ესეც "უნიჭობის" დამადასტურებელი ვარსკვლავი
17 ოქტომბერი 2007 წელი

სოფიკო, ერი მას მხოლოდ სახელით მოიხსენიებს... სახელით მას არა მარტო საქართველოში მოიხსენიებენ. ასეთი პატივი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
ქართული კინო და თეატრალური ხელოვნებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი დანაკლისია სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალება. ქართულ კულტურას კიდევ ერთი დედაბოძი გამოეცალა.
ბუნება, როგორც წესი, არაა ისე გულუხვი, რომ მშობლის ნიჭი შვილშიც განმეორდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს კანონზომიერება დარღვეულია. სოფიკო ვერიკოსა და მიხეილ ჭიაურელის ღირსეული მემკვიდრე და გზის გამგრძელებელი იყო. "ჩვენი ეზოთი" შემოვიდა ქართულ კინოში და იმ დღიდან დაიმკვიდრა მაყურებელთა გულში თავისი განუმეორებელი და შეუცვლელი ადგილი.
ძნელია უამრავი, ერთი მეორეზე უკეთესი და გამორჩეული კინო თუ თეატრალური როლიდან უპირატესობა მიანიჭო რომელიმეს. სოფიკოს შეეძლო შეუძლებლის, შეუბედავის შებედვა. ვერიკოს ივდითის შემდეგ, სოფიკოს ივდითი მიიღო და გაითავისა მაყურებელმა. და ბოლოს, იყო ბატონ კოტე მახარაძესთან ერთად შექმნილი ერთი მსახიობის თეატრი, რომლის მსახურად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.
სოფიკო ქართული კულტურისა და მშვიდობის დესპანი იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.
სოფიკო ჭიაურელის წასვლა ჩემთვის პიროვნულადაც უდიდესი ტრაგედიაა, მე დავკარგე უფროსი მეგობარი, ბავშვობიდან ახლობელი და სათაყვანებელი ადამიანი, ქართულმა კულტურამ და საზოგადოებამ კი - უდიდესი არტისტი და მოქალაქე.
საქართველოს სოფიკო ჭიაურელი დააკლდა ...
უფალმა სასუფეველში დაამკვიდროს მისი ლამაზი სული.
ნინო ბურჯანაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე This post has been edited by amadeus on 5 Mar 2008, 15:44