ჩემს ოთახში ისევ ცივა და ვერ თბება ეს ოხერი.
ისე ვდარდობ, გეგონება, საბნის ქვეშ არ ვიყო გაზრდილი

ზუსტად ასე უნამუსოდ განვიცადე შარშანდელი გერმანული ზამთარიც,
ჯერ იყო და დიუსელფორფის აეროპორტი დახურეს ჩემს ჩასვლამდე და უკვე ეჭვქვეშ იყო ჩემი გამგზავრების ამბავი,
წასვლის წინა დღეს გახარებულმა დამირეკა მეგობარმა: იცი, მზე გამოვიდა, - გაჰყვიროდა გახარებული. მე უგუნურს ეს ამბავი ერთის მხრივ კი მეამა, - ამოვისუნთქე, რეისი რომ არ გადამიდეს, მეორეს მხრივ კი უკმაყოფილომ გავიფიქრე: სულ მზე, მზე. გეგონება, საქართველო-იტალია არ მეყოს, თოვლი მინდა მეთქი. თოვლმაც ჩემი ჩასვლისთანავე არ დააყოვნა.
ოთახი დამითმეს, ლოგინში "გრელკები" ჩამიწყეს, ოცდაოთხი საათის რეჟიმში ისედაც იყო გათბობა ჩართული, მაგრამ ვერა,
ვერა და ვერ მოტეხა იქაური ყინვა ამ გათბობამ.
გარეთ ხომ მთლად ველურად გამოვიყურებოდი:
გასასვლის წინ ნაძვის ხესავით მრთავდნენ: ორი ხელთათმანი, ორი ქუდი, ორი წინდა ხომ ისედაც მეცვა და რადგან მე ვეღარ ვახერხებდი, თვითონ მახვევდნენ ხოლმე სახეზე უზარმაზარ კაშნეს,
მეც დავიარებოდი გოდორა კალაბოკივით და ხვლიკივით თავს ვერ ვაბრუნდებდი, რომ მიმეხედა, თავიდან ბოლომდე უნდა შემოვტრიალებულიყავი,
სხვათა შორის, ასე ჩაცმულმაც კი მოვახერხე და ახალგაზრდა გერმანელის ყურადღება დავიმსახურე, მორცხვად შეეცადა გამოლაპარაკებას ბერლინის რკინიგზის სადგურზე, მაგრამ ჩემმა გერმანელმა მეობარმა მყისვე მკაცრად დააფრთხო: არ ესმის გერმანული და მე მომმართეთ, თუ რამე გნებავთო. მოეწონეო, -უკმაყოფილოდ მითხრა. მე ვერ მივხვდი, როგორ შეიძლება მოგეწონოს ადამიანი, რომელსაც მარტო თვალები უჩანს და ისიც რომ არ აეცრემლოს, ნახევრად დახუჭული აქვს, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს, მეამა, ვიგრძენი, რომ ამდენ ტანსაცმელს მიღმა სადღაც გაყინული, მაგრამ ჯერ ისევ ცოცხალი ორგანიზმი ვარსებობდი.
ვთბებოდი მხოლოდ მატარებლებში და ავტობუსებში. ბერლინი ფაქტობრივად ავტობუსის მინებიდან მაქვს ნაანხი, აბა, გარეთ დიდხანს ვერ ვძლებდით და ან კაფეში ვისხედით, ან სავაჭრო ცენტრში ან კიდევ ავტობუსში. ჩემი ერთი კვირის მარაგი ქაღალდის ხელსახოცები იქაური ავტობუსების მინებიდან ორთქლის წმენადს შევალიე. მთავარი იყო მეორე სართულზე, სულ წინ გვეშოვა ადგილი და მერე იხარე სულო და გულო, მთელი პანორამა შენი იყო.
თოვლიანობის გამო გადაიდო ჩემი ავტო გაკვეთილებიც. არა და, დამპირდა, ტბაზე გავალთ და მანქანის მართვას გასწავლიო.
ტბაზე გავედით, ოღონდ მან ატარა, არა და, ისე მინდოდა, ესწავლებინა სწორედ მას, ჩემს თვალში ყველაზე მაგარ მძღოლს.
კორტებზე წასვლაც გადაიდო და ყველაფერი გადაიდო.
არა და, როგორ მომწონდა იქაურობა: მე, მსუნაგს, დილაობით შოკოლადები და გერმანული ნამცხვარი- ბაუმქუხენი მხვდებოდა,
ეგაა, სულ ყავაზე ვუბზუებდი ცხვირს, არ იცით გერმანელებმა ყავის სმა, ეს რა არის მეთქი.
საღამოობით ბასტი მოდიოდა და რომ შევყვებოდით ჩვენი დამტვრეული ინგლიუსრით საუბარს და სიცილზე გადავდიოდით, ჩემს მეგობარს ოთახიდან ყოველთვის გავყავდი. ვგრძნობდი, რომ საშინლად ეჭვიანობდა, როდესაც დედამისი რჩევებს მეკითხებოდა, ან რაღაცის ჩუქებას ცდილობდა. ვერ აიტანა, დედამისის საყვარელს რომ მოვეწონე. ბასტიზე სულ გაგიჟდა, ხომ არ მოგწონსო, იკითხა. ბოლოს ბაბუამისსზეც კი იეჭვიანა. სულ მასთან, მარტო მასთან უნდოდა რომ ვყოფილიყავი და ამან გამიადვილა კიდეც უკან დაბრუნება.
წასვლის წინა ღამეს კიდევ გათოვა, დილის ხუთ საათზე გარეთ მანქანის მაგივრად დაგვხვდა თოვლის გორაკი. ისე არ მინდოდა შინ ჩაჯდომა, რომ მტრისას. ფრენა საბედნიეროდ ისევ არ გადაიდო და მეც ჩავედი იქ, სადაც სულ ჩავდივარ ხოლმე,
ყველაზე კარგად ნაცნობ და საძაგელ აეროპორტში- რომა ფიუმიჩინოში.
დავფრინდი თუ არა, მივხვდი, რომ დამცხა: ნახევარი საათი ვიხდიდი ქალების ტუალეტში ზედმეტ სვიტრებს და წინდებს.
სადგურზე რომ ავედი, მატარებელს გაესწრო,
მეც შევედი ბარში, გამოვიტანე კრემიანი კრუასანი, კაპუჩინო, ჩამოვჯერქი ბინძურ ტრასტევერეზე, მოვიშორე ორიოდ წინდების გამყიდველი არაბი, უარი ვუტხარი ახალგაზრდა იტალიელ აქტივისტებს რაღაცისთვის შემოწირულობის გაცემაზე. ყავის სმა დავიწყე და თან გამახსენდა, როგორ განვიცადეთ მინუს ათ გრადუსიან ყინვაში ბერლინის მატარებლის ორ წუთიანი დაგვიანება, რადგან ამ ორ წუთში იმას არ ვიცი, მაგრამ მე- მცივანას გაყინვა მემუქრებოდა და ძალიან ბედნიერმა გავიფიქრე: ღმერთო, შენ არ მომიშალო მზე და იტალია მეთქი.
მეორე დღეს დიუსელდორფის აეროპორტი ისევ დახურეს,
დიდთოვლობის გამო.