baby_boo
Super Crazy Member
     
ჯგუფი: Members
წერილები: 5777
წევრი No.: 33997
რეგისტრ.: 28-April 07
|
#15482566 · 12 Sep 2009, 15:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეც ძალიან მთრგუნავს ეს ზღაპრები ,განსაკუთრებით ცხოველთა ზღაპრებია სისასტიკით გამორჩეულნი . თუ არ გეზარებათ წაკითხვა , დაგიდებთ ერთ მონაკვეთს, სწორედ მითოსზე და ზღაპრებზე ვმუშაობ ახლა . ამ მონაკვეთში მეტაკლებად განმარტებულია მიზეზები :
ცხოველთა ზღაპარი ხალხური პროზაული შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია.ის გვხვდება ყველა ხალხის ფოლკლორში განურჩევლად მისი განვითარების დონისა.ცხოველთა ზღაპარი შეიქმნა კაცობრიობის განვითარების ადრეულ საფეხურზე _ წინაკლასობრივ საზოგადოებაში და თავის კლასიკურ ფორმას ჯერ კიდევ პირველყოფილი კულტურის მიჯნაზე მიაღწია.ის უძველესი სამყარო მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდებოდა: განსაკუთრებული იყო სოციალური გარემო,გამორჩეული იყო ამ ადამიანის აზროვნების ფორმა და შესაბამისად რწმენა-წარმოდგენებიც.ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილმა ასახვა ჰპოვა ამ ეპოქის ზღაპარში,რომლის ბუნების,პერსონაჟის გასაგებადაც აუცილებელია მათი გათვალისწინება. ცხოველთა ზღაპრის პერსონაჟი გამორჩეულ სახეს ქმნის მთელ ხალხურ შემოქმედებაში. ის არ გვაძლევს შესატყვის სახეს სინამდვილეში არსებული ცხოველისას,ამასთანავე,თავისი ორსახოვნებით განსხვავდება როგორც მითის,ასევე ზღაპრული ეპოსის სხვა ქვეჟანრის ცხოველებისაგანაც.საქმე ის არის,რომ ეს პერსონაჟი ტოტემური აზროვნების ნაყოფია და სათავეს არა რომელიმე მაღალგანვითარებული მითიდან /ასტრალური,თუ სხვა/ იღებს, არამედ ტოტემური მითიდან .ის ხომ პრეისტორიულ ეპოქაში შეიქმნა,როცა ადამიანმა არ იცოდა არც მიწათმოქმედება,არც ნადირობა და თავს ველური ნაყოფის შეგროვებით ირჩენდა.როდესაც ვამბობთ ,იმ დროინდელი ადამიანის აზროვნება ტოტემისტურ რწმენაში გამოიხატებოდაო, ვგულისხმობთ , რომ იმ უძველეს ეპოქაში მთელი ტომები და ცალკეული ადამიანებიც თავიანთი ტოტემების სახელებით იწოდებოდნენ,ე.ი. ამა თუ იმ ცხოველისა და მცენარის სახელით,რომელსაც თავიანთ ღვთაებრივ წინაპრად თვლიდნენ.ამ დროს ყოველი ტომის სახელწოდება ნიშნავდა კაცს და ასევე ტოტემს.ტოტემური რწმენის დამცველი ხომ შეკითხვაზე : “ შენ ვინა ხარ?” პასუხობდა : “მე მგელი ვარ “ და სხვ. ე.ი. ცხოველთა ზღაპრებში მოქმედებენ არა ცხოველები,არამედ ადამიანები,რომლებიც თავიანთი ტოტემური ცხოველის სახელწოდებით იწოდებიან.ე.ი.ცხოველთა ზღაპრის პერსონაჟი სხვა ზღაპრის მსგავსად ადამიანია,რომელიც იმ შორეულ დროში თავისი ტოტემის სახელით იწოდებოდა.ყველაფერში ჩანს ამ ზღაპრის ცხოველ პერსონაჟთა ადამიანური ბუნება: მათ ჰყავთ ცოლი ,შვილი,ბიძა,ნათლია;ზრუნავენ ოჯახზე,მიწას ამუშავებენ და სხვა.ცხოველები ერთმანეთთან ადამიანურ ურთიერთობებს ამყარებენ: ერთმანეთს ხვდებიან,ესალმებიან,ძმობილდებიან,ატყუებენ და ა.შ. მართალია ,ამ პერსონაჟებს ცხოველებისათვის დამახასიათებელი ნიშნებიც აქვთ, მაგ. :მელიას კუდი,ფრინველებს ფრენის უნარი და სხვა,მაგრამ არ გააჩნიათ ცხოველური ინსტიქტები.მტაცებლებს ზღაპარში არც ყნოსვა აქვთ ,არც გამჭრიახი თვალი და არავითარი ალღოს უნარი. უძველესმა ხალხმა ამ ნაწარმოების გმირად თვითნებურად არ აირჩია ორსახოვანი პერსონაჟი, ე.