პირველად ამაზე რომ გაიფიქრა, 15 წლის იყო მხოლოდ. სანადიროდ გაიპარა, ბაბუის ორლულიანი თოფი მხარზე მოიკიდა, არადა ძლივს მიათრევდა, და მდინარეს აჰყვა. არაფერი მოუკლავს, საკუთარი თავისკენ მომართა ბუსთვალებიანი ლულები და ფილტვი დაიზიანა. სამი თვე საავადმყოფოში ბუშტების ბერვას ასწავლიდნენ...
მერე ომი იყო. გარბოდა, ეძებდა, მკერდს უშვერდა წუილით მქროლავ ტყვიებს, აგერ ვარ, მომკალითო, სანგრიდან ამოხტებოდა, ბურუსს მისცემდა თავს და ისევ უვნებელი, ნაღვლიანი ბრუნდებოდა უკან. არაფერი დაუკარგავს, გარდა თვალებში ჩამდგარი ოცნებებისა. არაფერი უპოვია. ცარიელ სმხედრო რუგზაკში ცარიელი ქალაქიდან ერთი ცალი
რაღაც წამოიღო...
მერე ქორწილი იყო. თითქოს სხვისი. ბახუსის მამამ ძარღვები გაუცხელა და მოუსვენრობა ჩაუსახლა გონებაში. ეზოში შეკრებილთ ვერცხლისფერი პისტოლეტი გამოართვა და სადარბაზოში გაუჩინარდა. დაინახეს, მხრებჩამოყრილი გამოვიდა, თითქოს ცხოვრებაში ერთადერთი შანსი, რომელიც სწორედ მისთვის იყო გამოზნული, ვიღაცას წაართვა. პისტოლეტი დაუბრუნა და ნაძალადევი ღიმილით გამოსცრა: "ცარიელი რად მინდოდა".
მერე დარდი იყო. მოუსვენრობა იყო და არასოდეს ტოვებდნენ მარტოს. ოცდამერვე დაბადებისდღე "იზეიმა". სტუმრები გაიკრიფნენ. სხვებმა გააცილეს. მეძინებაო და თავის ოთახს მიაშურა. ფურცელზე რაღაც წაჟღაბნა, ცარლიე ქალაქიდან გამოყოლილი რუგზაკი მოიძია, ის
რაღაცა ამოიღო, თითებით მიეფერა, რგოლი წააძრო, ბალიშის ქვეშ ამოდო და დაიძინა.
Just leave me in luxury's lap.