Gode
ასტეროიდი ბ612

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8313
წევრი No.: 1340
რეგისტრ.: 19-October 02
|
#21029225 · 8 Aug 2010, 01:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
25 წლის ისე გავხდი, ქათამი არ დამიკლავს. ყველაზე დიდი, რისი სისხლიც მხრებზე მაწევს, ერთი მერცხალია, რომელსაც 12-13 წლის ასაკში შურდული ვესროლე და ფრთა მოვტეხე. ფრთამოტეხილი და დასისხლიანებული მერცხალი ისეთი საშინელი სანახავი იყო, რომ სახლში წამოვიყვანე და 2 დრე ვცდილობდი მის გადარჩენას, მაგრამ უშედეგოდ... იგივე წელს, ზამთარში, ღორის დაკვლის პროცესს დავესწარი. კისერში რო დანა გაუყარეს ღორი გაცოფდა და ხელიდან გაუსხლტა დამკვლელებს. ნახევარი საათი დავსდევდით ყელში დანაგაყრილ ღორს. ბოლოს ღობის კუთხეში გაიჭედა და იქვე უწია სიკვდილმა... ეგ იყო ყველაზე დიდი სისხლი რაც მთელი ამდენი წლის მანძილზე ჩემი თვალით მინახავს...
ისე გამოვიდა, რო მთელი ჩემი ბავშვობა ომი იყო, ომი, გაჭირვება და შიმშილი, მარტო ჩემი არა, მთელი თქვენი ბავშვობა და ახალგაზრდობაც ეგ იყო. როცა არ გესმის, ვერ აღიქვამ, უფრო ადვილია, ბევრად უფრო ადვილი... თბილისის სამოქალაქო ომი მახსოვს მამაჩემით, შეგროვილი ტყვიის მასრებით და დოლიძის ქუჩაზე, 16-იან კორპუსში მაცხოვრებელი ვიღაც ტიპით, რომელიც ყოველ ახალწელს ტრასერიანი ტყვიებით გატენილი ორი ავტომატის ჯერს ჯერ ჩვენი სახლისკენ დაუშვებდა ხოლმე სახურავიდან და მერე მოპირდაპირე მიმართულებით. მახსოვს როგორ დარეკა 3 დღის დაკარგულმა მამაჩემმა 31-ში ღამით, დაგვამშვიდა, დამდეგი ახალი წელი მოგვილოცა და ისევ დაიკარგა მომდევნო 3-4 დღე. მახსოვს მაგ ღამეს როგორ შემოვარდა ტყვია სამზარეულოში და როგორ ვიჯექით მაგიდის ქვეშ ჩაბნელებულ ოთახში. მერე დრო გავიდა და მამაჩემი და მისი მეგობრები ეხლა ღიმილით იხსენებენ ხოლმე იმ ღამეებს, როგორ ისხდნენ სასწრაფო მანქანაში, როგორ დადიოდნენ ტყვიების წუილში რო ვინმე გადაერჩინათ... იმ სასწრაფოს ბოლოსაც ღიმილით იხსენებენ, პიონერთა სასახლეს რო გავცდით, ვხედავთ ტიპი დგას და მუხას გვიმიზნებსო, მძღოლმა გადახტითო იყვირა და გადავხტითო. მანქანა აფეთქდა და მხოლოდ 10 წუთის მერე ვიპოვეთ მძღოლიო. ცოცხალი იყო, საღსალამათი, ოღონდ ვერ იგებდა, როგორ გადაახტა ერთი ნახტომით პიონერთა სასახლის ბაღის უზარმაზარ ღობეს. არადა გადაახტა... მეტი არ მახსოვს და დიდად არც განვიცდიდი მგონი. ჩემი გასაჭირი მქონდა, ჩემი აზრები მაწუხებდა და ჩემს სამყაროში ვცხოვრობდი. მაშინ არც სამშობლო მქონდა, არც ქვეყანა და არც იმის აღქმის უნარი რო რაღაცას გართმევენ ან გაძლევენ.
