margusha
GITANA

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7177
წევრი No.: 25962
რეგისტრ.: 22-November 06
|
#7834723 · 23 Dec 2007, 01:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიალოგი წყვდიადში
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მგელი. ეს არ იყო ჩვეულებრივი მგელი. ჩვეულებრივი მგელი რუხია, ბანჯგვლიანი და ბოროტი, სისხლისფერი თვალები აქვს. ეს კი დიდი, თეთრი, ლურჯთვალა მგელი იყო. მგლისთვის შეუფერებელი კეთილი თვალები ჰქონდა და თვალებში სიყვარულის, სიძულვილის, სილაღისა და სევდის ნაკვალევი ეტყობოდა. დიდი ხანია მარტო დადიოდა, იმიტომ რომ რუხ მგელთა ხროვაში თავს უცხოდ გრძნობდა და თავისი კეთილი თვალების რცხვენოდა. სხვა კეთილთვალებიანი მგლები ცხოვრების გზაზე ნელნელა ეცლებოდნენ ხელიდან და ბოლოს, მარტო თავისი თვალების ამარა რომ დარჩა და ისეთი აღარავინ ეგულებოდა გვერდით, ვის თვალებშიც თავისი თვალების ანარეკლს დაინახავდა, შესძულდა თავისი თვალები და გადაწყვიტა, ძალით დაეხუჭა. მაგრამ ბოლო წუთს მიხვდა, რომ თავისი დახუჭული თვალების გარდა ვერაფერს წაიყოლებდა და ამ განზრახვაზე სამუდამოდ აიღო ხელი. მას მერე დაიწყო ხეტიალი ტყესა და ღრეში, ბარსა და მთაში, წყვდიადსა და ნათელში, მაგრამ ვერსად მიაგნო იმ ადგილს, სადაც დაჯდებოდა და სულგანაბული მოუსმენდა ჭრიჭინების სიმღერას, სადაც სამყაროს სხვა ხმები მისი ყურისთვის დახშული იქნებოდა და მხოლოდ ამ სიმღერით შეივსებდა დაცლილ სულს, მხოლოდ ამ სიმღერით მოაშორებდა თავისი თვალებიდან სევდისა და სიძულვილის კვალს, მაგრამ ამაო იყო ყოველი მისი მცდელობა, იმიტომ რომ ყველგან სადაც კი ჩამოსაჯდომ ადგილს ნახავდა, სამყარო მაინც თავის ქაოსური ხმების ექოში ახვევდა და ის სიმღერაც მისი სმენის მიღმა იკარგებოდა. ასე გრძელდებოდა წამები, წუთები, დღეები, კვირები, თვეები, წლები, სანამ ერთი ძალიან ჩვეულებრივი დილა არ გათენდა. ჩვეულებრივი იმიტომ იყო, რომ მამალსაც თავის დროზე ეყივლა სამჯერ, გამაღიზიანლებლად პუნქტუალურმა მზის სხივმაც რვა წუთში დადგა ფეხი მიწაზე, ღამემაც თავისი სათქმელი თქვა და ვარსკვლავები გამოსაძინებლად წაასხა და ჰაერიც ისევე აივსო შავ-თეთრი კვადრატებით. ამ დილამაც სრულიად შეუმჩნევლად გაუცვალა ადგილი ასევე ჩვეულებრივ დღეს, დღემ - საღამოს და საღამოც ასევე ჩვეულებრივად ჩაიფერფლებოდა ღამეში, სრულიად უცხო ხმას რომ არ გაერღვია სიბნელე და ბეწვის ხიდზე ჩუმად მოსუნსულე კეთილთვალებიანი მგელი ადგილზე არ შეეჩერებინა. -გამატარე მგელო! -ექოსავით გაისმა უცხო ხმა და მგელმა შენიშნა რომ ეს ხმა ყველა სხვა ადრინდელისაგან განსხვავებით არ აღიზიანებდა. -ვინ ხარ, რომ ვერ გხედავ!-გაეპასუხა მგელი. -როგორ დამინახავ შენ ხომ სამყაროს მარტო შვიდ ფერში ხედავ. -აბა შენ რაფერი ხარ?-გაიოცა მგელმა. -შენ თვითონ მიხვდი მგელო! -მე როგორ მივხვდე, რაფერი ხარ, როცა ვერც გხედავ და ისიც კი არ ვიცი ვინ ხარ. -ფერის დანახვას რად უნდა თვალები მგელო, ფერს უნდა მოუსმინო. მაშინ დაინახავ. თვალებით მარტო შვიდ ფერს ხედავ და ვერც მე დამინახავ. -აბა როგორ დაგინახო მაშინ? -მისმინე მგელო და მერე დამინახავ. -კარგი მოგისმენ, იმ შემთხვევაში თუ დამეხმარები.-უთხრა მგელმა. -რითი შემიძლია დაგეხმარო? -ისეთ ადგილას წამიყვანე, სადაც წყვდიადი ყველაზე ნათელი იქნება, სადაც სიცივე ყველაზე თბილი, სადაც სინესტე ყველაზე მშრალი, სადაც შავი ყველაზე თეთრი იქნება, სადაც ქვესკნელი ზესკნელი იქნება, სადაც ჭაობი - ედემის ბაღი. სადაც მარტო ჭრიჭინებისა და ჩემი გულის ხმას მოვუსმენ, სადაც სხვა, ვერც ერთი ჩქამი ჩემს ყურამდე ვერ მოაღწევს. -სადღა წაგიყვანო მგელო, შენი ფეხით მოსულხარ ამ ადგილამდე-ისევ გაარღვია სიბნელე უცხო ხმამ. -ეს ის ადგილია?-გაიკვირვა მგელმა და დაამატა, მე რომ ვერაფერს ვგრძნობ ჯერ და არც სიმღერა მესმის. -რა სულსწრაფი ხარ კეთილთვალებიანო! ჩამოჯექი აქვე, გულის გარდა ყველაფერი დახუჭე და ნელნელა გაიგონებ შენი გულის რითმზე როგორ აეწყობა ის სიმღერა, რასაც ამდენი ხანია დაეძებ. მეც აქვე ჩამოგიჯდები და სიმღერას ვუდარაჯებ და მანამდე არ გაიგონებ ჩემს ხმას, სანამ იმ სიმღერით არ აივსება ჰაერი, იმიტომ რომ მერე აღარ დასჭირდება ჩემი დარაჯობა, აღარსად წავა. ოღონდ დაიმახსოვრე მგელო, ძალიან მაღლა ვკიდივართ უფსკრულის თავზე, ერთი ზედმეტი მოძრაობა და წყვდიადი სინათლის ფერს დაკარგავს, სიცივე სითბოს, სინესტე სიმშრალეს, შავი თავის თავს დაუბრუნდება, ზესკნელი ქვესკნელად იქცვევა და ედემის ბაღი ყველაზე ღრმა ჭაობად. -კარგი უცნობო თანახმა ვარ, ჩამოვჯდეთ. მივიღებ ამ პირობას, იმიტომ რომ არასოდეს, არაფერს შევუშინებივარ, არც ბარიერთან დამიხევია უკან. უფკსრულის პირთანაც ვმდგარვარ და ჩემსკენ მოშვერილ სიკვდილთანაც პირისპირ. არც ამ უფსკრულის მეშინია, მაგრამ კარგი, არ გავინძრევი, იმიტომ რომ შენც ჩემს გვერდით ზიხარ და შენც ჩაგიყოლებ. სანამ ეს სიმღერა ჩემი გულის რითმს აყვება, მანამდე ვისაუბროთ. მაინც რა ფერი ხარ? -შეეკითხა ისევ მგელი, როცა შავად დაღებული წყვდიადის პირას ჩამოსხდნენ. -ჩამოთვალე ფერები და გეტყვი რა ფერიც ვარ. -მწვანე? -არა, მწვანე არა ვარ, ძალიან მიწიერია. -ლურჯი? -არც ლურჯი, იმიტომ რომ ძალიან მორცხვია და გულუბრყვილო. -ცისფერი? -არა, ზედმეტად შორია. -ნაცრისფერი? -ეს ფერი არასოდეს ვიქნები ყველაზე მოსაწყენ წუთებშიც კი. -წითელი? -არც წითელი-ურცხვად შიშველია. -შავი? -არა, ყველაზე ბევრია. -ყავისფერი? -არა, მდაბიოა. -ყვითელი? - ტაკიმასსხარაა, ამიტომ არც ყვითელი ვარ. -თეთრი? -არც თეთრი ვარ, მოჩვენებითი სიმშვიდეა, სინამდვილეში სულისგამყინავად ცარიელია. -აბა რა ფერი ხარ იისფერი?