ეს ხალხი გულში უნდა ჩავიკრათ

გვახსოვდეს და პატივი ვცეთ, ჩვენს სისხლსა და ხორცს, თანაფესვს, ძლიერი ქართული გენსი მატარებელთ
http://www.kvali.com/kvali/index.asp?stat=185&col=307/05/2004-07/12/2004
ვახსოვართ საქართველოში?
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა მე- 19 საუკუნის დასაწყისის თბილისში იოთამ ონიკაშვილის გამოჩენა: ირანიდან ჩამოსული, გამართული ქართულით მოსაუბრე ეს უცნაური კაცი გასაოცარ ამბებს ყვებოდა: იქ, შორეულ ფერეიდენში, გურჯები ცხოვრობენ, წინაპართა მზეს ფიცულობენ და მშობლიურ ენად ქართული მიაჩნიათო.
რუსეთთან დამოყვრებულ საქართველოში თითქმის აღარავის ახსოვდა ოდესღაც შაჰ აბასის მიერ მშობლიური მიწიდან აყრილი სისხლი და ხორცი...
იოთამ ონიკაშვილის ვიზიტიდან რამდენიმე წლის შემდეგ 2 ათასი კილომეტრი გაიარა ლადო აღნიაშვილმა, რათა საკუთარი თვალით ენახა ფერეიდნელი გურჯები და დარწმუნებულიყო, რომ მშობლიურ კერას მოწყვეტილთა შთამომავლებს, სამი საუკუნის შემდეგ, ისევ ახსოვდათ თვიანთი ეროვნება, რჯული და ენა...
გადახრუკული უდაბნოების თაკარა მზეში, მისთვის სრულიად უცხო მხარეში, კითხვა –კითხვით დაეძებდა ქართველთა ნაკვალევს და ერთხელ, როცა ფართო ველზე შეფენილ დასახლებას მიადგა, კითხვაზე ქართულად უპასუხეს...
,,დიდ არს უფალო საქმენი შენნი”- უთქვამს მაშინ დიდ მამულიშვილს და მუხლებზე დაცემულა ...
ასე დაბრუნდა ქართულ ცნობიერებაში შაჰ აბას პირველის მიერ გადასახლებულ თანამემამულეთა ხსოვნა. თუმცა ამ დაბრუნებას მალე მკაცრი საბჭოთა რეჟიმი მოჰყვა და რკინის ფარდის მიღმა დარჩენილ ქვეყანაში ისევ დიდი ხნით იქნა დავიწყებული მოკვეთილი წარსული.
გასული საუკუნის 80-იან წლებში, გაეროს წესდების თანახმად, შესაძლებელი გახდა წინაპართა მიწაზე დაბრუნება. პერესტროიკისა და საჯაროობის იმედით შეგულიანებულ ქართველებს ირანის მთავრობამ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია: სამშობლოში დაბრუნების შესახებ განაცხადი ასზე მეტმა ოჯახმა შეიტანა, თუმცა, შორეული ოცნების ასრულება, ხანგრძლივი ტანჯვა - წამებისა და შეურაცხყოფის ფასად, მხოლოდ 16 ოჯახმა მოახერხა.
იმ თექვსმეტს შორის იყო ვახტანგ ონიკაშვილის ოჯახიც. იგი პროფესიით ექიმია და უკვე 30 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს, თუმცა, მაშინდელ ამბებს დღესაც ემოციურად იხსენებს:
,,ირანმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესები და ჩვენ უკან აღარ შეგვიშვა. იქაურობასთან თითოეულ ჩვენგანს სისხლხორცეული კავშირი ჰქონდა, მამაჩემმა, მაგალითად, იქ დედა დატოვა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ბებია ჭკუიდან შეიშალა: მარტყოფის გორაკებზე დადიოდა და მონატრებულ შვილიშვილებს ხმამაღლა გვეძახდა. ეს ამბავი მეზობლებმა გვითხრეს, როცა უკან დავბრუნდით, 17 წლის შემდეგ..."
17 წლის შემდეგ ირანში დიდი მიწისძვრა მოხდა და ფერეიდნელ ქართველებს, როგორც იქნა, დართეს ნება ახლობლები მოენახულებინათ. ,,იმის მოყოლას, რაც იქ ხდებოდა, მართლა დიდი ნერვები უნდა... ჩვენი შემხედვარე სპარსელებიც ტიროდნენ...’’ – იხსენებს ვახტანგ ონიკაშვილი.
