delpo
scarlett lover

      
ჯგუფი: Members
წერილები: 15329
წევრი No.: 53529
რეგისტრ.: 15-February 08
|
#24178970 · 25 Feb 2011, 04:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აისმენიდან ელიოტამდე
სან ანტონიოში ბევრი ულვაშიანი კოვბოია.
ურტყამენ ტეკილას, დადიან პაბებში, საქველმოქმედო კონცერტებზე, უსმენენ ქანთრის, დროდადრო - კიდ როკსაც. სან ანტონიოში ყველგან მტვერი და სიმშვიდეა.
სან ანტონიოში ჰყავთ “სპურსი”.
დღეს ამ გუნდის ისტორიაში ათ ყველაზე წონად, საინტერესო დაპირისპირებაზე ვისაუბრებთ.
10. 1995. დასავლეთის
ფინალი. I მატჩი
სან ანტონიო-ჰიუსტონი 93:94
1995.22.05. სან ანტონიოში ტეხასური ამბების გარჩევა “სპურსმა” და “როკეტსმა” დაიწყეს. აქეთ “სან ანტონიოს” ლიდერი დევიდ რობინსონი, დენის როდმანი და შონ ელიოტი. ჰიუსტონიდან ელეგანტური ჰაკიმ ოლაჯუონი და მოძრავი, დაცვაში ბინძური და ყოველთვის ოპონენტზე დაგეშილი რობერტ ორი. “სპურსი” რეგულარულის პირველი ბანდა იყო და ადმირალი MVP გახდა.
ოლაჯუონმა დევიდზე სრულყოფილი კალათბურთი მთელი სერიის დროს ითამაშა, მაგრამ პირველ ტეხასურ ჟლეტაში ორიმ დაგლიჯა. რობერტმა, რომელიც მოგვიანებით (2005-ში) “სპურსთან” ერთადაც გახდება ჩემპიონი, საფინალო სირენასთან ერთად სამიანი ჩააგდო და “ჰიუსტონი” სერიაში 1:0 დაწინაურდა. “როკეტსმა” ის სერია 4:2 მოიგო. “სან ანტონიომ” ყველა საშინაო მატჩი წააგო, დევიდს კი ნიგერიელმა პროფესორმა ოლაჯუონმა მასტერკლასი ჩაუტარა.
9. 1979.22.04
ჯორჯ გერვინის 63 ქულა
1979 წლის რეგულარულის ბოლო დღეს ერთი ამბავი მოუგვარებელი იყო. “ნაგეტსის” დევიდ “სქაივოქერ” ტომპსონი და “სპურსის” ლეგენდა, ჯორჯ გერვინის ბომბარდირობისთვის რესტლერობდნენ და ერთ-ერთს ჯეკპოტი უნდა დაესვა.
ჯერ ტომპსონის მატჩი დაიწყო და დევიდმა 78 ქულა შეაგროვა. პირველ ადგილზე გასასვლელად გერვინს, სულ ცოტა, 58 ქულით უნდა დაესრულებინა შეხვედრა.
სტარტი მშვენიერი გამოდგა. ჯორჯი იოლად შედიოდა სამწამიანში და პირველი მეოთხედი 20 ქულით დაასრულა. მეორეში აისმენმა სულ აიშვა, პირველ ფსონს 33 ქულა დაამატა და დარჩენილ დროში მხოლოდ 6 ქულა ჰქონდა დარჩენილი. გერვინმა უპრობლემოდ აიღო 10 ქულა, შემდეგ შეცვლა მოითხოვა და აღარ უთამაშია. გერვინს მეორე ტაიმში ბოლომდე რომ ეთამაშა, უილტ ჩემბერლენის 100-ქულიანი ჯაგერნაუტიც სახსენებელი არ იქნებოდა.
8. 1994.24.04
ადმირალმა 71 ქულა აიღო
გერვინის მსგავს გაუგებრობაში დევიდ რობინსონიც მოხვდა. ადმირალი რეგულარულის პირველიდან ბოლო დღემდე ბომბარდირობისთვის ჭაბუკ და უკვე მაგარ ჯანზე მოსულ შაკს ეჭიდავა. “სან ანტონიო” რეგულარულის ფინიშზე დღევანდელზე უკეთეს, მაგრამ მაინც ცუდ “კლიპერსს” დაეჯახა.
რობინსონი კარიერის პიკზე გავიდა და ლიგაში პირველი ცენტრი იყო. ელ ეის მეორე გუნდთან ტეხასური მანქანის ბოსმა თამაშიდან 41/26, საჯარიმოს ხაზიდან კი 25/18 სროლა გამოიყენა, ჯამში 71 ქულა მოაგროვა და რეგულარულის ტოპმექულე გახდა. 71 ქულის გარდა, დევიდმა ის მატჩი 10 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით და 2 დაფარებით დაასრულა. “კლიპერსის” მწვრთნელმა ბობ უეისმა დევიდს უთხრა, ყველაზე სწრაფი, მოძრავი და უნივერსალი ცენტრი ხარ, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდებიო. უეისის პროგნოზი გამართლდებოდა, ადმირალის გუნდს დრაფტზე ტიმ დანკანი რომ არ აერჩია.
7. 1979. დასავლეთის
½ ფინალი. VII მატჩი
ვაშინგტონი-სან ანტონიო 107:105
“სან ანტონიომ” რეგულარული 48 მოგებით, 34 წაგებით და საჩემპიონო ამბიციებით დაასრულა. “სპურსი” ყველაზე მეტ ქულას აგროვებდა, არ უყვარდა და ვერც შეუყვარდებოდა დაცვაში ჩაჯდომა, გასავარდნ ეტაპზე კი გუნდმა პირველ წრეში “ფილადელფიას” მოუგო. დასავლეთის მეორე წრეში “სპურსის” მოწინააღმდეგე “ვაშინგტონი” გახდა.
“სან ანტონიომ” სერია სოლიდურად დაიწყო და პირველი ოთხი მატჩის შემდეგ 3:1 გავარდა წინ. მერე “სპურსი” დაიშალა, მომდევნო ორი VS დათმო და დისაიდერი ვაშინგტონში გაიმართა.
გერვინმა მატჩი ზედიზედ 16 ქულით გახსნა, მაგრამ “სპურსმა” დაცვაში ბევრი შეცდომა დაუშვა, გერვინი და კიდევ სამი მოთამაშე ზედმეტი ფოლებით დაკარგა და შეხვედრა 105:107 დათმო. “ვაშინგტონმა” “სპურსზე” 22 (61:39) საჯარიმოთი მეტი შეასრულა.
6. 2007. დასავლეთის
ფინალი. IV მატჩი
სერია: სან ანტონიო-ფინიქსი
“სპურსი” მეოთხედ გახდა ჩემპიონი, მაგრამ ფინალში “კლივლენდის” გამიზერებამდე ტიმ დანკანის გუნდმა ყველაზე სერიოზული გამოცდა “ფინიქსთან” სერიაში ჩააბარა. სერიის მეოთხე მატჩში ყველაფერი გადაწყვიტა არა ერთმა სროლამ, მოხსნამ, ჩაჭრამ ან ზუსტმა საჯარიმომ - “სპურსმა” კიკბოქსინგით და დევიდ სტერნის არასწორი სანქციებით მოიგო.
“სან ანტონიომ” თავიდან წაიყვანა, მერე სტივ ნეშმა აკრიფა და ძირითადის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე არიზონელები 100:97 გავიდნენ წინ. “სანზის” შემდეგ შეტევაში ნეში პერიმეტრზე მარტო აიწია, სადაც მას რობერტ ორიმ იდაყვი მიარტყა და მსაჯთა მაგიდაზე შეაგდო.
წამოიშალა მთელი “ფინიქსი”, ამარე სტაუდმაიერი მსაჯს წაეძველბიჭა და სტერნმა მოგვიანებით საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო: სტაუდმაიერი და “ფინიქსის” კიდევ ერთი ლიდერი, ბორის დიაო, მეხუთე მატჩის გამოტოვებით დასაჯა, რითაც ისარგებლა “სპურსმა”. დანკანის გუნდმა სერია 4:2 მოიგო. “სანზის” მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ`ენტონიმ დევიდ სტერნს არიზონის საუკეთესო ტელესკოპების იაფად შეძენა შესთავაზა. მაიკის საბანკო ანგარიში 80 000 დოლარით შეამსუბუქეს.
5. 2003. დასავლეთის
ფინალი. V მატჩი
სან ანტონიო-ლეიკერსი 96:94
ისევ “სან ანტონიო” და ბობი ორი. დაუღალავი და უბერებელი ფორვარდი დანკანის გუნდს “ლეიკერსში” შეეჩეხა. ისევ სუპერსერია, ბევრი სისხლი, სისხლჩაქცევა და ნერვიულობა.
“სპურსმა” მშვიდად, მძიმე დაცვით და დანკანის დომინაციით მოიგო სერიის პირველი ორი დაპირისპირება. მერე სერია ანგელოზების ქალაქში გადადის და “ლეიკერსმა” კობის და შაკის ტანდემით ანგარიში გაათანაბრა. კალიფორნიელები მაშინ ზედიზედ სამგზის ჩემპიონები იყვნენ.
გრეგ პოპოვიჩის დობერმანები სერიის მეხუთე მატჩში 26 ქულით გავარდნენ წინ, “ლეიკერსმა” სხვაობა გაანახევრა და ძირითადის დასრულებამდე 4 წამით ადრე “სან ანტონიო” მხოლოდ 2 ქულას - 96:94 იგებდა... ბურთი და წუთშესვენება “ლეიკერსს” ჰქონდა.
ბრაიანტმა მარჯვენა კუთხეში მიიღო ბურთი, მაგრამ მასზე ბრიუს ბოუენი გადადის და კობიმაც ორის მისცა პასი. ბობიმ ისროლა, ბურთი რკინის რკალზე ორჯერ დატრიალდა და დევიდ რობინსონის ხელებში ჩაეშვა. “სან ანტონიო” გადარჩა და ჩემპიონი გახდა. იმ სეზონში ადმირალმა კარიერა დაასრულა.
4. 2008.
დასავლეთის I წრე
სან ანტონიო-ფინიქსი 117:115
“ფინიქსი” ისევ საჩემპიონოდ შეკრიბეს, გუნდს ყველაზე დიდი და ეკლიანი კაქტუსი (შაკი) დაემატა, მაგრამ მისი, ამარე სტაუდმაიერის და სტივ ნეშის სუპერტრიომაც ვერ გააჩერა დანკანის და პოპოვიჩის ორთქლმავალი.
სერიის პირველი მატჩი კლასიკა იყო.
ძირითადის დასრულებამდე 10 წამით ადრე “ფინიქსი” 104:101 იგებდა. “სპურსმა” ბურთი შემოიტანა და ჯინობილიმ მარცხენა კუთხიდან სროლა ვერ გარისკა, რატომღაც დანკანს შეაჩეჩა ბურთი და ტიმიმ ჩასვა! ეს იყო დანკანის პირველი ზუსტი სამიანი იმ სეზონში.
“სან ანტონიომ” ფანებს ნერვები მოუშალა, მაგრამ სერია მაინც მოიგო. სამ მოგებულ მატჩში “სპურსი” პირველ ტაიმში 15 და მეტ ქულას აგებდა. და მერე მაინც იგებდა. არაჩვეულებრივი სერია იყო. ცალკეულ ეპიზოდებში ლიდერობდა მანუ ჯინობილი, ხანდახან ჯობნიდა ნეშს ტონი პარკერი. დანკანმა კი ამარეს და შაკის მონდომებას კლასი და მკვლელის ინსტინქტი დაუპირისპირა. ტიმიმ ბოლოში გადაწონა.
3. 1999. ფინალი.
V მატჩი
ნიუ იორკი-სან ანტონიო 77:78
მოთამაშეების გაფიცვის გამო რეგულარულში გუნდებმა მხოლოდ 50-50 მატჩი ჩაატარეს. შემოკლებული სეზონიდან ფლეი-ოფში ყველაზე მაგრად “სან ანტონიო” გადაერთო. ტიმ დანკანი ლიგაში თავის მეორე სეზონს ატარებდა. ტიმიმ და დევიდ რობინსონმა ორმაგი ცენტრით გადაუარეს “მინესოტას” (3:1), “ლეიკერსს” (4:0) და “პორტლენდს”. სუპერფინალში “სპურსი” “ნიუ იორკ ნიქსს” შეხვდა.
მეხუთე მატჩი “მედისონ სკვერ გარდენში” იყო. “სან ანტონიო” იმ მომენტისთვის სერიას უკვე 3:1 იგებდა. “ნიქსის” ლატრელ სპრიუელმა 35 ქულა დადო, დანკანმა 31 დააგროვა, მაგრამ მატჩის გმირი “სპურსის” პატარა გენერალი, ეივერი ჯონსონი გახდა.
ფლეიმეიქერმა მარჯვენა კუთხეში შონ ელიოტისგან მიიღო ბურთი და, მიუხედავად იმისა, რომ სამწამიანში დანკანი შევიდა, სროლა გადაწყვიტა. ჯონსონმა ჩააგდო, “ნიქსის” ბოლო სროლა (სპრიუელი) კი არაზუსტი იყო. “სან ანტონიო” პირველად გახდა ჩემპიონი, სერიის საუკეთესო მოთამაშედ დანკანი დაასახელეს. ტიმი ერთ მატჩში საშუალოდ 28 ქულას და 14 მოხსნას აგროვებდა.
2. 2004. დასავლეთის
ფინალი. V მატჩი
სერია: სან ანტონიო-ლეიკერსი
ფლეი-ოფის ისტორიაში ყველაზე გრძელი, დაუსრულებელი 5 წამი.
ისევ “სან ანტონიოს” და “ლეიკერსის” სერია და კიდევ ერთი მეხუთე მატჩი.
სერიაში ანგარიში თანაბარია, ძირითადის დასრულებამდე 5 წამით ადრე კი კობი ბრაიანტმა ზუსტი საშუალო სროლით “ლეიკერსი” 72:71 გაიყვანა წინ. “სან ანტონიო” წუთშესვენებას იღებს.
ბურთი ვერ მიდის მანუმდე, პერიმეტრზე ყველა ამოკეტილია და დანკანი იძულებულია, დაახლოებით 6 მეტრიდან ურთულეს სროლაზე წავიდეს. ტიმიმ შაკის ხელებს ზემოდან ჩააგდო და “სპურსი” 1 ქულით წინ გადის. “ლეიკერსს” ბოლო ამოსუნთქვისთვის 0.4 წამი რჩება.
დარჩენილ დროში დერეკ ფიშერმა სროლა, ჩაგდება და “სპურსის” სასახლეში ბოლო ლურსმნის ჩაჭედებაც მოასწრო. მეექვსე მატჩში “ლეიკერსმა” სერია მოიგო, სუპერფინალში კი კარლ მელოუნით და გარი პეიტონით გაძლიერებული ფავორიტები “დეტროიტთან” წააგებენ.
1. შონ ელიოტის დღე
ეივერი ჯონსონის ბოლო სროლამდე, ტიმ დანკანის მშვიდ ტერორიზმამდე იყო ერთი სერია, ერთი მატჩი, ერთი გმირი მოთამაშის ერთი სროლა.
“სან ანტონიო” 1999 წლის დასავლეთის ფინალში “პორტლენდს” იღებდა. “სპურსს” სერია 1:0 მიჰყავს, მაგრამ მეორე მატჩში არაფერი არ გამოსდის. ტიმი სამწამიანში ვერ შედის და თუ შედის, შეცდომებს უშვებს, დევიდ რობინსონიც ვერ არის ჯანზე.
პირველ ტაიმში “ბლეიზერსი” დაფრინავდა. მესამე მეოთხედის ბოლოს სტუმრებმა ჰანდიკაპი 18 ქულამდე გაზარდეს. “სან ანტონიომ” ამას 8:2 გაქცევით უპასუხა. “ბლეიზერსის” მთავარი მწვრთნელი მაიკ დანლივი გუნდს ასვენებს.
“სპურსის” დაბრუნება გრძელდება. 9:0 გაქცევის შემდეგ “ბლეიზერსი” მხოლოდ 3 ქულას იგებს და აქედან იწყება ქულა-ქულაში წვალება. უბრალოდ, “პორტლენდი” სულ წინაა.
“სან ანტონიო” ჩამორჩენას მინიმუმამდე ამცირებს. ჯონსონი ჯარიმდება “პორტლენდის” ფლეიმეიქერ დეიმონ სტაუდმაიერზე, რომელმაც ორი საჯარიმოდან ერთი ჩასვა და საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე “სპურსი” 2 ქულას - 83:85 აგებს.
ბურთი თამაშში შეიყვანა მარიო ელიმ, რომლის პასი კინაღამ სტეისი ოგმონმა ჩაჭრა. ბურთს იღებს შონ ელიოტი.
წაბარბაცდა, ბურთი შეინარჩუნა, გასწორდა.
სამწამიანში არვიდას საბონისი ვერ ასწრებს რობინსონის გადაკეტვას და შონი ხელებაწეულ დევიდს ხედავს. ელიოტისკენ რაშიდ უოლასი გაფრინდა.
და შონმა, პასის ნაცვლად, ისროლა.
და ჩააგდო.
და ეგრევე გმირი გახდა.
და მანამდეც გმირი იყო. ელიოტს იმ სეზონის დაწყებამდე თირკმელი ამოკვეთეს. შონს საერთოდ არ უნდა ეთამაშა.
ელიოტი კარიერას მალე დაასრულებს, მაგრამ იმ მომენტში ელიოტი მთელი “სან ანტონიო” იყო.
ზურა თალაკვაძე
|