აფხაზეთიც მახსოვს, ისიც ეგრე, ისტორიებით და ადამიანებით. ჩვენი შორეული ნათესავის შვილი, რომელიც გაიპარა და ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი იყო მაგ ომის. მერე ჩემ ძმას დავარქვით იმის სახელი... კიდე ბიძაჩემის ძმაკაცი მახსოვს, ეგეც გაიპარა. ცოტა ხანში დაბრუნდა, ან გიჟი უნდა ვიყო და სახორცე მასალა, ან გავერანებული სახლები გავძარცვოო. ძარცვის ნიჭი მე არ მაქვს და გაგიჟებითაც ბოლომდე მგონი არ გავგიჟებულვარო... კიდე რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ჟიული შარტავა და ირინა სარიშვილი მახსოვს. პირველი იმიტო რო რო მოკლეს დედაჩემი ტიროდა, მეორე იმიტო რო ჩვენს ძველ ტელევიზორში მაგან თქვა, სოხუმი დაეცაო და დედაჩემი ისევ ტიროდა... მე მაშინ ისევ პატარა ვიყავი, ისევ არ მქონდა არც სამშობლო, არც ქვეყანა და არც იმის აღქმის უნარი, როგორ შეიძლება ქალაქი დაეცეს...
2 წლის წინ უკვე პატარა აღარ ვიყავი. 23 წლის ვიყავი და ისევ ჩემი პრობლემები, ჩემი სამყარო და ჩემი გზა მქონდა. თან ეს გზა იმ ტრასას არ გავდა, ხაშურამდე რო 40 წუთში ჩაგიყვანს, იმ დროს იმდენად ანგრეული იყო რო არათუ მანქანით, ფეხითაც ჭირდა გავლა. მაგრამ 23 წლის ასაკშიც არ მქონდა არც სამშობლო, არც ქვეყანა და არც იმის აღქმა, როგორია როცა რაღაცას, რაც შენია, გართმევენ...
2 წელი გავიდა... მთელი 2 წელი... როდის? არ ვიცი, ვერ დავითვალე და ალბათ არც მიცდია... 2 წელი გავიდა მაგრამ ვერ ვივიწყებ და... არ ვივიწყებ, არ შეიძლება და იმიტომ. არათუ არ ვივიწყებ, ვცდილობ უფრო გავაღვივო და გავაძლიერო მეხსიერებაში ყველა დეტალი, რაც მახსოვს... ამბობენ რო მაშინ ომი ადრე დაიწყო, 2-ში, 3-ში, 7-ში... ჩემთვის ზუსტად 2 წლის წინ დაიწყო, 7-დან 8-ში ღამეს. მაშინაც ცხელოდა, ოღონდ ასე არა. მახსოვს სამსახურში მთელი დღე მოლოდინით ვიჯექი, მთელი დღე ველოდი რო მეტი ასე ვეღარ გაგრძელდებოდა და დაიწყებოდა... მახსოვს შუადღეზე კოკოითმა ომი გამოგვიცხადა. გვერდით ოთახში შევედი კრიჭაშეკრული და ვუთხარი რაც ხდებოდა. გვერდით ოთახში სულ გოგოები ისხდნენ. ტირილი დაიწყეს... უფრო შემეკრა კრიჭა, რა დროს ტირილი იყო ვერ მივხვდი.
მახსოვს საღამო, დედაჩემი რომელიც ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო, მე და მამაჩემი, რომლებიც დედაჩემს ვეხვეწებოდით ჩუმად ყოფილიყო და ისედაც სიგიჟემდე დაჭიმული ნერვები არ დაეწყვიტა ჩვენთვის. იმ ღამეს ვერ დავიძინეთ, დედაჩემი დავაძინეთ, ჩვენ ვერა. მამაჩემი ტელევიზორთან მორიგეობდა, მე კომპიუტერთან, პერიოდულად ინფორმაციას ვცვლიდით, სიუჟეტებს ვუყურებდით და ენაცავარდნილ თბილისს გავცქეროდით კრიჭაშეკრულები... 6 სოფელი ერთ ღამეში... რუკას ჩავუჯექით გამთენიისას, ვფიქრობდით და ვმსჯელობდით დილისთვის რა სტუაცია იქნებოდა, რა მოხდებოდა. მამაჩემს ახსოვს, აფხაზეთიც ახსოვს და ისიც ახსოვს რამდენჯერ მოგვატყუეს. სამშვიდობოებმა რო თქვეს ჩვენ არ ჩავერევითო და მშვიდად გაგვატარეს, მამაჩემს უფრო შეეკრა კრიჭა, "შეგვიტყუეს ისევო..." ჩაილაპარაკა და სამორიგეო ადგილს დაუბრუნდა...
