დღეს ფეხით ვარჩიე გავლა. ერთ კუთხეში სულ დგას ერთი და იგივე მათხოვარი, ახალგაზრდა ბიჭია, ფიზიკურად არანაირი ნაკლი არ აქვს, გარდა იმისა რომ თავი აქვს არანორმალურად პატარა. სახე ნორმალური ზომისაა, მაგრამ კეფა თითქოს სახესაა მიწებებული. მოკლედ, როგორც იტყვიან ხოლმე, ერთი გიჟი ყველა სოფელს რომ ჰყავსო, ისეთია.
ფეხით რომ გავიარე, იმაზე შევჩერდი.
როცა მანქანით ავუვლი ხოლმე სულ ვაძლევ ფულს, ახლაც რომ მივუახლოვდი, დავუძახე რომ ფული მიმეწოდებინა. მიცნო, მოვიდა და გამიღიმა. ფული მივაწოდე, გამიღიმა და რაღაც მითხრა. ანა მა ბაჰკი არაბი, ჰაბიბი (არ ვლაპარაკობ არაბულად) ვეუბნები.
დუ იუ სპიქ ინგლიშ ორ ფრენჩ? მეკითხება. ღიმილი სახეზე შემეყინა, მეთქი ალბათ მომესმა, მაგრამ ავტომატურად ვუპასუხე, რომ ინგლისურად შემიძლია ლაპარაკი.
ერთი შეკითხვა მაქვს-მეუბნება ინგლისურად.
გისმენთ.
რატომ მაძლევთ ყოველ ჯერზე მაინცდამაინც ხუთ დინარს? რატომ ერთს ან ორს არა? ან ათს? ან საერთოდ, რატომ მაძლევთ ფულს? გთხოვეთ ოდესმე ფული?
შევცბუნდი, კი მაგრამ აბა რატომ მართმევ ფულს? - ვეკითხები.
მაძლევ და რატომ არ უნდა გამომგართვა? - შემომიბრუნა კითხვა.
მართალი ხარ- დავეთანხმე. რისთვის მიქნევ ხელს როცა აგივლი?
დალაპარაკება მინდოდა შენთან.
უცებ ვაანალიზებ ვის ველაპარაკები და ეჭვი მიპყრობს რომ ეს ყველაფერი არარეალურია. თუმცა ფაქტს ვეღარ გავექცევი, ეს ბიჭი მშვენიერი ინგლისურით, ძალიან ჭკვიანურად მელაპარაკება.
ფრანგულად მართლა ლაპარაკობ? - ვეკითხები.
უი - მპასუხობს. ფრანგულადაც და რუსულადაც, მაგრამ რუსული არ ვახსენე, ვიცი რომ თქვენი მტრები არიან და არ მინდოდა გამეღიზიანებინე.
დამბურძგლა.
არა უშავს, ენა ხომ მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, ისევ ავტომატურად ვპასუხობ და მოგვიანებით ვაანალიზებ. რომ ჩემზე შესახებ სცოდნია რომ ქართველი ვარ.
საიდან იცი რომ ქართველი ვარ?
შენ ხომ აქვე მუშაობ? ვკითხე შენს კოლეგებს და მითხრეს. კარგია რომ ენა კომუნიკაციის საშუალებად მიგაჩნია და მტრის ენაზე საუბარი არ გგონია ქვეყნის ღალატი.
ისევ დამბურძგლა.
მე ძალიან მეშინია, რომ ერთ დღეს ჩვენს ქვეყანას მტერი არ ეყოლება.
რატომ? -ვეკითხები ისევ რობოტივით.
ერთმანეთს დავერევით. ძალიან გავბოროტდით, მივეჩვიეთ გაბოროტებულ ყოფას, როცა საერთო მტერი არ გვეყოლება, ამ სიბოროტეს ხომ რამე უნდა ვუქნათ? ჰოდა, ერთმანეთს დავერევით. ძალიან მეშინია ამის. არ შეიძლება ბოროტებას ბოროტებით ვებრძოლოთ. ეს საბოლოო ჯამში ჩვენვე მოგვსპობს... მაჰათმა განდი გაგიგია?
