ამ შემთხვევაში ნება მომეცით გაგაცნოთ ვარიანტები
ვარიანტი 1აქ ვზივარ ყოველ დღე, ოთხიდან შვიდამდე. შვიდი საათის შემდეგაც დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი, მაგრამ სასადილოს კეტავენ - მოგეხსენებათ, უშუქობა, მთელი დღის ნავაჭრის წართმევის შიში, შინისაკენ გასავლელი გრძელი გზა...
ვარიანტი 2თვალებს ვიწმენდ. ისინი აღარ მჭირდება. ცივი წყლითა და საპნით თვალებს ვირეცხავ. საპნიანი წყალი თვალებს მიწვავს, მტკივა. ახლა სუფთა, ძალიან სუფთა თვალები მაქვს, მაგრამ ვეღარ ვიხედები. ძალიან მახინჯი პატარა თოჯინა დამცინის. ეს ის პატარა უფორმო ჭინჭის თოჯინაა, შენ და მე ერთად რომ გავაკეთეთ, მაგრამ აქ საიდან გაჩნდა?
ფოტოკამერას ვიღებ და სურათებს გიღებ, ისევე, როგორც ადრე. ამჯერად ზღვის ნაპირზე დგახარ და ფართოდ გახელილი თვალებით ობიექტივის მიღმა იყურები. მზერა არ ვიცი ვის ეკუთვნის. ჩემს მიღმა კი ეშმაკმა იცის რაა. ნეტავ რამ დაგაინტერესა ასე ძალიან? უკან ვიხედები და ჩემს უკან მხოლოდ სიცარიელეს, უსასრულო ქვიშიან სივრცეს ვხედავ. ჩემს წინ კი თვალუწვდენელი ოკეანეა, რომელიც ძალიან მძიმედ სუნთქავს. ჩვენ ერთმანეთში შევედით, გავიარეთ და ახლა ირგვლივ მხოლოდ უსასრულო სიცარიელეა: ქვიშის ბარხანები და ზღვის ტალღები. აქ როგორ მოვხვდით გახსოვს? კმაყოფილი ხარ, ასე მგონია, თუმცა რაღაც მაინც ძალიან გაწუხებს და არ მეუბნები. ამას კარგად ვგრძნობ, გინდა მოხვიდე, მომეყრდნო, მაგრამ ვერ მხედავ. ამ ადგილას კი არაფერია, – არც რამე მისაყრდნობი და არც რამე ჩამოსაჯდომი, არც სახლი, – თბილი საწოლითა და ჩაით. სამაგიეროდ სიმშვიდეა და უშფოთველობა, რასაც მთელი ცხოვრება ნატრობდი.
თოჯინას საზარელ სიცილზე ტირილს იწყებ. ვცდილობ დაგამშვიდო, მაგრამ ვერ მხედავ. ვიცი, ეს ყველაფერი გესიზმრება და ვცდილობ გამოგათრიო ამ კოშმარიდან. ადრე მრავალჯერ ნაფერებ მუცელზე გეფერები და გიკოცნი. ვერაფერს ვერ გრძნობ.
ახლა ჩვენს ქალაქში დავბორიალობთ. თეთრები გვაცვია და მე მგონი, ნამდვილად მოვკვდით. წვიმა მოდის და ისევ ტირი. ფოტოკამერას გიმიზნებ და ისევ ვიღებ. ეკრანზე არ ჩანხარ. ან იქნებ ის ხე ხარ წვეთების მიღმა რომ ჩანს? აქ მაინც მიპასუხე.
ვარიანტი 3ხვალ ორმოცი წლის ვხდები. ორმოცი წლის...უცნობები დიდი ხანია ""დეიდა"-თი მომმართავენ. ქმარიც უფრო ხშირად აგვიანებს სახლში. გავსუქდი, საშინლად გავსუქდი. კლიმაქსიც ალბათ მალე დამეწყება. დალახვოს ეშმაკმა... ხვალ ორმოცი წლის ვხდები...
ვარიანტი 4 არაფერი ახსოვდა. გონს რომ მოვიდა, უკვე საკუთარ ლოგინში იწვა და "რუანის ხიდის" უხარისხო, მობეზრებულ რეპოდუქციას უყურებდა კედელზე. თავი უსკდებოდა ტკივილით. თვალები დახუჭა და შეეცადა გუშინდელი საღამო აღედგინა მეხსიერებაში. უშედეგოდ. ქუთუთოებს შიგნითაც შემაწუხებელი სიცარიელე იყო.
ვარიანტი 5ეს საბრალო, სენტიმენტალური ორმოცი წლისანი, ჭაღარაშერეული მკერდი რომ მიუშვერიათ თაკარა მზისათვის, სხედან დრო და ჟამისგან გამოხრულ მორზე და დადუმებულნი აბოლებენ თამბაქოს...
ვარიანტი 6 - არა, ეგრევე ორმოცი წლისა რო არავინ იბადება, ხო იასნია არა? - ჩამესმა ძილში ბასმაჩას ხმა. - მარა აეხლა შე რო გიყურებ არა, ახალდაბადებული ბავშვივით უმანკო სახე რო გაქ, ბოზიშვილი ვიყო... და მაშინაც ეგეთ სიფათებს რო ჩითავდი, ცხვირმოუხოცავი ლაწირაკი რო იყავი რაღა... ჰოდა, აეხლა ადექი და დროზე ავიღოთ რამე, თორე სასტავი გზაშია და ჰა და ჰა მოსულია, ბ-ი-ჭ-ო...