მინდა ბოლოს და ბოლოს სირიაში ჩავაღწიო. ჯერ ვისამას გაცნობის ამბავს დავაკოპირებ და ხვალ გავაგრძელებ.

***
სომხეთში გავიცანი სირიელი ბიჭი. ჩემს ოჯახს და მის სამეგობროს ერთი კაცისგან გვქონდა ნაქირავები ბინები. ეს ბიჭი, ვისამი, და მისი მეგობრები ერევანში სამედიცინოზე სწავლობდნენ .
ვერ წარმომედგინა მწვანეთვალება, თეთრ სირიელებს თუ შევხვდებოდი.
საერთო ,,ხაზიაინი,, აშოტა ერთი დღე ჩვენს სისხლს სვამდა, მეორე დღეს მათსას.
ყოველ მეორე დღეს შემოირბენდა, საყვედურებით აგავასებდა და გაეთრეოდა...
თურმე მისი მესამე სახლის გადასახადებიც ჩვენს სახლზე მიაწერა და იმასაც გვახდევინებდა.
ვისამას მის ბინაში პატარა სარკე გაუტეხია, იმ მომენტში მისულა აშოტა და მუხლებზე დავარდნილა ,,არაა, ეთო ზერკალა მაია ჟენა იზ სირიი პრინესლა, 150 დოლარავ სთოილ, შთო ვი სამნო სდელალიიი,, ვისამამ უთხრა 10 დოლარად სავსეა სანტექნიკის მაღაზიები მაგ სარკეებით და ვიყიდი ხვალო. მოიკლა თავი და 50 დოლარი აართვა, თუ არა ახლავე დამიცალეთ სახლიო.
ცოლი გაქცეული ჰყავდა აშოტას . ვიღაც ექიმს აეკიდა და ამერიკაში გაეკიდა, დაუტოვა ქმარს 1 გოგო და 2 ბიჭი.ბავშვები სიდედრ-სიმამრთან ცხოვრობდნენ. ყოველ კვირაში დარბოდა აშოტა ბაზარში და იისფერ სტაფილოს ეძებდა, ბევრი ვიტამინია შიგო, ანტონოვკა ვაშლთან ერთად წურავდა და შვილებს ურეკავდა , მოდით, დალიეთო. მიდიოდნენ ბავშვები, სვამდნენ წვენს, მერე სულ ,,დებილო, დებილოს ,, ეძახდნენ მამას და მიდიოდნენ ბებია-ბაბუასთან.
მის ბინაში რომ შევედით მინის კარადაში ჰქონდა სელაგებული ,,პუფები,, და გასაღებით ჰქონდა დაკეტილი.
ერთ დღეს ბავშვებმა მოქაჩეს კარი , კარი გაიღო, ,,პუფები გამოიღეს და დასხდნენ. ამ დროს მოვიდა აშოტა და სულ ,,არაა, არაა, შტო ვი სა მნოი სდელალი, ეტა მაეი ჟენი სტულია, კაკ ვი პასმელი ნა ნიხ სადიტსაო,, დაავლო ხელი და ,,პადვალში,, ჩაზიდა. ერთ დღეს კარგ ხასიათზე იყო და პადვლიდან მისი ცოლის შუბა ამოგვიტანა. იმდენი თვალდაყლეპილი ცხოველის ტყავი ერთად არ მენახა, და სიამაყით გვამცნო, რომ მონადირე ჰყავდა დაქირავებული და ამ წავისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს ის უზიდავდა. რამდენიმე წელი უკერავდა ცოლს შუბას და კაკრაზ ,, ვარატნიკზე,, რომ იყო საქმე მისული, მაშინ გაემგზავრა მისი ცოლი ,,სამუშაოდ,, ამერიკაში. ,,მაია ჯენა სკორო ვიზი პრიშლიოტ ი ია პაიდუ ზა ნეი-ო,,.
