ვარდისფერი პლანეტა (ირაკლი ჩარკვიანს)
“გაივლის დრო და წაიღებს ტკივილს,
სიტყვები დაადნობს თოვლს.
დავბრუნდებით ისევ ყვავილებით ხელში
და ვივიწყებთ წაგებულ ომს...”
ირაკლი ჩარკვიანს...
მისი სიკვდილი გავიგე დღეს.
უეცრად მითხრეს მთვრალს
მისი სიმღერები, საუბარი, სახე
წინ დამიდგა და სევდა მოეფერა მას, მკვდარს.
ვიჯექით ოთახში და ვუყურებდით ტელევიზორს, რომელშიც ამბობდნენ რომ შენ მოკვდი. მე მომინდა დალეწვა ტელევიზორის. მაგრამ ვითხოვე მხოლოდ გამორთვა, რომელსაც შევადარე მერე სიკვდილი. ვიჯექით სიბნელეში. ვუკრავდით გიტარას. ზურამ თქვა, რომ დღეს ვინც გაიცინებდა მას შეიძულებდა. ლევანი, ავთო, მიშა... ლევანის ვუთხარი ჩვენს ჩესთან გავიდეთ-თქო, მაგრამ ხვიარა არ პასუხობდა ზარს. მორისონი იჯდა და უყურებდა არყით სავსე ჭიქას და ჰარმონიკას. მე ვუყურებდი პატარა გოგოებს, რომელთაც უნდოდათ ზასაობა. ვიჯექი სევდიანი და ვიყურებოდი ოქროს უსასრულობაში.
ვუსმენ მის სიმღერებს. დღეს მთელი ღამე მოვუსმენ და მოვუსმენ ხვალ, ზეგ, მერეც... საოცრად მინდა ტირილი. ნოსტალგიას – რომელსაც ქვია ირაკლი ჩარკვიანი სამუდამოდ მივაქირავებ ჩემს სხეულს, საზრისს და გულს. ქირა იქნება მისი მუსიკა.
გზაში ვიპოვნეთ პოლიეთილენის პარკი და გვეგონა შენი სული...
მისი იდეალები ჩემშია. “სულიდან პანაშვიდები”, მეფე, ანარქია, სწორი აზროვნება, სიკეთის ჩვენეული გაგება, ვერმოსწრებული წიგნის პრეზენტაცია, ვერ მოსწრებული კულტურული რევოლუცია, რომელსაც მოვახდენთ ჩვენ და დავინახავთ ვარდისფერ კარს ზეცის. ჩვენ ვიპოვნით ვარდისფერ პლანეტას, სადაც იქნები შენ...
“მე ყოველთვის მინდოდა დავბრუნებულიყავ სხეულში, რომელშიც დავიბადე.”
მე ვარ ის ვინც არის და აღარ იქნება. მე ვარ ვიღაც ცაში და ვიღაც არსებული წყობილების მიღმა. მე მინდა ჰაერი, რომელიც შენც გინდა.
და ყველაფერი ვარდისფერია...
და ყველაფერი ერთფეროვანია...
და ყველაფერი ერთია...
გეგონოთ.
შეშლილობა ამოვარდება და ცვლილებები გაანათებენ გონებას.
როგორც ცეცხლი და როგორც შენი თვალები, ბრწყინავს ვარსკვლავი.
როგორც მიმავალი და აღიარებული.
მთავარია ვინ როგორ... ვინ როგორ? ვინ? რა არის მთავარი?
როგორ ვიცხოვროთ?
თითქოს გარშემო უამრავი ეკრანი და სარკეა. რაც ხდება ცხოვრებაში, არის მხოლოდ ეკრანიზაცია ჩემი ბედის. შემოსაზღვრული ვარ მომხდარი, მიმდინარე სიტუაციების კრისტალური ვიზუალით, ვდგავარ როლის გარეშე დარჩენილი მსახიობივით და ვეძებ გასასვლელს. ცაც, მზეც და შენც ჩანხართ მხოლოდ
ეკრანში, და ტრიალებთ ჩემს გარშემო... ტრიალებთ ჩემს გარშემო...
და მე მთვრალი ვარ.
და ჰგონიათ, რომ დაღლილი ვარ...
და ჰგონიათ, რომ შეზღუდული ვარ...
და ჰგონიათ, რომ მიწაზე დავრჩები...
და რა მინდა მე?
მინდა დავლეწო უძლურება, გარშემომოტრიალე ეკრანები და გამოვიდე იქიდან იქ სადაც სიყვარულიც, მზეც, მატარებელიც, შენი ულამაზესი მკერდიც, ხაზებიც, შენი შეხებაც, შეგრძნებებიც, ზღვაც, ტალღაც არის ნამდვილი. გამოვიდე იქ სადაც აღარ იქნება ომი, ტერორი, დაუნი, აგრესიული პრეზიდენტები. იქ სადაც აღარ მოკლავენ ადამიანებს. იქ სადაც აღარ აიყვანს მძევლად ბავშვებს ტერორისტი; შიმშილი; ქუჩა; სიბინძურე. იქ სადაც აღარ იქნება უსამართლობა, ექსპულატაცია, ყალბი ურთიერთობები. იქ სადაც აღარ იქნება ძალადობა და ეცოდინებათ სიყვარული.
როდის?
ნეტავ ჩემი სურვილი დაინახო!
ნეტავ ამიხდე და გიხდება ყველაფერი რასაც ვერ გჩუქნი.
მე შენ გათხოვებ ჩემს თვალებს, რომ დაინახო საკუთარი სრულყოფილება.
მე შენ წაგართმევ სიძულვილს, ტკივილს, შიშს და მოწყენილობას.
გვიყვარს დაყოფა, მაგრამ ყოფნა არ გვიყვარს დანაყოფში.
თავიდანვე დავყავით და თავიდანვე დანაყოფიდან გაღწევის სურვილი გაგვიჩნდა.
არ დაგვაკმაყოფილა შექმნილმა, ჩამოყალიბებულმა, შემოსაზღვრულმა და მოცემულმა. რევოლუცია მოგვინდა და ძალა არ გვეყო.
სურვილები გამოვაქანდაკეთ და მივიღეთ ის რაც არის და რაც იქნება.
თვითგანადგურების იმპულსები ვერ დავინახეთ და როცა ვიგრძენით, გვიან იყო.
თითქოს, თითქოს, თითქოს...
უფრო ღრმად და ძლიერად!
დაამსხვრიე კერპები, დათვერი და იგლოვე უსუსურობა შენი...
გაიღვიძე! ადექი! შედი წყალში! დაინახე! გადაცურე ზღვა! მიაღწიე! შექმენი! შენ მარტო არ ხარ! ხომ ხედავ მის ლანდს...
სად არის ჩემი აღთქმული პლანეტა? სად არის ჩვენი ნეტარების კუნძული?
მოდით, მოვძებნოთ ჩვენი შვილების ქვეყანა! მოვძებნოთ ჩვენი ვარდისფერი პლანეტა და რომ ვიპოვნით დავიკივლოთ, ისე როგორც ეს სახლში უაზროდ უსაქმურობისას ან ორგაზმის დროს გვჩვევია...
მოდით, დედამიწაზე დავლეწოთ ყველაფერი. გაუმარჯოს ანარქიას!
დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, გაუმარჯოს ახალ შეცდომებს!
მოდით, ამოვავსოთ სანგრები მიწით და დავრგოთ ხეები, ყვავილები და პოპბაბუები.
მოდით, მოვხატოთ ტანკები ყვავილებით, მოვატეხოთ ლულები და გავხსნათ “აფთიაქები”, სადაც უფასოდ გასცემენ ლულის ადგილიდან მარიხუანას, ჯეკ კერუაკის, ტერენტი გრანელის და ჩვენს ჯერ არგამოცემულ წიგნებს, ირაკლი ჩარკვიანის მუსიკას, საჭმელს, სასმელს და სიყვარულს...
მოდით გავანადგუროთ ლაბორატორიები, სამხედრო ბაზები, იარაღი, ყველანაირი ტექნიკა, დავწვათ ჩვენი სამოსი, ჩვენი სახლები, მანქანები და ჩვენი მდაბალი აზრები. გავუღოთ ცხოველებს გალიები, დავანგრიოთ ციხეები. ძალადობა წავშალოთ და დავხატოთ მზე, გული და ყვავილი. წავშალოთ საზღვრები, შევცვალოთ ნიშანთა ინტერპრეტირების მეთოდები და მოვიგონოთ ახალი მსოფლიო ენა. დავამუშავოთ მიწა და ავაშენოთ პატარა, ლამაზი, მწვანე ქოხები. ვიაროთ შიშვლებმა და არ შეგვრცხვეს ჩვენი სიშიშვლის, ქვეცნობიერის. “ავიდეთ მთაში, მიუახლოვდეთ არსს, ცას, მას და ვწეროთ ცუდი ლექსები...”
ვარდისფერი პლანეტა, იკითხეთ აფთიაქებში...
ვარდისფერი პლანეტა, იქ სადაც ხარობს სოციალიზმი როგორც პატარა უფლისწულის პლანეტაზე ყვავილი...
ვარდისფერი პლანეტა, იქ სადაც ცხოვრობდა ირაკლი ჩარკვიანი...
იქ სადაც ვიცხოვრებთ ჩვენ!!!
იქ სადაც ვიცხოვრებთ ჩვენ!!!
იქ სადაც ვიცხოვრებთ ჩვენ!!!