ჩუმი მკვლელი
ის მაღალი ტიპი ჩუმი მკვლელია. თამაში იწყება, 48 წუთი გადის და ვერ ხვდები, როგორ დაირტყა ამ უთქმელმა მეგობარმა 20+ ქულა, 10+ მოხსნა, სამი პასი და 2 დაფარება.
მაღალი ბიჭი სტატისტიკით არ გაწუხებს და ბიჭმა იცის, რომ დარჩება. ილაის ბოლო სიტყვებივით დარჩება. მისი გზა დარჩება და იმ გზაზე გრეგ პოპოვიჩი არავის არ გაატარებს. დღეში ორჯერ, "სან ანტონიოს" ვარჯიშის შემდეგ, გრეგი გამოაღებს იმ კარს და დაუსრულებელ გზას დაინახავს. ტიაგო სპლიტერი აქანდაზით, ნანდო დე კოლო ცოცხით მოაწესრიგებენ გზას. სადამდეც გავლენ, მოაწესრიგებენ. ბიჭი ამას იმსახურებს და ის გზა სისუფთავეს იმსახურებს. მერე, ბევრი წლის შემდეგ, დამშვიდებულ კევინ გარნეტს, გასუქებულ კობი ბრაიანტს, დამძიმებულ ლებრონ ჯეიმსს შვილები შეაწუხებენ. მიდი რა, მამიკო, კალათბურთზე შემიყვანე და თან მომიყევი, შენ რომ თამაშობდი, ყველაზე მაგარი ვინ იყოო. კობი დაფიქრდება და ფურცელზე ერთ სახელს მიაწერს. გვარსაც. ლებრონი დაფიქრდება და იგივეს გააკეთებს. გარნეტიც დაწერს ორ სიტყვას. და დაიწყებენ ახსნას.
კობი იტყვის, რომ ყველაზე მაგარი იყო ლებრონი და დაამატებს, შვილო, რომ გაიზრდები, მინდა, რომ ამ, მეორე კაცივით დადებითი და ერთგული იყოო.
ლებრონი იტყვის, რომ ყველაზე მაგარი იყო კობი და დაამატებს - თუ გაგიმართლებს და ამ, მეორე კაცივით სტაბილური და კეთილი იქნები, მაშინ ვიტყვი, რომ მეც გამიმართლა.
გარნეტი არაფერს იტყვის. უბრალოდ, გახსნის დიდ ფოტოარქივს და იქიდან ერთ კადრს ამოიღებს - კევინი და ის, მეორე ტიპი. ერთმანეთს იჭერდნენ და ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ.
და მერე სამივე დაურეკავს შაკს. კალათბურთის ბაობაბი და ყველაზე მსუყე კრუასანი. კალათბურთის შავი გედი, მისტერ ო’ნილი. შაკი გაჩერდება, გაიხსენებს ძველ დაპირისპირებებს იმ უბრალო გოლიათთან და გაეცინება. შაკის ბუნჩულა ლოყაზე ცრემლი ჩამოგორდება.
კარგი დრო იყო. მაშინ კალათბურთს ლეგენდები თამაშობდნენ. მაშინ შაკის წინააღმდეგ დევიდ რობინსონი და ის, მეორე ბიჭი იდგნენ. როგორც გარნეტთან, ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ და არ ინდობდნენ. უფრო არ ინდობდნენ და შემდეგ უფრთხილდებოდნენ.
ლებრონს გაახსენდება 2007 წლის სუპერფინალი. ჯეიმსი ჯერ პატარა როტვეილერია და იმ სერიაში ლებრონი ჰუმანურად, დანდობის გარეშე დანდობით საუბარს და ურთიერთობას ეჩვეოდა. ლებრონს ახსოვს ბოლო წამები. მას უახლოვდება ის დიდი კაცი და ეუბნება, დღეს მე მოვიგე და მალე შენი დრო მოვაო.
კობის გაახსენდება ყველა ის სერია, სადაც მას, კობის, შაკთან ერთად სეკუნდანტებში ჯეკ ნიკოლსონი და მარლონ ბრანდო ჰყავდა და იმ, მეორე ბიჭს - არავინ. კობის ჰოლივუდი ეფერებოდა და იმ მაღალ ახალგაზრდას - გრეგ პოპოვიჩი.
გარნეტს გაახსენდება მათი პირველი გარჩევა ფლეი-ოფში. 1998/99. გარნეტმა სერია წააგო. გარნეტი იმ სერიას ვერ მოიგებდა. ვერც რომელიმე სხვა სერიას იმ გუნდის წინააღმდეგ. იმ გუნდს ის კაცი ჰყავდა. და ის კაცი გარნეტზე უკეთესი იყო. ყველა გარნეტზე, კარლ მელოუნზე, ჩარლზ ბარკლიზე და კევინ მაქჰეილზე კარგი, სანდო და სტაბილური.
ის არ იცვლება. და არ უნდა შეიცვალოს. ის ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც გაუმართლა.
გაუმართლა, რომ მაღალი იყო.
გაუმართლა, რომ არ ეზარებოდა ვარჯიში.
გაუმართლა, რომ მოხვდა გრეგ პოპოვიჩთან და იქ დევიდ რობინსონი იყო.
გაუმართლა, რომ გაუმართლა.
ადრე ჩამოვთვალე ის, რაც არ იცვლება.
