Martha Graham
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 423
წევრი No.: 37884
რეგისტრ.: 8-July 07
|
#10354169 · 9 Jul 2008, 02:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაზეთი 24 საათი
მაყურებელი განათლებულ და მოაზროვნე რეჟისორებს ელის
თემურ ჩხეიძე "სამეფო უბნის თეატრში” ახალგაზრდა კოლეგებს შეხვდა.
"სამეფო უბნის თეატრი” - ჩემთვის, ისე როგორც ძალიან ბევრისთვის ადგილია, რომლისგანაც მუდამ ველი რაღაც ახალს, საინტერესოს, თამამსა და განსხვავებულს. ზუსტად არ ვიცი რატომ, იქნებ გარემოს ბრალია, იქნებ ინტერიერის, რომელში ძველი და ახალი ასე ზომიერი ეკლექტურობით ერწყმის ერთმანეთს, იქნებ... შეიძლება იმიტომ, რომ ამ თეატრის სულისჩამდგმელებმა მის კედლებში დიდი შრომისა და ენერგიის გარდა, დიდი იმედები ჩადეს. იზა გიგოშვილისა და მერაბ თავაძის პროექტი სახელად "ნაგავსაყრელის ნაცვლად - სამეფო უბნის თეატრი !” საინტერესო და ორიგინალური სპექტაკლის მასპინძელი უკვე არაერთხელ გამხდარა. მაგრამ მაინც, არსებობს შთაბეჭდილება, არა, განცდა იმისა, რომ ამ თეატრში ჯერ არ მომხდარა ის, რაც გველის, რომ მხოლოდ ახლა იწყება და სათქმელს მისი სცენიდან სადაც არის, აი ახლა იტყვიან.
რატომ არ ვართ გულგრილნი ამ თეატრის მიმართ? იქ ხომ იშვიათად იმართება პრემიერები, ის ხომ ვერ გვანებივრებს ხალხმრავლობით, ცოცხალი და "გაპრანჭული” საღამოებით? პასუხი: სამეფო უბნის თეატრს არასდროს ჰქონია იმხელა ფინანსები, რომ მისი ხელმძღვანელობის მუშაობის შედაგიანობაზე კრიტიკულად საუბრის უფლება გვქონოდა. ყოველდღიური ზრუნვა იმისთვის რომ თეატრს ეარსება მგონი ყველაზე რთულ პერიოდში მოუხდათ, მაშინ, როცა თეატრისთვისთვის, ზოგადად კულტურისთვის ნაკლებად ეცალა ქვეყანას, საზოგადოებას, მაყურებელს. მაგრამ "სამეფო უბნის თეატრი” დღემდე მოვიდა ისე, რომ არც პირველადი იდეალები დაუკარგავთ, არც პრინციპულობა დავიწყნიათ, არც ამ თეატრის კედლების გაუფასურება მოუხდენიათ "კომედიშოუებით”. ასეა, მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა ცალსახად კომერციული ინტერესებით არასდროს უხელმძღვანელიათ. ბოლო წლებში, როცა ქართულ თეატრში თეატრი დავკარგეთ, როცა ტელეშოუმ სცენაზე გადაინაცვლა, როცა მსახიობებს ცირკის კლოუნების (არ შევურაცხყოფ ამ პროფესიას, მხოლოდ თეატრის მსახიობსა და კლუნს შორის განსხვავების დანახვის სურვილი მაქვს) ნიღაბი მოარგეს და როცა სიტყვა მართალი და აზრიანი სცენაზე გაქრა, სამეფო უბნის თეატრში მისვლა მაინც საიმედოა მათთვის, ვინც ნამდვილ თეატრს ჯერ კიდევ ეძებს. სამეფო უბნის თეატრში პრემიერებზე იშვიათად გვეძახდნენ, მაგრამ თუ გვეძახდნენ იყო რამდენიმე მიზეზი, რის გამოც წარმოდგენას გულგრილად არ დავტოვებდით: ახალგაზრდა რეჟისორების ექსპერიმენტები, თანამედროვე დრამატურგია სცენაზე, რიგ შემთხვევებში უბრალოდ კარგი სპექტაკლები. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსგან ძალიან მცირე ბიუჯეტით სარგებლობდა, ამ თეატრში თუნაც სულ ბოლო წლებში დაიდგა ისეთი სპექტაკლები, რომლებიც ქართული თეატრალური ცხოვრების ერთფეროვნების ფონზე გარკვეული ნიშნით მაინც გახლდათ დასამახსოვრებელი. გამორჩეული რეჟისურით, სამსახიობო შესრულებით და ა.შ. - "ნუგზარი და მეფისტოფელი”, "ჩემი მეგობარი ჰიტლერი” და რა თქმა უნდა, "ზღვა რომელიც შორია”, სპექტაკლი, რომელიც ბოლო წლებში განხორციელებულ სპექტაკლებს შორის საუკეთესო ნამუშევრად თეატრალებმა არაერთგზის დაასახელეს.
ამ სპექტასკლის რეჟისორს, ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში არ დაუდგამ სპექტაკლი. თემურ ჩხეიძე, 2007 წლიდან ტოვსტონოგოვის სახელობის პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. მრავალი წლის განმავლობაში ის არაფორმალურად ისედაც ასრულებდა მთავარი რეჟისორის ფუნქციებს და თეატრის რეპერტუარის მაორიენტირებელ ძალას წარმოადგენდა, მაგრამ ამ ეტაპზე თემურ ჩხეიძე ოფიციალური ხელმძღვანელია რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დრამატული თეატრისა და შესაბამისად მისი გრაფიკი იმდენად დატვირთული გახლავთ, რომ წელიწადში ერთხელაც ვეღარ გვახარებს ქართველ მაყურებელს სპექტაკლით. მაგრამ სანამ პეტერბურგი ქართველ რეჟისორს ასე დატვირთავდა და ბოლომდე "წაგვართმევდა” ჩვენც გვქონდა ალბათ საშუალება იმისა, რომ მისი ყურადღება და დრო დაგვემსახურებინა. გვქონდა, რამდენად გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა სხვა საუბრის თემაა, თემა, რომელსაც ჩხეიძე არ ეხება და რომელიც დღეს უკვე ნაკლებად არის საინტერესო. ამ თემაზე ქართული კულტურის პოლიტიკის კოორდინატორები თუ კრიტიკოსები აუცილებლად ალაპარაკდებიან, მაგრამ როგორც ყოველთვის ძალიან დაგვიანებით. როცა დადგება დღე იმის აღიარებისა, რომ ქართულ თეატრს დიდი ხანია მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაბიჯები წინ არ გადაუდგამს, როცა ხელოვნების ნაცვლად სცენაზე პაპსა შეგვრჩება და როცა ვაღაირებთ, რომ ახალი ღირსეული, განათლებული თაობა თეატრში და თეატრისთვის არ გაგვიზრდია. მაგრამ ქართველს, რომელსაც ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება თეატრში და თეატრს მიღმა ძალიან ეზარება ამ ბოლო დროს, ამის აღიარებაც ძალიან გაუჭირდება.
სამეფო უბნის თეატრს უკვე ორი წელია სახელმწიფომ ის მიზერული დაფინანსებაც კი შეუწყვიტა, რომელიც მცირე, მაგრამ სერიოზული სტიმული გახლდათ იმ ენთუზიასტებისთვის, რომლებიც ამ თეატრის ლამის მაგიურ კედლებში იყრიდნენ თავს. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ის ვისაც თეატრალური პოლიტიკის წარმოება, მისი მენეჯმენტი ევალება ამ სფეროში ვერ ერკვევა. ფაქტია, რომ ცოცხალი პულსაცია, რომელიც ამ თეატრში იგრძნობოდა და პერსპექტივები, რომელიც მისი სცენიდან ჩანდა ვერ გაიგონეს, ვერ დაინახეს. სამაგიეროდ ხედავდნენ, ესმოდათ და აღნიშნავდნენ, რომ ამა და ამ N თეატრებმა კასაში ფული დააგროვა და მაყურებელი აცინა, მსახიობები ატინგიცა და თანაც კარგად ლაზათიანად აღაგზნო. ვერაფერი კრიტერიუმებია, მაგრამ ნუ შეგვრცხვება და ვაღიაროთ, რომ ამგვარი შეფასებები ხშირად გვითქვამს, თუ არ გვითქვამს მინისტრებისგან, მათი თანაშემწეებისა და ქალაქის კულტურის სამსახურის სხვადასხვა წარმომადგენლებისგან გაგვიგონია. თუმცა, ნურავინ იფიქრებს რომ სამეფო უბნის თეატრის წარმოდგენები, თუნდაც ისინი, რომლებიც ზემოთ დავასახელე მაყურებელის გარეშე ოდესმე დარჩენილა...
სულ უახლეს წარსულში ჩვენი გაზეთი აშუქებდა "სამეფო უბნის თეატრში” მიმდინარე 25 წუთიანი სპეტქკალების ფესტივალს. არც ისე გამართული მენეჯმენტი ამ ფესტივალს შევუნდეთ, რადგანაც მიზანი იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი ჰქონდათ, მათი გამართლებაც იოლი აღმოჩნდა. მერე რა რომ ფესტივალი ვერ გაშუქდა და ვერ "გაპიარდა”? სამაგიეროდ თეატრის ხელმძღვანელმა ნიკა თავაძემ სცენა ახალგაზრდა რეჟისორებს დაუთმო და მათთან ერთად მსახიობებს, სცენოგრაფებს... სამეფო უბნის თეატრში რაღაც ისევ გაცოცხლდა. სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, თეატრმა შეძლო მცირე დაფინანსება მოეპოვებინა და ფესტივალი სისრულეში მოეყვანა. მეტყვიან, რომ დაფინანსების მოძიება კერძო სტრუქტურებიდან აუცილებელია და სულაც არ არის საჭირო სახელმწიფოზე "ჩამოკიდება”. ხოდა მეც ვუპასუხებ მათ ვინც ამას იტყვის: საქართველოში არავინ არაფერს აფინანსებს თუ მოვლენაში სახელმწიფო ინტერესები და სახელმწიფო სტრუქტურებთან პარტნიორობა არ მოიაზრება. სხვაგვარად თეატრის თუ სხვა კულტურული ინსტიტუციის დახმარბა "არაეფექტურია”. ხელოვნებაში ჩადებული თანხები ჩვენს ქვეყანაში გადასახადებისგანაც არ ათავისუფლებს ბიზნესს. ამას გარდა, არსებობს კომერციული, სანახევროდ კომერციული და სრულიად არაკომერციული სფეროები. ახალგაზრდა რეჟისორიბის ხელშეწყობა და თანამედროვე თეატრის განვითარებაზე ზრუნვა სრულიად არაკომერციული რამაა, ეს სფერო სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკის ინტერესთა სფეროში უნდა მოიაზრებოდეს და არა რომელიმე პატარა ბიზნეს კომპანიისა, რომელსაც ვერაფერს დავავალდერბულებთ. ვაგრძელებ:
თუ რა გვაჩვენეს ამ ფესტივალზე ახალგაზრდებმა კიდევ სხვა თემაა, ამაზე უკვე ვისაუბრეთ ჩვენი აგზეთის ფურცლებიდან. ყველაზე საინტერესო მაინც საფესტივალო დღეების ბოლოს მოხდა. თემურ ჩხეიძე, რომელიც ამჟამად თბილისშია, ახალგაზრდა რეჟისორებს, როგორც თავად მიმართავს, მეგობრებსა და კოლეგებს შეხვდა. ნებისმიერი, ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია და ვისაც ერთხელ მაინც უსაუბრია მასთან მიხვდება, რატომ გავიდა მასთან შეხვედის 4 საათი ასე სწრაფად, რატომ არ უნდოდათ დაშლა თეატრში მისულებს, რატომ ვერ ამოვწურეთ სალაპარაკო და რატომ მოგვაგონდა, თუ რა არის თეატრის ალბათ მთავარი მისია - თეატრიდან წამოხვიდე ისე, რომ საფიქრალი წამოიღო. აზრი, თუნდაც კითხვა, რომელზე პასუხის ძიებაში გაივლის საათები, დღეები. წამოიღო თუნდაც რამე ხელმოსაჭიდი. იმ დღეს სპექტაკლი არ ყოფილა, მაგრამ იმ დღეს თემურ ჩხეიძემ შეძლო და თეატრი მთელი თავისი მრავალწახნაგოვნებით ცხადად დაგვანახა.
ბატონმა თემურმა ისაუბრა ძალიან ბევრზე, იმაზე რაც მის ახალგაზრდა კოლეგებს აინტერესებდათ, იმაზე რაც რეჟისორის პროფესიაში ძირეულია. "უკვე თვეზე მეტია არ გამომიტოვებია არც ერთი წარმოდგენა, ყველაფერზე დავდივარ და მიჩნდება კითხვა, რატომ? რატომ არის სულ ერთი და იგივე?”, შეხვედრაზე დაისვა კითხვა, როცა ქართულ თეატრში ოცი წლის განმავლობაში არაფერი იცვლენა, არის თუ არა დრო დავფიქრდეთ, რა ხდება?
