ეხლა რაღაცეებს ვათვალიერებდი და ამას წავაწყდი. ზამთრის მერე მკვდარია და სანამ აყროლებულა დავასაფლავებ

R.I.P.
მესამე სამარშრუტო ტაქსი გაუშვა. სავსე იყო, ფეხზე იდგნენ და სახეები ფანჯრებზე ჰქონდა მიჭყლეტილი. ქალმა მძიმედ ამოიოხრა, პარკები კიდევ ერთხელ შეისწორა ხელში და ოდნავ მოჭუტული თვალებით გახედა გზას. ჩანთები მძიმე იყო, ერთი კვირის სურსათი ეწყო შიგნით. ქალიც კმაყოფილი ჩანდა, კარგად ივაჭრა, განსაკუთრებით ის უხაროდა, რომ ხაში იყიდა იაფად. თუმცა ცოტა მონაცრისფრო კი გადაჰკრავდა ხაშს, მაგრამ რაც მთავარია მეუღლისათვის მეორე დღეს საჭმელი იყო.
ამ ფიქრებში გართულმა კინაღამ მომავალი სამარშრუტო ტაქსი ვერ შენიშნა და ბოლო მომენტში აუწია ხელი. ავიდა. მიმოიხედა. მისდა გასაოცრად ადგილები იყო, სრული სამი ადგილი! პირველ სკამზე არ დაჯდა, „ხალხი ამოდის და ჩადის, შემაწუხებენო“ – გაიფიქრა, მეორე სკამი დაკავებული იყო, მესამეზე კი, ფანჯარასთან, ვიღაც გოგო იჯდა, სწორი, გრძელი, შავი თმებით და შავი მაკიაჟით თვალების გარშემო. „ეს შავი მაკიაჟი რაღა მოდააო“ – გაიფიქრა თავისთვის და უკმაყოფილო სახით მიუჯდა გვერდით გოგოს. ხაშიანი ჩანთა კალთაში ჩაიდო და ფიქრებში წავიდა.
***
„ოღონდ აქ არ დაჯდეს“ – ეხვეწებოდა გოგო ღმერთს, მაგრამ იმ მომენტში ღმერთი უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტით იყო დაკავებული და მისთვის არ ეცალა. ქალი მოწყვეტით დაეხეთქა სკამს, გოგოს უკმაყოფილოდ გადახედა, მერე ერთი ამოიოხრა და სივრცეს მიაშტერდა.
ცხელოდა. ისედაც მონაცრისფრო ხაშს სიცხეში კიდევ უფრო ნაცრისფერი სუნი ასდიოდა და შესაშური იდეალურობით ერწყმოდა სამარშრუტო ტაქსში არსებულ ნაზ, მომჟავო მოტკბო სუნს რომლის გამომწვევი მიზნების დადგენაც რთულ მეცნიერულ და სამედიცინო კვლევებს საჭიროებს. ხაშიანი ჩანთა ნელ–ნელა გოგოსკენ გადმოიხარა... „ცოტასაც მოვითმენ და მერე ხელით გავწევ ჩანთასო“ – უნდოდა გაეფიქრა გოგოს, მაგრამ ვერ მოასწრო, ქალს ჩასთვლიმა და ჩანთა გაუსრიალდა...
„ვაიმეო“ – შეჰკივლა გოგომ და დენდარტყმულივით შეხტა, ქალი გამოფხიზლდა, რამოდენიმე წამი ერკვეოდა რა მოხდა, მერე ჩანთა გადაწია და „უკაცრავად შვილოო“ დააყოლა, თან რატომღაც იმის თქმაც ჩათვალა საჭიროდ, რა იდო ჩანთაში „რა მოხდა კაცო, ხაში დევს შიგნით, მეტი კი არაფერიო“. გოგონას უცებ გულის რევის გრძნობა გაუჩნდა, გაახსენდა როგორ აძალებდა ბავშვობაში მამა რაღაც საზიზღარ საჭმელს, რომელსაც ყველა ხაშს ეძახდა და რომლის ჭამის შემდეგაც ყველა ნივრის სუნად ყარდა. წარმოიდგინა როგორ დევს ამ ჩანთაში ხაში და როგორ ყარს... ეტყობა სახეზეც დაეტყო, ქალი უცებ მოიქუფრა და გოგოს თვალი თვალში გაუყარა. „რა იყო, ხომ არ შეგაწუხეთო“ შეეკითხა დამცინავად, თან „თ“–ს ხაზი გაუსვა და ფეხზე რომ მდგარიყო დოინჯსაც შემოირტყამდა აუცილებლად, თან ცხადია თავს გადახრიდა ცოტა მარჯვნივ. გოგო მიხვდა რომ თუ ეს ხაშის სუნი დროზე არ მოშორდებოდა, საქმე ბევრად ცუდად იქნებოდა, შეეცადა მაქსიმალურად ზრდილობიანი და თბილი გამომეტყველება მიეღო, ქალს შეხედა და „ქალბატონო, ალერგია მაქვს ხაშზე და ეგებ წინ გადაბრძანდეთო“ – უთხრა მშვიდად. ეს მას ეგონა რომ მშვიდად...
ქალი ჯერ გაშრა, მერე წამოწითლდა, მერე სუნთქვა გახშირდა, ბოლოს კი რაღაც მოხარშულ კიბოსა და გასკდომის პირას მყოფ ადამიანს რომ დაემსგავსა ერთდროულად, „შე ტუტუცო! ვის უბედავ მაგასო!“ წამოიკივლა. „მე რომ მიყურებ, სახლში ოჯახი მელოდება და მთელი კვირის სანოვაგე მიმაქვსო!“ , მერე უცებ ჩანთებს ხელები გაუშვა და გაწითლებული და გადახეხილი ხელის გულები აუფრიალა თვალწინ გოგოს: „გეყოლება ოჯახი და ნახავ შენც რას ნიშნავს ყოველ კვირა ბაზრიდან 30 კილოს თრევა ამ სიცხეშიო“ – დაუგეგმა მომავალი და მოაყოლა სევდიანი ისტორია სადაც ძირითადად მის წარსულზე იყო საუბარი, იმაზე რომ ყოველთვის ასეთი არ იყო, რომ ეუბნებოდა დედამისი – „არ გაყვე მაგასო!“ მაგრამ ვინ დაუჯერა, მაშინ ჭკუა სად ჰქონდა, არადა რამდენი მთხოვნელი ყავდა... და რა ბიჭები... ეგონა სიყვარული სულ იქნებოდა და მისი ქმარიც სულ ასეთი კარგი დარჩებოდა. მაგრამ ოჯახი ხომ სხვა რამეა... მერე ის სიყვარულიც გაქრა და ათასი წვრილმანი გამოჩნდა, თურმე ნუ იტყვით, ქმრის საცვლები და ნასკები თავისით არ ირეცხება და შვილიც თავს არ იკლავს ლოგინის გასწორებით... ეს ყველაფერი იმდენად სევდიანად ჟღერდა, რომ სამარშრუტო ტაქსის რიტმიდან ამოვარდნილი თახთახი არ უხდებოდა, ამას რაიმე სევდიანი, მელანქოლიური მუსიკა მოუხდებოდა... უცებ გაახსენდა გოგო, „მაგრამ შენ რას გიყვები, რას გაიგებ, ტუტუცი ხარ ვიღაცა ხარო, მეცოდება ის ოჯახი რომელშიც შენ შეხვალო!“ – წარმოთქვა დანანებით, მერე მძღოლს – „გამიჩერეო“ მიაძახა, ჩანთებს ხელი მოკიდა და ჩავიდა.
გოგო კი დატოვა გაოგნებული, ცოტა შეშფოთებული, ცოტაც შერცხვენილი. მაგრამ ყველაზე მეტად გოგოს მაინც ის აწუხებდა, რომ ბევრი ფიქრის მიუხედავად, მაინც ვერ გაიგო რა შუაში იყო ხაში, ამ ქალის ოჯახურ ტრაგედიასთან...
***
„ტუტუცები ესენი! ეს გაუზრდელები! ოჯახიდან მოდიან თუ საღორეში გაიზარდნენო!“ – ქოთქოთებდა სახლისკენ მიმავალ გზაზე ქალი. ჩანთები ამასობაში კიდევ უფრო დამძიმებულიყვნენ და ქალიც ნელი ნაბიჯით მიდიოდა წინ, მარჯვენა ფეხის ყოველ დაბიჯებაზე აქცენტს აკეთებდა თითქოს და ყრუდ ოხრავდა.
როგორც იქნა მიაღწია სადარბაზომდე, ლიფტი გააჩერა, შევიდა, ცოტა ხანს ეძება ლიფტისათვის გადასახდელი ხარკი, ჩააგდო, მეექვსე სართულს დააჭირა და კედელს მიეყრდნო. კედელი მომძვრალი იყო ნახევრად და ქალის მძიმე ზურგს ვერ გაუძლო, შახტის კედელს გაეხახუნა. „ამასაც ხო არ დაადგა საშველი, რაში ვიხდით ნეტა ამ ფულსო!“ – წამოიძახა გაბრაზებულმა, კედელს მოშორდა, ჩანთები აიღო და ლიფტიდან გავიდა. დიდხანს ელოდა როდის გაუღებდნენ კარს, ქმარი ტელევიზორთან იყო წამოწოლილი და „ჩასთვლიმა ალბათ საწყალსო“ – გაიფიქრა, ბიჭი კი როგორც ყოველთვის მამას ელოდა და მხოლოს მას მერე აღებდა კარს, როცა დარწმუნდებოდა რომ ამ საქმეს მის გარდა სხვა ვერავინ მოახერხებდა.
კარი გაიღო. კარებში 27 წლის მუტრუკი იდგა და სახეზე ზუსტად ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, როგორიც ძირითადად 27 წლის მუტრუკებს აქვთ ხოლმე. „ვა მოხვედიო?!“ მიესალმა დედას, მერე პირი გააწკლაპუნა, ზანტად გატრიალდა და საჯდომის ფხანით გაუყვა ოთახის გზას.
ქალმა ჩანთები სამზარეულოში შეიტანა, დააწყო, „ვაი დედა, როგორ დავიღალე“–ო ჩაილაპარაკა და შემოსასვლელი კარის დასაკეტად გაბრუნდა. ცოტა ხერხემალმა გაჰკრა, უცებ რომ გაიმართა ამდენი ხნის მერე. მერე ისევ უკან დაბრუნდა და ჩანთების ამოლაგებას მიჰყო ხელი...
***
სადილად სამნი ისხდნენ, დედა, მამა და 27 წლის მუტრუკი. ქამრი სვენებ–სვენებით და ქოშინით ჭამდა საჭმელს, თან ჩქარობდა, ალბათ ეშინოდა, ნელა თუ არ ვჭამე, ცოტა შემხვდებაო. მუტრუკი აუჩქარებლად და უემოციოდ იღეჭებოდა, ქალი კი დაღლილობისაგან ძლივს ახერხებდა საჭმლის პირამდე მიტანას. უცებ გოგო გაახსენდა, ტუტუცი და გაუზრდელი. ვერ მოითმინა, თავიდან გაბრაზდა, თავიდან გაცეცხლდა და „უზრდელიო“ წამოიძახა. ქმარს ლუკმა გადასცდა, შვილი როგორც ჭამდა ისე უემოციოდ აგრძელებდა ღეჭვას. „წარმოგიდგენია! ავდივარ დღეს მარშუტკაში, ვჯდები, მიზის გვერდით ვიღაც გოგო, ან რას გავდა, შავი თმები ქონდა, მერე კიდე ეს შავი მაკიაჟი რა უბედურებაა! და დეკოლტე? ლამის ჭიპამდე! ახალგაზრდა ვინ არ ყოფილა, მაგრამ ჩემ დროს ვინ იქცეოდა მასე! თორე ვიზე ნაკლები გოგო ვიყავი? და ამ უზრდელმა, გადაჯექიო მითხრა! ხაში ყარსო! არა წარმოგიდგენია?“ – ერთი ამოსუნთქვით მიაყარა. ქმარმა ხველა შეწყვიტა, მზერა უცებ დაუთბა, ცოლს გახედა და „ხაში იყიდეო?“ კითხა. ქალმა ვერ გაიგო, ან გაიგო და არაფერი თქვა. თავისას აგრძელებდა: „შევა მერე ეგეთი ოჯახში და ცოლი უნდა იყოს, ბავშვები უნდა გააჩინოს და გაზარდოს! ვისი გამზრდელია ეგ, თავისნაირ უზრდელებს და ტუტუცებს გაზრდის! ამ კაცებს ხომ საერთოდ ჭკუა არ აქვთ თავში, მოგითრევენ ეგეთს სახლში და მერე უნდა უყურო მთელი ცხოვრება და ემსახურო!“ მერე უცებ მუტრუკს გადახედა, „დედიკო შენ ხო არ მოიყვან ეგეთსო“ ჰკითხა დედობრივი სიყვარულით და თვითონვე უპასუხა თავის კთხვას „არა, შენ ეგეთს როგორ მოიყვან, ოჯახში ხარ გაზრდილი, ეგეთი როგორ მოგეწონებაო!“ და დამშვიდებულმა რომ მისი შვილი მსგავს ტუტუცს არ მოჰგვრიდა, ჭამა განაგრძო.
მუტრუკი კი იჯდა, აუჩქარებლად და უემოციოდ ღეჭავდა საჭმელს და „რატომაც, არა, თუ კარგი ტანი და კარგი ფეხი ექნება, მკერდიც ასე 3 ნომერი და სახეზეც შესახედად ცუდი არ იქნება ვინ ეკითხება დედაჩემს ამ ზრდილობას ან გვარიშვილობასო“ ფიქრობდა.
***
საღამოს ქალს გაუმართლა, სარეცხი ჰქონდა დასაუთოვებელი, მაგრამ იმ დღეს ტელევიზორში პოლიტიკური თოქ–შოუ იყო რომლის წამყვანი ქალიც, იმხელას გაჰკიოდა, გეგონება 10 წელია კაცთან ურთიერთობა არ ჰქონია და ამ უკმარისობას შეკრებილ პოლიტიკოსებთან ვერბალური სექსით იკმაყოფილებსო. უყვარდა ქალს ეს გადაცემა, რაღაცნაირი სიცოცხლე და ხალისი შემოჰქონდა ამ დაუკმაყოფილებელ ჟურნალისტს მის ერთფეროვან საღამოებში. ახლაც იდგა ცხელი უთოთი ხელში, ოფლი წყალივით ასხამდა, „ეს მოსაკერი დამრჩენიაო“ გაიფიქრა და ქმრის დაუთოვებული საცვალი გვერდით გადადო.
კარებზე ზარი გაისმა. „დედიკო გააღე რაო“ – გასძახა 27 წლის მუტრუკს. „დედიკო“ ზლაზვნით მივიდა კართან, ზლაზვნით გააღო, „გამარჯობათო“ უთხრა შემოსულს და თავით სამზარეულოსკენ მიუთითა.
ოთახში მეზობელი ქალი შემოვიდა. სკამზე დაჯდა და ჩაირთო. ქალს დიდად არ გაუხარდა, ერჩივნა მეზობელი ტოქ–შოუს მერე მოსულიყო, ორ კურდღელს დაიჭერდა, თან პოლიტიკურ სიახლეებს სრულად გაეცნობოდა, თან გადაცემის მერე დარჩენილ დროს უცებ გაიყვანდა მეზობელთან ჭორაობაში, მაგრამ არ გაუმართლა. მეზობელი რაღაცას ყვებოდა ქვისლის ბიძაშვილის გოგოზე, რომელიც უმუშევარ და უპერსპექტივო ბიჭს გაყვა ცოლად. ოჯახი წინააღმდეგი იყო, მაგრამ გაიპარნენ. ერთი თვე ხმას არ სცემდნენ მშობლები, მერე კი შემოირიგეს. მომავალ კვირას ოფიციალური ქორწილი იგეგმებოდა მთელი გადაპატიჟებ–გადმოპატიჟებებით. ქალს ისევ გოგო გაახსენდა. ისევ გაბრაზდა, ისევ გაწიწმატდა, ვეღარ მოითმინა და ყველაფერი მეზობელს მოუყვა: „წარმოგიდგენია! ავდივარ დღეს მარშუტკაში, ვჯდები, მიზის გვერდით ვიღაც გოგო, ან რას გავდა, შავი თმები ქონდა, მერე კიდე ეს შავი მაკიაჟი რა უბედურებაა! და დეკოლტე? ლამის ჭიპამდე! ახალგაზრდა ვინ არ ყოფილა, მაგრამ ჩემ დროს ვინ იქცეოდა მასე! თორე ვიზე ნაკლები გოგო ვიყავი? და ამ უზრდელმა, გადაჯექიო მითხრა! ხაში ყარსო! არა წარმოგიდგენია?“ – ოფლმა კიდევ უფრო დაასხა, მაგრამ თითქოს ამოისუნთქაო, ცოტა მოეშვა გულზე.
