anamchseta
AnnabelLeeაქ ვეღარ ვიპოვე და დაგიკოპირებ მაშინ
ბოდიში დიდი პოსტისთვის სხვებთან
ბიჯგებზე შემდგარი, სეისმოგამძლე, საბჭოთა დროს აშენებული კორპუსი ქალაქის შუა წერტილში იდგა. აივნები ყველას თავის ნებაზე მიეშენებინა განუკითხაობის ჟამს. სახლის წინ გრძელ სკამს შენიშნავდი. ჩამოჯდებოდი და დააკვირდებოდი აივნებს. სულ ადვილად მიხვდებოდი, რომელი რომელ სახლში ბინადრობდა.
მოგვიანებით მერიიდან იღლიაში საქაღალდეამოჩრილი, მორცხვი, ნაყვავილარი მამაკაცი მოვიდა, რომელმაც მორიდებულად განაცხადა, რომ აივნები უკანონოდ იყო აშენებული . მამაკაცს კუდი არ ჰქონდა, რომ ქვა ესროლა, ამიტომ უბრალოდ ოფლი გამოუვიდა ( შესაძლოა კბილებშიც) და შეეცადა, ხმამაღლა ეთქვა რაღაც. მეათე ცდაზე დაალაპარაკეს და ამოსთქვა:
" უბრალოდ, დაიკანონეთ. არავინ გინგრევთ"
კორპუსის წინ სკვერი იყო , ძიძათა აზრების სამჭედლო , ბავშვთა გასართობი, ჰაერის ჩასაყლაპი , ამომწვარურნებიანი, სასრიალოებიანი, საქანელებიანი, მზესუმზირის გამყიდველ ბებოიანი და ცაცხვებიანი.
სკვერის გადაღმა გამზირი იყო გაშლილი. მთელი ქალაქის ბანკები, სალონები, მაღაზიები, სხვადასხვა დაწესებულებები გამზირის ჩაყოლებაზე განლაგებულიყვნენ. ხეებს გაზაფხულობით ტოტებს აჭრიდნენ და მეორე წლამდე ასე ჯუჯებივით იდგნენ ტროტუარებზე. გამვლელები გარბი-გამორბოდნენ, ნაჩქარევად ესალმებოდნენ ერთმანეთს . შუქნიშანი გაფუჭებული იყო და ყველა თავად წყვეტდა, სად და როდის გადასულიყო . ბანკის წინ დაცვის ბიჭი იდგა, მაღალი , სიმპათიური, ბევრი ჭკუისგან თავისუფალი და ბევრი დროის პატრონი. შორს, გამზირის ბოლოს ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრს დაინახავდით ზღაპრის გმირებით აჭრელებული დიდი ფანჯრებით. გვერდით იყო სამშობიარო , რომელიც თითქმის მხოლოდ ზემოთხსენებულ კორპუსს ემსახურებოდა და სამშობიაროში მუშაობდა ექიმი, რომელიც ამ კორპუსის ყველა მაცხოვრებელს ცნობდა , ოღონდ სახეზე არა... სამშობიაროს გადასწვრივ კიდევ ერთი დაწესებულება იყო, რომელიც ასევე კორპუსის სამსახურში იდგა, ხოლო სახელად ერქვა: " აედემ" და წარმოდგენდა კლინიკას, სადაც ყველაზე იაფად ფასობდა ანალიზების აღება და მუშაობდა სასწაულთმოქმედი, გრძნეული, გულისხმიერი და ტკბილმოუბარი გინეკოლოგი ბორენა.
გზის გადასწვრივ, მარჯვნივ , პატარა შესახვევში მდებარეობდა სალონი , იწოდებოდა "თმის სახლად" და იმდენივე მაქებარი ჰყავდა, რამდენიც მაძაგებელი. სალონის არსებობის შესახებ კორპუსში არ იცოდნენ, სანამ მესამე სართულის მცხოვრები სიხარულიძის ქალი არ ესტუმრა და თავის თავზე არ მოსინჯა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო, მოესინჯა. "თმის სახლის" მესვეურნი ჭკვიანი ადამიანები აღმოჩნდნენ , არის ამ გოგოში რაღაც მოდნიცურიო, დაასკვნეს და ათი თუმნის დახარჯვის შემდეგ ერთი თუმნისა უფასოდ გაკრიჭეს. არც დაეკარგათ! მეორე დღეს ყველა იმ შესახვევისკენ გაეშურა. მართალია, ზოგიერთს კიბე-კიბედ ასჭრეს და ანერვიულეს, მაგრამ ეგ რა ბედენაა! სიხარულიძე კმაყოფილი იყო. სიხარულიძის დღეები ეწყობოდა ხოლმე და გარკვეულ ფასდაკლებებს იღებდა. მარცხენა ულვაშს თუ მოიშორებდა, მარჯვენას სჩუქნიდნენ და ასე...
