მროველი ვარ
MY LAST GOODBYE კიდევ ერთი სასაფლაოს კართან შეგროვდნენ ჭირისუფლები, დარდიანი სახეები ნაძალადევი ღიმილით დაღრიჯეს და შეეცადნენ უკან მორჩენილი ბორცვებისთვის თვალი აერიდებინათ.
თითოეული ბორცვი თითოეული მათგანის დარდი, გულში ჩაკლული სათქმელი და შავ-ბნელი ფიქრი იყო.
- ჰა, დავიშალოთ? - იკითხა ერთმა
- ხო რავი, დროა, მალე გათენდება
- დავიშალოთ, დავიშალოთ, თორემ ვიღაცას გოთები ვეგონებით
- ჰმ! გოთები
მაღალმა მესაფლავემ ჭიშკარი საიმედოდ გამოიხურა, მძიმე ბოქლომით ჩაგმანა და ბილიკზე დაწინაურებულ ჭირისუფლებს გამოეკიდა.
რაც უფრო ფართოვდებოდა ბილიკი, რაც უფრო ახლოვდებოდა მთავარი გზა, მით უფრო ძლიერდებოდა ცაზე დღის სინათლე. ჭირისუფლებიც იცვლებოდნენ, ყველა კარს მომდგარ სამუშაო დღეზე ფიქრობდა და თითქოს აღარც ახსოვდათ სასაფლაო.
- ჭიშკარი კარგად ჩაკეტე?
- პადიეზდივით!
- აგაშენა ღმერთმა
- დავიღალესავით - ამოიოხრა მსუქანმა ჭირისუფალმა - თქვენ იარეთ დაგეწევით
მსუქანი ჭირისუფალი ლოდზე ჩამოჯდა. დანარჩენებმა გზა განაგრძეს. თვალს მიეფარნენ თუ არა მსუქანი წამოხტა და თავისი ჭონისთვის უჩვეულო სისწრაფით გაირბინა მთელი გამოვლილი მანძილი.
ბოქლომი ჭიშკარზე ზრდილობის გულისთვის თუ ეკიდა. ოდნავ უნდოდა ხელის წაკვრა, ჭრიალით რომ გაღებულიყო და მარადიული სიბნელისა და სიმჟავის სუნი გცემოდა ცხვირში.
მსუქანი ფრთხილად დადიოდა საფლავებს შორის. ზოგიერთ ბორცვთან ჩერდებოდა, დიდხანს აკვირდებოდა, ხელის გულით ამოწმებდა ბორცვის სითბოსა და სიმლაშეს და შემდეგი საფლავისკენ ინაცვლებდა.
სულ ბოლოში, ”დიდი დაძინების” ქარაფის პირას, რამდენიმე თავისუფალი ადგილი იყო შემო.რჩენილი. მსუქანი ჭირისუფალი მეხდაცემულ ხეს მიეყრდნო, ჯიბიდან ნაკლული ბოთლი ამოაძვრინა და რამდენიმე ყლუპი მოსვა. სანამ საფლავის თხრას შეუდგებოდა ორი ღერის მოწევას მოასწრო, შემდეგ სხაელოები დაიკაპიწა და კლდოვანი ნიადაგიდან პირველი პირი მიწა ამოიღო.
”.....ყველა ნორმალურ ისტორიას აქვს დასაწყისი, კულმინაცია და დასასრული, მაგრამ ნორმალური ისტოერიები იშვიათია. ზოგი ისტორია დაიწყო და დაუსრულებელ ტკივილად იქცა, ზოგს კულმინაციისთვის რომ უნდა მიეღწია, მასინ გაწყდა ძველი კინო ფირივით, ზოგიც კი პირდაპირ დასასრულიდან დამატყდა თავს. თუნდაც აი ეს.... ან შეიძლება ეს უკანასკნელი იმ ისტორიათაგანია, კარგად რომ იწყება და ქრონიკული, დაუსრულებელი ტკივილით აგრძელებს არსებობას.
22 წლის მანძილზე, სულ ერთი ადამიანისთვის მაქვს ნათქვამი, შენი წასვლით გულის დიდ ნაწილს ვკარგავ მეთქი. ის მაინც წავიდა და გულში დარჩენილი სიცარიელე ვერაფრით ამოვავსე.
შენ მეორე ხარ ვისაც ამ სიტყვებს ვეტყვი რამდენიმე დღეში და შენც გულის კიდევ ერთ ნაგლეჯს გაგატან საჩუქრად. წლების შემდეგ, როცა დაბრუნდები, აქ ყველაფერი სხვანაირად იქნება, ჩვენ სხვანაირები ვიქნებით და ერთმანეთის ნახვას თავს ავარიდებთ, რა არის, რომ ორივეს გვენდომება ერთმანეთი ზუსტად ისეთები გვახსოვდეს, როგორებიც დღეს ვართ და ვერ ვნახოთ, როგორ წაგვშალა გავლილმა დრომ.
ვიცი, წლები თავისას იზავს. გულის ცარიელი ადგილები ნაგვით ამოივსება, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, იმ ადგილებში გავლისას, რომლის ათვისებაც ამ ცოტა ხანში მოვასწარით, ყოველთვის დღევანდელი დღე გამახსენდება და ყელში მოწოლილ მწარე ბურთს უაზრო ღიმილით გადავყლაპავ.
კარგი იქნებოდა დარჩენილიყავი. თითქმის დარწმუნებული ვარ, ერთად დიდებულად ვიქნებოდით, მაგრამ ცხოვრების გზას ხომ ვერ გადაუხვევ? ვერა, მეგობარო, ვერა! ასე რომ, წადი, მე ჩემი გულის ნაწილს გაგატან და გისურვებ, ცხოვრებაში იმ ნაბიჭვრებს აღარ გადაყროდე, რომლებმაც უკვე მოასწრეს შენ ცხოვრებაში ტალახიანი ფეხებით შემობიჯება....
მე აქ ვრჩები, მერე ალბათ მეც წავალ, თან წავათრევ გულის შემორჩენილ ნაწილებს. დროდადრო წერილებს დაგიტოვებ სასაფლაოზე და ყოველ ახალ ბორცვს დიდ სრუვილს ჩავამარხავ, ღმერთმა ქნას და მალე გადაიკვეთოს კიდევ ერთხელ ჩვენი გზები, ოღონდ მანამ, სანამ წლები წაგვშლის.
სანამ ცხოვრების გზები საკუთარ ნებაზე დაგვათრევენ, საფლავებს ვთხრით და ყელში მოწოლილ ბურთებს ვყლაპავთ, მე და ზურა ჩავუსხდებით სადმე, ბოთლი არყით ან კონიაკით, რომ შევამოკლოთ ისედაც გაწელილი მოლოდინის წლები....”