ვისაც ახსოვს მე რაზე ვწერდი, თუ ვინმეს აინტერესებს, ვდებ გაგძელებას. მადლობა ყველას, ვინც წაიკითხავს.
პირველი 10 ნაწილი:
ცხელ ჩაისთან.. დილის ყავასთან... (post #27973234) 23 Oct 2011, 10:18
11. სად იყო შეცდომა
კახასთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო ზვიადის ბრალდებაში არსებული სმშენებლო მასალების ეპიზოდი, ვერაფრით გაეგო როგორ შეიძლება უარყო ფაქტი, რომლის შესახებ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა იცის? უფრო იქით იხრებოდა რომ ეს უბრალოდ შეცდომა იყო და ძალიან უნდოდა გარკვეულიყო ამ საკითხში. დღის განმავლობაში დაელაპარაკა ყველა თავის თანამშრომელს, რომელიც იმ ორი წლის წინაც მუშაობდა მასთან. ყველას ახსოვდა ის ამბავი, თითქმის ყველას ახსოვდა ის მანქანა, რომლითაც წაიღეს ის მასალები, მძღოლის ტელეფონიც კი ქონდა ჩაწერილი ერთ-ერთს...
საღამოს ლევანს დაურეკა და გაიგო რა რომ ზვიადის სახლში იყო ისიც და ადვოკატიც. კახაც დაუყოვნებლივ იქით გაემართა.
კარი ნინომ გაუღო და შეუძღვა ოთახში, სადაც უკვე ისხდნენ ბ-ნი ადარნასე და ლევანი. მაგიდაზე ქაღალდების დასტა იდო, სავარაუდოდ ზვიადის საქმე, ეტყობოდათ რომ უკვე მოესწროთ ზოგიერთი საკითხის განხილვა. თუმცა, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ერთხელ განხილვა და დასრულება ვერ ხდება, მრავალჯერ უბრუნდები იგივე საკითხს, ყოველ დეტალს, რომ კიდე ერთხელ გაიაზრო რა მოხდა და რატომ.
-მაქვს იმ მძღოლის ტელეფონის ნომერი, ვინც ის მასალები წაიღო მაშინ - თქვა კახამ - შეგვიძლია დავუკავშირდეთ და დაველაპარაკოთ.
-ეგ მეორე ეპიზოდზე ლაპარაკობს ხომ? - მიმართა ადვოკატმა ლევანს. ლევანმ უსიტყვოდ დაუქნია თავი და ადვოკატმა გააგრძელა - გასაგებია, მაგრამ ჩვენ გვაქვს შპს „მშენორის“ დირექტორის ვლდიმერ შავაძის ჩვენება - საქმე გადაშალა ადარნასემ და წაიკითხა :
„მოგახსენებთ რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ანგარიშ ფაქტურა არის ყალბი, განხორციელებულია უსაქონლო ოპერაციები და განგიმარტავთ, რომ ეს ფაქტურები გამოწერილი შემდეგი ფირმებიდან: ზვილე, მორიელი, ... - ადვოკატმა თავი ასწია და ისე თქვა - ჩამოთვლილია თხუთმეტამდე ფირმა, მაგრამ ჩვენ მარტო ზვილე გვაინტერესებს, ზვიადის და ლევანის ფირმა - და ისევ კითხვა გააგრძელა - ეს ფირმები სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ ე.წ. „ელიავას“ ბაზრობაზე და მათი ხელმძღვანელები თვითონ მიწერდნენ ყალბ ანგარიშ ფაქტურებს“. - ადვოკატმა ისევ ასწია თავი და თქვა - მითითებულია ზუსტი ადგილი, სადაც თურმე იყო ამ ფირმის ოფისი და სადაც ხდებოდა ფაქტურების გამოწერა
-სამი ოთხი წელია ელიავას ბაზრობაზე წერტილი აღარა გვაქვს საერთოდ და ფაქტურას როგორ გამოუწერდა ვინმეს - თქვა ლევანმა
-ამ ჩვენების მიმცემი რატომ აწერს ხელს - გაუკვირდა კახას - ეს ხომ აშკარად ყალბი ჩვენებაა, ის საბუთი სწორედ ჩემს ოფისში გამოწერა ზვიადმა, კარგად მახსოვს...
