გვიან გავთავისუფლდი

მთელი ბატალიონი მოვიდა და სანამ იმათ მივხედე, დავალაგე-ავალაგე, კი გახდა შუაღამე :|
დაპირებულს გავაგრძელებ, დავწერე წაღან სანიას ამბების გაგრძელება და ვინ იცის როდის შევძლებ ისევ.
ამ ჩანართის წინა თავი:
ყავა და ყველიAlex Stefanovic
*** Као никотин, ти још течеш мојим венама... *** vor 14 Stunden
( წინა ჩანართის XIX ნაწილი)
მანქანის უკანა სალონში მე და ნიკოლა ვიჯექით. უხმოდ ვუყურებდი გარეთ ულამაზეს თოვლიან ლანდშაფტს, მაგრამ ვერც ეს მშვენიერება მითრგუნავდა გამოუთქმელ ტკივილს, რომელიც გამალებით ზრდიდა თავის შესაძლებლობებს. არც ნიკოლა და მარიონი უბნობდნენ არაფერს, სადღაც მიეყუჟებინათ მათი მუდმივი სიხალისე და ერთმანეთში განუწყვეტელი პაექრობის სურვილი. რაც მეტად ვცილდებოდით ალექსის იმ დროინდელ ზამთრის სამფლობელოს, უფრო და უფრო ინტენსიური ხდებოდა გულზე ჩხვლეტები. თავს ვებრძოდი, რომ ხმა არ ამომეღო და მარიონისთვის არ მეთხოვა უკან დაბრუნება, წამის მეოხებით საკუთარ თავს თუ სურვილებს შვილების ბედზე მეტ პრიორიტეტს ვანიჭებდი და ამ საშინელ მოწინააღმდეგესთან ისევე ამ წამების გავლენის ქვეშ თეთრი ბაირაღის აფრიალებას ვლამობდი... გავიდოდა ეს წამები და ვბრუნდებოდი რეალობაში, სადაც უკვე წივილი მსურდა...
ნიკოლამ მხარზე ხელი შემახო და მისკენ მიმაბრუნა, ახლოს მოჯდა და მიმიხუტა, მკოცნიდა სველ ლოყაზე უსიტყვოდ. უეცრად მარიონმა მანქანა გააჩერა, გადავიდა მანქანიდან თოვლიან შარაზე, რამდენიმე მეტრი მოსცილდა მაქნანას, თოვლში გადავიდა და რასაც მე ვაპირებდი, თავად ქნა: ისტერიულად ტიროდა და ფრანგულ ენაზე რაღაცას იძახდა, რასაც მე ვერ ვიგებდი. ნიკოლა კი მოწადინებით ცდილობდა ჩემი თვალთახედვის არე დაეფარა და უხილავი გაეხადა ჩემთვის ეს სურათი... არც მე გავძალიანებულვარ, ვიცოდი რასაც დავინახავდი, მხოლოდ ვტიროდი ჩემსას, მარიონისას, ალექსისას თუ ნიკოლას ბედს - ყველას ერთად ვტიროდი...
***
საღამოს უკვე ბაზელს მივაღწიეთ თითქმის. ნიკოლა ბაზელამდე დამემშვიდობა, სისველით აციმციმებული ლურჯი თვალებით სიყვარულით მიცქერდა კარგა ხანს, ბოლოს დამწვდა, ამიყვანა ხელში და ასე ბავშვივით მიმიკრა მკერდზე, მკოცნიდა შუბლზე, სახეზე და რაღაცას ბელგიური ფრანგულის დიალექტით მელაპარაკებოდა, ვერ ვიგებდი, მაგრამ არც იყო საჭირო - რაც საჭირო იყო ვიცოდი: ამ ბიჭის უზადო ერთგულება და მისი ჩემდამი უკიდეგანო სიყვარული, რასაც ყოველთვის მთელი არსებით გადმოსცემდა...
მანქანაში შემობრუნებულს მარიონმა სანამ მანქანა აამუშავა, მომმართა:
- თეთრო, შენ კი ხარ კარგა გვარიანი ხანია შენს საკუთარ „კოლხოზში“, მარა ჩვენ ჯერ მთლად ვერ ვქაჩავთ მაქამდე, ამიტომ ძველ წესებს შეგახსენებ...
- რა თქმა უნდა, მარი...
- მოკლედ, ვიღაც შნირები გვყავს კუდზე, მარტოდ რომ ვიყო, არც არაფერი, მაგრამ არ მსურს შენ გაეხვიო რაიმეში. ახლა მიგიყვან ერთ ადგილზე, შეხტი იქ და შენი თმებისგან რადიკალურად განსხვავებული პარიკი იყიდე, აგერ კრედიტ-ბარათი... ხალს რაც შეეხება, შენს დემასკირებად ნიშანს, მაგას მე შევნიღბავ, მიდი აბა, იჩქარე, მე დილით საქმეზე ვარ გასასვლელი და უკან დაბრუნება უნდა მოვასწრო...