ისაუბრეს დეტალებსა და ზოგად საკითხებზე. ვიცი, დეტალებისგან შედგება მთლიანობა. მაგრამ დღეს ძალიან მიჭირს სრულად გადმოვცე ის, რაც ორი დღის წინ ამ შეხვედრაზე გავიგე, რაც "წამოვიღე”. დეტალებს შორის იყო თემები: სპექტაკლში აქცენტებისა და კულმინაციის შესახებ. ის რომ რეჟსიორის მიერ დასმული აქცენტები განსაზღვრავს იმას, თუ რას გვიყვება რეჟსიორი. კიდევ იყო ისიც, რომ თეატრში დაუშვებელი არაფერია, მათ შორის ყველაზე თანამედროვე ინტერპრეტაციები. მთავარი ერთია, რეჟისორი არ მოსწყდეს იმ მთავარს, რაც დრამატურგიულ ტექსტშია. არ დაკარგოს ადეკვატურობა მასთან მიმართებაში. ზოგადი კი უფრო ბევრი იყო. სიყვარული საქმისადმი, სერიოზული დამოკიდებულება და მუშაობის უწყვეტი პროცესი. "დაე, იყო ბევრი ცუდი სპექტაკლი, დავუშვათ შეცდომები... ნურაფრის გეშინიათ. პირველი იმიტომ, რომ ისედაც ყველაფერი საშიშია, მეორე კი იმიტომ, რომ შეცდომების გარეშე არ იქნება განვითარება...”; ბოლოსთვის ითქვა არაერთი მეგობრული დარიგება: "ერთი იცოდეთ, კარგიც და ცუდიც, ყველაფერი რეჟისორის ბრალია. ყველაფერზე პასუხისმგებელი რეჟსიორია.” ამ დარიგებების გარდა კიდევ იყო არაერთი საინტერესო რეპლიკა, რომლის მიღმა რეჟისორის მოკრძალებული შეფასებები იკითხებოდა. "არაფერი ვარგა ერთი, თეატრსაც სჭირდება მრავალფეროვნება. კომედია კარგია, მე მისი წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლებით შორს ვერ წავალთ. რა ხდება? ნუთუ სათქმელი აღარ გვაქვს ქართველებს, ნუთუ საფიქრალი აღარ დაგვრჩენია?.. დღეს თანამედროვე დრამატურგია აბსურდის ნიშნით ვითარდება. მაგრამ აბსურდი დრამატურგიაში არ არის ის, როგორი მნიშვნელობითაც ამ სიტყვას ყოველდღიურობაში ვიყენებთ. აბსურდული ტექსტი არ ნიშნავს ლოგიკასმოკლებულს, პირიქით. ამ შემთხვევაში იმალება სულ სხვა ლოგიკა, ზელოგიკა, შეიძლება უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი”.
ითქვა ბევრი, იმდენად საინეტეროდ ითქვა, რომ დღესაც შთაბეჭდილება მაქვს თითქოს იმ 4 საათის განმავლობაში ერთი დიდი და საინტერესო წიგნი წამეკითხოს. "თავს ნუ დავანებებთ იმას, თუ რა გვინდა ჩვენ, რატომ ვდგამთ ამ პიესას და არა სხვას” - ეს ფრაზა რეჟსიორებს ეხებათ, რომლებმაც ზუსტად უნდა იცოდნენ საკუთარი მოტივაციის მიზეზი. ეს ის მიზეზია, რომელიც თანამედროვე დადგმების ძალიან დიდ უმრავლესობაში არ იგრძნობა, შესაბამისად გაუგებრობაში ვხვდებით ჩვენ, მაყურებელი. შუალედებში განიხილეს "ჰამლეტი”, "ოიდიპოსი”, დასრულება არ სურდათ, მაგრამ ჩხეიძეს მოერიდა რომ კოლეგებს თავს მოაწყენდა და წავიდა.
თუ მისმა ახალგაზრდა კოლეგებმა იმის ნახევარი მაინც დაიმახსოვრეს, რაც იმ დღეს ითქვა, "სამეფო უბნის თეატრის” ჩანაფიქრი აშკარად დადებით შედეგს მოიტანს.
P.S. ძალიან ხშირად ამბობენ, რომ "მაყურებელი-მასა კომედიას ითხოვს”, აჯობებს ახალგაზრდა რეჟისორებმა მაინც ამ მაყურებელს კარგად მოუსმინონ. მაყურებელი კი მათ სულ სხვა რამეს შეახსენებს. "ოიდიპოსის” წაკითხვა ნამდვილად ღირს და არა მხოლოდ… ინტელექტისა და განათლების ნაკლებობას მხოლოდ თეატრალურ უნივერსიტეტს ნუ დააბრალებენ. როცა ბედავენ და საკუთარ სათქმელს სცენიდან ამბობენ ისინი მარტონი რჩებიან იმ "მასის” წინაშე, რომელსაც ნამდვილად ვერაფერს გამოაპარებ.
This post has been edited by Martha Graham on 9 Jul 2008, 02:22
|