დირკ ნოვიცკი: “ეს, მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი იყო”

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ტრიუმფატორი “დალას მავერიქსი” გახდა, რომელმაც ფინალურ სერიაში ფავორიტად მიჩნეულ “მაიამი ჰითს” 4:2 სძლია. ფინალის მთავარ მოქმედ პირად კი გერმანელი დირკ ნოვიცკი იქცა, ვისაც უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულიც ერგო. ევროპელი ვარსკვლავი მთელი სერიის განმავლობაში შეუდარებლად ირჯებოდა და ნანატრი ჯილდოც ემოციურად იზეიმა.
- დირკ, გამოტყდით, გადამწყვეტი მატჩის დრო რომ ამოიწურა, რა გაიფიქრეთ?
- ალბათ, ის, რაც “დალასის” გულშემატკივრებმა. თუკი მოკლედ ვიტყვით, დაახლოებით ასეთი რამ – “ჩვენ ეს გავაკეთეთ!”. მართალი გითხრათ, დღემდე არ მჯერა, რომ აღნიშნული მოვახერხეთ. ალბათ, გარკვეული დრო დაგვჭირდება, იმის გასააზრებლად, რაც მოხდა, ამჟამად კი, ჯერაც ემოციების ქვეშ ვიმყოფებით. ტიტულისკენ დიდი ხნის განმავლობაში მივდიოდით, ბევრს ვვარჯიშობდით, თავი არ დაგვიზოგავს და მიზანს მივაღწიეთ.
- ახლა, უკვე შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ თქვენი კარიერა “შედგა”?
- ნაწილობრივ (იცინის). ჯერ ყველა მწვერვალი არ დამილაშქრავს. ნბა-ში დიდი ხანიას ვთამაშობ, ფლეი ოფში ბევრჯერ მითამაშია, თუმცა, ფინალში არასოდეს მიმარჯვია. ვფიქრობ, სწორედ ჩემპიონობის უდიდესი სურვილი გახლდათ ის, რაც ამ წლების განმავლობაში მამოძრავებდა და მუდმივი განვითარებისკენ მიბიძგებდა. ოქროს ბეჭედი იგივე 2006 წელს რომ მომეგო, არა მგონია, ვარჯიში იგივე ჟინით გამეგრძელებინა. უფრო მშვიდად ვიქნებოდი და ალბათ, არც 38.3 გრადუსი ტემპერატურით სათამაშოდ გავიდოდი.
- როდესაც გასახდელიდან მოედანზე დაბრუნდით, ყველაზე თბილად ჯეისონ კიდს მიესალმეთ...
- ჯეისონის მაგივრადაც ძალიან გამიხარდა. იგი ნამდვილი მებრძოლია, რაშიც ალბათ, თავადაც დარწმუნდით. კიდი ფინალში ორჯერ იყო გასული, თუმცა, მიზანს მხოლოდ ახლა, 38 წლის ასაკში მიაღწია. მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან შეკრულად ვმოქმედებდით და ბევრი ოფლი დავღვარეთ. მინდა, თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის მენეჯერებს მადლობა გადავუხადო. ყველა მათგანმა საკუთარი სამუშაო გააკეთა, თანაც ძალიან ხარისხიანად, რამაც მწვერვალზე ასვლის საშუალება მოგვცა.
- ნბა-ს ერთ-ერთ სნაიპერად ითვლებით და 22 792 ქულა გაქვთ ჩაგდებული, თუმცა, საჩემპიონო ტიტული მხოლოდ ახლაღა მოიპოვეთ...
- სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ძალიან მინდოდა მოგება. ეს, მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი გახლდათ. ნბა-ში ხომ იმიტომ ვთამაშობთ, რომ როდესღაც ფინალში გავიდეთ და იქ ჩემპიონობა მოვიპოვოთ. სხვა კი, მათ შორის, ქულების რაოდენობა, მეორეხარისხოვანი ხდება. მაგალითად, გუნდში ტაისონ ჩენდლერის გამოჩენამ ძალიან გაგვაძლიერა. მან დაცვაში ფანტასტიურად ითამაშა და ეს, განსაკუთრებით კარგად ფინალურ სერიაში გამოჩნდა. პეჟა სტოიაკოვიჩი შეტევაში ძალიან სარგებლიანი გახლდათ. ერთი სიტყვით, გამოჩნდა, რომ გასულ ზაფხულს “დალასთან” ხელშეკრულების გაგრძელებით, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ამ სეზონში ჩვენ საუკეთესო გუნდი ვიყავით!
- ხედავდით, მაიამიში თქვენს მხარდასაჭერად რამდენი ადამიანი ჩამოვიდა?
- დიახ და ამან ძალიან იმოქმედა. მათ უდიდეს მადლობას ვუხდი. ისინი ჩვენს გვერდით იდგნენ როგორ სიხარულში, ასევე გასაჭირში და ჩემპიონობაში დიდი წვლილი დაიდეს. დალასში, გადაჭედილ დარბაზში თამაში ნამდვილი სიამოვნება იყო და ეს, არასოდეს დამავიწყდება.