ვცდილობ ნერწყვის მოძიებას, მაგრამ არაფერი გამომდის. არადა, ყელი ისე გამომიშრა, ხმას ვეღარ ვიღებ. ამიტომ მხოლოდ თავს ვუქნევ.
ამ ზამთარს გახსოვს თოვლი რომ მოვიდა?
ისევ თავს ვუქნევ.
დააკვირდი ბავშვები რა გაბოროტებული სახეებით ესროდნენ ერთმანეთს თოვლის გუნდებს?
მხრები ავიჩეჩე.
მე ბევრჯერ შევამჩნიე. თამაშიც არ შეუძლიათ ნორმალურად. თამაშითაც გაბოროტებულები თამაშობენ.
ჩემთან ბავშვებზე გინდოდა გელაპარაკა?-ძლივს ამოვიღე ხმა.
არა- გაიღიმა. საქართველოზე, მაინტერესებს რა ხდება თქვენთან.
მიუხედავად იმისა, თითქოს უნდა მივმხვდარვიყავი, რომ სავსებით ნორმალურ ადამიანს ველაპარაკები, ეტყობა მაინც შემეტყო სახეზე, რომ თავი სიზმარში მგონია.
მესმის შენი, შენც insane გეგონე ალბათ, როგორც ყველას. მათ შორის ჩემს ძმებს. უფრო სწორად, ჩემს ძმებს ძალიან უნდათ რომ ეს ყველას სჯეროდეს. ვუდი ალენის არ იყოს, ცუდია ბევრი ფულის ქონა, რადგან მემკვიდრეები ყველა ღონეს იხმარენ , რაც შეიძლება მალე დააჯერონ ყველა რომ მოხუცდი, გონებასუსტი ხარ და არ შეგიძლია ქონების პატრონობა. ჩემს ძმებს კი ბუნებაც ძალიან დაეხმარა ამ საქმეში. ჩვენს ოჯახს დიდი ფული აქვს. ისევ გაიღიმა.
ასე მგონია, ამდენი ბურძგვლისგან თმები ეკლებივით გამიხდა. ყელის გაშრობას არაფერი ეშველა და ხელების გაციებაც დაემატა.
მამაჩემის გარდა არავის ვუყვარდი და როგორც კი გარდაიცვალა აქ გამამწესეს - თავი ფსიქიატრიული ჰოსპიტალისკენ გაიქნია. ოთხი წელია აქ ვცხოვრობ. არაფერი მაკლია. მომწონს აქაურობა.
ვერაფრით ვაკავშირებ ერთმანეთთან ბიჭს, რომელიც წინ მიდგას იმ ხმასთან ვინც მელაპარაკება. ეტყობა ძალიან უმწეოდ გამოვიყურები.
მომცემ ხუთ დინარს?
ჰო - მექანიკურად ვიყოფ ჯიბეში ხელს და ფულს ვაწვდი.
აკი, ფული არ მინდაო? -ვეკითხები.
ადრე არ მითხოვია, ახლა გთხოვე. სხვებიც მაძლევენ, ადგილობრივებს ხან ფრანგულად ხან რუსულად ვთხოვ რომ გამომელაპარაკონ, ისინი კი ფულს მაძლევენ. რა ვქნა, მაძლევენ და ხომ უნდა გამოვართვა? იცი აქვე ახლოს უპატრონო, ბრმა ბავშვების პანსიონიატი?
ჰო - თავს ვუქნევ.
იმათთვის ვყიდულობ საჩუქრებს.
უკვე ვეღარ ვაზროვნებ, თან თვალები ცრემლებით მევსება.
თუ ხარ შიგნით ნამყოფი, რაც კორიდორებში ლამაზი ფოტოები ჰკიდია, ყველა ჩემი ნაყიდია.
კი, მაგრამ ... - ძლივს ამოვღერღე.
ეს თქვენ გგონიათ ასე! - მომიჭრა მკვახედ.
მიტრიალდა და წავიდა.