#11293087 · 24 Oct 2008, 22:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაწყვეტი წიგნიდან "გრანელი"
ნიკალა კონდუქტორი
მოსაღამოვდა, დღე ღამეს ეყრებოდა და ბინდბუნდი იყო, სადღაც ცის კიდურს კიდევ აჩნდა მზის ნათელი. ფარნები აანთეს ქუჩებში. მურუჟღ სინათლეზე დუქნების რიგი გამოჩნდა მალაკნების უბანში. მუშტრის მოსაზიდად ფართოდ გაეღოთ სამიკიტნოები და ყველგან ზურნისა და ხრინწიანი არღნის ხმა მოისმოდა. ფართოშარვლიანი კინტოები ტანის რხევით დადიოდნენ ეზო-ეზო, თავზე ხილით სავსე დიდი თაბახი ედგათ. მოჰკრავდნენ თვალს ვინმეს და ბოხი ხმით დაიწყებდნენ გაგრძელებულ ძახილს: - აბა, კაი ხილი! პაჰ-პაჰ-პაჰ, აბა, სამოთხის ხილი! ფოსტის მოხელე მიბარბაცებდა ფეხარევით. ქუჩის ბავშვები მოსდევდნენ უკან და დაცინვით უძახდნენ. ღვინით სავსე რუმბები ეწყო დუქან “ვარიაგთან”. ყარაჩოხელებს ლხინი გაემართათ. ულვაშებგადაგრეხილი მიკიტანი დარბოდა მაგიდებს შორის, განიერი, შავი სატინის შარვალი ეცვა, წელზე შემოჭიმული შავი სატინისავე ხალათი ვერცხლის დიდბალთიანი ქამრით შეეკრა. სარკმელთან ახლოს დაჯდა და მღებავი ნიკალას მოხატულ ყარაჩოხელებსა და ორთაჭალის მოქეიფეებს მიშტერებოდა. კარებთან, რკინის რაზებს ერთი მაღალი, პირხმელი კაცი მიყრდნობოდა, ძველი პიჯაკი ეცვა, ნაღვლიანი თვალებიდან ბავშვი იმზირებოდა. მედუქნემ ჩამოუსხა ერთი დიდი ჭიქა ღვინო. ასე ეჩვენა, ნიკალა იდგა მის წინ, გამხდარი და დუქან-დუქან ხეტიალისგან ფერმიხდილი. მაგიდასთან მიიპატიჟა, არყით სავსე ჭიქა მიუჭახუნა. - მეც შენსავით კონდუქტორად ვმუშაობდი, - ეუბნება ნიკალა, - საბარგო მატარებლის მემუხრუჭე კონდუქტორად. - კონდუქტორებს გაგვიმარჯოს! – უპასუხა მან, ჭიქა ასწია და ერთი მოსმით დალია თლაშო არაყი. - ზოგჯერ იძულებული ხდები შენი საკუთარი თავის წინააღმდეგაც წახვიდე! - განაგრძო ისევ ნიკალამ და ფართო, მეტყველი თვალებით შემოხედა, - არ ვკადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე, მაგრამ რა ვქნა, ვარსებობ, ვებრძვი წამებას. სადგურის უფროსის სურათიც მაქვს დახატული, ვიფიქრე ჯამაგირს მომიმატებს მეთქი, არ მომიწონა და სამსახურიდან გამომაგდო. - ეჰ, ამ კონდუქტორობიდანაც არაფერი გამოდის! მიდის წამება ჩემი, და უფრო გული მტკივა. ისევ მიწაზე ვრჩები, ისევ მიწაზე მივალ. - ასე იცის ცოდვილ ქალაქმა, ჩუმად გეწვევა საოცრების რუხი ხაზები, საშინელება უცნაურად დაგასამარებს. წვიმდა გარეთ და წვიმის ხმა ყალბი არღნებივით აწვრილებდა სულს. სარკმელზე შხაპუნებდა წვიმა, ტიროდნენ კედელზე მოხატული ფარული კოშმარები სევდის მინაში. ნიკალა წამოდგა, მთვრალი იყო და რომ არ წაქცეულიყო, მიკიტანს ჩაჰკიდა ხელი. კედელ-კედელ, ხელის ცეცებით ავიდა კიბეზე, ფრთხილად მოიხურა სარდაფის ჭრიალა კარები და გარეთ, უჩვეულოდ გადმობრუნებულ ცის ქვეშ, ღამის ლოთებს დაეძებდა ღვინის თასებით.
|