ფერეიდნელ ქართველთა ოთხასწლოვანი ისტორია დღემდე უცნობია საქართველოში მცხოვრები რიგითი ქართველისთვის. როგორ გაიარეს 2 ათასი კილომეტრი შორეულ უდაბნოში, რისთვის წაასხა ცბიერმა შაჰმა ბრძოლაში ნაცადი ქართველები უცხო ქვეყნისკენ... რა ტვირთი ზიდეს იქ, წინაპართა ნაამაგარს მოწყვეტილმა გლეხებმა, ან როგორ გაძლეს, როგორ შეინარჩუნეს საუკუნეების მანძილზე ეროვნული სახე... ახლა, ოთხი საუკუნის შემდეგ, უამრავი ასეთი კითხვაა პასუხგასაცემი და ეს ყველაზე უკეთ იმას შეუძლია, ვინც ქვეყნის ტრაგედია საკუთარი ოჯახის მაგალითზე იწვნია, ვინც იმ ტკივილით გაიზარდა, რასაც თაობიდან თაობაზე გადმოცემული ნოსტალგია ჰქვია...
ამ განცდითაა შთაგონებული ვახტანგ ონიკაშილის წიგნი ,,ფერეიდანი,’’ რომელიც სწორედ იმიტომ დაიწერა, რომ ქართულ საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი სცოდნოდა დიდი ხნის წინ მოკვეთილი სისხლისა და ხორცის შესახებ.
,,ქართველები ამ ოთხი საუკუნის მანძილზე ერთად ყოფნამ გადაარჩინა. ეს სამაგალითო უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწის თუ თანამდებობის პირისათვის, ერთად ყოფნას და ურთიერთსიყვარულს ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია ერისთვის” – ვკითხულობთ წიგნში, სადაც ავტორი ისტორიული სიზუსტით ჰყვება ისპაჰანის პროვინციაში მცხოვრებ ქართველთა ,,ბნელით მოცულ წარსულს, უფერულ აწმყოსა და ბუნდოვან მომავალს.”
კვალი: მაინც, რა პირობებში უხდებოდათ უცხო კულტურასთან ადაპტაცია ქართველებს? სად და როგორ განასახლა ისინი შაჰ აბასმა მე -17 საუკუნის დასაწყისში?
ვ. ონიკაშვილი: შაჰ აბასმა საქართველოდან აყარა და გადაასახლა 300 ათას-ზე მეტი ქართველი. აუცილებელი იყო მათი რაც შეიძლება შორს, და რაც მთავარია, გაფანტულად ჩასახლება, რაც ,,ირანის ლომმა” მოახერხა კიდეც: ნაწილი – ხორასანში, ნაწილი – მაზანდარანში, ნაწილი – ირანის აზერბაიჯანში, ნაწილი – შირაზში, ნაწილი კი თურქმენეთის საზღვრის გასამაგრებლად... ზოგი ამ სტრატეგიული ფუნქციის შესასრულებლად, ზოგი – მიწათმოქმედებისა და მეაბრეშუმეობის გასავითარებლად, ზოგიც ახალი დედაქალაქის – ისპაჰანის ასაშენებლად...
რაც შეეხება პირობებს, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ერთი ფაქტის დასახელებაც კმარა: დედები თავიანთ ახალშობილებს დაბადებისთანავე კლავდნენ, რათა მათაც იგივე ტანჯვა არ ეგემათ. გვამებზე გადაიარეს ქართველებმა 2000 კილომეტრი – ეს იყო მიზეზი, რის გამოც მათ ვერ მოახერხეს წაეშალათ საკუთარი ცნობიერებიდან სპარსელი, როგორც მტერი. შემდეგ დაიწყო ქრისტიანული რელიგიის დევნა და ქართველთა ძალით გამაჰმადიანება, რამაც უკურეაქცია გამოიწვია. თავსმოხვეული იდეოლოგია ეროვნული სახის შენარჩუნების ერთ-ერთ მექანიზმად ამუშავდა.
