ერთ-ერთ ვებ გვერძე აღმოვაჩინე
ეს რიცენზია, წერს ადამიანი ფსევდონიმით დურუჯი
როცა გეგონა, რომ მოკვდებოდა, როცა გეგონა რომ გივიწყებდნენ,
გორაზე მდგარის გაჩნდა ფიქრები და გავიყუჩე...
იფერმკრთალა ქართული წიგნის სულის ნაწილმა, დაისველა ნაწნავები, ღამის წყვდიადში ატარა სევდა... თეატრი ვერიკო ანჯაფარიძის, სცენა ერთი მსახიობის... ინსცენირება – რამაზ ბერიძე, რეჟისორი და სცენოგრაფი – ივანე ხუციშვილი, ქორეოგრაფი – კახაბერ შარტავა, მხატვარი – თეო კუხიანიძე. მსახიობები : ელდინო საღარაძე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები : ნუცა სულაბერიძე, გაგი შენგელია, ალექსანდრე ფურცხვანიძე.
კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატის ნადიმი“... ერთი დეკორაციული შანდალი „გაფრენილი წარწერებით“ და ძველი ქართული.
ის ახლა უნდა დაიბადოს, მაყურებლის თვალწინ, იქადაგოს ქართულ ანბანზე, ქართულ წიგნზე და აღარ მოკვდეს, არ გაიყინოს, რადგან საჭიროა მითუმეტეს დღეს.
შავი სამოსი და მასში ჩასახლებული ნიღბოსანთა სახეები... ქარის ზუზუნი, ზარების რეკვა... ანიდან – განამდე, განიდან – ჰაემდე. იშვა არსება მთელ სამყაროში გაწვდილი სულით, წიგნის ისტორიით. სამოსი კიდიდან კიდემდე წვდება სცენას, ის ასრულებს დეკორაციის როლსაც და რეჟისორის ფანტაზიის ხარჯზე გვხვდება საოცრად მოძრავი სცენები.
დასაწყისი წიგნისა...
ეტრატი – თარაშ ემხვარი თავის სატრფოსადმი გახსნილი გულით...
... თამარისა და ძიძის დიალოგი. კითხულობს მსახიობი (ელდინო საღარაძე) და ხმაც ნელ – ნელა თბება, ედება დარბაზს და გიწვევს ატმებით აფეთქებულ ბაღში. ტონალობა იცვლება როცა საქმე თარაშსა და არაბიას ეხება. უნდა გადალახოს აღელვებული მდინარე არაბიამ, უნდა მიუსწროს ცოცხალ სატრფოს... თამარი კვდება, არაბია ქრება და მთვარესაც მოსტაცებს ცა თარაშს. გმირი და მსახიობი (ელდინო საღარაძე), რომელიც წარმოსახვით არაბიას მიაგელვებდა ერთიანდება. მატულობს დაძაბულობა, ემოცია, ქმედება და ერთდროულად ლანდების მხარეში იკარგებიან.
ელდინო საღარაძე ნელი მოძრაობით ბრუნდება და ეკითხება თითქოს იმედგაცრუებული – „ჩამოკიდებულ სამოსს“ „მაშ ვინ ყოფილა თავად ეროსი?“ ... თვით ღმერთიც კი უძლური აღმოჩნდა... ნუთუ დაიცალა? ნუთუ დასრულდა ამბავი? მონუსხული მაყურებელი ელოდება ახალ გვერდს... დიდოსტატისა და შორენას ზღვის ფერი თვალები... ეს ამბავი კი ავაზის ღამეს ხდება.
ორი ნიღაბი, ორი სახე გამოიკვეთა შავი სამოსიდან. მსახიობი (ელდინო საღარაძე) ემოციური დატვირთვით უყვება შორენასა და დიდიოსტატის საუბარს, ამბით დაინტერესებულთ. „ არც მეფე გიორგი და არც ჭიაბერი... დედათა მონასტერი“. „მოძრავი ქსოვილი“ არაბიას თოკით მაღლა მიიწევს, იქ მოსავენ შორენას. მოსწონს შუშანიკს თავისი ახალი სამყოფელი. მისი სულის ტანჯვა... ყვავების ჩხავილი საზარელ ამბავს აგრძნობინებს ელდინო საღარაძის გმირს. თავს იკლავს შუშანიკი და სამოსელიც ეშვება დაბლა... გაყურსულ დარბაზს შეეპარა შეშმუშვნის ხმა. კიბეზე ჩამოჯდა მსახიობი, უთანაგრძნობს შორენას, მისი გამომეტყველი სახე გვიწვევს განცდებში. გმირი ხვდება, რომ მაყურებელი არ უნდა მიეცეს ბოლომდე თანაგანცდას, მას დაუტოვოს ფიქრის საშუალებაც და იწყებს ჩვეული სიწყნარით ახალ ამბავს. გადაიშალა კიდევ ერთი გვერდი...
მეფე გიორგი და გლახუნა ერთ სხეულში მოთავსებული პაპუნას სთხოვს უბრალო მღვდელი მოუყვანოს, აღსარება უნდა თქვას. ის იწყებს თხრობას თავის ამბისა, ნელ – ნელა იღლება, ძალა ეცლება, ქსოვილი იწყებს მოძრაობას, თითქოს გაურბის მას ჩვენი გმირი როგორც შეუძლია ისე. ბოლოს მისი თავიც ქრება და მეფის მზეც. ჰანგი იავნანისა და ისევ თანაგანცდა...
რატისეული სასახლე... მსახიობი ანთებს „შანდალში ნათებას“. ათასობით პეპელა კვდება. არსაკიძეს მხოლოდ მოჩვენებები და ზმანება აწუხებს: წყალი, დედა, შორენა, სვეტიცხოველი...
... და ბრძოლა წიწამურის ველზე მამალ ხოხობთან... დედის ჩამოსვლა, იავნანის ჰანგი და აკანკალებული მსახიობი, გაქვავდა სცენა... მაყურებელი...
ამორფული არსებები ( ნუცა სულაბერიძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, გაგი შენგელია) იწყებენ ღელვას, აწყდებიან ერთმანეთს უკიდეგანო სივრცეში. ქარი ზუზუნით ეხეთქება მათ და იძირება ანიდან – ჰაემდე. კიდევ სურს იქადაგოს ქართულ ანბანზე, თუმცა მძლავრობს მოძრაობა, რიტმი ცხოვრების და თანამედროვეობის. ის კი იქცევა ერთ არსებად, იქ საიდანაც დაიბადა. რჩება იმედი, რომ დაბრუნდება...
...დასასრული წიგნისა...
ივანე ხუციშვილის სამყარო გაერთიანდა კონსტატინე გამსახურდიასა და სცენის ფერებთან, ასევე გაერთიანდა მხატვრის, ქორეოგრაფის ელემენტები და იქცა ერთ ანსამბლიად, რაც ძნელია იპოვო დღევანდელ ქართულ თეატრში.
ელდინო საღარაძემ შეძლო მთელი სპექტაკლის მანძილზე თანაბრად გადაენაწილებინა ტემპი – რიტმი, დინამიურობა, ხმის ტემბრი. ძალიან პატარა ნიუანსები არც უნდა ვეძებო, რადგან ეს ცოცხალი ორგანიზმია და შეიძლება ყოველთვის მოხდეს.
„ნიღბოსანთა საზოგადოება“ (ნუცა სულაბერიძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე, გაგი შენგელია) ჩუმად, საოცარი პლასტიკით ასრულებდნენ თავიანთ მოძრაობებს. მათ ქორეოგრაფისა და რეჟისორის დახმარებით შეძლეს გამსახურდიას „გარემო“ შეექმნათ...
... სიწყნარეა, მიიმალა მაყურებელი, ვზივარ ეზოში და არ ვინძრევი, რაღაცას ველოდები, თუმცა მალევე ვხვდები რომ არაფერს... სცენაც სიჩუმემ შთანთქა და მომავალი დღის იმედი დამიტოვა. მეც შემიპყრო განცდამ რომ ქართული თეატრი არ მომკვდარა, არ განელებულა ქართული არტისტიზმი და ნაბიჯს გულის ცემასთან ერთად ვუმატებ...
დურუჯი
მსახიობი ელდინო საღარაძე,
სპექტაკლი დიდოსტატის ნადიმი