თან საბანკო ბარათი გამომიწოდა და პინ-კოდიც გამიმეორა. გამოვართვი, მაგრამ მაინც ვუთხარი:
- მარი, აქედან რა პრობლემაა, წავალ მე მატარებლით, ნუღარ დაყოვნდები...
- არა, სიტყვა მივეცი შტეფს, რაებს ბაზრობ, აბა?!
რახან სიტყვა ახსენა, იქ კამათი აღარ შეიძლებოდა, სიტყვა ხომ სიწმინდე იყო მათთვის თავიდანვე...
მგონი გამახალისა კიდეც წარსულში დაბრუნებამ, სარკეში ვათვალიერებდი ჩემს ვისაჟს და რაც ალექსის სახლი დავტოვეთ, მგონი პირველად გავიღიმე მას შემდეგ:
- ოსტატი ხარ, მარი, თავად მე მეპარება ეჭვი ეს მე თუ ვარ,
- ეჰ, ჩემო თეთრო, არ შე-ვეცი ოსტატობას? რა ჯანდაბად გვინდა თორემ კი...
ნაღვლიანად მიპასუხა. იმ დღეს ისედაც მაოცებდა მარიონი, ჯერ ხომ მისმა ტირილმა ჩამაგდო საგონებელში, მანამდე რომ ვერც წარმოვიდგენდი მას ეს თუ შეეძლო, ახლა კიდევ ასეთმა სენტიმენტალობამ, რაც მის ახირებულ, ჯიუტ, მიმწოლ ხასიათს არანაირად არ ეხამებოდა, თუმცა, უფრო გასაკვირი წინ მელოდა, გააგრძელა რა საუბარი:
- ასეთია ჩვენი დედაშეც..ული ბედი, თეთრო, შენ კიდევ გაღმა ხარ, ჩვენ კი შორს ვართ მაგ კომფორტისგან ჯერ, სულ ცოტაღა დარჩა, მაგრამ მაინც...
- მიუხედავად იმისა, რომ ვერ გიმეტებთ გადასაკარგავად, მაინც მინდა რომ მალე ქნათ ეგ, მარი...
დაწყებული თემა შეცვალა, ისე ალაპარაკდა, თითქოს საკუთარ თავს ესაუბრებოდა:
- ოთხი წლის წინ ჟენევაში ფაქტიურად სტაციონარობა მომიხდა, ძალიან გაგრძელდა ცდის პერიოდი და შესაბამისად ფუქსავატობასაც ვიფერებდი. დავდიოდი საღამოობით ბარში, რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე , თორემ თავად იცი რა ბანძი ბარებია იქ - არასაჩვენო, მაგრამ კარგებიც ყოფილა, აღმოჩენა უნდოდა მხოლოდ...
არაფერი მითქვამს, მხოლოდ მთელი ტანით მისკენ შევტრიალდი და ყურად ვიქეცი, განაგრძო:
- ხოდა, ასე გავიცანი იქ ბარმენი, სხვა „პრასვეტი“ ისედაც არ მქონდა, ვიჯექი ყოველ საღამოს თეკასთან და ცხადია ბარმენის მოვალეობიდან გამომდინარე რაღაც კომუნიკაციური ურთიერთობაც ჩამოყალიბდა ჩვენს შორის. ხორვატი იყო ეს ბიჭი, ანტე ერქვა... კაცის უნახავი გამხადაო რომ იტყვიან ისეთი ტიპი: წესიერი, თავაზიანი, ვაჟკაცი... მუსკულატურაზე ნუ მკითხავ ნურაფერს, ქანდაკებასავით იყო ჩამოსხმული... ხოდა ასე, დავვახლოვდით და ორი თვე ერთმანეთის გარეშე წუთი არ გაგვიტარებია. მე ინჟინრად გავასაღე თავი, დილით მივდიოდი „სამსახურში“, შუადღის მერე კი გიჟები და გადარეულები თინეიჯერებივით ვეკოჭებოდით ერთმანეთს... ერთ დღესაც მოვიდა ყვავილების უაზარმაზარი თაიგულით, ამიტაცა ხელთ და სიცილით მითხრა, რომ სიურპრიზი აქვს ჩემთვის და იქნება მომეწონოს...