სალონს თუ აუყვებოდი , რამდენიმე მეტრში ტორტების საცხობს შენიშნავდი, სადაც შესანიშნავად იყვნენ დახელოვნებულნი ყველა გულჩუყა დედის გემოვნების დაკმაყოფილების საქმეში. ორი დღით ადრე შეკვეთის მიცემისას რას აღარ დაგიხატავდნენ ტორტზე : ფიფქიას , ჯუჯას , კონკიას, ჯინს, ალადინს და ა.შ და ა.შ. გვარიან ფულს აკეთებდნენ ზოგიერთი ბალღის ფანტაზიებზე ... ტორტს არც გემო ჰქონდა და არც კრემი, ცარიელი ნახატები იყო, სანთლებდარჭობილი ... მთავარია, ბავშვებს უხაროდათ.
სახლის მცხოვრებთ საერთო ტრადიციები ჰქონდათ.
დაბადების დღეებზე დიდ პლაკატს გადმოშლიდნენ ხოლმე სადარბაზოში და ყველა ზედ წერდა. პლაკატის გადმოშლაც დასწრებაზე იყო. გადასცდებოდა თუ არა თორმეტს, ყველაზე მეტად ვინც იყოჩაღებდა, ის გამოვარდებოდა სადარბაზოში და ჩამოკიდებდა. ქვემოთ სართულზე შეიძლება სხვასაც ეყოჩაღა და მერე სახლმმართველობის უფროსი რომელიმეს აკეცავდა ხოლმე. პლაკატზე წერდნენ:
"გილოცავ. სულ ბედნიერი და ჯანმრთელი იყავი შენს ოჯახთან ერთად"
"გილოცავ, დაესწარი მრავალს სულ ტკბილად"
"იხარე და იბედნიერე"
და ა.შ.
თუ ცოტა ხნით ადრე იუბილარს რომელიმე წაეკიდებოდა , ის მოკლედ წერდა: "გილოცავ! " და მორჩა. ან შეიძლება ერთი მოწყენილი ყვავილიც მიეხატა . თუმცა იყო ერთი , რომელიც მაინც ერთ სიტყვას წერდა ყოველთვის , მიუხდავად იმისა, რა დამოკიდებულებაში იმყოფებოდა ადრესატთან. ასოთა შორის უნდა ამოგეკითხა ღიმილი- ან თბილი, ან გრილი...
ყველაზე დიდი ამბავი მაშინ იმართებოდა, როცა ვინმე მშობიარობდა. პლაკატს ის ხსნიდა, ვისაც მშობიარის ქმართან უწყვეტი კავშირი ჰქონდა. ყოველ წამს გამორბოდნენ სადარბაზოში და წერდნენ:
"რა ქნა, წყლები დაღვარა? "
" ყოჩაღ, ბარაქალა"
" უკვე ერთ თითზეა..."
"აბა, უმტკივნეულო მშობიარობა" ( სად არსებობს , თორემ კი...)
ხოლო ერთი ყველაზე მეტს ნერვიულობდა ხოლმე, როგორც წესი. ბრაზობდა, როდესაც გაუტკივარებას არ უმატებდნენ ან საკეისროზე დაბარებულს ფიზიოლოგიურად ამშობიარებდნენ... ნახევარ სიცოცხლეს ართმევდა თითო ასეთი დღე.
სახლის სხვენში საბჭო ჰქონდათ გამართული. იქ იკრიბებოდნენ ხოლმე მოსაწევად და ყავის დასალევად, არჩევდნენ დღის ამბებს, ერთმანეთს აჩვენებდნენ ახლადნაყიდ კაბებს და ჩანთებს, ენებს იფხანდნენ. ზოგი ძუძუთა ბავშვით ამოდიოდა ხოლმე და სანამ ბავშვი რძეს წოვდა, იდგა და დრო გაჰყავდა. სავარძლები ჰქონდათ, ძველი ჩაიდანი, ფერადი ჭიქები. ერთი ყოველდღე აცხობდა ნამცხვარს, ან ფუნთუშებს და ხან ამოჰქონდა, ხან უბრალოდ უყვებოდა, ასეთი და ასეთი მოვამზადეო და სურნელსაც კი აღწერდა. დანარჩენები რეცეპტს ართმევდნენ, მაგრამ რისი გამომცხობები იყვნენ, თუ კაცი ხარ... ქვემოდან ქმრები ეძახდნენ ხოლმე, ჩამოდით, მოგვხედეთო, ბავშვებმა გადაგვრიესო, ვერ ვაძინებთო , დედას ითხოვენო , ესაო, ისაო... ისინიც ჩამოსძახებდნენ ხოლმე: "აი, ათი წუთი და მოვდივარ რაა" და მაინც გვიანობამდე რჩებოდნენ . კაცები ეშმაკურად მიიპარებოდნენ ხოლმე კიბეზე და გასაღების ჭუჭრუტანიდან უყურებდნენ, ნეტა რას აკეთებენ ასეთს და რაზე ლაპარაკობენო. . შუქს ხან ვინ აქრობდა, ხან ვინ... ბოლო გამსვლელი კანფეტის ქაღალდებს წამოკრეფდა, ურნაში ჩაუძახებდა, ერთს გადახედავდა , ხომ არაფერი გვრჩებაო და კარს გამოიხურავდა.
გასაღები ებარა სახლმმართველს, რომელიც არასოდეს იყო ადგილზე , როგორც ეს დიდკაცთა წესია , ხოლო მეორეს, ასაკით უმცროსსა და ჩინით ტოლს ამ გასაღებს გულარხეინად უტოვებდა ხოლმე, რადგან ძალიან პატიოსანი და რიგიანი გოგო იყო.
სახლმმართველმა სასწაული ლაპარაკი იცოდა, სიტყვებს სწონიდა და ზომავდა, ცდილობდა , ისე გადმოეცა სათქმელი, რომ ყველას ჩულქივით მორგებოდა. ღამე ეღვიძა და დღე იძინებდა. ყველა რომ ჩამოვიდოდა სხვენიდან, ის ადიოდა და სკამებს ასწორებდა, თან ბუზღუნებდა ხოლმე. ერთხელ დაიმუქრა, სხვენს დავკეტავ და აღარავის ავუშვებო. ამის თქმა იყო და გამოვარდნენ, მაგრამ რას გამოვარდნენ! ზოგი ყავის ჭიქით , ზოგი-სათქვეფით, ზოგი-თავზე ბიგუდებით , ზოგმა ძუძუ პირიდან გამოაგდებინა ბავშვს და ისე გამოგლიჯა კარი. ზემო სართულიდან გურული წარმოშობის ლოლა ყვიროდა, ის, მსუქნების შურის ობიექტი რომ იყო, რადგან მადიანად ჭამდა ყოველთვის და არ სუქდებოდა: " შენი წინამორბედიც სხვენის დაკეტვას გადაჰყვა!!!"
სახლმმართველმა ხელი ჩაიქნია და თავქვე დაეშვა. უკვე ნანობდა, რა მინდოდა, აუტკივარ თავს რად ვიტკიებდი, ამათ ვერაფერი დავანახე და მოვაწონე მეო. თანამდებობა მაინც ტკბილი იყო და არ გადადგა. გადაწყვიტა, ამათ აღარ გავუშინაურდები, ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათო , თუ სხვენზე ავალ ხოლმე , იმდენს მაინც ვიზამ, ყველა თავის ადგილზე იჯდეს და უფროს-უმცროსობა იცოდნენო. მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
ჰეროდე ხომ გახსოვთ, ქრისტეს დაბადების დროისთვის რომ აღწერა ჩაატარა და ყველა იმ ადგილს დაუბრუნა, სადაც დაიბადნენ. უფროსსაც ეგ აზრი ელამუნებოდა , მოსვენებას არ ეძლევდა, თითს უქნევდა და თავისკენ იზიდავდა. ღამღამობით იწვა და ფიქრობდა, რა კარგი იქნებოდა ცხოვრება, სოფელში რომ დავაბრუნებდე ყველას, ვინც რაღაც მანქანებით აქ ჩამოვიდა და ქალაქის იერ-სახეზე უარყოფითი გავლენა იქონიაო. გადაბრუნდებოდა და ამოიხრავდა: "ეჰ, მე რომ ვაკეში , "მწვანე ველის" წინ წრეში ბურთს ვთამაშობდი, ზოგიერთი ურემზე იჯდა და ახლა რაღა? იმათიცაა ვაკე და ჩემიც!"
ერთ აღდგომას ხალვათად დარჩენილ ქალაქს მიაპყრო თვალი და ინატრა, ამ ქალაქის თავი მქნა და ყველა კარი ჩამაკეტინა, სწორედ რომ კარგი მომენტიაო. რაღაც ეშმაკად, ზემოთ მეზობელს, რომელსაც ბებია ჰყავდა რაჭველი და თავისი გიჟი შვილით აწუხებდა ყველას, სოფლიდან ცოცხალი ქათამი გამოუგზავნეს, ვერ დაკლა და თავის აივანზე დაუდო ბინა.
შავი ორშაბათი გათენდა. სახლმმართველმა შუადღისას გაიღვიძა, ყავა მოიდუღა, ფრიალა ხალათი მოიცვა და აივანზე გავიდა ფინჯნით ხელში. ქათამს აკლიმატიზაციის გამო კუჭი აშლოდა და თავისი გასაჭირი ედგა. მოაჯირზე შემოჯდა, კურტუმო უკან ქნა , უცებ თავი ვერ შეიკავა და ....
აჰა, აღსრულდა ის, რასაც ელოდა. ვაკეში ქათამმა მოსკლინტა ! ამასაც მოესწრო!
მეორედ მოსვლა იწყებოდა .
სასოწარკვეთილი შებრუნდა სახლში, ერთხანს ბოლთას სცემდა და ფიქრობდა.
მერე ის აზრი აეკვიატა , მალე ასფალტს ამიყრიან და სიმინდს დამითესავენო.
გადაწყდა, ქათამი უნდა მოკვდეს!
კისტის თოფი აიღო და ეზოში ჩაიპარა. კორპუსს ეძინა, მარტო ერთ ფანჯარაში ჭრიატებდა სინათლე, სადაც პატარა თემუკას გაბეზრებული დედა , ნატალია მის დაძინებას ელოდა და ამთქნარებდა.
თოფი ხალათში დამალა და კიბეზე დაეშვა ფრთხილად. სიბნელეში რაღაც მოძრავს და ხმელ-ხმელს წამოედო, გული გადაუტრიალდა, ოფლმა დაასხა, ფანარი მიანათა და საწყალთვალებიან ელიკოს წააწყდა. დარცხვენილი იდგა დიდი ბიდონით ხელში.
"აქ რა გინდა? წყალი გაწყდა თუ რა არის? "
ელიკოს ენა დაება : "არაა, სარდაფში ვიყავი, ღვინო ამოვიტანე" და გაწითლდა.
ოპერაცია კოდური სახელწოდებით: "შევაჩეროთ ერთწლიანი კულტურების მოშენება ქალაქ ალაგას" ჩაიშალა....
*****
ერთი გამონათქვამი დადიოდა ქალაქში ანეგდოტად: ციდან რომ ფულები ცვიოდეს, მე ნისიების რვეული დამეცემა თავზეო.
ელიკოზე იყო ზედგამოჭრილი.
მაღაზიაში ორასი შარვალი რომ ყოფილიყო გასაყიდი, ბოლოს ზედ ცხვირწინ ააცლიდნენ. სალონში თუ შევიდოდა , თავს რომ დაისველებდა, შუქი მერე ჩაუქრებოდა. ყველა რომ დღესასწაულს ზეიმობდა ან უქმეზე სახლში კოტრიალობდა, ის ზოოპარკში მიდიოდა ხოლმე, მნიშვნელობა არ ჰქონდა, წვიმდა, თოვდა თუ ქარი ანგრევდა იქაურობას. ბავშვს გველები უყვარდა და იმის სანახავად დადიოდნენ. ეგეთი აჩემებული ჰყავდა და წინააღმდეგობას ვერ უწევდა. გველები ბოლოს თვითონაც შეუყვარდა, რადგან იმათ ოთახში თბილოდა, შედიოდა და ზედ ბებერი კობრას წინ თვლემდა.
საღამოს ისევ გველებს ძერწავდა პლასტელინისგან.
ყველა რომ დაიძინებდა, მაცივრიდან საჭმელ-სასმელი გამოჰქონდა , დოქით ღვინოს დგამდა და დარდს იმაში ახრჩობდა. იმ კორპუსის მაცხოვრებლებიდან მხოლოდ მას შეეძო ეჭამა მთელი საინი ლობიო ღამის ათ -თერთმეტ საათზე , რადგან ღამე მუცელი მაინც ვერ შეაწუხებდა-ისედაც არ ეძინა.
რაც ბავშვი დაიბადა, არ უძინია. დაწვებოდა, ადგებოდა, დაწვებოდა, ადგებოდა, მაწონს გაუკეთებდა, დაალევინებდა, დააწვენდა, ისევ ააყენებდა, დააწყნარებდა, ისევ დაიძინებდა, გაიღვიძებდა და ასე გრძელდებოდა გათენებამდე, სანამ მაღვიძარა არ დარეკავდა. მერე მანქანაში ჯდებოდა და ისე ფრთხილად დაიპარებოდა ქალაქში, როგორც საღამოობით სარდაფში , ღვინის ამოსატანად. ოჩანი ცხენივით ხტებოდა განზე, მანქანა თუ ძალიან ახლოს ჩაუვლიდა.
სახლმმართველის თავზე მცხოვრები ქათმიანი ქალი, ძნელად აღსაზრდელი ბავშვის დედა აწყნარებდა, ნუ გეშინია, წლინახევრის გახდება და დაიძინებსო. წლინახევრის რომ გახდა, მერე ის უთხრა, ორი წლის გახდება და მოისვენებო. ორი წლისა რომ შესრულდა ბიჭი და მაინც მაწონზე დარბოდნენ ღამ-ღამობით, კიდევ ნახევარი წელიც მოითმინეო, დააწყანარა და ელიკომ გაიფიქრა, ახლა ამისთვის კომბალი ჩამარტყმევინა თავში და მეტი არაფერი მინდაო.
კიდევ ერთი უბედურება სჭირდა- რაც იყო, თავი იმაზე ბევრად მსუქნად და ბევრად დაბლად ეჩვენებოდა. სულ იმას იძახდა, დავბერდი, ზურგი მტკივა, ჩემი ასაკისა ქვა აღარ გორავსო, არადა ოცდაათ წელს არ იყო მიტანებული და ისეთი სიფრიფანა და კოხტა ბრძანდებოდა, მაღაზიაში სასმელს არ ატანდნენ პირადობის გარეშე. კორპუსში ერთი კი იფიქრეს , ნორმალური სარკე ვუყიდოთო, მაგრამ მერე ფული ვეღარ აგროვდა და თავი დაანებეს.
არ გამორჩებოდა არც ერთი დაბადების დღე, არც ერთი სახელობის დღე, არც ერთი ნათლობა და ქორწილი, რომ არ მიელოცა. საჩუქრებში მისდიოდა ნახევარი ხელფასი. ისეთ ხალხს გაიხსენებდა ხოლმე, დიდი ხანი რომ აღარავის ახსოვდა.
შესანიშნავად იყო აღზრდილი და სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო, მაგრამ ხანდახან გულში ფიქრობდა ხოლმე, გასწით, თქვენი ასე და ისე, დავიღალე ყველაფრითო.
ორი სურვილი ტანჯავდა: ერთი კვირა გადაბმულად დაძინების და ვინმე საძაგელი ადამიანის ცემის. მუშტებს შეკრავდა ხოლმე და ლამობდა , უზრდელი ოპერატორისთვის, ჭორიკანა თანამშრომლისთვის ან სულაც დაბლა ნაგვის დამყრელი უბრალო გამვლელისთვის ცხვირ-პირი ამოენაყა .
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno