"მამაჩემი ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი იყო"
http://banksandfinance.ge/society/2814-iberia.html
"კანდელის ანთებას ვეცადე", - ეს სიტყვები მუჰაჯირების შთამომავალს, თურქეთში მოღვაწე დიდ მამულიშვილს, აჰმედ მელაშვილს ეკუთვნის. და, მართლაც, მთელი მისი შეგნებული ცხოვრება, საკუთარი სიცოცხლის ფასად, მან ამ კანდელის ანთებას შეალია. აჰმედ მელაშვილი პირველი იყო იმ თურქეთელ ქართველთაგან, რომლებმაც დაიწყეს ბრძოლა თავიანთი იდენტობისა და ქართული თვითმყოფადობის დაბრუნებისთვის, დაიწყეს მძიმე შრომა, რომ თურქეთში მიმობნეული ქართველობა გამოეფხიზლებინათ და თავიანთ ფესვებთან დაებრუნებინათ. ეს, იმ დროს, გასული საუკუნის სამოციან წლებში, მართლა ძალიან რთული, თითქმის წარმოუდგენელი იყო. ორად გაყოფილი მსოფლიო და მძიმე რკინის ფარდა ამას თითქმის მიუღწეველს ხდიდა.
მრავალმხრივია იმ საქმეთა ჩამონათვალი, რასაც ბატონი აჰმედი ედგა სათავეში. ეს იქნება ქართული ანბანის გამოცემა, თურქეთელ ქართველობაში გაბნეული ფოლკლორული ნიმუშების, ლეგენდების, თქმულებების შეკრება, ფოლკლორული ანსამბლის შექმნა, ქართული კულტურის სახლის გახსნა, ჟურნალ «ჩვენებურების» ხელმძღვანელობა, ქართველი მწერლების თარგმნა, სხვადასხვა პუბლიკაციების თუ წიგნის, «გურჯისტანი» გამოცემა, რომლის გამოც ის დააპატიმრეს კიდეც და წიგნი დროებით აიკრძალა. აჰმედ მელაშვილი იყო თურქეთელი ქართველების ქომაგი, მათი იმედი და მეოხი. ის იყო იქაურ ქართველთა გამაერთიანებელი, შემკრები, მაგალითი და მისაბაძი იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა თავისი თვითმყოფადობის, იდენტობის გადასარჩენად და შესანარჩუნებლად, მნიშვნელობა არ აქვს, სად და რა პირობებში უხდება მას ცხოვრება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა მსოფლიო გლობალიზაციის მორევშია გადაშვებული.
აჰმედ მელაშვილს «თურქეთელი ქართველების ილია» უწოდეს. დიდი ილიასა და ბატონი აჰმედის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შორის ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. ეს არ არის გადაჭარბება. დასაწყისში მოხმობილი ფრაზა, კანდელის ანთებისა და გაღვივების შესახებ, უნებლიედ ილიას «მგზავრის წერილებს» გვახსენებს, სადაც ილია თითოეულ ქართველში მიმალული ნაპერწკლის პოვნასა და გაღვივებაზე საუბრობს. და როგორც ილიას სჯეროდა და სწამდა, რომ აუცილებლად იპოვიდა ამ ნაპერწკლებს და ერთ დიდ ცეცხლად აქცევდა, ასე სჯეროდა აჰმედ მელაშვილსაც, მან მთელი თავისი ცხოვრება ამ ნაპერწკლის ძიებასა და შეგროვებას შეალია, როგორც ილიას სიცოცხლე დამთავრდა წიწამურთან მუხანათურად, ასე დასრულდა ბატონი აჰმედის ქართველობით გაჯერებეული და გავსებული გულისცემაც – ისიც მოკლეს..
ძლიერია დიდი ადამიანების მიერ დანთებული ცეცხლი, მას დანელება არ უწერია. პირიქით. აჰმედ მელაშვილს დარჩა შესანიშნავი ოჯახი, რომელიც ღირსეულად აგრძელებს მამის მიერ გაკვალულ გზას. ბატონი იბერია მელაშვილი აჰმედ მელაშვილის ვაჟია, ის სტამბოლში ცხოვრობს. იბერია, მამის მსგავსად, პროფესიით არქიტექტორია, თუმცა მისი ცხოვრება სრულიად ქართული ჰანგებითაა გაჯერებული. ის ფოლკლორულ ანსამბლ «კავკასიის მთას» უდგას სათავეში. ანსამბლი ათი წევრისგან შედგება, რომლებიც ბატონი იბერიას მსგავსად, რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავენ. ანსამბლის რეპერტუარში ბევრი პოპულარული ქართული ხალხური სიმღერაა შესული. გარდა ამისა, ანსამბლს დამუშავებული აქვს ძველი ლაზური სიმღერები, კავკასიელ ხალხთა ფოლკლორული ნიმუშები და თურქული ხალხური სიმღერები. ამ დღეებში, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, ანსამბლი თბილისს ეწვია და კონცერტი გამართა. ჩვენც ვისარგებლეთ შემთხვევით და ბატონ იბერიასთან ინტერვიუ ჩავწერეთ. ბატონი იბერია გულღია, ენერგიული და სასიამოვნო მოსაუბრეა. ის განსაკუთრებული ემოციითა და სიყვარულით საუბრობს ყოველივე იმაზე, რასაც საქართველო და ქართველობა ჰქვია. თუმცა, არის ერთი საკითხი, რაზეც ბატონ იბერიას საუბარი უჭირს – ეს არის მამის, ბატონ აჰმედის შესახებ მოგონებები. როცა მას მამის გახსენება ვთხოვე, მიპასუხა, რომ, იქნებ, ამ თემაზე არ გვესაუბრა, - «მამაჩემის მიერ გაკეთებული საქმეები ცნობილია საზოგადოებისთვის და მე მეტს ვერაფერს დავამატებ, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ როგორი მამა, მეუღლე და მეგობარი იყო მამა, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრათ: უამრავი მეგობარი მყავს, მაგრამ მამაჩემი ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი იყო».
ანსამბლ «კავკასიის მთის» კონცერტი კომპანია «ნიკორასა» და სტამბოლში მოქმედი ქართული ხელოვნების სახლის, კერძოდ, მისი ხელმძღვანელის გიორგი ირემაძის მხარდაჭერით გაიმართა. სცენიდან საოცარი გულწრფელობით და სიყვარულით გაჟღენთილი ქართული მრავალხმიანი ჰანგები ისმოდა, თუმცა, უდავოა, რომ მსუბუქად გადმოღვრილი ჰანგების უკან დიდ შრომაა ჩადებული. მაყურებელი და მსმენელი მოჯადოებული უსმენდა ქართული გენის კიდევ ერთ ზეიმს, ფეხზე ამდგარი ხანგრძლივად უკრავდა ტაშს «კავკასიის მთას», იყო ბევრი ბრავო და ბისი. ბატონი იბერიას ხელმძღვანელობით წარმოდგენილმა კონცერტმა კიდევ ერთხელ დაგვაიმედა, რომ სანამ ერთი გულანთებული ქართველი მაინც დააბიჯებს დედამიწაზე, ჩვენს თვითმყოფადობას დრო და სივრცე ვერაფერს დააკლებს.
- ბატონო იბერია, გვიამბეთ ანსამბლ "კავკასიის მთის" შესახებ. როდის შეიქმნა, ვისი იდეა იყო მისი შექმნა და როგორ მოვიდა დღემდე?- ანსამბლის შექმნის ისტორია ასეთია: როცა რამდენიმე ათეული წლის წინ, 1975 წელს, მე და ჩემი და, თამარი, პირველად ჩამოვედით საქართველოში და ახლოდან გავიცანით ქართული კულტურა, დიდი ინტერესი გამიჩნდა ქართული ხალხური საკრავებისა და მელოდიების მიმართ, თუმცა მანამდეც, იგივე მამაჩემისგან, ბევრი რამ ვიცოდი მათ შესახებ. საქართველოში ყოფნისას გავიცანი სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლი - სიმღერის, ცეკვის, შევხვდი ამ საქმის მცოდნე ადამიანებს, რამაც კიდევ უფრო გამიძლიერა ინტერესი ქართული ფოლკლორისადმი და როცა დავბრუნდი თურქეთში, დავიწყე ფიქრი ანსამბლის შექმნის შესახებ. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, 20 წლისა. ეს ფიქრი და სურვილი რამდენიმე წლის შემდეგ მოვიყვანე სისრულეში. 1980 წელს, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს პროექტი განმეხორციელებინა და დავიწყე მუშაობა. ბუნებრივია, საჭირო იყო ანსამბლისთვის სახელის შერჩევა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მას ყველაზე მეტად «კავკასიის მთა» მოუხდებოდა, რადგან ის ერთგვარი გამოხატულება იქნებოდა მთლიანად კავკასიელი ხალხის სულიერებისა, მათი გენის, კულტურის ერთიანობისა, რომელიც ასე ახლოს დგას ქართულ სულიერებასთან. გარდა ამისა, მაინტერესებდა საქართველოსთან, ასევე, ახლო მდგომი ხალხების სომხებისა და აზერბაიჯანელების კულტურა, იგივე ბასკების კულტურა, როგორც ქართულთან ახლო მდგომის, ბუნებრივია, ლაზების კულტურა და ა.შ. ასე რომ, ანსამბლის სახელი ყოველივე ამის გათვალისწინებით შეიქმნა. ანსამბლის შექმნისთვის საჭირო იყო ბაზა. თავდაპირველად მე თვითონ შევისწავლე სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა, შემდგომ კი, 1984 წელს, ბურსაში შევქმენი პატარა ბავშვების ანსამბლი. პირველ წელს საკრავები შევასწავლე, შემდგომ კი ვოკალზე დავიწყეთ მუშაობა, სულ 17 ბავშვი იყო. ეს იყო პროექტის პირველი ნაბიჯი. სამი წლის მუშაობის შემდეგ, გამოვუშვით ალბომი ასეთი სახელწოდებით: «მელოდიები კავკასიის მთიდან», ამას მეორე ალბომი მოჰყვა, რომელსაც «კავკასიის მთიდან ანატოლიამდე» დავარქვით და 1992 წელს გამოვუშვით. ეს ალბომები იყო პირველი თურქეთში, სადაც ჩაწერილი იყო ქართული, ოსური, აფხაზური, ჩეჩნური, ჩერქეზული და კავკასიის სხვა ხალხების ხალხური მელოდიები. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ეს საქმე წამოვიწყეთ.
ის ანსამბლი, რომელიც გუშინ წარსდგა თქვენს წინაშე, თავდაპირველი პროექტის მეორე ნაბიჯია, რომელიც შვიდი წლის წინ დაიწყო. გადავწყვიტეთ, რომ პროფესიონალურ დონეზე გაგვეგრძელებინა საქმიანობა. შეგვექმნა მუდმივი ანსამბლი და სკოლა. მაშინ ანსამბლში ხუთნი ვიყავით. მინდოდა პროფესიონალი ვოკალისტებისთვის მომეყარა თავი, თუმცა გამიჭირდა ქართულის მცოდნე ვოკალისტების პოვნა. ჩემს თანამოაზრეებთან ერთად გადავწყვიტე, რომ ერთად გაგვეკეთებინა ეს საქმე. მე მათ ვუთხარი, - თუ ბოლომდე და გულით გამომყვებით, დავიწყოთ, რადგან ეს საქმე ბევრ ენერგიას, დროს, სახსრებსაც მათ შორის, და, რაც მთავარია, გულს მოითხოვს, ისინი დამთანხმდნენ და დავიწყეთ მუშაობა. თავდაპირველად ვოკალზე ვმუშაობდით, შემდეგ სხვადასხვა ხალხურ საკრავებზე - ფანდური, ჩონგური, სალამური, გადავედით, შემდგომ თანამედროვე საკრავებიც დავამატეთ. თანდათან წევრებიც გვემატებოდა და დღეს ანსამბლში ათი მუდმივი წევრია. სამიც გვყავს კიდევ, მაგრამ ისინი დიდ კონცერტებში არ მონაწილეობენ.
- ანსამბლი ძალიან კარგად წარსდგა მაყურებლის წინაშე. მათ შესანიშნავად გაართვეს თავი ქართულ მრავალხმიანობას. ანსამბლის წევრები პროფესიონალი მუსიკოსები არიან? ვინ გიწევთ პროფესიულ დახმარებას, თუნდაც კონსულტაციას?- ჩემი ყველაზე კარგი კონსულტატი მამაჩემია. შემდგომ ის არქივი, რომელიც სახლში გვაქვს. ეს არის ჩანაწერები, ფირფიტები. მაგალითად სალამურზე დაკვრა ომარ კელაპტრიშვილის ჩანაწერებიდან ვისწავლე. შვიდი წლიდან ვუსმენდი ამ ჩანაწერს. მქონდა მამის ნაჩუქარი ერთი სალამური და იმაზე ვისწავლე დაკვრა. ბუნებრივია, ეს რთულია, როცა მეთოდის და მასწავლებლის გარეშე სწავლობ, მაგრამ როცა დიდი სურვილია, შედეგიც არის. მაქვს ფრაგმენტული კონსულტაციები, იგივე თუნდაც ანსამბლ «რუსთავის» წევრ დათო ყიფიანთან და სხვებთანაც, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. ანსამბლის წევრებს რაც შეეხებათ, ისინი პროფესიონალი მუსიკოსები არ არიან.
- მამათქვენი, ბატონი აჰმედი, ერთგან ამბობს: "კანდელის ანთებას ვეცადეო". კანდელი რომ აინთო, ფაქტია. ეს თბილისური კონცერტიც ამის კარგი მაგალითია. როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ კანდელმა ნათება არ შეწყვიტოს და კიდევ უფრო დიდ ცეცხლად აგიზგიზდეს?- მე რაც შემიძლია ვცდილობ, რომ ამ კანდელის ნათებას ხელი შევუწყო და გავაღვივო. ვფიქრობ, სხვებიც ბევრნი არიან თურქეთელ ქართველებში, ზოგი მეცნიერების, ზოგი ენის, იგივე მუსიკის მხრივ, ვინც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს იმ სულიერების გაღვივებას, რასაც ქართული სული ჰქვია.
- თქვენი საქმიანობა სანიმუშო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა უყვარდეს და პატივს სცემდეს ადამიანი, მოქალაქე თავის ფესვებს, გენს და წარსულს, რომლის გარეშეც პიროვნება ვერ იქნება სრულფასოვანი. თქვენი კონცერტიდან კარგად ჩანს, რომ ეს არ არის მხოლოდ კონცერტისთვის გაკეთებული პროექტი, ეს თქვენი, ასე ვთქვათ, სულიერი მდგომარეობაა, ეს არის დიდი ქართული საქმე, ამავე დროს მასში უდიდესი შრომაა ჩადებული. თქვენს მსგავსად თურქეთში ქართული ფესვების მქონე მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, როგორ გგონიათ, ბატონო იბერია, რამდენს შეუძლია მათგან თავიანთი თავის იდენტიფიცერება ქართველთან, ლაზთან, რას ნიშნავს მათთვის ფესვები.- თურქეთში დაახლოებით სამიდან ოთხ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, ზოგი ხუთ მილიონსაც ასახელებს. ამათგან დაახლოებით მეოთხედი ლაპარაკობს ქართულად, ბუნებრივია, დიალექტზე. მათი უმეტესობა სოფლებში ცხოვრობს. სოფლებში, თანაც მაღალმთიანში, უფრო კარგადაა ქართული ენა შემონახული. ქალაქში მცხოვრებთა შორის ქართული ენის მცოდნეთა რიცხვი უფრო ნაკლებია, ესეც ბუნებრივია. რაც შეეხება კითხვის ბოლო ნაწილს, ვერ ვიტყვი, რომ თურქეთელი ქართველების ძალიან დიდ ნაწილს ეს კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული, ამას უამრავი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი აქვს, მაგრამ ბოლო ხანებში ძალიან კარგი ტენდენცია წამოვიდა ახალგაზრდებში. ისინი მშობლებს სთხოვენ, საყვედურობენ კიდეც ხშირად, რომ ასწავლონ ქართული, ცდილობენ მეტი გაიგონ თავიანთი ფესვების შესახებ, ამას დღევანდელი კომუნიკაციებიც უწყობს ხელს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩამოდის საქართველოში და ეუფლება ქართულს, სწავლობს ისტორიას და ა.შ. ასე რომ, მე იმედიანად ვარ განწყობილი.
- საქართველოში ჩამოსვლამდე, ალბათ, გქონდათ თქვენეული წარმოდგენა ამ ქვეყანაზე, ხალხზე.. როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილებები და ემოციები საქართველოში პირველად ჩამოსვლისას, და წლების შემდეგ, როგორია თქვენს მიერ დანახული საქართველო?- როცა პირველად ჩამოვედი საქართველოში, თავი ოჯახში მეგონა. დავდიოდი ქუჩებში ყველგან ქართული ლაპარაკი მესმოდა, ეს დიდი სიხარული იყო ჩემთვის. კიდევ ერთხელ შევეხე ჩვენს უძველეს კულტურასა და ხელოვნებას, ახლა უკვე ახლოდან. ამ ფონზე თვალში მხვდებოდა რუსული წარწერები და არ მომწონდა. სხვა დრო და რეალობა იყო მაშინ. ახლანდელი რეალობა სხვა სირთულისაა. ამ ომებმა ბევრი ზიანი მიაყენა საქართველოს, ბევრი ადამიანი დაიღუპა. უნდა გამოინახოს გზა, რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემებს. ძლიერი და ერთიანი საქართველო სჭირდება კავკასიას მთლიანად და იგივე თურქეთსაც. მთავარი სულიერი ერთიანობაა, რასაც უწმინდესი ხშირად ბრძანებს.
- კონცერტში თქვენი ვაჟი, ბექაც მონაწილეობდა. ის ჯერ ახალგაზრდა კაცია. ამ ასაკში სხვა ინტერესები აქვთ ხოლმე. ის შესანიშნავად უკრავს ხალხურ საკრავებზე. რამდენად სერიოზეულია მისი ამ საქმიანობით გატაცება?
- ბექა 16 წლისაა. 7 წლიდან გაუჩნდა ინტერესი ხალხური საკრავების მიმართ, სალამურზე ვასწავლიდი დაკვრას. 9 წლის იყო, როცა პროექტ «ანა ბანაში» მიიღო მონაწილეობა. თავდაპირველად ბავშვური ინტერესი ჰქონდა ამ ყველაფრის მიმართ. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, რომ არ დავაძალოთ. ის კარგად უკრავს ფორტეპიანოზე. ფორტეპიანოს მასწავლებელი ქართველი ქალბატონი ჰყავს. ვფიქრობთ, ესეც კარგად წაადგება მის ქართულს. ის ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანია, როცა საქართველოში კონცერტის ჩატარება გადავწყვიტეთ, ჭოჭმანობდა წამოსვლას, რადგან რაღაცას თუ ძალიან კარგად არ აკეთებს, ისე ხელს არ ჰკიდებს. მე ვუთხარი მას: «როგორ, საქართველოში კონცერტის ჩასატარებლად მივდივართ და შენ არ მოდიხარ?" ძალიან ბევრი იმეცადინა ჩვენთან ერთად და ვფიქრობ, კარგად წარსდგა კონცერტზე.
- კონცერტზე რეზო ლაღიძის "თბილისო" გააჟღერეთ, ის ახლახან მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალბატონს, ლელა დადიანს მიუძღვენით, რომელიც ბოლო დროს სტამბოლში, საქართველოს საკონსულოში მუშაობდა. მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული ქართულ-თურქული ურთიეთობებისთვის, ჰქონდა უამრავი გეგმა და პროექტი..- ლელა ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ძვირფასია. გარდა იმისა, რომ ის იყო კეთილშობილი და განათლებული ადამიანი, მას დიდი წვლილი მიუძღვის ამ პროექტის განხორციელებაში. ის გვეხმარებოდა რეპერტუარის შერჩევაში, ყველანაირად გვერდში გვედგა, გვამხნევებდა, სწორედ ლელას და ჩემი მეუღლის დაჟინებული თხოვნით შევუდექით თბილისური კონცერტისთვის მზადებას. სიმღერა "თბილისო" ლელას საყვარელი სიმღერაა. თავდაპირველად უარზე ვიდექით, რომ ამ სიმღერას, თავისი სირთულიდან გამომდინარე, ვერ შევასრულებდით, მაგრამ ლელამ დაგვარწმუნა, რომ ეს აუცილებელი იყო და ჩვენც ბოლომდე დავიხარჯეთ, რომ რეზო ლაღიძის ეს ულამაზესი სიმღერა კარგად შეგვესრულებინა. ამიტომ ლოგიკურია, რომ "თბილისო" ლელას მივუძღვენით.
- გვიამბეთ "კავკასიის მთის" სამომავლო გეგმების შესახებ, როდის აპირებთ კონცერტით საქართველოში ისევ ჩამოსვლას? - ახლა ვმუშაობთ ალბომზე, რომელსაც მალე გამოვუშვებთ. რაც შეეხება გეგმებს. ჩვენი გეგმები, აქამდე რაც გვქონდა, შევასრულეთ, რომლის ბოლო აკორდიც ეს თბილისური კონცერტი იყო. ახლა ძალიან დატვირთულები ვართ ემოციებით. ჩავალთ სტამბოლში, დავსხდებით და მოვიფიქრებთ, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა. ბუნებრივია, ჩვენი გეგმები ისევ და ისევ ქართულ მელოდიებს უკავშირდება. რაც შეეხება ჩვენს მომდევნო ჩამოსვლას საქართველოში, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. თუ იქნება მოწვევა, ჩვენ აუცილებლად სიამოვნებით ჩამოვალთ. ჩვენ ხომ კომერციული საქმიანობისთვის არ ვაკეთებთ ამას. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო, ქართული კულტურა და სულიერება უფრო პოპულარული გახდეს და არ დაიკარგოს, მით უფრო მის საზღვრებს გარეთ.