ი. პერსონაჟი,რომელიც ცხოველური ნიშნების მატარებელიცაა და ადამიანური თვისებებისაც.ეს გარემოება პირველყოფილი აზროვნების სპეციფიკით არის გამოწვეული და გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება.ადამიანები არ არიან თავისუფალნი თავიანთ ფანტაზიაში .ყოველივე ეს მითოსური აზროვნების გამოძახილია,რომლის ძალითაც ადამიანი გარკვეული ტომის წარმომადგენლებს და მათ ტოტემურ ცხოველებს ერთ სიბრტყეზე განიხილავდა. მათ ერთიმეორის შესაძლებლობებს მიაწერდა და საბოლოო ჯამში თითოეულს /ამ ტოტემური წარმოშობის ადამიანს/ გაერთიანებული,შერეული შესაძლებლობებით წარმოიდგენდა.ცხოველთა ზღაპრის შექმნა,მართალია,აზროვნების განვითარების იმ ეტაპს ეკუთვნის ,როცა ადამიანს უკვე აქვს გავლებული საზღვარი თავის თავსა და დანარჩენ სამყაროს შორის ,როცა მას კარგად აქვს გაცნობიერებული ,რომ ის ცხოველისაგან განსხვავებით ადამიანი,მაგრამ მშვენივრად იყენებს ასეთი გაგებით შექმნილ სახეს თავისი ნაწარმოების გმირად.ასე წარმოიშვა ცხოველთა ზღაპრის პერსონაჟი,რომელსაც სახელი და სახე ცხოველისა აქვს,თვისებანი და შესაძლებლობანი კი უმეტესად ადამიანის. ცხოველთა ზღაპრის პერსონაჟი თუ ადამიანია,ნათელია,რომ თვით ნაწარმოებში ადამიანები თავიანთი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე მოგვითხრობენ .ისინი გვიამბობენ იმ დაპირისპირებებზე,სხვა ტომებთან და მათ წარმომადგენლებთან ,რომელთაც სერიოზული ადგილი ეჭირა უძველესი ადამიანის ცხოვრებაში .ცხოველთა ზღაპრის სიუჟეტი ძირითადად მეტოქეობაზე,ქიშპობაზე,შეჯიბრზე,საკუთარი ძალის უპირატესობის დამტკიცებაზეა აგებული.ხშირი მეტოქეობა ზღაპარში არც უნდა იყოს გასაკვირი.იმ უძველეს ეპოქაში ხშირი იყო და მნიშვნელოვანიც ერთი ტოტემური ჯგუფის ადამიანთა დაპირისპირება მეორესთან,რაც ძირითადად საარსებო საშუალებებისათვის /საკვების,სასმელის განაწილება/ ხდებოდა.ამ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ იმ უძველეს პერიოდში ადამიანები ყოველივე უსიამოვნოს მტრულად განწყობილი ტომის წარმომადგენელთა მაგიური მოქმედების შედეგად თვლიდნენ,გასაგები გახდება მათ შორის დაუსრულებელი კონფლიქტის მიზეზი. მითუმეტეს ,რომ ერთ უსიამოვნებას აუცილებლად საპასუხოც მოჰყვებოდა.მათი ტოტემური წინაპარი სხვადასხვა იყო და ერთმანეთთან შეჯიბრით ისინი თავიანთ წინაპარს ,თავიანთ ტოტემებს აჯიბრებენ და ტომის წევრის სიძლიერეც ხომ ტოტემის სახელით მოპოვებული გამარჯვება მომავალი წარმატების საწინდარი იყო.ის საკუთარი ძალების რწმენას მატებდა ადამიანს და ხვალინდელი დღის იმედით მსჭვალავდა. ცხოველთა ზღაპრებში გამარჯვების მოსაპოვებლად ყველა საშუალებაა დასაშვები.ერთ-ერთი მათგანი მხოლოდ იმიტომ,რომ “ძმობილს” ნადავლის კუთვნილი წილი არ არგუნოს დაუნდობელ მუხანათობასაც კი არ ერიდება. მაგ.: მელია დათვს ენას წისქვილის ქვებში მოაყოლებს;მოშიებულს თავისსავე თვალებს ჩააკნატუნებინებს და სხვ.ცხოველთა ზღაპარში ცხოველ პერსონაჟთა ქვეშ ცხოველებად წოდებული ადამიანების გააზრებისას,ცხოვრების მკაცრ კანონთან გვაქვს საქმე,სადაც მთავარია არსებობისათვის გამართულ დაუნდობელ ბრძოლაში რწმენა გამარჯვების მოპოვებისა.