1. კირა ნაითლის მკერდი არ ჩანს. კირა ნაითლის მკერდს კირაც ვერ ხედავს; 2. სტივი უანდერი გადასასვლელზე დედამისის დაქალს ვერ გადაიყვანს; 3. ნიქ ქეივი არ დაწერს ლექსს ბედნიერ ბოჩოლაზე. ან დაწერს და ის ბოჩოლა ჯეფრი დამერი გახდება; 4. ორალური სექსის ბოლო ფაზაში მამაკაცის თვალები არ იცვლება; 5. სიკვდილი არ იცვლება; 6. გადასახადები არ იცვლება; 7. სტივენ სპილბერგი არ იცვლება. ჰოლივუდში ბიძას თავისი ჰოლივუდი აქვს; 8. გაი რიჩის ფილმებში დიალოგები არ იცვლება. გაი Ritch-ია; 9. ვენსან კასელი ცოლს არ შეიცვლის. ეგეთ ცოლებს არ ცვლიან, არ შეიძლება; 10. ქართველი ტაქსისტები არ იცვლებიან. აცრილები ჰიგიენაზე და მოძრაობის წესებზე; 11. ფასიანი სექსი ჯერ ვერ იცვლება.
ის მაღალი კაციც არ იცვლება. ალბათ, არც უნდა შეიცვალოს.
ამ სეზონის ერთ-ერთი თამაშის შემდეგ ჟურნალისტები მივიდნენ გრეგ პოპოვიჩთან და ჰკითხეს: ამ ბიჭის ასეთ სერიოზულ თამაშს ელოდით თუ თქვენთვის ეს მოულოდნელი, არარეალური იყო?
პოპოვიჩი: "ჩემთვის მოულოდნელი თქვენი ეს კითხვაა. ეს მოთამაშე არ არის თქვენი პოპულარული მიმოხილვების ჰაილაითი. ის არ არის თინეიჯერების ჰაილაითი. ის ნებისმიერი მწვრთნელის ჰაილაითია და გამიმართლა, რომ მასთან ერთად ვმუშაობ. მისგან უფრო ბევრს ვითვისებ, ვიდრე ის - ჩემგან. აი, ეს არანორმალურია. როგორც მახსოვს, მე მწვრთნელი ვარ და ის - მოთამაშე. მას მთელი გუნდი ენდობა."
ბოლო დიდი ეპოქის ბოლო დინოზავრები. შაკი და ეს ბიჭი. ამ ორი ტიტანის შემდეგ საუკეთესო ცენტრებად დუაიტ ჰოვარდი და... დუაიტ ჰოვარდი ითვლებიან. მეტი ცენტრი არ არის. არ მოდის მეხუთე ნომერი, რომელიც იქ, თავის ტერიტორიას მიხედავს და ნაგავს გაიტანს. არ მოდის მეხუთე ნომერი, რომელიც მოწესრიგებული ახალგაზრდაა და გუნდშიც ყველაფერი მოწესრიგებული იქნება. ენდრიუ ბოგატი ერთ სეზონში 13 მილიონ დოლარს იღებს. ანდრის ბიედრინში 9 მილიონს. Fuck Off.
ლიგაში ის მაღალი ტიპი დარჩა.
ის მაღალი ტიპი ჩუმი მკვლელია. თამაში იწყება, 48 წუთი გადის და ვერ ხვდები, როგორ დაირტყა ამ უთქმელმა მეგობარმა 20+ ქულა, 10+ მოხსნა, სამი პასი და 2 დაფარება. მაღალი ბიჭი სტატისტიკით არ გაწუხებს და ბიჭმა იცის, რომ დარჩება. ილაის ბოლო სიტყვებივით დარჩება. მისი გზა დარჩება და იმ გზაზე გრეგ პოპოვიჩი არავის გაატარებს. დღეში ორჯერ, "სან ანტონიოს" ვარჯიშის შემდეგ, გრეგი გამოაღებს იმ კარს და დაუსრულებელ გზას დაინახავს. ტიაგო სპლიტერი აქანდაზით, ნანდო დე კოლო ცოცხით მოაწესრიგებენ გზას. სადამდეც გავლენ, მოაწესრიგებენ. ბიჭი ამას იმსახურებს და ის გზა სისუფთავეს იმსახურებს. მერე, ბევრი წლის შემდეგ, დამშვიდებულ კევინ გარნეტს, გასუქებულ კობი ბრაიანტს, დამძიმებულ ლებრონ ჯეიმსს შვილები შეაწუხებენ. მიდი რა, მამიკო, კალათბურთზე შემიყვანე და თან მომიყევი, შენ რომ თამაშობდი, ყველაზე მაგარი ვინ იყოო. კობი დაფიქრდება და ფურცელზე ერთ სახელს მიაწერს. გვარსაც. ლებრონი დაფიქრდება და იგივეს გააკეთებს. გარნეტიც დაწერს ორ სიტყვას.
და სამივე დაამატებს - ბედნიერი ვიქნები, თუ ერთ დღეს მეტყვიან, რომ შენ, შვილო, იმ ბიჭივით ჩვეულებრივი და შეუდარებელი ხარ.
ორი სიტყვა,
TIM DUNCAN.
37 Years and counting. Happy B-DAY, Timmy…
ავტორი ქე იცით