მახსოვს 8 რიცხვი, დილა. სამსახური. ჩემი უფროსი მეგობარი, რომელიც აფხაზეთიდან გამოაგდეს. საჰაერო თავდაცვაში იბრძოდა, ჩემზე პატარა იყო მაშინ. სოხუმი რო დაეცა იმ დილით გამოვიდა. ორი წლის წინ მე 23 წლის ვიყავი, ვმუშაობდი და უზრუნველი ცხოვრება მქონდა. 23 წლის ასაკში ეგ სადგურებში იძინებდა, მოსაცდელ დარბაზებში, იმ ფორმით, რომლითაც იქედან წამოვიდა. არ გატყდა. მაინც ადგა და ცოცხალია და ისე უყვარს სიცოცხლე, როგორც არცერთ ჩემს ახალგაზრდა მეგობარს... 8-ში ვაბამდით, სახე დაკარგა ადამიანის, კინაღამ ჩვენც დაგვერია, მაგიდა გატეხა, უცებ ისევ 22 წლის გახდა, ისევ თვალწინ დაუდგა როგორ გამოაგდეს. მთელი დილა მირეკავდნენ "გამომიძახეს, მივდივარ..." და მეტი არაფერი. მთელი დილა მრცხვენოდა რო სამხედრო ბილეთი მაქ, რო რეზერვი არ მომიწია, რო არ დამირეკეს... მთელი დილა რაღაცა მჯიჯგნიდა და ვერ ვხვდებოდი რა მჯიჯგნიდა. არ ვიცოდი რა ერქვა. ეგრე ვიცოცხლე 23 წელი და არ ვიცოდი. ვინც დილის ნაკადში მოხვდა, ყველა წავიდა, ვინც საღამოს ნაკადში, ყველა დატოვეს... ოღონდ ეგ მეორე დღეს გავიგე. მე მოხალისედ არ წამიყვანეს, ვინც წავიყვანეთ ისიც წამოსაყვანიაო მითხრეს მეორე დღეს... შუადღეზე სისხლიო ვიღაცამ თქვა. წავედით, ჩავაბარეთ... რიგში რო ვიდექი იქ ვნახეთ პირველი კადრები როგორ შევედით ცხინვალში, როგორ აიღეს სოფლები. ცოტა ამიღეს სისხლი, ბევრი მინდოდა. ეგ იყო ერთადერთი შანსი რო ჩემი სისხლიც მოხვედრილიყო იქ, იმდენი გამბედაობა ეტყობა არ მეყო რო ვინმეს ავკიდებოდი და "მოხალისეები აღარ მიგვყავს" საკმარისი აღმოჩნდა ჩემი სინდისის დასაწყნარებლად... მთელი დღე სიხარულით ვუყურებდი თეთრი ბინტით მკლავშეხვეულ ადამიანებს, მიხაროდა რო ყველას უნდოდა თავისი სისხლი იქამდე მიეტანა, რამე ფორმით მაინც. საღამოს საელჩო, აქცია, სანთლები, მაღლა აწეული ხელები... ჰო, რა რა და ბოლო 20 წელი ეგ მართლა ისე ვისწავლეთ შეგვიძლია კურსებიც გავხსნათ მოსამზადებელი... ომში, მაღლა აწეული ხელები, სანთლები, სიგნალები, დროშები... 23 წლის ასაკში ძალიან ცოტა მქონდა ნანახი, ძალიან ცოტა მესმოდა და ძალიან ცოტა ვიცოდი... 23 წლის ასაკში უნებლიედ დავიწყე გაცნობიერება რა არი სამშობლო, რა არი ქვეყანა და 23 წლის ასაკში მიწის სუნი შემიყვარდა, ჩემი მიწის სუნი... მერე მახსოვს რო ყველაფერი უცებ შეიცვალა, უცებ სხვა მიმართულებით წავიდა, სანთლებიც ჩავაქრეთ, ხელებიც დავუშვით, მხრებიც ჩამოვყარეთ... მანქანებში ჩართული რადიოებიდან ზედიზედ მოდიოდა ინფორმაცია დაბომბვებზე, უცებ დავინახე როგორ შეეცვალა სახე ყველა იქ შეკრებილს, ზოგს შეეშინდა, ზოგი გაოცდა, ზოგი გააფრდა... მე კრიჭა შემეკრა ისევ, იმიტო რო მამაჩემი გამახსენდა "ისევ შეგვიტყუებენ..."