,,მე შევხვდი შირაზის გზაზე ქართველ პატარა ბიჭს – იხსენებს იტალიელი მისიონერი პიეტრ დე-ლა-ვალე – რომელიც დამკვრელების თანხლებით ქართულს ცეკვავდა. ჩვენ რომ დაგვინახა და მიხვდა, ვინც ვიყავი, მოირბინა ჩემთან, უბეში გადამალული ხატი ამოიღო, გადმომცა და მითხრა: მე ვერ გავუძელი შიშილს და სიცივეს და მივიღე მაჰმადიანობა, ამ ხატის ტარების ღირსი მე აღარ ვარ, გთხოვთ, რომ აიღოთ და სათანადოდ მოუაროთ მას.” ვკითხულობთ ვახტანგ ონიკაშვილის წიგნში ,,ფერეიდანი.”
კვალი: ქართველთა ცხოვრება ფერეიდანში იყო ბრძოლა არსებობისათვის. ასე იყო თუ ისე, ეროვნულ უმცირესობაში მყოფებმა დაკარგეს სარწმუნოება, მაგრამ შეინარჩუნეს ენა, კულტურა, ეროვნული მეხსიერება... როგორ მოახერხეს ეს ?
ვახტანგ ონიკაშვილი: ნადირ შაჰის დროს ქართველებმა ირანში დისკრიმინაციის ზღვარს გადააბიჯეს. უკან დაბრუნებაზე თითქმის აღარავინ ფიქრობდა. მათში სიამაყის გრძნობა გაჩნდა. ავღანელებმა თითქმის მთელი ირანი დაიპყრეს, გარდა იმ ტერიტორიებისა, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ. ქართველებს ხომ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ამიტომაც ყველას ეშინოდა მათი. შიშმა თანდათან მათდამი პატივისცემის გრძნობა დაბადა. ეს დამოკიდებულება დიდხანს შემორჩათ ირანელებს ქართველებისადმი. მე მახსოვს: მაღაზიის პატრონი სპარსელი ნისიად ენდობოდა მხოლოდ ქართველს, არც ქურთს არც სომეხს და არც თავისიანს....
კვალი: სამაგიეროდ, ჩვენში ხშირად გაიგონებდით, რომ ქართველთან საქმის დაჭერა არ შეიძლება... როგორ გგონიათ, მენტალურად ძალიან განხვავდებით?
ვახტანგ ონიკაშვილი: რა თქმა უნდა. უნდა ვაღიარო, რომ საქართველოში საქმეში გვერდით ვერავინ დავიყენე, კაცი ვერ ვნეხე, რომ ან ტყუილი არ იცოდეს, ან ზარმაცი არ იყოს, ან სმა არ უყვარდეს...
კვალი: განა ეს თვისებები იქ არა აქვთ?
ვ. ონიკაშვილი: ფერეიდნელ ქართველებს ერთმენეთში ჩხუბი არასოდეს მოსვლიათ. იქ 12 ქართული სოფელია და მთელი ამ ხნის მანძილზე, ახლახანს დაარსდა მილიციის პუნქტი, ისიც იმიტომ, რომ ხშირად ხდებოდა საგზაო შემთხვევები... სადავო საკითხებს ისტორიულად სოფელი წყვეტდა, მიწებიც თანაბრად იყო განაწილებული. ახალი ოჯახი რომ იქმნებოდა, სოფელი აძლევდა მიწას, სახლის აშენებაშიც ეხმარებოდა... სახელის გატეხვას სიკვდილს არჩევდნენ...
შერცხვენილი კაცი მარტო თავის თავს კი არ არცხვენდა, არამედ მთელ თავის შთამომავლობას. შერცხვენილი კაცის შთამომავალი ცოლს ვერ მოიყვანდა მითქმა მოთქმის გარეშე...
კვალი: ცხოვრების ასეთი წესი და ასეთი აზროვნება შუასაუკუნეების საქართველოში იყო... რას დავაბრალოთ ასეთი ცვლილებები?
