მცირე შესავალი: ამას წინათ წავაწყდი ქართველი ავტორის პატარა ნოველას ცნობილ ონლაინ თამაშ 'Silkroad'-ზე. მართალია, ორი წლის წინ მეც ვთამაშობდი, მაგრამ იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა: რაც მთავარია, ჩინურ რასას ახალი ევროპული რასა დაემატა. მე ჯერ ძველი ჩინელი გმირი ('სუბუდაი' დავარქვი მაშინ, ჩინგიზ ხანის მრისხანე სარდლის სახელი) მოვინახულე, თუმცა არ მომეწონა... თავიდანვე არასწორად განვავითარე. პერსონაჟის განვითარება ორი მიმართულებით შეიძლება: მაგიური და ფიზიკური. მაშინ რატომღაც ფიზიკური ავირჩიე, თუმცა სპეციალური უნარების განვითარების დროს, როგორც ჩანს, შევცდი. კარგი, ჩინეთს თავი დავანებოთ. მოკლედ, მომინდა, რომ ევროპული რასა მომესინჯა და თან მაგიკოსი შემექმნა....
------------------------------------------------------
თემა სათაურით: სიკვდილის შესაძლებლობა?!
მიშელ უელბეკს'ყველა რეალობა გადაიცემა სიმბოლოებით და ადამიანურ, ინტერაქციულ კომუნიკაციაში, მიუხედავად საშუალებებისა, ყველა სიმბოლო მეტნაკლებად აღრეულია მათთვის დადგენილ სიმბოლურ მნიშვნელობათა მიმართებებში. გარკვეული აზრით, მთელი რეალობა ვირტუალურად აღიქმება. რაღას წარმოადგენს კომუნიკაციური სისტემა, რომელიც წარსული ისტორიული გამოცდილების საწინააღმდეგოდ რეალურ ვირტუალობას ქმნის? ეს არის სისტემა, რომელიც თავად რეალობა (ანუ ადამიანთა მატერიალურ/სიმბოლური არსებობა) მთლიანად მოცულია, სრულად ჩაფლულია ვირტუალურ სახეებში, გამოგონილ სამყაროში, სადაც გარეგნული გამოხატულებები იმყოფება არა უბრალოდ ეკრანზე, რომლის საშუალებითაც გადაიცემა გამოცდილება, არამედ თავად იქცევიან გამოცდილებად.'
მანუელ კასტელსი-------------------------------------------
პირველ რუკაზე ერთი ქალაქია, თუ ჩინური ქალაქების სივიწროვეს გავითვალისწინებთ, საკმაოდ დიდიც. რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლი... ფონად დაყენებული მუსიკა არ მესიამოვნა, უკვე მეხუთედ შევდივარ და ნერვები მეშლება... ბოლო ბოლო მოვიფიქრე, რომ ოპციებში შევსულიყავი და გამომერთა: სულიერი სიმშვიდე მოვიპოვე, ახლა შემიძლია, საქმეს მივხედო.