ამ ბრძოლებს კი ნამდვილად ჰქონდა ადგილი უძველეს ხალხთა ცხოვრებაში. ცხოველთა ზღაპრის ანალიზი ნათლად გვიჩვენებს ,რომ ეს ქვეჟანრი ზღაპრული ეპოსისა არქაიკის შემცველია და არ არის მეოცე საუკუნის ეთიკის დამცველი.ამ ზღაპრის გმირი არ იბრძვის სამართლიანობისათვის ,არ იცავს რაიმე მორალურ ნორმებს .პირიქით ,მისი საქციელი სწორედაც რომ ყოველივე ამის დარღვევაა.რასაკვირველია,არც უძველეს დროში იყო ზღაპარი ანტიეთიკური ,მაგრამ,როგორც ვიცით ,ყველა ეპოქას თავისი ზნეობრივი კანონები გააჩნდა. თანამედროვე გაგებით მიუღებელი,უძველეს პერიოდში კანონზომიერიც კი იყო. ცხოველთა ზღაპარში ვარჩევთ გამარჯვებულ და დამარცხებულ ცხოველებს.აქ ურთიერთ დაპირისპირებისას გამარჯვებული ყოველთვის ფიზიკურად სუსტი გამოდის მასზე გაცილებით ძლიერზე. ეს მეტოქეობა იმიტომ გახდა განსახილველი ზღაპრის ძირითადი მოტივი,რომ მოწინააღმდეგის სიძლიერეს ,რომელთანაც უხდებოდა დაპირისპირება ამათუიმ ხალხს ,მთელი სიგრძე-სიგანით ხედავდნენ.ბუნებრივია,ის რაც შიშს იწვევდა,გარკვეული მხრივ ძლიერიც იყო.სუსტი მეტოქე სათვალავში არც ითვლებოდა.გარდა ამისა,ძლიერთან გამარჯვება უფრო სასურველიც იყო და საპატიოც.ცხოველთა ზღაპარი ძლიერი რეალური მეტოქის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი ადამიანური ძალების მობილიზაციის განწყობით არის შექმნილი.ამ მთელი ენერგიის მობილიზაციამ გამოავლინა და გაავარჯიშა ადამიანისათვის ყველაზე დიდი ძალა- გონება.სუსტი იმარჯვებს გონების ძალით,აქ გონების ზეიმია. ცხოველთა ზღაპრის პერსონაჟები არიან ყოჩაღი,მოხერხებული,ჭკუიანი,საზრიანი და მათი საწინააღმდეგო თვისებების მქონენი.მათ დაპირისპირებაში კეთილი და ბოროტი საწყისის,მორალიზაციის კვალის ძებნა ჭეშმარიტებას მოკლებულია.ცხოველთა ზღაპარი არის პირველი ხალხური ნაწარმოები,სადაც მითისაგან განსხვავებით ბუნება და მისი მოვლენები კი არა,ადამიანს უკვე თავისი თავი,ადამიანური ურთიერთობანი აინტერესებს და თავის ცხოვრებაზე,მისწრაფებაზე მოგვითხრობს. ცხოველთა ზღაპრებში ყველა ცხოველს მისთვის განკუთვნილი სიუჟეტები აქვს და წინამდებარე ტომში შემავალი ზღაპრებიც ამ პერსონაჟთა მიხედვით არის დაჯგუფებული.სხვადასხვა ცხოველები ეპოსში მსგავს სახეებს არ ქმნიან .მაგალითად ,დათვი და მგელი ორივე მარცხდება მელიასთან დაპირისპირებისას,მაგრამ მათ დასამარცხებლად ყოველთვის სხვადასხვა საშუალებაა გამოყენებული,რომელთა დამთხვევა და ერთმანეთში აღრევა არ ხდება.ქართულ ცხოველთა ზღაპარში ეს დაჯგუფება მოხდება შემდეგ პერსონაჟთა მიხედვით : მელია ,მგელი,დათვი,ტურა, კურდღელი და კატა. მელიასთან ,მგელთან და დათვთან დაკავშირებული სიუჟეტები,რომლებიც ცხოველთა ზღაპრებს განეკუთვნებიან, თავის მხრივ რამდენიმე ტიპისაა.ისინი განირჩევიან ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული სიუჟეტური ქარგით,მოტივთა წრით და პერსონაჟთა ხასიათით. მელიასთან დაკავშირებული ზღაპრები ტომში პერსონაჟებთან მიმართების მიხედვით არის დაჯგუფებული,თემატურად კი მასში ოთხი ჯგუფი გამოიყოფა:
1.ტრიქსტერი მელია ამარცხებს თავისზე ძლიერ გარეულ ცხოველებს და საერთო ნადავლს,ან დამარცხებულ ცხოველს საკვებად ისაკუთრებს; 2.მელია ფრინველებთან დაპირისპირებისას იღუპება; 3. მელია მარტო ვეღარ აღწევს წარმატებას და მშველელს უხმობს; 4.მელია მოსამართლე და საქმის გამრიგეა /”მელია”, “გლეხი,დათვი და მელია” /.
