რამდენიმე ჩემს ძველ წასაშლელებს დავყრი.
* * * იყო ერთი გოგონა, რომელიც გათხოვებაზე ოცნებობდა.
გოგონა მხატვარი იყო.
ის ხატავდა.
ხატავდა მომხიბვლელ საქმროებს, რომლებიც გონებაში წარმოედგინა.
ხატავდა, ხატავდა და საბოლოოდ დახატა:
შიშველი მამაკაცი, რომელსაც რაღაც აკლდა...
ქუთაისი 15.12.1992================================
პარანოიით შეპყრობილი ფლორას ანგარებიანი თაყვანისმცემელისაცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან ახლადტანაქოჩრილ მაღალ ალვის ხეს ვხედავ
(ალვის ხე ამაყ და ლამაზ ქალს მაგონებს).
ვაკვირდები ორ პატარა ტოტს შორის მოქცეულ პატარა, დაძარღვულ მწვანე ფოთოლს.
მოპირისპირე კორპუსის ერთ-ერთი ბინის ფანჯრიდან ვიღაც გოგონა იცქირება
(მას ალვის ხე ამაყ და ძლიერ კაცს აგონებს).
... იარაღს ვისვრი.
ა) ნასროლი ტყვია ფოთოლს ხვდება და შუაში ხვრეტს;
ბ) ნასროლი ტყვია სცდება პატარა ფოთოლს და ხის მერქანს აზიანებს;
გ) ნასროლი ტყვია სცდება პატარა ფოთოლს, ხის ტოტს და მოპირისპირე კორპუსის ერთ-ერთი ბინის ფანჯრისკენ მიფრინავს.
ვგრძნობ, რომ მკერდიდან, გულის მხარეს სისხლი მომდის და პერანგს მისველებს...
გამოვერკვიე.
მოპირისპირე კორპუსიდან გოგონამ გამიღიმა.
ახალგაზრდა მწვანე ფოთოლი კი ალვის ხის ტოტს სწყდება და ფარფატით ძირს ეშვება.
ქუთაისი 9.05.1993 (su) thanks to Nirvana================================
ამბავი კოღოსი, რომელიც თავისთვის ფაქიზად წუოდაღამის სიმშვიდე კოღოს წუილმა ნაზად გააპო. ის საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ გამოღებულ, სუსტად განათებულ ფანჯარაში შეფრინდა.
ოთახის ერთ კუთხეში ადამიანს ეძინა. კოღო ფაქიზი წუილით ნარნარად დაეშვა მძინარე კაცის შიშველ, ბუსუსებიან, უფრო ბანჯგვლიან ხელზე და თავის მწერულ საქმეს შეუდგა...
იმავე ოთახში, ოღონდ მეორე კუთხეში ძველებური ტორშერი მქრქალი ცისფერით უნათებდა წიგნს ახალგაზრდას, რომელიც ლოგინზე წამოწოლილიყო და გული საამურ რიტმში უცემდა. ის ისტორიულ რომანს კითხულობდა და აღფრთოვანებული იყო თანამემამულეთა სიმამაცით. უხაროდა და ამაყობდა, რომ სახელდობრ ამ ქვეყნის შვილი იყო.
მან კითხვა შეწყვიტა და თავი ოცნებას მისცა.
ღია ფანჯრიდან ზაფხულის ღამე სიშავეს აფრქვევდა. ყმაწვილი ფართოდგახელილი თვალებით ჭერს მიშტერებოდა და მამულზე ფიქრობდა. მისთვის თავის გაწირვაზე ოცნებობდა.
კოღოს ფაქიზმა წუილმა ოცნებებიდან გამოარკვია და კარგად დაინახა როგორი სიფრთხილით დაეშვა მწერი მის ხელზე.
მცირე დროის განმავლობაში კოღოს ისე დაძაბულად აკვირდებოდა, თითქოს მის ერთოთახიან ბინაში ყაჩაღთა მთელი ბანდა შემოჭრილიყო. მერე მცირე ჩხვლეტა იგრძნო და ნაკბენი ხელი მოექავა. მეორე ხელი ინსტიქტურად მოიქნია და ფაქიზად მოწუილე კოღო ხელზე დაისრისა. სისხლი კანზე წითელი საღებავივით გაიდღაბნა. მოულოდნელად მომხდარის გამო ყმაწვილს საოცარი თავსზარი დაეცა. თვალი წიგნისკენ გაექცა და გონებაში შემდეგი აკვიატებული, შოკისმომგვრელი, საფუძვლიანი აზრი აენთო:
"ღმერთო, მე ხომ თანამემამულეთა უცოდველი სისხლი დავღვარე! ო, მაღალსა შინა მყოფო, მომიტევე მე ცოდვილს!"
მუხლებზე დაჩოქილი პატრიოტი და მორწმუნე ყმაწვილი მაცხოვრის ხატის წინაშე სანთლით ხელში იდგა და მხურვალე ლოცვით, ცრემლებით შენდობას ითხოვდა.
ქუთაისი, 23.08.1994 (tu) 13:46 thanks to “Coroner”================================
თბილი სიგარეტებიჩვენ ვყიდულობთ სიგარეტს.
მეგობარი ხსნის თეთრ-წითელ კოლოფს (მას ეს პროცესი მოსწონს) და ფილტრიან ღერს მიწვდის.
ჩვენ ვუკიდებთ თბილ ღერებს.
ქუჩაში ხის ძირას ვცუცქდებით,
ვეწევით თბილ სიგარეტებს.
ჰაერს ვაბინძურებთ ჩვენი აქოთებული ფილტვებიდან ამოსუნთქული ცისფერი კვამლით.
გარშემო ადამიანები მიმოდიან.
ისინიც ეწევიან.
ქუჩის მოპირისპირე მხარის სახლის ფანჯარასთან ვიღაც გოგონა დგას და ცდილობს პირიდან კვამლის რგოლები გამოუშვას.
რგოლი წესიერად არ იკვრება.
ირგვლივ ყველა ეწევა.
ჩვენც ვეწევით თბილ სიგარეტებს.
ალბათ იმ სახლის მიღმა რომ შენობები დგას, იქაც ეწევიან.
ზოგი ტელევიზორთან ეწევა,
ზოგი - ტელეფონთან,
ზოგი - ტუალეტში,
ზოგი - აბაზანაში,
ზოგი - სამზარეულოში,
ზოგი - საძინებელში,
ზოგიც - ძილში...
და სადღაც მიყრუებულ კუთხეში ვიღაც პატარა ბიჭი ან გოგო პირველ ნაფაზს ურტყამს თავის ცხოვრებაში.
ბოლო ნაფაზის შემდეგ ნამწვს პატარა აუზში ვისვრით.
ნამწვი შიშინით ქვრება.
მეგობარს გავცქერი,
ის მიღიმის და ახალ ღერს მიწვდის.
ვუკიდებთ.
ვცდილობ რგოლი შევკრა.
ჩვენ ხმაურიანი ქუჩის ხის ძირში ვზივართ,
ვეწევით თბილ სიგარეტებს...
და წრე იკვრება.
ქუთაისი, 14.06.1995 (we) 0:27 thanks to Nick Cave