მერე ყველაფერი აირია, ყველაფერი აიზილა, ყველაფერი არასწორად წავიდა... ყველგან ჭურვები, ბომბები, სისხლი, ტირილი, გოდება. პირველი დევნილებიც მახსოვს, ისიც მახსოვს ვიღაცა რო თქვა მერიასთან არიან შეკრებილები, მთელი ღამე გაათენეს, არაფერი არ აქვთო. შევკრიბე ვინც შევძელი, გავზიდეთ რაც შევძელით, მთელი დღე ვიარეთ. სისხლის ცაბარების მერე მეორედ მქონდა გრძნობა რო რაღაცით ვიღაცას დავეხმარე. იმ დღეების მანძილზე პირველად, ცოტა დავმშვიდდი საღამოს... და სახლთან მოსული სამსახურიდან გამომიძახეს. 4 საათამდე სამსახურში ვიყავი, იქ პირველად გავიგე რო ყველაფერ მართლა ცუდად იყო, ისე არა როგორც გვეგონა, არამედ მართლა...
ჩემი დის ისტერიული კივილიც მახსოვს, მეორე ღამეს დარეკა, CNN-ზე წერია თბილისს ბომბავენო, ვინ გადარჩა შენს გარდა ცოცხალი მითხარიო... 10 წუთი ვერ ვაჩერებდი, ბოლოს კამერა ჩავურთე, სანამ ყველა არ დაგვინახა არ ჩერდებოდა... გამთენიისას ჩამეძინა. რაღაცამ გამაღვიძა, სანამ მიხვდი რამ გამაღვიძა მიმახვედრეს, მეორე ზალპი და მახათას მთაზე რადარისგან ნამსხვრევები დარჩა. 1 კვირით ადრე რადარის გვერდით ვიდექი პარაპლანით ხელში და ასაფრენად ვემზადებოდი...
ბოლოს ის წყეული საღამო, ის დაწყევლილი საღამო... გვიანამდე შევრჩი სამსახურში. მე და ჩემი თანამშრომელი გოგო. ნერვიულობდა სახლში როგორ წავალო, გაგაცილებთქო დავამშვიდე. დაცვა ამოვიდა სართულის დასაკეტად და "რუსები მოდიან, გამოიქცნენ ჩვენები, ტანსაცმელი გადამალეს რო არ იცნონ და იმალებიანო". კინაღამ დავარტყი... რომ მივაცილე, ფეხით გამოვუყევი ვაჟას. ტელეფონი დამჯდარი მქონდა და ერთადერთი რაც მაოცებდა საზიზღარი სიჩუმე და თითო ოროლა, გიჟური სიჩქარით მოძრავი მანქანა იყო... მერე ვნახე როგორ დაარტყეს ერთმანეთს ტიპებმა ბენზინის გულისთვის და მივხვდი რო რაღაც ცუდად იყო...
მახსოვს სახლის კარი, დედაჩემის ფერდაკარგული ტუჩები და მამაჩემი რომელიც უცებ გატყდა. ხმა წაერთვა. 2 დღე ვეღარ ლაპარაკობდა. შეეშინდა? დედაჩემს კი, მამაჩემს არა. მამაჩემი უბრალოდ გატყდა, უცებ დაკარგა ყველანაირი რწმენა, რომელსაც მთელი წინა ღამეები ერთად ვდარაჯობდით და ვასულდგმულებდით... მახსოვს ტელეფონი ჩავრთე და ზედიზედ მომდიოდა ერთნაირი შინაარსის შეტყობინებები "ქალაქიდან გავრბივართ...". მახსოვს დიდი ხნის მერე, როგორ იტირა ჩემმა მეგობარბა, რომელმაც სახლში დედა დატოვა და თვითონ გაიქცა. დედა დარჩა, მე გასაქცევი არ მაქ, ეს ჩემია და აქ დავხვდები, შენ წადიო... შეეშინდა? შეეშინდა. ჰო, შეეშინდა... ყველას შეეშინდა და ვერავის ვერ ვკიცხავ. ვიღაცას 30 წლის ასაკშიც არ უპოვია თავისი ქვეყანა, მე იმას ვერ გავკიცხავ... მერე მახსოვს როგორ ამუშავდა ტვინი და როგორ აღმოვაჩინე რო შეიძლება ადამიანს შეგრძნებები გაგიქრეს. რობოტივით ავმუშავდი. მახსოვს ჩემი და, იხვეწებოდა გაიქეცით სადმეო, არ აქვს მნიშვნელობა სად, უბრალოდ გაიქეცითო... და მახსოვს ყველაზე მთავარი... იმას რაც მჯიჯგნიდა, რაც მტანჯავდა და მაწვალებდა, უცებ სახელი გამოუჩნდა: "ჩემი სამშობლო" ერქვა და 23 წელი,1 სამოქალაქო და 2 ომი დამჭირდა იმისთვის რო სახელი დამერქმია. ოღონდ ყველანაირი დითირამბების გარეშე, აი ეგეთი, გაუბედურებული, გამასხარავებული, დამპალი მენტალობის ხალხით, ბნელი წარსულით და საერთოდ გაუგებარი მომავლით. მარა ჩემი ქვეყანა. მივხვდი რა ძნელი სათრევია ეგ სიტყვა...