მგელთან დაკავშირებული სიუჟეტები სამი ტიპისაა : 1. მგელი ტრიქსტერ მელიასთან დაპირისპირებისას იღუპება; 2.შინაური ცხოველები მგელს ხახამშრალს ტოვებენ ; 3. მგელი შვილს უჭამს შინაურ ცხოველს,რისთვისაც სამაგიეროს იღებს.
დათვი ხუთი ტიპის სიუჟეტში გვხვდება: 1. ტრიქსტერი მელია ატყუებს და ღუპავს დათვს; 2. დათვი მელიას ბატკანს შეუჭამს , რისთვისაც ისჯება; 3. კაცი დათვს მელიის მეშვეობით ამარცხებს ; 4. დათვს სხვა ცხოველებთან ერთად კატა აშინებს ; 5. დათვი უძლეველია და სხვათა რისხვა.
მელიას ,მგლის და დათვის გარდა ქართულ ცხოველთა ეპოსში გვხვდება აგრეთვე ტურასთან , კურდღელთან და კატასთან დაკავშირებული ზღაპრები,რომლებთან დაკავშირებული სიუჟეტებიც ნაკლები მრავალფეროვნებით გამოირჩევა.ის რამდენიმე ტიპის ზღაპარი,რომელშიც ტურა მონაწილეობს,მელიისას ემთხვევა; აქ ტურა ზუსტად მელიის ოინებით აღწევს მიზანს.რამდენიმე სიუჟეტში ჩანს კურდღელიც ,რომელიც ტრიქსტერის როლშიც გამოდის ლომთან და მგელთან დაპირისპირებისას.მოულოდნელ გამარჯვებებს აღწევს ცხოველთა სამყაროს ეპოსში კატაც. ხერხიანობის, საზრიანობის,ყოველგვარი ეშმაკობის,იუმორის საწყისი ცხოველთა ზღაპარში ტრიქსტერის /ოინბაზი,თავხედი,მატყუარა/ . ტრიქსტერის როლში ქართულ ზღაპარში მელია გამოდის .ის ქართული ცხოველთა ზღაპრის ყველაზე პოპულარული პერსონაჟია,მსგავსად ევროპული ცხოველთა ზღაპრისა. ტრიქსტერი მელია მსმენელის სიმპატიებს იმსახურებს,როგორც საზრიანი,წინდახედული ,მოხერხებული,ჭკვიანი და გულადი პერსონაჟი.მელიის ეს ღირსებანი ზღაპარში წინა პლანზეა წამოწეული,რადგანაც ხალხი ამ თვისებათა დამფასებელია.მელია აქტიური პერსონაჟია _ ან მოქმედებს ,ან მომენტს ეძებს სამოქმედოდ.ყველაფერს თვითონ, თავის შესაძლებლობებზე დაყდნობით აკეთებს და საკუთარი თავის იმედით არის გამსჭვალული.მელია სულ ახალ-ახალი ოინების ძიებაშია და აინტერესებს ,რომელი მათგანი უკეთ,უფრო იოლად , დახვეწილად, ღიმილის მომგვრელად მიიყვანს სასურველ შედეგამდე. მელია ,მსგავსად ყველა სხვა ტრიქსტერისა,დღევანდელი ეთიკით მორალური არ არის, მაგრამ მსმენელი ტრადიციის ძალითა და მთქმელის განწყობით შეუმცდარად გრძნობს,რომ ეს პერსონაჟი დადებითი გმირია და მას ასეთად ჩვენთვის უცნობი არქაიკის საიდუმლო წარმოადგენს.ეს საიდუმლო კი ნაწილობრივ იმაშია,რომ უძველეს ხალხებს მათი აზროვნების თავისებურებების,რწმენა-წარმოდგენებისა და სოციალური ყოფის შესაბამისად დღეისათვის სრულიად განსხვავებული მისწრაფებანი და ეთიკა ჰქონდათ. დღევანდელი ეთიკით შეფასებისას მელიას ღირსებათა პარალელურად უარყოფითი თვისებებიც გააჩნია.ის ცბიერია,მატყუარა,ხარბი,გაუმაძღარი და ქურდი.გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ნაკლისა,თუ მკაცრად შევხედავთ მის მოქმედებას,შეიძლება ითქვას,რომ ის დაუნდობელი ,გამმეტებელი და ძმობილის მოღალატეა.