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს გამოძიებისთვის, რაზეც უნდათ იმაზე მოაწერინებენ ხელს კაცს, რომელიც ისედაც პირობითით არის გამოშვებული.
-კი მარა ასეთი ყალბი ჩვენება რაში ჭირდება ან გამოძიებას ?
-შენ მართლა ეგეთი გულუბრყვილო ხარ, თუ შაყირობ? - ლამის შუბლზე აუვიდა თვალები ლევანს.
-რას ვშაყირობ, რა დროს შაყირია - იწყინა კახამ - რად უნდათ ყალბი ჩვენება?
-რას ქვია რად უნდათ, ციხეებია შესავსები და უფრო ადვილი არ არის, თუ დააბრალებ და მერე გაუშვებ პირდაპირ იქ! მე შენ გეტყვი და სასამართლომ არ განიხილოს საქმე სერიოზულად და არ გაამართლოს უდანაშაულო კაცი.
აქ ადვოკატი ჩაერია საუბარში.
-მთლად მასე არ არის ლევან, პირველ ეპიზოდში ხომ იყო მტყუანი, ხომ გქონდათ 2005-ში გაწერილი?
-მაშინ იყო, იძულებით, სახელმწიფოს ბრალია ისიც, ხომ აგიხსენი წეღან - თქვა ლევანმა.
-არა აქვს მაგას მნიშვნელობა ვინ გაიძულა, კანონი დაირღვა და მორჩა.
-კი მარა რაშიც არ არის აშკარად დამნაშავე, იმას რაღატო უმატებენ, რატომ უმძიმებენ მდგომარეობას?
-უმძიმებენ - ოდნავ გაიღიმა ადვოკატმა - ერთხელ მიქარე? ესე იგი კიდე გექნება მიქარული, ეს არის მაგათი ლოგიკა.
-ხო, კაცს რომ ერთხელ შეეშლება, მერე ყველაფერი უნდა აკიდო, აბა რა, ერთხელ თუ ვინმეს წკიპურტი გაკრა, მერე მოკლულიც ეყოლება კაცი, მაგარი ლოგიკაა!
კახა გაყუჩული უსმენდა საუბარს და პატარა პაუზა რომ გაკეთდა მაშინ თქვა:
-ვფიქრობ ამ მეორე ეპიზოდის შეცდომას გამოასწორებენ, სისულელეა ასეთი აშკარად ყალბი ფაქტი დატოვონ საქმეში.
-მასე გეგონოს - მწარედ ჩაეცინა ლევანს - არაფერსაც არ შეცვლიან, კიდე უარესი რაღაცეები თუ არ დაგვაბრალეს.
-ჩვენ სასამართლოზე დავაყენეთ ეს საკითხი და არ გაითვალისწინეს, გასაგებია - თქვა ადვოკატმა - მაგრამ არავინ გვიშლის მოვაგროვოთ მტკიცებულება, რომელსაც მერე წარვადგენთ და არის შანსი რომ ეს მეორე ეპიზოდი მოგვიხსნან.
-მაგის იმედი არ მაქვს მე - თქვა ლევანმა - ფულს წაგვართმევენ იმდენს, რომ შეიძლება საქმიანობის გაგრძელება ვეღარც შევძლოთ.
-მაგისთვის მარტო პირველი ეპიზოდიც კი ეყოფათ - თქვა ადვოკატმა - ესენი თანხას დანაშაულის სიმძიმის მიხედვით კი არ ანგარიშობენ, არამედ გადახდის შესაძლებლობის მიხედვით.
კახამ ნინოსკენ გაიხედა, რომელიც ჩუმად იჯდა, თუმცა ცხადი იყო რომ ყველა სიტყვას ისმენდა. ნინოს გვერდით უსიტყვოდ იჯდა ქეთიც, ნინოს და. ბავშვების ხმაც არ ისმოდა, ეტყობა დედამისთან ყავდა გაგზავნილი ნინოს. კახა თვითონაც ჩუმად იყო უკვე, უჭირდა იმის გაგება, როგორ შეიძლება ნამდვილ ფაქტს, ფაქტს რომელსაც უამრავი თვითმხილველი ყავს, საერთოდ არ ქონდეს მნიშვნელობა არც გამოძიებისათვის, არც სასამართლოსთვის და არც გარიგებისთვის, ზვიადის საქმე ხომ სავარაუდოდ საპროცესო გარიგებით უნდა დასრულებულიყო. ბოლოს, როცა პაუზა ჩამოვარდა, იკითხა
-პირველი ეპიზოდი რა არის?
ადვოკატმა შემოხედა, საქმე გადაშალა და სანამ წაიკითხავდა თქვა:
-2005 წელს ზვილეს ხუთი ანგარიშფაქტურა აქვს გაწერილი შპს „ჯინჯირინჯიზე“, რომლის დირექტორი თავის ჩვენებაში წერს შემდეგს: „ჩემი ფირმა დაფუძნებული იყო როგორც სავაჭრო ფირმა, მაგრამ რეალურად ჩვენ არასოდეს არაფერი გვიყიდია და გაგვიყიდია, ვყიდულობდით დღგ-ს აქტივს 3-5%-ად და ვყიდდით 8-10%-ად“. - ადვოკატმა თავი აწია, კახას შეხედა და თქვა - კაცი პირდაპირ ამბობს, არასოდეს არაფერი მიყიდიაო, თქვენ კი ხუთი ანგარიშფაქტურა გაქვთ გაწერილი „ჯინჯირინჯიზე“.
კახამ ლევანს გახედა.
-მაშინ ცოტა მოუწესრიგებლად გვქონდა ეგ საქმე, სამუშაო ადგილი ელიავაზე გვქონდა, ბუღალტერი სხვაგან იჯდა და მყიდველს ვატანდით ხოლმე ბეჭდიან ფურცელს, რომელზეც ეწერა რა იყიდა. შესაძლოა მართლა მოხდა გაწერა არა იმ ფირმაზე, ვინც უშუალოდ იყიდა. თუმცა ლაპარაკი 3-5%-იან ინტერესზე სასაცილოა, არც მოგვსვლია აზრად მასეთი რამ და ვერც მოგვივიდოდა.
-ის ფურცელი სხვას რომ მიეტანა ბუღალტერთან და მე ვიყიდეო, როგორ უნდა გარკვეულიყო მართლა ის იყო მყიდველი თუ არა?
-ვერც გაარკვევდა ბუღალტერი და სწორედ აქ არის ჩვენი სუსტი წერტილი, იგივე ჯინჯირინჯის შეეძლო სხვა მყიდველებისგან აეღო ჩვენგან წაღებული ფურცელი და ბუღალტერიც შესაბამისად გამოუწერდა ფაქტურას. ალბათ ასეც იყო და ეს არის ჩვენი ‘დანაშაული’.
-ფაქტურაზე ხელს ვინ აწერდა?
-ბუღალტერს ქონდა ზვიადის ფაქსიმილე.
რამდენიმეჯერ დაუბრუნდნენ კიდევ თითოეულ ამ საკითხს, თუმცა ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა რომ უნდა დალოდებოდნენ წინასასამართლო პროცესს და მანამდე მოეძიათ რამე მასალები, თუ ასეთის შესაძლებლობა იქნებოდა.
This post has been edited by nforumi on 4 Nov 2011, 11:22