მანიშნა სიგარეტი ამეკიდებინა, მეც მივაწოდე:
- მოკლედ, გახსნა პატარა, მარმაშებით მორთული კოლოფი და საქორწინო ბეჭედი გამომიწოდა, იმედით სავსე თვალებით მიყურებდა, სანამ მეტყოდა, რომ ხელს მთხოვს...
მეც ავუკიდე სიგარეტს, თავადაც დააყოვნა, მომეჩვენა რომ ცრემლი გადაყლაპა:
- ასე, ხელი მთხოვა ანტემ... მე კი ვიდექი დეგენერატივით, ჯერ ვიღიმოდი სიხარულით, მერე დარდი მბოღმავდა და ასე რამდენი წუთი განუწყვეტლივ, სანამ მისმა ხმამ არ გამომიყვანა ამ ჯოჯოხეთიდან: „ რა ხდება, კლავდია, ნუთუ ასე მოულოდნელია ეს შენთვის? მე პირველად შევხვდი ქალს ჩემს ცხოვრებაში, ვისთან ყოფნაც სიცოცხლის ბოლომდე მსურს, რა გჭირს ძვირფასო?“ - რას ვიზამდი, მეც გავუღიმე, ვაკოცე და მივუგე, რომ სწორედ მეც მაგ აზრზე ვარ მის მიმართ და ეს ისედაც ხომ სიმართლე იყო... ამოიღო ბეჭედი და გამიკეთა თითზე, თან სიხარულით მეუბნებოდა, რომ მის მშობლებს დღესვე გააგებინებს, ამ დღეებში ისინი მე გამიცნობდნენ და გაიხარებდნენ...
ვერაფერი ვთქვი ისევ, იქნებ ელოდა მარიონი რაღაცა მეთქვა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ცოტა ხანი გაჩუმდა დ აისევ წამოიწყო:
- ორი დღის შემდეგ მე შეტყობინება მივიღე, საქმეზე მწვანე შუქი მომცეს და მხოლოდ ორი დღეღა მქონდა ჟენევაში დარჩენილი. ანტესთვის არ მითქვამს არაფერი, ცხადია ამას ვერც ვეტყოდი, მაგრამ არც ის მითქვამს, რომ მე ამას ვერ შევძლებდი... ვერც ვეტყოდი, იმიტომ რომ მიხაროდა მაინც... მაინც მიხაროდა, რომ ლამაზია ქალობა და ლამაზია სიყვარული...
ხელით მარჯვენა ლოყაზე მოვეფერე, თავი შემახო იმავე ხელზე უკან მოფერების ნიშნად და განავრცო:
- იმ დარჩენილ ორ დღეში მე და ნიკოლამ შევასრულეთ შესასრულებელი და საღამოს უნდა დაგვეტოვებინა შვეიცარია. მანამდე ანტეზე ნათქვამი მქონდა, რომ ეს ორი დღე მჭირდებოდა მეც „ჩემები“ რომ მენახა საფრანგეთში და მეცნობებინა ჩემი გაბედნიერების ამბავი, რაზედაც ცხადია დამთახმდა და უხაროდა, რომ მალე თავადაც გაიცნობდა მათ... სანამ ჟენევას დავტოვებდი, წერილი დავწერე და ნიკს ვთხოვე იმ ბარში მიეტანა და გადაეცა ანტესთვის ეს წერილი...
ცრემლი უმისამართოდ აუგორდა ლოყაზე, ვემთხვიე და ვკითხე:
- რა მიწერე, მარი?
შეიწმინდა სველი ლოყა, გაეღიმა და მიპასუხა:
- რა ჩემს ფეხებს მივწერდი... რაც სიმართლეა ის: ანტე, მე არ ვარ ის, ვინც შენ გეგონე, მიყვარხარ, არ გთხოვ პატიებას, მაგრამ მიყვარდე ეს ჩემი უფლებაა... ბედნიერებას გისურვებ! - აი, ეს მივწერე, მწარე სიმართლე... დედას შევ..ცი! მას შემდეგ კი, თეთრო, წელიწადში რამდენიმეჯერ, სადაც არ უნდა ვიყო, ჩამოვდივარ ჟენევაში, ვდგები მისი სახლის წინ მანქანით და ვუყურებ როგორ მოდის სახლში, როგორ ენთობა მის ოთახში შუქი, როგორ ზის თავის კაბინეტში და კითხულობს, როგორ ქრება მის საძინებელში ბოლოს შუქი, რომელიც ჩემი საძინებელიც იყო ერთ დროს... სულერთია სად ვარ, ჩამოვდივარ და ვნახულობ ამას... ოთხი წელი გავიდა, სხვადასხვა დროს ჩამოვდივარ ხოლმე, მაგრამ ყოველთვის მარტოა იმ სახლში... მარტო... როგორც მე... შევ..ცი ცხოვრებას!