- ხუთი წლის წინ, თქვენი გუნდი ფინალურ სერიას 2:0-ს იგებდა და მესამე მატჩშიც სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, თუმცა, მარცხი განიცადა და შემდეგ საერთოდ, ფინალიც დათმო. 2011 წლის “რიმეიქის” დროს თითქმის იგივე მოხდა, იმ განსხვავებით, რომ “მაიამი” 2:1 გახლდათ წინ.
- იმის გაგება გსურთ, ეს როგორ მოხდა? ყველაფერი მარტივადაა: ხასიათი გამოვავლინეთ, რთულ მომენტში არ დავნებდით და ბრძოლა გავაგრძელეთ. გამარჯვების დათმობა არ გვსურდა და ისიც კარგად გვესმოდა, რომ კიდევ ერთი შანსი არ გვექნებოდა. თავი დავდეთ და ფლორიდაში დაბრუნების წინ, ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე ჩვენს მხარეს გახლდათ.
- ისეთ “მონსტრებს”, როგორებიც ჯეიმსი, უეიდი და ბოში არიან, როგორ გაუმკლავდით?
- ჩვენმა “ზონამ” მათ თავსატეხი გაუჩინა. მუდმივად ვცდილობდით, “დიდი ტრიო” ფარქვეშიდან განგვედევნა, სივრცეები შეგვეზღუდა და გვეიძულებინა, რომ მათ შორი დისტანციიდან შეეტიათ. ცხადია, მათთან თამაშისას, პირველიდან ბოლო წუთამდე კონცენტრაციის შენარჩუნება ძალიან მძიმე გახლდათ. აღნიშნულთან შესაგუებლად გარკვეული დრო დაგვჭირდა და ვფიქრობ, ბოლოსკენ ამოცანას კარგად ვუმკლავდებოდით. პრინციპში, თამაში არც მეტოქის ნახევარზე გვიჭირდა.
- თუკი შეტევაზე ვისაუბრებთ, ბოლო მატჩში თამაში მაინცდამაინც არ წაგივიდათ...
- მართალია, პროცენტული მაჩვენებელი კარგი ნამდვილად არ მქონია. თამაშიდან, 27-დან მხოლოდ 9 ტყორცნა ჩავაგდე. თუმცა, თამაში ჯეისონ ტერის წაუვიდა და მოვიგეთ. ახლა, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
- თქვენც შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ მატჩის ბოლოსკენ “ჰითი” ფსიქოლოგიურად “გატეხილი” იყო?
- მართალი გითხრათ, მთელი აქცენტი უპირატესობის შენარჩუნებაზე მქონდა გადატანილი. როდესაც მეტოქე გვიახლოვდებოდა, ძალიან ვნერვიულობდი. “მაიამი” კი ზუსტად ისე თამაშობდა, როგორც წინა მატჩებში. მათ რომ რამდენიმე შორეული ტყორცნა გამოეყენებინათ, არავინ იცის, საქმე როგორ წავიდოდა.
- თქვენს მშობლიურ ქალაქ ვიურცბურგში, ალბათ, ახლა, სახალხო ზეიმია.
- არა მგონია. გერმანელები მშვიდი ხალხია, თანაც, როდესაც თამაში დასრულდა, ჩვენთან ორშაბათი თენდებოდა და ხალხი სამსახურში უნდა წასულიყო. ცხადია, სამშობლოში ძალიან მგულშემატკივრობდნენ და ასე რომ არ ყოფილიყო, გასაკვირი ის იქნებოდა. გერმანიაში “მავერიქსს” ყველაზე მეტი ქომაგი ჰყავს, ნამდვილი “მავს-მანიაა”. ჯერ კიდევ ნბა-ში არ ვთამაშობდი, როდესაც ჩემს ქალაქში ყველანაირად გვერდში მედგნენ. ერთი სული მაქვს, სამოშობლოში როდის ჩავალ და თანამემამულეებს ნანატრ ჯილდოს როდის წარვუდგენ. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელი სანახაობა იქნება!
- იმ მომენტში, როდესა დევიდ შტერნი საჩემპიონი თასით გაჯილდოვებდათ, თქვენ კადრში არ იყავით და მოგვიანებით გამოჩნდით.
- უკან ვიდექი, შემდეგ ბიჭებმა დამიძახეს და ჯოლდო გადმომცეს. მესმოდა, რომ ის მომენტი დგებოდა, რისკენაც მთელი კარიერა მივისწრაფოდი. ამიტომაცი იყო, სიხარულის ცრემლების შეკავება რომ ვერ მოვახერხე. ამის გადმოცემა შეუძლებელია. ფანტასტიკაა. ახლა, ერთადერთი რაც მჭირდება, დასვენება და მომხდარის გააზრებაა. თუმცა, ვფიქრობ, ესეც კი არც ისე იოლი იქნება, როგორც ერთი შეხედვით სჩანს.
სპორტი არის ერთ-ერთი საშუალება რომელიც ერთმორწმუნე ერთან დაგვაახლოვებს...
#ბრძოლაშიუბედურები