არ ყოფილა ჯერ

აუ მე მგონი ვაოფებ ძაან ))
აი კიდევ ერთI ნაწერი, მთლად უსინდისოდ რომ არ მოვიქცე ))
******************************************************************************************
სადგური ძალიან გავდა ფუტკრის სკას. ის დუღდა და გადმოდიოდა, ფუთფუთებდა და ბზუოდა, ათასგვარი ფერი, ფორმა და ხმა ერთად აღებული ქმნიდა ქაოსს, რომელიც სადგურისათვის უკვე ყოველდღიურ და ჩვეულ სანახაობად ქცეულიყო. ბილეთს კარგად დავაკვირდი, ზედ გარკვევით ეწერა ავტობუსის და არა ჩემი ადგილის ნომერი- DAL 458. გამიკვირდა, რადგან ველოდი, რომ ჩვეულებისამებრ ჩემი ადგილის ნომერი ეწერებოდა. უამრავ ყვითელ ავტობუსში ძლივს მოვძებნე ზემოთხსენებული DAL 458 და გაჭირვებით ავედი, რადგან ასასვლელში ვიღაც მაღალი, შუაზეგაყოფილჩოლკიანი სიგარეტს ეწეოდა და არც უფიქრია გზა დაეთმო. ავტობუსში ასვლისთანავე მივხვდი რატომ ჰქონდათ შიგნით მსხდომებს აჭარხლებული სახეები. ასევე მივხვდი იმასაც, თუ რატომ არ ეწერა ბილეთზე ჩემი ადგილის ნომერი.
დავჯექი. მაშინვე დამებადა ლოგიკური კითხვა, რომლითაც გვერდით მჯდომ ქალბატონს მივმართე – უკაცრავად, რომელ საათზე გადის? მან “არმანის” სათვალის ზემოდან გადმომხედა და მითხრა
-ვისი ხარ შვილო შენ?
-სტუმრად მივდივარ ქალბატონო!
-ვისთან?
-ლალი ბრეგვაძესთან!
-აააა, ლალისთან? რა ხარ მისი?
-ნათესავი ვარ!
-როგორი?
-დისშვილი ვარ!
-ააა, უი შენ რუსიკოს გოგო ხარ? კი ვიფიქრე, მეთქი რუსიკოს გოგო ხომ არ არის ეს თქო.
-და ავტობუსი...
-როგორ არის დედაშენი? ეეჰ, რაც მე და მაგას შალიკოს ბჟოლა გვიჭამია ერთად?!
სანამ თავისი ბავშობის ისტორიას სრულად მომიყვებოდა მოვასწარი და ჩავურთე
-ისა და ავტობუსი რომელ საათზე გადის?
-არ აქვს შვილო ამას დრო და საათი, როცა გეივსება გავა აპა რას იზავს.
დრო გადიოდა და მზე უფროდაუფრო მწველი ხდებოდა, რასაც ავტობუსში მსხდომები განსაკუთრებით მძაფრად განვიცდიდით. თავი მზეზე დაგდებულ კონსერვის თავდახურულ ქილაში მეგონა. დრო რომ გამეყვანა ჩემი ძველი მეგობარი ფოტოაპარატი ვიშიშვლე, ავტობუსიდან ჩავედი და ფოტოების გადაღება დავიწყე. -თან საქმე – ვფიქრობდი გულში. სადგურზე, ხალხში ყოველთვის საინტერესო ფოტოები გამოდის. ავტობუსში რომ დავბრუნდი, ჩემს წინ მჯდომმა მოხუცმა კაცმა მკითხა – რომელი გაზეთიდან ხარ შვილო? ის ის იყო პასუხი უნდა გამეცა, რომ ავტობუსში მეტად საინტერესო ობიექტი გამოჩნდა და ყველას მასზე გადაერთო. ეს იყო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თუ კი ბუნებაში რამე ფერი არსებობს – აბსოლუტურად ყველა გამოეყენებინა მაკიაჟის გაკეთებისას. ტანთ ემოსა ივ სენ ლორანის შავი ბლუზი და ვიწრო, წითელი ქვედაკაბა. თმათა ტევრი ყვავილებიანი სამაგრების ქვეშ გამოემწყვდია. მთლიან კომპოზიციას აგვირგვინებდა წითელი, მაღალქუსლიანი კედები.
-ეს ნაილის გოგო არ არიი?
-ხო, მისია, დედა-დედა რავარი კაი გამხდარა!
-არა კაცო, თფილისი ცვლის მაინც ადამიანს, სხვანაირად აპეწიანებს.
-აპა, აპა სად აქვთ ამ ბიჭებს თვალები, აგერ აა ჩემს ბოვშვს დოუღია პირი ჩვენი მეურნეობის ჭიშკარივით და დეიჭვანგება გლახათ. სუ ვეუნები- ბიჭო გაახილე თვალები, ვინცხა შემეიყვანე ჩვენს ეზო-კარეში, ერთი ბრუხუნა შვილიშვილი ჩამიგორეთ კალთაში-თქვა. მარა სულ ტყვილად ვლაპარიკობ ამდენს.
-კი მარა, სად წევიდა ეს შოფერი, რო დაგვყარა აქანა ამ სიცხეში, ავდუღდით, მაგას ოუდუღდა გულ-მუცელი. ეხლა თვითონ ალბათ ჩეროში ზია და ნაყინს ხეთქავს.
-ე, ბიჭო წადი და დოუძახე, იმ ოჯახაშენებულს.
-ეეე, მოის, მოის.
-ხოო, მეიბუძგება ექანა!
გავხედე საბრალო მძღოლს, რომელსაც ხალხის რისხვა ელოდა. ის მშვიდად მოდიოდა და თან სიგარეტს ეწეოდა. წინა კარებთან დადგა და მშვიდად მოწია სიგარეტი ბოლომდე, ყურადღებასაც არ აქცევდა ხალხის ქოთ-ქოთს. სად იყო და სად არა ავტობუსისაკენ აუარება ხალხი გამოემართა. ზოგი მძიმე ჩანთებს მოათრევდა, ზოგი გოჭებსა და ქათმებს, ზოგი კიდე ერთმანეთს. სიყვარულითა და სიამოვნებით ვუყურებდი მათ ნამზეურ სახეებსა და ნაჯაფ, იმერეთის მადლიანი მიწით გაშავებულ ხელებს. მე ძალიან მიყვარდა ისინი, ყველა, სუუულ ყველა ეტეოდა ჩემს გაზარმაცებულ, მიწა-წყალდავიწყებულ გულში.
ავტობუსმა ერთი დაითუხთუხა და მშვიდობიანად აიღო სტარტი. ჩვენ ყველანი მძღოლის და ღვთის ნებას მინდობილები ტაატით გავუყევით მტვრიან და ოღროჩოღრო გზას.
თვალებს რომ დახუჭავ სულში ვეღარ შეგიძვრებიან...
===============================================
ერთი მსახიობის თეატრი ხარ იმენა (c) развратник