მეტი არაა ჩემი მტერი აშოტასთვის ვიზა გამოეგზავნა იმ ქალს...
წინა კარში ოჯახი ცხოვრობდა დედ-მამა, გოგო და ბიჭი თავისი ცოლით და 6 თვის ბავშვით.
იყინებოდა დუნია, მინუს 15 გრადუსი იყო გარეთ. ჩვენ ,,ზალაში ,, გაზის გამათბობელი გვედგა. საძინებლებში დენზე შესაერთებელი ზეწრები გვეფინა რომ არ გავყინულიყავით.
იმათ პლეტაც არ ენთოთ ოთახში , სახლში - 5 გრადუსი ჰქონდათ ალბათ.
რძალი და შვილი , არამა და არუსიკა ბავშვით შემოირბენდნენ დღეში 3-4 -ჯერ , მიუფიცხებდნენ გამათბობელს ლოლუებიან ბავშვს, დაადნობდნენ და მიყავდათ ისევ. გაზი არ შეყავდათ და შუქს არ წვავდნენ, სამაგიეროდ საუკეთესო ხილს, შებოლილი ქათმებს და ნეკნებს, უძვირფასეს კანფეტებს და ტკბილეულობას არ იკლებდნენ.
გოგრა გამომიგზავნეს შემოდგომაზე. ჩვენებური, ტკბილი. მოვხარშე. ჭამს არუსიკა და მეუბნება ,, ეტა მანგო ოჩენ სპელიო,,
გუშინ ვისამათი დავიწყე და ის ოხერი აშოტა გამოტყვრა სადღაციდან ჩემს მოგონებებში.
რადგან ჩემი ერევნული მოგონებები დავიწყე გეტყვით, რომ სწორედ იმ არუსიკამ გამიხალისა იქ ცხოვრება. ,,გახალისებული ცხოვრება,, მასთან ერთად ყავის დალევით და მისი მულის საოპერაციო ცხვირის შესახებ საუბრებით იწყებოდა და ბავშვების პამპერსებით მთავრდებოდა.
ერთ დღესაც მასთან რომ ვიყავით შესული , გამოსვლისას ჩემმა უფროსმა გოგომ, ქეთიმ (4 წლის იყო)ისეთი ისტერიკა მომიწყო, კორპუსი ფეხზე დააყენა. შევათრიე სახლში და მეუბნება: _ ,,დე, შენ ჩემი საყვარელი დედინაცვალი ხარ, გულში ნევროზი მქონდა ჩავარდნილი და მაპატიეო. ,, . მეორე დღეს ყავაზე შემოვიპატიჟე არუსიკა, ნამცხვრებს მივირთმევთ, უყურებს ქეთი, უყურებს და ეუბნება: ,, უგასშაისა ი ესლი ხოჩეშ ნას ტოჟე პაკუშაი-ო. გაწითლდა არუსიკა.
მხოლოდ ერთხელ დავსცხეთ მე ,არუსიკამ, მისმა ქმარმა და ჩემმა ქმარმა ერთმანეთს, როცა რუსეთის რომელიღაც არხზე სახეზე ,, კისლატაშესხმული,, დამწვარი რუსი მოდელი აჩვენეს. მისმა სომეხმა საყვარელმა ღალატისთვის ამ ფორმით იძია შური. ცოლ-ქმარი გვიმტკიცებდა რომ იმ ფულიანმა სომეხმა ,,შექმნა,, ეს გოგო, მის გარეშე არარაობა იქნებოდა და ღირსი იყო ასეთი სასჯელის. საბოლოოდ ისინი მათ აზრზე დარჩნენ, ჩვენ_ჩვენსაზე.