ვ. ონიკაშვილი: რა გითხრათ, მამაჩემი იტყოდა ხოლმე: ვინც ბევრს ჭამს და ბევრს ლაპარაკობს, წონა ეკარგებაო. ქართველი კაცი ადვილად ზარმაცდება, ზარმაცი კაცი კი ყოველთვის იოლ გზას ეძებს... ბრძოლას და შრომას რომ შევეშვით, მერე გავზარმაცდით და ეს ჩვენი ისტორიული რეალობიდან გამომდინარე მოხდა. ოდესღაც საქართველოში მეფეები ხალხში გაერეოდნენ ხოლმე გლეხური ტანსაცმლით, რათა ხალხის აზრი გაეგოთ და თავიანთ აზრთან შეეჯერებინათ. სახელმწიფო მაშინ არის ძლიერი, როცა მთავრობა და მოქალაქე ერთნაირად აზროვნებს...
მე თბილისში მე-9 სართულზე ვცხოვრობ და ზამთარში ფარეხიდან შეშას ვეზიდები, ღუმელს ვანთებ და იმით ვთბები. ჩემი შვილები მეხმარებიან ხოლმე. ერთხელაც ნაცნობი შემხვდა და მეკითხება: გაზი არა გაქვსო? გაზი როგორ არა მაქვს, მაგრამ ბევრსა წვავს –მეთქი. მერე არ იპარავო? – გაუკვირდა. მე უკვე ბავშვებს ვასწავლი, რომ მოპარვა არ შეიძლება და მე თვითონ ვაჩვენო, როგორ ვიპარავ?
კვალი: სპარსული საზოგადოებისთვის რა განაპირობებს სახელმწიფოებრივი აზროვნების არსებობას?
ვ. ონიკაშვილი: ირანში კანონები არის ძალიან მძიმე. მაგრამ საქმე არც ამაში არაა. მთავარი ისაა, რომ იქ ხალხი და სახელმწიფო ერთნაირად აზროვნებს. სახელმწიფო მოსახლეობის კეთილდღეობას არეგულირებს და დაინტერესებულია მათი წარმატებით. მართლაც მისაბაძია ამ მხრივ ეს ქვეყანა, რომელიც საქართველოზე გაცილებით უფრო დიდია, ქვეყნის ერთ კუთხეში რომ თოვლი დევს, მეორე კუთხეში ბალახი ამოდის, მიუხედავად ტერიტორიული სიდიდისა, ყველა სისტემა გამართულად მუშაობს...
ქართველების მდგომარეობა ამჟამად როგორია, ყველაზე მეტად რა აწუხებთ, რა უხარიათ?
ვ. ონიკაშვილი: გარკვეული შეზღუდვები რასაკვირველია აქვთ... ირანში ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ სომხებიც, მაგრამ მათი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ისინი რელიგიურადაც დამოუკიდებლები არიან, პარლამენტშიც ჰყავთ თავიანთი წარმომადგენელი, ქართველებს კი თავიანთ ენაზე ლაპარაკიც ეკრძალებათ და ეროვნული ტანისამოსის ჩაცმაც, აღარაფერს ვამბობ, რელიგიაზე... როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ სომხებს უზარმაზარი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვთ და ირანელები ამას ანგარიშს უწევენ...
რაც შეეხება ფერეიდნელთა ყველაზე დიდ სიხარულს, ეს საქართველოსთან ნებისმიერი შეხებაა, მარტყოფში რომ ჩახვიდეთ, უთუოდ გკითხავენ: ვახსოვართ საქართველოში, იციან რამე ჩვენს შესახებ? ირანის მთავრობამ კარგად იცის, რომ კარჩაკეტილობა ქვეყნის განვითარებისათვის დამღუპველია და სახელმწიფოებს შორის ცივილურ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომაც ცდილობს გარკვეულ დათმობებზე წავიდეს... სულ ახლახანს, მაგალითად მთავრობამ რეგისტრაციაში გაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ირანელი ქართველები,” რომელსაც ალი იოსელიანი ხელმძღვანელობს, კაცი, რომელიც 30 წელზე მეტია, ქართველ ბავშვებს უანგაროდ ასწავლის დედაენას...
კვალი: სულ მალე საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს ირანში ვიზიტს და ფერეიდნელი ქართველების მონახულებას. გაქვთ იმედი, რომ რამე შეიცვლება?
ვ. ონიკაშვილი: ყოველ შემთხევაში, იქაურები დიდად გაიხარებენ...
ნინო ტაბატაძე
,,არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა" ....