დავეთანხმე გინებაზე, გულში - მაგრამ მაინც... ისევ ავტირდი და ისევ ვტიროდი ჩემსას, მისას, ნიკისას თუ სანიას სატირალს: ყველას ერთად ვტიროდი და საუკეთესოდ მესმოდა, რომ ეს ცალკ-ცალკე განსხვავებული პიროვნებები მაინც რაოდენ ერთნაირები ვიყავით...
მალე გერმანიის საზღვარსაც მივაღწიეთ. შვეიცარიის საზღვარი ერთ-ერთი უმკაცრესია მთელს შუა და დასავლეთ ევროპაში. მე გადაჩვეულს ნერვებმა ამიტანა, მაგრამ მარიონი ჩვეული და აუცილებელი სიმშვიდით მამხნევებდა. ისევ მოვიხსენი ჩემი პარიკი, რომ დავმსგავსებოდი თავს, რამდენადაც პასპორტის სურათს უნდა დამთხვეოდა ჩემი გარეგნობა.
სასაზღვრო პოლიციელი მოგვიახლოვდა მანქანასთან. თავაზიანად მოგვესალმა და საბუთები მოითხოვა. მარიმ ღიმილით გაუწოდა. საკმაო ხანს ათვალიერა პოლიციელმა ორივე საბუთი, იმაზე მეტი სერიოზული სიფათი შეკერა ვიდრე იყო და მოგვმართა:
- გადმობრძანდით მანქანიდან და ჩააქრეთ მანქანის მოტორი!
უხმოდ დაემორჩილა მარი. ორივენი გადმოვედით. უმცირესი დეტალის ჩათვლით შეამოწმეს მანქანა, ასევე ჩვენი ხელჩანთებიც. ისევ ალაპარაკდა პოლიციელი:
- და პარიკი რატომ გაქვთ?
სანამ პასუხს გავცემდი მარიონმა დამასწრო:
- რას ქვია რატომ გვაქვს? ქალს პირველად ხედავ, ვაჟკაც?! იქნებ საცვლებშიც ჩაგვხედოთ ტამპონები თუ გვიდევს და იკითხოთ, რატომ გვაქვს ტამპონი? რა წესია ეს? ჩვენ პომადაც კი გვიდევს ჩანთაში, როგორ გავბედეთ, არა?
პოლიციელი დაიბნა, ცოტა წამოწითლდა, პასპორტები და ჩანთები უკან დაგვიბრუნა, ამასობაში სხვებს მანქანის „შმონიც“ მოთავებული ჰქონდათ. ცოტა დააყოვნა და ხმა ამოიღო:
- გასაგებია, ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!
თქვა და ხელი რატომღაც ჩამოკიდებულ პისტოლეტს შეახო. ჩავჯექით მანქანაში, დაქოქა მარიმ მანქანა, მაგრამ სანამ დასძრავდა პოლიციელს ფანჯრიდან რაღაც ფრანგულად მიაძახა, რაზედაც მთლად ალაპლაპდა კაცი, თუმცა ვერ გავიგე რა მიახალა.
გამოვცილდით რა სასაზღვრო ზონას , ისევ შევინიღბე ჩემი პარიკით, ცნობისმოყვარეობაც მაწუხებდა, ამიტომაც პირდაპირ ვკითხე:
- რა უთხარი იმ კაცს ისეთი, რომ სახე წაეშალა?
სრული სერიოზულობით გამცა პასუხი, მისხალი ღიმილიც რომ არ დაუყოლებია:
- რა ვუთხარი და მაგ პისტოლეტის ოდენა რომ შარვალში გქონდეს კაცი იქნებოდი მეთქი! რა უნდა მეთქვა ვიღაც იდიოტისთვის სხვა?
მგონი მეორედ გამემიღა იმ საღამოს... ორივენი დავდუმდით და ცალკ-ცალკე გადავეშვით საკუთარ ფიქრებში...
( *გავაგრძელებ, ძალიან მიჭირს წერა, მაგრამ რახან დავიწყეთ , ბარემ მივიყვანოთ ბოლომდე, თუმცა ბოლო კაცმა არ იცის როგორია, ამიტომ ვგულისხმობ იმ ბოლოს დასრულებას, რაც ამ ამბებმა გამოიწვია. მადლობა ყველას :**** )
პ.ს.ეს სურათი იცით, მაგრამ სწორედ ზემოთ ხსენებული პარიკია - მარიონის მიერ ნაყიდი, რომელიც დღესაც მაქვს სხვებთან ერთად და გამორჩეულად მიყვარს
This post has been edited by CZ88 on 11 Sep 2011, 08:30
მიმაგრებული სურათი