მისი არც ერთი სიტყვა არ არის სანდო – ლაქუცითა და ტკბილი ენით შეუძლია ვერაგულად დაღუპოს ახლობელი.ის მხოლოდ ღიმილის მომგვრელი,მოხერხებული,უთვალავი სასაცილო და გონებამახვილური ოინების ჩამდენი ცხოველი კი არ არის,არამედ, მიზანდასახული,შეუპოვარი,ბრძოლის უნარიანი არსებაა,რომელსაც წინ ვერაფერი გადაეღობება და ბრძოლაში,რომელიც სრულიად შეგნებულად წამოიწყო , საბოლოო გამარჯვება მას დარჩება.რაც არ უნდა იყოს ზღაპარში მოთხრობილი,მსმენელი მთავარი გმირის – ტრიქსტერის მხარეზეა.სიმპათიით და ნდობით არის გამსჭვალული მისადმი. ქართულ ცხოველთა ზღაპარში მელია ყოველთვის ვერ იმარჯვებს. საერთოდ ,უძლეველი,დაუმარცხებელი პერსონაჟი ხალხურ სიტყვიერებაში არ არსებობს.ასეთი მდგომარეობა გვაქვს მსოფლიო ყველა ხალხთა ცხოველთა ზღაპრებში.თურმე ,ძლიერზე ძლიერი არ დაილევა და ყველას დამარცხება შეიძლება ,მხოლოდ ხერხი /საშუალება/ უნდა მოიძებნოს სათანადო; ცხოველთა ზღაპრებში იკვრება წრე,სადაც ერთის მძლეველი მეორის მიერ ძლეული ხდება .საბოლოოდ ყველას თავისი მიეზღვება.ტრადიციად ქცეული ეს წესი სძენს ამ ზღაპრებს ჰუმანურ გაგებას.კიდევ უფრო ამაღლებს საზრიანობისა და მოხერხებულობის მნიშვნელობას. საზრიან ტრიქსტერს ცხოველთა ზღაპარში უპირისპირდებიან სულელი,ბრიყვი, გულუბრყვილო ცხოველები.ზღაპარში პერსონაჟთა ეს დაპირისპირებული თვისებები უკიდურესობებით გამოირჩევა. მაგ. :ტრიქსტერი ძალიან მოხერხებულია,ძალიან ცბიერია და ა.შ. ასევეა საპირისპირო შემთხვევაშიც - მისი მეტოქენი უკიდურესად გონებაშეზღუდულნი და უმწეონი არიან. მაგ. : მგელს მელიის ტყუილებით სიცოცხლე აქვს გამწარებული,მაგრამ ჭკუას მაინც ვერ სწავლობს:მელია ხან მარხვას იმიზეზებს ,ხან გულითადობას იჩენს და მგელს ხაფანგში აგდებს.ეს უკანასკნელი კი მუდამ მელიისთვის სამაგიეროს გადახდას ცდილობს , ხშირად საწადელთან ახლოსაც არის,მაგრამ უშედეგოდ. მგელი თავისი უნიათობით მუდამ მარცხდება,მაგრამ ყოველთვის არ იღუპება.მაგალითად : შინაური ცხოველები: ცხვრები,თხები,კვიცი, ვირი,ცხენი,ხბოები, ბატკანი,ძროხა,ზაქები სამაგიეროს უხდიან მას ბოროტი განზრახვისათვის და ხახამშრალს ტოვებენ.მგელი ცხოველთა ზღაპარში მუდამ მშიერია, სულ სარჩოს მოპოვებას ცდილობს,მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ.ის საკმაოდ ბრიყვი ცხოველია და ხელიდან ყველაფერი უსხლტება ,რაზეც ბედი მიაგდებს.მასზე გაუმაძღარს ვერც იტყვი,რადგანაც მხოლოდ შიმშილის დაკმაყოფილებას ცდილობს,მიზანს კი ვერასოდეს აღწევს.მგელი მარტო თავის მუცელზე ფიქრობს,თუმცა თავისი თავისთვისაც არაფერში უქნია ღმერთს.საოცრად სწორხაზოვნად აზროვნებს და მისგან ჭკუათმყოფელი მოქმედება არ არის მოსალოდნელი. დათვი ქართულ ცხოველთა ზღაპარში საკმაოდ პოპულარული პერსონაჟია.ის რამდენიმე ტიპის ზღაპარში გვხვდება,სადაც ერთფეროვან სახეს არ გვაძლევს: დათვი მელიასთან გულუბრყვილოა,კატასთან მშიშარა,ერთგან გლეხს თვითონ აშინებს ,მაგრამ ბოლოს ყველგან იღუპება,მხოლოდ ერთი ტიპის ზღაპარში – “ნადირთა ძმობა” არის ის ძლიერი და დანარჩენ ცხოველთა რისხვა.დათვი ბუნებით მიმნდობია,მელიასი ყოველთვის სჯერა და მიუხედავად იმისა,რომ მისი გამოისობით სულ ახალ-ახალ უბედურებას აწყდება,ბოლომდე ვერც ხვდება,რომ ყველაფრის მიზეზი მელიაა.რომც მიხვდეს, ვერც ამით ეშველება საქმეს და მისი ცხოვრება ისევ ტრაგიკულად დამთავრდება. მელიის შემდეგ ქართულ ცხოველთა ზღაპრებში ყველაზე პოპულარული პერსონაჟები დათვი და მგელია.რაც შეეხება სხვა მხეცებს ,ისინი საკმაოდ იშვიათად გვხვდება და მათზე ორი-სამი სიუჟეტი თუ გვაქვს .გარეული ცხოველები,რომლებსაც ქართულ ცხოველთა ზღაპრებში ვხვდებით,ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა,არიან : ტურა,ლომი და კურდღელი.ტურა აქ ტრიქსტერია.კურდღელსაც აკისრია ორ სიუჟეტში ტრიქსტერის ფუნქცია,უმეტესად კი სუსტი და მშიშარა ცხოველია.ლომიც მხოლოდ რამდენიმე ცხოველთა ზღაპარში გვხვდება,სადაც ის ფიზიკურად ძლიერია,მაგრამ ადვილად ტყუვდება. შინაური ცხოველების გამოჩენა ცხოველთა ზღაპარში გვიანდელი მოვლენაა.ის უკავშირდება ცხოველების მოშინაურების ეპოქას და მათზე ზრუნვით არის გამსჭვალული.გარეული ცხოველები თუ თითქმის ყველა ზღაპრის პერსონაჟები არიან,შინაური ცხოველები მათში ნაკლებად მონაწილეობენ.ეს ცხოველები არიან : კატა,ძაღლი,ვირი,ცხენი,მოზვერი,ვერძი, კრავი,თხა,აქლემი და ღორი.რამდენჯერმე ვხვდებით ძროხასა და ხარს. მგლის დამმარცხებელი შინაური ცხოველი მასთან შედარებით ყოველთვის სუსტია და ,ერთი შეხედვით,თავიდანვე განწირულიც,მაგრამ ეს უკანასკნელი სრულიად აუღელვებელი და თავდაჯერებულია.ის ყოველგვარი პანიკის გარეშე ხვდება მგლის გამოჩენას. თითქოს ელოდა კიდეც და დასახვედრადაც მზად არის. მიუხედავად შინაური ცხოველების საზრიანობისა გვაქვს სიუჟეტები,სადაც ისინი საკმაოდ იოლად ტყუვდებიან კიდეც. მაგ. : სამღებროში ჩავარდნილ მგელს,ისინი “საბეროში” მიჰყვებიან სულის საცხონებლად.შინაური ცხოველები მიწათმოქმედებასაც მისდევენ .მაგ.: კრავი გაზაფხულიდან მოყოლებული ხნავს, თესავს,ფარცხავს, მარგლავს,მკის,ძნას კრავს,ლეწავს,ანიავებს.ასევე შრომობს მარცვლეულის მოსაყვანად თხაც.ამ ცხოველებს ზღაპრის დასასრულს მელიასთან უხდებათ დაპირისპირება თავიანთი მონაგრის დასაცავად. ფრინველები უმეტესად მელიის სიუჟეტის ზღაპრებში გვხვდება.ისინი საზრიანობით იხსნიან თავს მათი მუდმივი მტრისაგან.ფრინველები ერთმანეთს ეხმარებიან,მათ მეგობრობა და ურთიერთგატანა იციან .ფრინველები უმეტესად ადვილად ტყუვდებიან და სანამ არ იწვნევენ თავიანთი შეცდომის შედეგს,გონზე ვერ მოდიან.რაც შეეხება ადამიანს,ცხოველთა ზღაპრებში მას მხოლოდ ეპიზოდური როლი აქვს და ისიც საკმაოდ იშვიათად. ცხოველთა ზღაპრის მხატვრული ანალიზისას პირველ რიგში უნდა აღინიშნოს,რომ ყველაფერში ჩანს ცხოველთა ზღაპრის პერსონაჟის ადამიანური ბუნება,გარდა მეტყველებისა და აზროვნებისა,ის ჩვეულებრივი ადამიანური წესით ცხოვრობს. მაგალითად : დათვი,მელია და ღორი “თესვის დრო რომ დადგა,წევდნენ ყანაში და შეაბეს ხარები”;1 მგლებმა “ნალია ქვეშ დაანთეს ცეცხლი”2. კოღომ და ფოთოლმა “მოხარშეს ფაფა .გასაციებლად კართან დადგეს”3 და სხვა. ცხოველთა ზღაპრის პერსონაჟებს ჩვეულებრივი, ადამიანური განწყობილებები გააჩნიათ. მაგ. : კოღოს “მოსწყინდა მარტო ყოფნა”4;” დაიწყო ტირილი ვირმა,ვირი შეიცოდეს”5; “ერთ საღამოს მელია დაფიქრებული იჯდა”6; ცხოველები ერთმანეთს საკმაოდ ზრდილობიანად მიმართავენ: “-მგელი შინ ბრძანდება? _არა ბატონო!”7 – ტურას გამოსძახა მგლის ცოლმა. ცხოველთა ზღაპრის სიუჟეტი პერსონაჟთა ურთიერთ დაპირისპირებაზე , კონფლიქტზეა აგებული,რომელიც უმეტესად სამკვდრო-სასიცოცხლო ხასიათს ატარებს. მაგ. :ზღაპრის ფინალში მელია თავის ძლიერ მეტოქეს მხოლოდ ღუპავს, მაგრამ არცთუ იშვიათად მას არხეინად შეექცევა კიდეც.აქ გამარჯვებული დამარცხებულის მიმართ დაუნდობელ,ბარბაროსულ დამოკიდებულებას იჩენს,რაც ცხოველთა ზღაპრის მხატვრულ თავისებურებად უნდა ჩაითვალოს.პერსონაჟთა შორის ასეთი დაუნდობლობის მიზეზი ამ ჟანრის წარმოშობის სპეციფიკით არის გამოწვეული. მაგ.: ტურამ ერთხანს აწამა მგელი,ბოლოს კი ერთი ქვაბი ადუღებული წყალი ერთად გადაასხა თავზე და ამოხრუკა8. არც მელიას ინდობს მისი დამმარცხებელი.მაგალითად : მელიამ ჯავრისაგან ქვას ახალა თავი. “სკვინჩამ ეს რო დაინახა,ჩამოფრინდა მსხლიდან ,მელიის ტვინით კარგად გამოძღა და მშვიდობით გაუყვა თავის გზას”9. ნაწარმოებში რაც არ უნდა იყოს მოთხრობილი,ზღაპრის მთქმელი ტრიქსტერის მხარეზეა,სიმპათიითა და ნდობით არის გამსჭვალული მისადმი.ზღაპრის ფინალის დრამატიზმით აღსავსე სცენები საკმაოდ მშვიდად,ირონიულადაც კი არის გადმოცემული,რადგანაც ერთის დამარცხება და მეორის გამარჯვება კანონზომიერი მოვლენაამთქმელისათვის.ნაწარმოების საერთო განწყობით კი იგრძნობა,რომ ცხოველთა ზღაპრის კოლექტიური ავტორი გამარჯვებულის მხარეზეა. მართალია, ამ, ასე ვთქვათ ,ბარბაროსული მომენტების ჩვენება ცხოველთა ზღაპრის მიზანი არ არის,მაგრამ მათ გაუთვალისწინებლად ამ ჟანრის სწორად გაგება გაჭირდება.ცხოველ პერსონაჟთა ურთიერთ ასეთი დამოკიდებულება დიდად განსაზღვრავს ნაწარმოების სტილს – დაუნდობლობა,დამცირება და სხვა ყველაფერი აქედან.ამიტომაც არის მეტოქის წამების და მოკვლის სცენა ცხოველთა ზღაპარში თავიდან ბოლომდე მთელი სიზუსტითაა აღწერილი.ზღაპრის ლაკონიურობის მიუხედავად,ამ მომენტის ყველა ნიუანსი აქ დეტალურად არის გადმოცემული. მაგ.: “ დათვმა “ნახა,რომ იმისი შვილები მოხარშული ყრია ქვაბში,ხორცი ცალკე წასულა და ძვალია ცალკე”10; ”შამფურს სულ შიშინი გაჰქონდა სისხლში”11 . პერსონაჟთა შორის ურთიერთ კონფლიქტი ტრიქსტერის ციკლის ცხოველთა ზღაპრის სიუჟეტს თავიდან ბოლომდე გასდევს და ამ ნაწარმოების ძირითადი მოტივია.