მეზობელი აღშფოთდა, „ჩემი გოგო არასოდეს მასე არ მოიქცევაო!“ გამოაცხადა და ამაყად გასწორდა სკამზე, „მოიქცევა და ჩემი ხელით მოვაჭრი იმ ტუჩებს რომლითაც მაგას იტყვისო!“ – დააყოლა მერე ყოველი შემთხვევისთვის. მერე თითქოს ქალის აზრები წაიკითხაო „არადა, მოგითრევს მერე ეგეთს სახლში შვილი და ემსახურე და ურეცხე ბინძური საცვლები! მერე დაყრის შვილებს და ზარდე მაგის უზრდელი ბავშვები!“ – ქალს გვერდულად გადახედა, „ისე შენ იდარდე, ბიჭი შენ გყავს, თორემ მე რა მიჭირს, ორი გოგო მყავს ანგელოზებივით გასათხოვრები, უფროსს მგონი შეყვარებულიც ყავს, კარგი ფულიანი ოჯახიდან არის, მამამისმა ცოტა ხნის წინ სამსახურში მოაწყო და მემგონი მალე ხელსაც გვთხოვსო“ ჩაიღიმა, ცოტა მოეშვა და ფიქრებში წავიდა.
ქალი ისევ გაბრაზდა „რას ამბობ! ჩემი ბიჭი მე არ ვიცი როგორია, ჩემი გაზრდილი მაინც არ იყოსო! მაგას ენაცვალოს დედა, ეგ მასეთს სახლში არასოდეს მომითრევსო!“ – დაასკვნა ბოლოს ამაყად.
მუტრუკი კი გვერდით ოთახში იწვა, ხელები თავქვეშ ჰქონდა ამოდებული უემოციოდ შესქეროდა ჭერს და ფიქრობდა: „რატომაც, არა, თუ კარგი ტანი და კარგი ფეხი ექნება, მკერდიც ასე 3 ნომერი და სახეზეც შესახედად ცუდი არ იქნება ვინ ეკითხება დედაჩემს ამ ზრდილობას ან გვარიშვილობასო“
***
12–ს უკვე კარგა გვარიანად იყო გადაცილებული ქალი რომ დაწვა. კუნთები სტკიოდა და ხერხემალი უხურდა. დაიღალა. ქმარი გულაღმა იწვა და მადიანად ხვრინავდა. „როგორ დაღლილა საწყალი, მთელი დღე ეძინა და მაინც როგორ არ ეყო ძილიო“ გაიფიქრა, ოდესღაც სიყვარულნარევი მზერით გადახედა, „ეხ, რა ბიჭი იყო, არა ასაკი მაინც თავისას შვებაო“ დაასკვნა, მერე გადაბრუნდა და თვალები დახუჭა.
თითქმის რომ ეძინა, თითქმის რომ გაიხურა ფხიზელი სამყაროს კარი, უცებ საიდანღაც ჩაესმა: „ქალბატონო, ალერგია მაქვს ხაშზე და ეგებ წინ გადაბრძანდეთო“. ელდანაკრავივით წამოხტა, თვალები ფართოდ გააღო, მიმოიხედა. „ჯანდაბა მაგ უზრდელს, ეხლა მაინც შემეშვასო“ – გაიფიქრა და კიდევ ერთხელ გაბრაზდა. მერე დაწვა, ისევ შვილზე დაფიქრდა, მაგრამ ისევ დააჯერა საკუთარი თავი, „ჩემი ბიჭი ეგეთს არ მომითრევს სახლში, დედა ენაცვალოს, ჩემი გაზრდილია ბოლოს და ბოლოსო“ და ნათელ მომავალში და რძალში დარწმუნებული გადაბრუნდა და დაიძინა.
***
გვერდით ოთახში კი 27 წლის მუტრუკი იწვა, ისევ ისე, ხელებით თავქვეშ, შესცქეროდა ჭერს და ფიქრობდა: „რატომაც, არაო, თუ კარგი ტანი და კარგი ფეხი ექნება, მკერდიც ასე 3 ნომერი და სახეზეც შესახედად ცუდი არ იქნება ვინ ეკითხება დედაჩემს ამ ზრდილობას ან გვარიშვილობასო“...
კაცმა რომ თქვას, რატომაც არა...
This post has been edited by Gode on 18 Jun 2008, 11:36