიმ დანკანს მიასლემა, მაიკლ ბისლი მივიდა "სპურსის" სკამთან, აიწია მაისური. მაიკლის შიდა მაისურზე ეწერა Greg, Release Kevin Love from NBA Siberia! (გრეგ, დაიხსენი კევინ ლავი NBA-ს ციმბირიდან). ყველა ძალიან გაერთო.
ყოველ კვირას კევინი ედ უიტჩენს საბანკო ანგარიშზე სოლიდურ თანხას ურიცხავს. 2008 წლის ნოემბერში კევინი ჰოსპიტალში მეგობრის დის მოსანახულებლად მივიდა. იმავე პალატაში იწვა 14 წლის დილან უიტჩენი. ლეიკემია. კევინმა დილანი კიდევ ერთხელ მოინახულა. შემდეგ კიდევ ერთხელ. 2010 წლის 9 ივნისს დილან უიტჩენი გარდაიცვალა. კევინი ერთ კვირას სახლიდან არ გასულა. შემდეგ ედს დაურეკა. შეხვდა. ცოტა ხანს ჩუმად ისხდნენ. კევინმა ედს საბანკო ანგარიშის ნომერი გამოართვა. თავაზიანად დაემშვიდობა.
ოჯახი, მეგობრები, სითბო - კევინთან სამივე ძმაკაცობს. ერთმანეთს სულ ეხმიანებიან, ერთმანეთის ამბავს იგებენ. კევინ LOVE.
მაგარი ადამიანია.
ზურა თალაკვაძე
24 საათი 25.01.11
--------------------
RIP georgia7777...
Forca juve!Forca italy! NHL _Anaheim ducks!!! NBA_San antonio spurs!!! NFL_Baltimore Ravens!!! Tennis_Venus wiliams (black panter) Lleyton Hewitt Juan Martin Del Potro ტიმოთე მეფე ხარ მეფე!(c)T@chka
|