ქალაქში რამდენიმე ძირითადი მაღაზია, სადაც სხვადასხვა ტიპის იარაღის, აბჯრის, სიცოცხლის და მაგიის მარაგის შესავსები საშუალებები იყიდება. პირველ შესვლაზე, მაშინ როცა ჯერ კიდევ უაზროდ დავბორიალობდი, აბჯრის მაღაზიას მივაშურე. პრინციპში, არაფერი ახალი. თავიდანვე სერვერის მიერ მონიჭებული საომარი ატრიბუტებით დავკმაყოფილდი. თანდათან სხვა მაღაზიებიც ვნახე, განსაკუთრებით აფთიაქი და სამჭედლო. აზრი არ აქვს, მაღაზიებში ბოდიალს, თუ მონსტრები და მხეცები არ დავხოცე, გამოცდილებას ვერ შევიძენ, შესაბამისად ვერც უფრო მაღალ დონეს_ ლეველს მოვიპოვებ და საუკეთესო აღჭურვილობასაც ვერ ვიშოვი. ამიტომ, პირველი დავალება ავიღე! დავალების შინაარსს კარგად არ ვკითხულობ ხოლმე, თუმცა მოკლე აღწერაში რაც წავიკითხე, არ მესიამოვნა: კონსტანტინოპოლის ახლოს თურმე სუსტი, თუმცა აგრესიული მონსტრები დასეირნობენ და ბავშვებს ჭამენ! ვინ მოიფიქრა ეს იდიოტიზმი, წარმოდგენა არ მაქვს. ალბათ მოთამაშის მოტივაციის ასამაღლებლად. ჰაჰა. მე მთხოვდნენ წასვლას და ერის გენოფონდის გადარჩენას. with pleasure . უკვე თავი ჭეშმარიტ ბერძენად ვიგრძენი და რამის ქართულ მონასტერში ფრესკის გადაფხეკაც დავივიწყე. იდენტობები იცვლება, თუმცა წამიერად. მერე კვლავ გახსენდება, ვინ ხარ და სად ხარ. განსაკუთრებით მაშინ, თუ თურქებს გადაეკიდე: ჯგუფურად დადიან და ომობენ, ხშირად თამაშის ჩატშიც თურქულად საუბრობენ. სიმართლე გითხრათ, მაღიზიანებს. ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს წარმოვიდგენ: როგორ არ უშვებენ კოსმოპოლიტურ ერთობაში! ესე თუ გააგრძელეს, არც იქნებიან შესაშვები! ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები მავნებს.
ჩინურ ქალაქში, ორი წლის წინ, ერთი ფრანგი ბიჭი გავიცანი. მაშინ ახალი დაწყებული გვქონდა თამაში და რაღაცებს ვარკვევდით. თავიდანვე კარგად ავეწყვეთ; რატომღაც ქალი პერსონაჟით თამაშობდა, თუმცა მერე მსნ-ში რომ დაველაპარაკე, მივხვდი, რომ გეი არ იყო. უბრალოდ, ზოგს მოსწონს, როცა ქალის სხეულს ფლობს. არა მგონია, რომ რამე კომპლექსი იყოს. პარიზის ახლოს ვცხოვრობ და ყოველდღე კოლეჯში მიწევს სიარული, თუმცა შაბათ-კვირას დასვენება მაქვს და სილქროუდის თამაშით ვირთობ თავსო. თან პატარა მგელიც უყიდია_ დამავიწყდა მეთქვა, რომ საკუთარი ცხოველების ყიდვა შესაძლებელია, თუმცა რეალური ფულით; ალბათ საკრედიტო ბარათიდან გადარიცხა. ძალიან კარგი! სამწუხაროდ, სახელი დამავიწყდა, მაგრამ ძალიან კომუნიკაბელური აღმოჩნდა. ბოლოს შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირის გარდა თავის პერსონაჟს მე დამიტოვებდა და თუ სურვილი მექნებოდა, მე ვანადირებდი. შესაბამისად, გამოცდილებაც მოემატებოდა. ამისთვის თავისი პაროლი მომცა. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ მენდო. რამდენჯერმე მისი პერსონაჟით შევედი, თუმცა ბევრი არც არაფერი გამიკეთებია. ჩემი ფიზიკოსის (ასე ეძახიან ისეთ პერსონაჟებს, რომლებიც ფიზიკურ ძალას ავითარებენ) გაზრდა ძალიან ძნელი აღმოჩნდა, თან ორ ხელში დასაჭერი იარაღი ავირჩიე: უფრო ძლიერია. ერთი თვის მერე ბოლო ბოლო ყელში ამომივიდა და ვიფიქრე, იქნებ ფრანგის მგელმა მაინც მიშველოს-მეთქი. პაროლი ძლივს ძლივობით გავიხსენე( თავის დროზე არც ჩამიწერია). რომ შევედი, ფრანგის პერსონაჟი ისევ იმ ადგილას დამხვდა, სადაც მე დავტოვე. ჰმ, ალბათ არც თამაშობს! ძალიან კარგი, სინდისი უფრო თავისუფალი მექნება. ცარიელ მინდორზე გავედი, მაქსიმალურად დავშორდი გონიერ მოთამაშეებს, მგელის გამოსაძახებელი ელექსირი და მილიონი ოქრო დავდროპე და სასწრაფოდ ამოვრეგისტრირდი. შემდეგ ჩემი პერსონაჟით შევედი და ყველაფერი ავიღე: ახლა მგელიც მყავს და მილიონი ოქროს მონეტაც! პატარა ფული არ არის, კიდევ ერთი მგლის ყიდვა შეიძლება. ეჰ, საწყალი ფრანგი... თუმცა ალბათ არც თამაშობდა_თავი დავიმშვიდე...