ეგ ღამე... ეგ ღამე ყველაზე გრძელია 25 წლის მანძილზე, ყველაზე ზიზღიანი, ყველაზე სისხლიანი და ყველაზე მკვდარი. ის რასაც ჩემი უფროსი მეგობარი მთელი 20 წელი აგროვებდა, უფრთხილდებოდა, ზრდიდა, ის რასაც ჩვეულებრივი ჯარისკაცები 20 წელი ეფერებოდნენ, საჭმელს აჭმევდნენ და ამზადებდნენ, ის, რამაც ერთად ამოხეთქა 7-8-ში, როცა ჩემის დასაბრუნებლად შევიდნენ და მე ამ დროს სახლში ვიჯექი... აი ეგ 20 წლიანი ზიზღი ერთად მოვიდა ერთ ღამეში და ერთად დასახლდა...
მერე იყო მოლოდინი, აგრესია, პროტესტი, დროშები, პრეზიდენტები, დემონსტრაციები, კონცერტები, "საქართველოს გაუმარჯოს"-ები და ილუზიები რო რამეს ცვლი, რამე შეგიძლია და ვინმეს ადარდებ...
2 წელი გავიდა... დღესაც გვაქვს დროშები, კონცერტები, გზები, ბულვარები, გაუგებარი სიხარული და რაც ყველაზე გულდასაწყვეტია საოცარი ხასიათის სიმტკიცე და შეუპოვრობა თითოეულ ადამიანში ამ ზიზღთან საბრძოლველად. საოცარი შეუპოვრობა, რო დავივიწყოთ, რო დაგვავიწყდეს, რო შევეგუოთ, რო შევეჩვიოთ... მე კიდე არ მავიწყდება, ვერ ვივიწყებ, არ ამოდის თავიდან არც ფოტოები, არც კადრები, არც შეგრძნებები, არც განცდები... მაგრამ ჩვენ ყველანი, მაინც ჯიუტად ვცდილობთ დავივიწყოთ და ისევ ჩავუნერგოთ საკუთარ თავს, რომ ომი სხვაგანაა, სხვა ქალაქში, ჩვენგან შორს და ჩვენამდე ვერ მოვა, ჩაგვივლის გვერდით ისე, რომ ჩვენამდე ვერ მოვა...
25 წლის მანძილზე 2 ომს და 1 სამოქალაქო ომს მოვესწარი. არცერთში არ ვყოფილვარ, მხოლოდ ტელევიზიით, ინტერნეტით და მონაყოლით ვიცი რას ნიშნავს ომი... მაგრამ უკვე 2 წელია სამშობლო მაქვს, ჩემი ქვეყანა მაქვს და ჩემი მიწის სუნი მაქვს... და ზიზღი მაქვს, ზიზღი და ბოღმა, რომელსაც უკვე მეც იმ ჩემი მეგობარივით ვუფრთხილდები, ვეფერები, თავზე ხელს ვუსვამ და ველოდები რომ 10 ან 20 წლის მერე კიდევ მოგვეცემა შანსი გამოვუშვათ... კიდევ მიეცემა შანსი ვინმე ჩემნაირს ნაგვით სავსე სამშობლო იპოვოს და შეუყვარდეს...
შეიძლება მე გავგიჟდი 2 წლის წინ, შეიძლება მე ადამიანის სახე დავკარგე, მაგრამ მაინც ასე ჯობია, ვიდრე ისე. ახლა რაღაც მაინც მაქვს, რისთვისაც კრიჭა შეიძლება შეგეკრას ადამიანს, რაღაც მაინც მაქვს, რაზეც გული დაგწყდება... 2 წლის წინ მე არ ველოდი ჩემს შანსს, 2 წლის მერე მე მას ველი და იმედი მაქ რო არა მარტო მე...
მაპატიეთ თუ დაგამძიმეთ, თუ მოჩვენებითი იდილია და სიმშვიდე დაგირღვიეთ. მაპატიეთ რო ვერ მავიწყდება. და მაპატიეთ რო არც თქვენ გავიწდებათ მერე რა თუ არ აღიარებთ და ცდილობთ რო დაგავიწყდეთ... და ნუ დაივიწყებთ...
This post has been edited by Gode on 8 Aug 2010, 01:58
--------------------
http://www.gode.ge შინაარსიანი ბლოგი
|