საახალწლოდ ,,ქიუფთას,, ვაკეთებთო , რძალ-დედამთილმა და მულმა დილიდან ზილეს მსხვილად დაფქვეული ხორბალი , ოფლის ღვარი მოსდიოდათ , ესო არისო ბუნების მერვე საოცრებაო და 4 ცალს თქვენც გაგასინჯებთო. ზილეს, ზილეს, გასძვრათ სული, ბოლოს მისცეს ლიმონის ფორმა, შიგ ერთი ჩაის კოვზი ხახვში მოხრაკული გატარებული ხორცი ჩადეს, მოხარშეს და 4 ცალი მოგვართვეს . გასინჯეთო. პირველად ვჭამე საჭმელი ,,არაფრის,, გემოთი.
თურმე რამდენი წვალება სჭირდება რომ საჭმელმა ,,არაფრის,, გემო მიიღოს . მეორე დღეს ვუთხარი რომ უგემრიელესი რაღაც იყო და რეცეპტიც ჩავიწერე.
ერევანში ჭიაკოკონობაც იციან, ახალდაქორწინებულები დახტიან კოცონზე, თან ათასნაირ რაღაცას ხალავენ და ა კნატუნებენ მთელი დღე: მოხალული თხილი, ნიგოზი , არაქისი, მზესუმზირა, კანაფის თესლი...
ზევით სართულზე ყრუ-მუნჯი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა . გოგონა და ბიჭი ჰყავდათ . გოგოც ყრუ-მუნჯი იყო, ბიჭი რამოდენიმე სიტყვას ამბობდა. ალბათ სმენა ჰქონდა, მაგრამ სახლში არავინ ლაპარაკობდა და ამიტომაც უჭირდა მეტყველება. მსგავსი სუფთა ხალხი არ მინახავს. გაწკრიალებულები დადიოდნენ. დედამისის ერთი თვალის მინიშნებაზეც ხვდებოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. მე ენაზე ტყავი მქონდა გადამძვრალი და ცემს შვილებს ჩემს ჭკუაზე ვერ ვატარებდი.
როგორც შვილებზე მზრუნველმა დედამ, გადავწყვიტე ქეთი ევროპულ ცეკვებზე მეტარებინა. ვუყიდე ყველაფერი და მივედით. მეც დავრჩი, რომ რომ ჩემი პირმშოს პირველი შემოქმედებითი ნაბიჯებით დავმტკბარიყავი. სახეზე ამაყი ღიმილი გადავიფინე ,,ეს ჩემი შვილია,, ამბობდა ჩემი გამომეტყველება... ჩემმა ქეთიმ მასწავლებლის მითითებით მარჯვენა ფეხი წინ გადადგა და ,,გაჯიქდა,, ... ვერც ხვეწნით, ვერც მუდარით, ვერც დაპირებებით ,,რასაც გინდა გიყიდი შვილო , ოღონდ არ შემარცხვინო,, ვერაფერს გავხდი. იდგა ვირივით და არ იძვროდა. 3 დღის ფუჭი მცდელობების შემდეგ ცეკვის ,,ჩუსტიკები,, სანაგვეში მოვისროლე.
მაღაზიაში რომ შევდიოდით მეუბნებოდა:
_დედა რომ მეცეკვა ამას მიყიდდი?"
_კი
_მირჩევნია არ მქონდეს.,,
ცეკვიდან კი გამოვედით, მაგრამ დედის გულს რა გააჩერებს? ვნახეთ ერთი მხატვარი ბიჭი , გაბურძგნულწვერიანი და ვთხოვეთ სახლში ესწავლებინა ქეთისთვის ხატვა. მეორე დღეს წვერგაპარსული მოვიდა, ქეთიმ გააღო კარი და მესმის ხმა: ოი, სევოდნია ვი ტაკოი სიმპატიჩნი, დაჟე პაბრილის?-ო . რომ აღარ გავაგრძელო რამდენიმე დღეში მხატვარმა გვითხრა ამ ბავშვს აშკარად რაღაცის ნიჭი აქვს, ოღონდ მხატვრობის არაო ...