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს ყველაფერი ორი წლის წინ მოხდა... ახლა თავიდან ვაპირებდი პერსონაჟის განვითარებას, თან ევროპულ ქალაქში. ჯერ ჩინურში შევედი და ფრანგის მოძებნა ვცადე, თუმცა ამაოდ. რას ვიპოვიდი...
ახლა ახალი პერსონაჟი მყავს. chaplain ანუ კაპელანი დავარქვი_ მითოლოგიურ მასონთა ლოჟის სხდომებზე სწორედ მღვდელი ანუ კაპელანი წარმოთქვამს ლოცვებს... ალბათ გრანდ მაგისტრიც იქნება სადმე და კარგ გილდიას გავაკეთებთ.
მონსტრების დახოცვის პირველი ექვსი დავალება კარგად შევასრულე: მაგიკოსით თამაში გაცილებით უფრო ადვილია, მთავარია, სპეციალური უნარები განავითარო და სწორად გამოიყენო. მაღალ ლეველებზე კი უკვე სერიოზული მათემატიკური გათვლების ჩატარება გიწევს, რომ ყველაფერი კარგად დაგეგმო.
მეათე ლეველს მივაღწიე. აქედან უკვე საინტერესო რაღაცები იწყება. ერთ-ერთმა დავალების ავტორმა კონსტანტინოპოლის სამხედრო დანაყოფის უფროსთან გამგზავნა: სამი დავალება ავიღე მდინარის მეორე მხარეზე. იმ ადგილებს ძალიან საინტერესო სახელები ჰქვია: 'აღმოსავლეთ ევროპა' და 'სევდის ტყე'. აღმოსავლეთ ევროპაში დაბალი ლეველის მონსტრები დადიან... აქ ადრეც ვიყავი. აი, სევდის ტყეში კი ალბათ ბევრი საქმე მექნება. სასურველ მონსტრებს მივაგენი და საქმეს შევუდექი. მონსტრების ხოცვა მონოტონური სამუშოა. გასახალისებლად ავტორებმა ე.წ. 'party'-ის სისტემა შემოიღეს, ანუ შეგიძლია სხვა მოთამაშეებთან ერთად ჯგუფში გაერთიანდე, ერთმანეთს დაეხმაროთ და მონსტრების დახოცვის შედეგად მიღებული გამოცდილება გაუზიაროთ. ჩემს გვერდით ერთი ხორვატი ბიჭი ნადირობს, ეტყობა, რომ ფიზიკოსია და ნელა იმატებს ქულებს. ფართი შემომთავაზა, ჰმ, ძალიან თამამი წინადადებაა: ეს იმას ნიშნავს, რომ მონსტრები, ძირითადად, მე უნდა ვხოცო და მან გამოცდილებები მოიმატოს. მე რომ ფიზიკოსი ვიყავი, ფართიზე იშვიათად მთანხმდებოდნენ ხოლმე, სწორედ იმ მიზეზით, რომელიც ვახსენე. ადამიანის დახმარების ინსტიქტი ჩემში იმდენად ძლიერია, რომ ესეთ შემთხვევაში უარის თქმა ძალიან გამიჭირდება. დავეთანხმე. ცოტა ხანი ერთად ვიომეთ. გამოცდილებას თანაბრად ვუზიარებდი. უცბად, ფართი გაწყვიტა და მარტო გააგრძელა. არ მესიამოვნა, მაგრამ მეც ცალკე გავედი. თან რამდენჯერმე ძალის დემონსტრირებაც მოვახდინე: ერთი მაგიური დარტყმით რამდენიმე მონსტრი გვერდზე სხვა მოთამაშეები ამოუდგნენ_ალბათ ახალი ფართი გააკეთეს. ცოტა ხანში ისევ ჩემთან მოვიდა და მეორედ მთხოვა. ამჯერადაც დავეთანხმე, თუმცა მალე გავიდა. მესამედ მოვიდა და უკვე ჩატში შემეხვეწა, ერთად ვიომოთო, რატომღაც უარი ვუთხარი და მაღლა ავუყევი... იქ ჩემზე