-მოთმინებადალეული ინტერესით კითხა მგელმა. -არა, არც იისფერი, ბავშვობაში ვიყავი იისფერი, როცა სულ თბილოდა. ახლა მე თვითონაც არ ვიცი რაფერი ვარ, იმიტომ რომ მცივა და სიცივეში ფერს ვკარგავ. -გინდა ფერი დაგიბრუნო, იმის სანაცვლოდ შენ რომ ამ ადგილას მომიყვანე? - ჰკითხა მგელმა. -ძალიან მინდა მგელო, მაგრამ მეშინია. -რისი გეშინია უცნობო! გაგათბობ და ფერიც დაგიბრუნდება. -სწორედ იმისი მეშინია მგელო, რომ გამათბობ და რომ გავთბები, გაფვართოვდები და ამ ბეწვის ხიდზე ვეღარ დავეტევი, შენც შეგავიწროვებ და ორივე ქვემოთ აღმოვჩნდებით. აქ უცბად მგელი გაჩუმდა და გაოცებულმა წამოიძახა: -უცნობო სიმღერა გამოჩნდა, სიმღერას ვხედავ და შენც გხედავ ბუნდოვნად შიგნით. ახლა ვიცი რაფერიც ხარ, შენი ფერი მესმის შენი ფერი! შენ ამ სიმღერის ფერი ხარ ოღონდ ძალიან მკრთალი ფერი! გადააგდე შიში, მოდი ჩემთან, ჩაგეხუტები, გათბები და უფრო მკვეთრად გამოჩნდები სიმღერაში! -არა მგელო, უკან უნდა დავბრუნდე და სიმღერის ფერიანი ჩემს სამყაროში ვერ გამოვჩნდები, იმიტომ რომ ყველა ჩემსკენ გამოიშვერს ხელს, ეს რა უცნაური ფერის ყოფილაო და დამშლიან შვიდ ფერში. ...ძალიან დიდხანს ილაპარაკეს მგელმა და ხმამ. მგელს აღარ უნდოდა უცხო ხმის გაშვება, უსმენდა მის ხმას და ასე ეგონა ეს ხმა მისი გულიდან ამოდიოდა. მაგრამ სიბნელე თავის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა და ხმაც უნდა დაბრუნებულიყო თავის სამყაროში. -გამიშვი მგელო, სანამ ინათებს უნდა დავბრუნდე, არ მინდა ვინმემ შემამჩნიოს. -მგელი ხმას არ იღებდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ პირი ჰქონდა გამშრალი და სიტყვებს ვერ აწებებდა ერთმანეთს. უეცრად სიმღერა შეწყდა და მგელმა როგორც იქნა ხმა ამოიღო. -რატომ ვეღარ მესმის უცნობო სიმღერის ფერი? -იმიტომ რომ ჩემი სამყაროს ფერიდან წამოსულმა ტალღებმა ჩაახშო და ახლა უკვე ნამდვილად უნდა დაგემშვიდობო.... მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის? რაც გინდოდა ის ხომ დაინახე, იმას ხომ მოუსმინე? და რაც დაინახე და მოუსმინე იმან ხომ გაგაცოცხლა? ....სიჩუმე ასეთი აუტანელი არასოდეს ყოფილა. იმდენად აუტანელი იყო, რომ მგელმა ინატრა ისევ იმ სამყაროს ქაოსური ხმები გაეგონა, ოღონდაც ამ სიჩუმეს არ გაეხვრიტა მისთვის ყური. -თუ მიდიხარ, წადი! - წვრილად დაბზარულ ნაწილაკებად დაიშალა მგლის ხმა წყვდიადში. -მაპატიე მგელო - ერთი ნამსხვრევიც შეერია დაბზარულ ნაწილაკებად დაშლილ ექოს და უცხო ხმაც სიბნელის უკანასკნელ წუთს გაჰყვა.
This post has been edited by Ocelot on 24 Dec 2007, 00:46
--------------------
ფუცკ!
|