მართალია,ცხოველთა ზღაპრების უმრავლესობა ცხოველთა დაძმობილებით იწყება,მაგრამ აქ ის მხოლოდ კონფლიქტის გამძაფრებას უწყობს ხელს.ზღაპარი, რომლის სტილსაც კონტრასტები,მოულოდნელობები ახასიათებს იწყება პერსონაჟთა დაძმობილებით,რათა უკეთ გამოიკვეთოს ურთიერთდაპირისპირების სიმწვავე.გარდა ამისა,დაძმობილება ერთ-ერთი ხერხია ცბიერი ტრიქსტერის ხელში საბოლოო შედეგისათვის გამიზნული – ის ამ გზით იადვილებს ძლიერ მეტოქესთან ახლოს მისვლას,გამარჯვებას.ცხოველთა ზღაპრების ანლიზმა გვიჩვენა,რომ სწორედ იმ ზღაპრებში იღუპება მეტოქე და არცთუ იშვიათად მას ყოფილი “ძმობილი” მადიანად შეექცევა კიდეც,რომელიც დაძმობილების მოტივით იწყება .ხომ გვაქვს ისეთი ზღაპრებიც ,სადაც მეტოქე მხოლოდ ხელცარიელი და მიბეგვილი რჩება – ამ ზღაპრების პროლოგი დაძმობილება არ არის. ცხოველთა ზღაპარში ტრიქსტერი არანაირ უბედურებას, თვით სიკვდილსაც არ აკმარებს თავის “ძმობილს”,გამუდმებით დასცინის და აბუჩად იგდებს. მაგ. : ზღაპარში “მარხული მელია” მოხერხებულად გააბა მელიამ მგელი მახეში,თვითონ კი ქათამს დაუწყო ჭამა – მარხვა გათავებულიაო და მგელს უთხრა: “_ ხუნდის პატრონი რო მოვა,ახალ თვარეს მაშინ დაინახავო!”12 კლდიდან გადავარდნილ დათვს კი მიაძახა: _ არიქა ,დათუნია, არ გაუშვა,სულ მაგ კვახის ბრალია ჩვენი ქვევრის დაცლა,ნაცრით გავსება და შენი თვალების დავსებაო!”13 არც მელია რჩება დამცირების გარეშე,როცა ის მარცხდება. მაგ. : სკვინჩამ გაბრაზება დაუწყო: “მელა-კუდაგრძელაო,სანეხვეზე ძვრებაო”14 . ძლიერი მეტოქის უსუსურ და უნიათოდ ჩვენება, მისი დამცირება საკუთარი ძალის რწმენას მატებდა ადამიანს.ცხოველთა ზღაპარში დასამარცხებლად გამეტებული პერსონაჟი თავიდანვეა გამასხრებული,რისი მეშვეობითაც ნათელია – ვინ არის განწირული. ცხოველთა ზღაპრის სტილურ თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ის გარემოებაც ,რომ სიუჟეტის განვითარებას მოულოდნელი ეფექტები ახასიათებს. აქ ერთი უკიდურესობით დაწყებული ამბავი მეორეთი მთავრდება.მაგალითად : ცხოველები დაძმობილდნენ,თითქოს ყველაფერი კარგად არის,მაგრამ უცებ სამკვდრო-_სასიცოცხლოდ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს; ფრინველები სალოცავად,ცოდვების მოსანანიებლად მიდიან ,მაგრამ უეცრად ყველაფერი აირევა და “ბერის” ხელით იხოცებიან.მელიის ბერობაც მოულოდნელობის გაზრდას უწყობს ხელს.მაგრამ უცებ მელია თვითონ რჩება მოტყუებული და იღუპება კიდეც.ცხოველთა ზღაპარში ,თითქოს,ყოველი ახალი წინადადება სიახლეს გვპირდება.ამ ეფექტების წყალობით ,ზღაპრის თხრობა თავიდან ბოლომდე ინტერესს ინარჩუნებს .მის თხრობას თან ახლავს შინაგანი დაძაბულობა.ეს სიურპრიზები ემოციურ დაძაბულობას მატებს ზღაპარს.
This post has been edited by baby_boo on 12 Sep 2009, 15:18
|