მაღალი ლეველის მონსტრები დაბოდიალობენ, შესაბამისად მათი დახოცვით მეტ გამოცდილებას შევიძენ. მთავარია, რომ ჯოგის შუაში არ შევიდე, თორემ მომკლავენ: მაგიკოსს ნაკლები სიცოცხლე აქვს, თუმცა დარტყმა გაცილებით უფრო ძლიერი. განაპირას მობაჯბაჯე გიგანტურ დათვებს ცეცხლს და მიკრო მიწისძვრებს ვუგზავნი და თანმიმდევრულად ვხოცავ. ცოტა სიღრმეში შევედი და გიგანტიც დავინახე: ყველაზე დიდი დათვი, მასთან მიახლოება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია, თან როგორც ეტყობა, აგრესიულია და სწრაფად მოძრაობს. სასწრაფოდ წამოვედი უკან და ქალაქში დაბრუნება გადავწყვიტე. ამისთვის სპეციალური გრაგნილი მაქვს, რომელსაც გავხსნი და წუთის მეოთხედში ქალაქში ვარ. დავალება ჩავაბარე და მაღაზიებს მივაშურე. აბჯარს ახალი ელემენტები დავამატე და მეოთხე დავალების ასაღებად წავედი.
მეოთხე დავალება ავიღე: რომელიღაც უცნაური მონსტრის დახოცვას და მისგან რაღაც ელემენტების აღებას მთხოვდნენ. მონსტრის სახელი მეუცნაურა. საიტი გავხსენი და რუკას დავაკვირდი, ეწერა, რომ ეს მონსტრი სევდის ტყეში ბინადრობს... ჰმ, საინტერესოა, დღეს მთელი საათი სევდის ტყეში ვიყავი და მსგავსი არაფერი შემხვედრია... თუმცა სამხრეთ ნაწილში არ ვყოფილვარ, შეიძლება იქ არის. ჰმ, იქ იქნება, აბა, სად წავიდოდა... ცხენის ყიდვა დამეზარა (უფრო სწორედ, ფული დამენანა) და ფეხით გავუდექი გზას. ქალაქის გრძელი ქუჩები ყველაზე მეტად მაღიზიანებს. 3D არქიტექტორებმა აშკარად არასწორად გათვალეს. როგორც იქნა ხიდზე გადავედი და სევდის ტყეს დავუყევი... ქვემოთ არავინ არ არის... უცნაურია... არადა , რუკაზე ესე წერია, საიტის რუკა მეორედ გავხსენი და თავიდან შევამოწმე. ნწუ, არ შევმცდარვარ. ნაღდია! ალბათ სადმე აქ იქნება. ეს ხომ კარგად გათვლილი თამაშია, ყველა დავალება მოფიქრებულია, არ შეიძლება რომ ვინმეს შეეშალოს! ეს იგივეა, რომ ერთ დღეს ინდოსტანის ჯუნგლებში ვეფხვები გაქრეს, ან საჰარაში_ აქლემები, ან მეხიკოში_ ადამიანები... მოკლედ, გამორიცხულია! კარგად უნდა მოვძებნო. შეიძლება, ვერ დავინახვე და გადავწყვიტე, მაღლა ავყოლოდი. არც იქ არის არაფერი! მდააა... მდინარის მეორე მხარესაც ვცადე მოძებნა, თუმცა 2-3 ლეველიანი სუსტი მონსტრების მეტი (ბავშვებს რომ ჭამენ) ვერაფერი ვნახე. ჯანდაბამდის გზა ჰქონიათ... რა სისულელეა! დაუჯერებელია... უბრალოდ, შეუძლებელია, რომ ესე უცბად რაღაც გაქრეს, ბოლო ბოლო მაშინ დავალება რატომ ავიღე?! ჩქარი ნაბიჯით მივყვები სევდის ტყეს და გზადაგზა შემხვედრ მონსტრებს ვანადგურებ. ჩემზე 2-3 ლეველით დაბალი მხეცებია, მაგიური ჯოხის ორი დარტყმით ადვილად კვდებიან. არც ერთად არ ვინდობ... სათითაოდ ვუღებ ბოლოს. ჯერ ყველაზე დიდებს, ჩემპიონებს ვხოცავ...მთელი მაგიური არსენალი დავხარჯე. ნაბიჯის ასაჩქარებელი ელექსირი დავლიე და მაგიის შესავსებად კიდევ უფრო მაღლა ავედი... აგონიაში ვარ. მოთამაშეებს ყურადღებას არ ვაქცევ, გარშემო მაგიური ცეცხლები ანათებენ... ეშმაკსაც წაუღია! როგორ შეიძლება, მონსტრები გამქრალიყო! სერვერს კვირაში ერთხელ ამოწმებენ... არადა, ყველაფერი გადავქექე, ფიზიკურად ყველა ადგილი დავათვალიერე, არსად არ არის! უბრალოდ, არ არის! ტყეს გავცდი და უკვე მდინარის ნაპირს მივადექი:


ვცდილობ, რომ გადავვარდე. სილქროუდში ემოციები არ ჩანს, უბრალოდ პატარა რობოტი ვარ... მაუსს ნერვიულად ვამოძრავებ, ბოლოს კლავიატურის ისრის კლავიშებზე გადავდივარ, მაგრამ შეუძლებელია, ვერ ჩავვარდები. მდინარეში ჩავარდნა ალბათ სამუდამო სიკვდილის ტოლფასია... ჩავარდნა რომ შეიძლებოდეს, ვეღარც გავცოცხლდებოდი...
ჰმ, ვარსკვლავიანი ცა ჩემს ზემოთ ...


და მორალური კანონი ჩემში:


ვირტუალურად კომიკურია, თუმცა გამოსავლის ძიება შეიძლება... სამუდამოდ თავის მოკვლა არ გამოდის... დროებით გათიშვა და კონსტანტინოლში დაბრუნება ყოველთვის შეიძლება, თუმცა არც ეს აღარ მინდა... საწყალ მგლებს დავერიე, თან წინ მივიწევ, რუკა გავხსენი: ხიდზე გადავალ და კონსტანტინოპოლის გზა იწყება. გზაში პატარა საყდართან ორი მოთამაშე დავინახვე და ახლოს მივედი... მე-11 ლეველის მონსტრებს ხოცავდნენ... ერთ-ერთმა ფართი შემომთავაზა:

* * *
რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მეც შევუერთდი და თან მაინტერესებს, რა დონის ხალხია... ფართის ფანჯარა გავხსენი... ჩემზე დიდები ყოფილან:


მონსტრებს ჩვეულებრივ ვხოცავ, არანაირი დაბრკოლება არ შემქნია, თუმცა უკნიდან სამმა ერთდროულად მესროლა... ეტყობა, ვერ მივაქციე ყურადღება, ან ელვა ვისროლე და ყველას ერთდროულად მოხვდა, ყველა გაღიზიანდა და მესროლა... ჩემი ბრალია: უაზროდ მოვიქეცი...
მოვკვდი, თუმცა დროებით...


Rhodius(Party): this game starts out slow
Rhodius(Party): but after lvl 20 it gets better
chaplain(Party): resurect plz
Rhodius(Party): dont get res
chaplain(Party): ah
chaplain(Party): ok
chaplain(Party): heh
chaplain(Party): fed up with all this
/
Rhodius(Party): თამაში თავიდან ძალიან ნელია
Rhodius(Party): თუმცა მეოცე ლეველის მერე უფრო თავშესაქცევი ხდება
chaplain(Party): გამაცოცხლე, გთხოვ
Rhodius(Party): არ მაქვს
chaplain(Party): აჰ
chaplain(Party): კარგი
chaplain(Party): ჰეჰ
chaplain(Party): ყელში ამოვიდა ეს ყველაფერი
ვარსკვლავიანი ცა ჩემს ზემოთ:


და მორალური კანონი ჩემში:
