ბებერი ბიჭები
ერთ გასახდელში, პატარა ონავარი რაჟონ რონდო დიდი სამმაგი დუბლის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრება. იქვე, სამასაჟო მაგიდაა დაკავებული და ზედ ისტორიაა წამოწოლილი. ბებერი, დამსახურებული, ბუნჩულა, დასვირინგებული ისტორია. ამ ისტორიას ეცინება, როდესაც ის პატარა, ცელქი ტიპი ტრადიციებზე, ლტოლვაზე და ჩემპიონის დიდ გულზე ეჭორავება ჟურნალისტს. შაკი თვითონ არის ტრადიცია. თუ სელტიქსი ფლეი ოფს ვერ მოიგებს, მისტერ ო’ნილი წავა.
მეორე გასახდელში ჭაღარა, ბუზღუნა მწვრთნელი კუთხეში დგას, ესმის ყველაფერი, არ უსმენს არაფერს და ფიქრობს, როდის, სად მოუვიდა შეცდომა. იქვე კიდევ ერთი ჩვეულებრივი ინტერვიუ მიდის. ინტერვიუ მშვიდ კაცთან, რომელიც მშვიდად საუბრობს კალათბურთზე. მერე, პაუზას აკეთებს და: „მან ეს იცის, მაგრამ მაინც... დიდ პატივს ვცემ. ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი”. ტიმ დანკანის სიტყვები.
ბოსტონში, ბილ რასელი სამწამიანში უილტ ჩემბერლენს უხეშად ეფერებოდა. ჯონ ჰავლიჩეკი დამტვრეული ძვლებით ფინალებს იგებდა. ბობ კოუზი მთელი ბოსტონი იყო. ლარი ბერდმა მწვანე ისტორია გადაწერა და მერე წავიდა. სელტიქსის ისტორიულ ქვეთავებში სხვებიც იყვნენ, არიან, იქნებიან. ბოსტონი კალათბურთის ისტორიაა. ასაკში შესული პერსონაჟია, რომელიც კაფეში ზის, ჩაის მიირთმევს და ბევრს რამეს იხსენებს. ბევრ რამეს ვეღარ იხსენებს. მერე, მიმტანს ანგარიში რომ მიაქვს, ათდოლარიანს აძლევს, შვილო, ხურდა დაიტოვეო, ეუბნება და გასვლის წინ ეღიმება. მის სახეზე, ნაოჭებში მთელი ისტორიაა.
სელტიქსის მესვეტე მალე კიდევ ერთხელ დაფიქრდება, კეფას მოიფხანს და ახალი სვეტის დაწერას დაიწყებს. პატარა სვეტი დიდ კაცზე. აი, იმაზე, გასახდელში რომ წამოწოლილიყო. შაკზე.
მესვეტეების კონკურსი რომ გამოცხადდა, სან ანტონიოს ალამოსთან ძირითადად, კოვბოები და მექსიკელები მივიდნენ. ქამრები ღიპის ქვეშ აქვთ გადაჭიმული და ტექსასური ამბების განხილვა მიდის. არ იციან, რატომ შეიკრიბნენ, მაგრამ განცხადებაში ერთი სიტყვა წაიკითხეს და ეს საკმარისია. SPURS. დღეს დიქტორი კიდევ ერთხელ გამოაცხადებს პირველ ხუთეულს და ბოლოსკენ, მშვიდად წარადგენს 21-ე ნომერს. …And number 21, team captain, Tiiiiiiiiim Duncannnnnnnnnn. სელტიქსმა ბოსტონში 105:103 მოუგო სპურსს. სან ანტონიოს და ბოსტონის VS-ის შემდეგ ტიმიმ შაკს კომპლიმენტი გაუგზავნა.
ტიმი და შაკი.
შაკი და ტიმი.
ამ გენერაციის რასელი და ჩემბერლენი. ან, პირიქით. ბილი უილტს პატივს სცემდა და მოედანზე ამცირებდა. ბილი იყო ჩემპიონი და უილტი – ასქულიანი იმედგაცრუება. გამოდის, რომ ო’ნილი და დანკანი თან ახლოს არიან რასელ-ჩემბერლენთან და თან, ძალიან შორს.
დანკანი ოთხჯერ გახდა ჩემპიონი. შაკიც.
დანკანი თავისი თაობის ყველაზე სერიოზული მეოთხე ნომერია. შაკი ცენტრების ცენტრშია. ერთი ტრიალით ყველაფერს ვეღარ აგვარებს, მაგრამ მაინც შაკია.
კობი ორივეზე ნიჭიერია, უკვე ხუთჯერ მივიდა თეთრ სახლში ჩემპიონის ბეჭდით, მაგრამ მაინც უკან არის. შაკი კობიზე ჭკვიანია, შაკი კობიზე დიდია და ლეიკერსში ო’ნილი რასელობდა. კობი ყოველთვის მეორე იყო. მერე აწიკვინდა, ელ ეის ბოსები ქალაჩუნურად მოატყუა და შაკი მაიამიში გააშვებინა.
სწრაფად დაბერდნენ ო’ნილი და დანკანი. შაკი ასაკმა დააბერა და ტიმი – გრეგ პოპოვიჩმა. სპურსი უფრო სწრაფ, მოძრავ კალათბურთზე გადავიდა, სამწამიანში ბურთი ნაკლებად ჩადის და ტიმიც შეტევაში მესამე ოფციაა.
შაკი ბოსტონის ბებრების პანსიონატში სიამოვნებით მიიღეს. სელტიქსისთვის სეზონი აპრილიდან იწყება და აპრილიდან რაც ხდება, შაკს მაგ თემაზე ოთხი სადოქტორო აქვს დაწერილი. ბოსტონი ფლეი ოფია და შაკი იქ სულ ყვავის ტუზი ან ჯოკერი იყო.
არ უძმაკაციათ, თითქმის ყველაფერში განსხვავებულები არიან, მაგრამ ერთმანეთს მაინც პატივს სცემენ.
დანკანი: „შაკი ლიგის სახეა. მე მაგდენს ვერ ვქაჩავდი. შაკი ლოს ანჯელესში ჯეკ ნიკოლსონთან ერთად ტომ კრუზის ფილმის პრემიერაზე დადიოდა. მე გრეგ პოპოვიჩისთვის სალათის ფოთლებს ვამზადებდი, გრეგს რომ დევიდის (რობინსონის) საყვარელი კერძი მოემზადებინა. შაკთან ერთად მოგონებების ოკეანე მაქვს. ხან ის იდგა ფეხზე, ხან – მე, მაგრამ თუ რომელიმე იღლებოდა და გამოცურვა არ შეეძლო, ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებოდით. შაკი ჩემი მოტივაცია იყო. ჩვენ ლიგის ბაობაბები ვართ. მალე ვინმეს ხელს შევუშლით და მოგვჭრიან. ეს დღე მალე დადგება”.
შაკი: „ტიმი კარგი ბიჭია. ალბათ, მასთან ერთად ღამის კლუბში ვერასოდეს წავიდოდი. იმდენად მშვიდი და მორცხვია, რომ მოცეკვავე გოგონას ვერ შეხედავდა, მოერიდებოდა. ტიმისთან ერთად წვეულებაზე წასვლაც მოსაწყენია. მაგრად ვიღლებოდი, როდესაც All Stars მიდიოდა და ტიმი ისევე თამაშობდა, როგორც – რეგულარულში. უბრალოდ, თუ შვილებმა იმ კალათბურთელის დასახელება მთხოვეს, ვისაც ყველაზე დიდ პატივს ვცემდი, ეს ტიმ დანკანი იქნება. Respect, bro”.
38 წლის შაკი წელს თითქმის ყველაფერში პირად ანტირეკორდებზე მიდის. ბურთს თითქმის ვეღარ ტენის და უფრო ხშირად, მას ატენიან. 34 წლის დანკანს ორივე მუხლი აწუხებს. პოპოვიჩი ლიდერს ასვენებს და ტიმი დასვენებულიც დაღლილია. უბრალოდ, ორივემ იცის, რომ მთავარი ამბები ცოტა მერე იქნება.
ჯერ ერთჯერადი სეანსებისთვის გადაღებული ფილმების სერია და სერიალები მიდის. სთოუნი, პარკერი, არონოვსკი და დე პალმა აპრილიდან დაანონსდებიან. ბლოკბასტერებში დამსახურებით და სიყვარულით დაღლილი, მოხრილი ბაობაბებიც იქნებიან. სხვებზე იშვიათად გამოჩნდებიან კადრში, მაგრამ ეს ყველაზე ღრმა, თბილი, დომინანტური და უბრალო ეპიზოდები იქნება. შაკის და ტიმის ეპიზოდები.
... ასაკში შესული პერსონაჟი სადარბაზოსთან ცოლს ელოდება. ჩაის მიღების აუცილებელი სეანსის შემდეგ ძველ კინოთეატრში, რაღაც პრემიერაზე უნდა წაიყვანოს მეუღლე. მანამდე, ავტობუსში დიდი ხნის სიყვარულს და მეგობარს ხელს გადახვევს, გაზეთს გადაშლის და სპორტულ სიახლეებს გაეცნობა. თვალში მოხვდება ჰედლაინი, რომ შაკმა კარიერა დაასრულა. ოდნავ პატარა შრიფტით ტიმის კარიერის ჰეფი ენდიც იქნება ნახსენები. შუქნიშანზე წითელია ანთებული. მოხუცი იხსენებს ძველ დროს. ბოსტონში რედ აუერბახის სიგარას და ლარი ბერდის უშნო ულვაშს. მეჯიქ ჯონსონის პასს და ქარიმის ლიფსოს. და ახსენდება შაკი. ტიმთან ერთად. ერთმანეთს ისევე ავსებდნენ, როგორც ის და მისი არაჩვეულებრივი მეუღლე. ცოტა ადრე რომ ეთამაშათ, თითქმის ლარი და მეჯიქი იქნებოდნენ. მაშინ კალათბურთში მეტი სითბო და ნაკლები დოზით პიჟონობა იყო.
სეზონის ბოლოს შაკილ ო’ნილი კარიერას ამთავრებს. მალე დანკანიც გაყვება და კალათბურთიც ისეთივე ცივი და უემოციო გახდება, როგორც ტილდა სვინტონის გამოხედვა.
ზურა თალაკვაძე
* * *
ჯერსისაც ჩაელაღლარა
შემდეგი სისხლი გვწყურია
მიმაგრებული სურათი