ხელახალი დასწყისინაწილი 1-ლი:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26834750) 9 Aug 2011, 13:33 (უცნაური შემთხვევა)
ნაწილი მე-2 :
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26838073) 9 Aug 2011, 17:29 (პირველი ქალი)
ნაწილი მე-3:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26868062) 11 Aug 2011, 21:36 (გამოსასყიდი?)
ნაწილი მე-4:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26891366) 13 Aug 2011, 19:49 (ნათელა)
ნაწილი მე-5:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26944769) 17 Aug 2011, 16:12 (ახლობელი თანამშრომლად)
ნაწილი მე-6:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VIII (post #27130493) 30 Aug 2011, 16:02 (ბიზნესის დაწყება)
ნაწილი მე-7:
იყო და არა იყო რა (post #27227918) 5 Sep 2011, 14:33 (ზვიადის გაუჩინარება)
ნაწილი მე-8:
ყავა და ყველი (post #27339287) 12 Sep 2011, 13:26 (რატომ?)
ნაწილი მე-9:
ყავა და ყველი (post #27513411) 23 Sep 2011, 20:58 (ნინო)
ნაწილი მე-10
(ლევანი)
სასამართლომდეც არ ქონია იმედი რომ რამე სხვანაირად გადაწყდებოდა, მაგრამ მაინც ცუდად მოხვდა გულზე მიღებული გადაწყვეტილება. რამდენიმე წუთი გათიშული იჯდა ხდომის დარბაზში. ცოლმა რომ უჩქმიტა, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა. წამოდგა, მეუღლეს ხელი მოკიდა და ისევ ფიქრებში შებრუნებულმა დატოვა დარბაზი.
ადრე ლევანი ერთ-ერთ ინსტიტუტში მუშაობდა, მეცნიერ-თანამშრომელად, მაგრამ ძალიან ძალიან რომ გაუჭირდა, მაშინ გადაწყვიტა რამე გაეკეთებინა თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, რათა ოჯახი გამოეკვება, მცირეწლოვანი შვილები ყავდა მაშინ. ელიავას ბაზრობაზე აიღო ჯიხური, სადაც ტექნიკის შეკეთებას მოკიდა ხელი. თეორიული ცოდნა კი ქონდა და პრაქტიკულის ათვისება არ გაჭირვებია. იქვე გაიცნო ზვიადი და დაუახლოვდა იმდენად, რომ მასთან ერთად მუშაობს ამდენი ხანია. იშვიათად კაცს ასე გაუმართლოს პარტნიორში და ამის გამო ბედის მადლიერიც იყო. თავიდან მართლა სამეცნიერო მუშაობის პარალელურად ახერხებდა ‘საელიავე’ მოღვაწეობას, ლამის ღამეებს ათენებდა ხოლმე, მაგრამ მერე ნელ-ნელა მოუკლო და ამ ბოლო დროს მხოლოდ ცალკეულ კონფერენციებში იღებდა მონაწილეობას, მთლად რომ არ ამოვარდნილიყო თავისი პროფესიიდან. ამ ბოლო დროს ხელფასიანი შემოთავაზებებიც ქონდა (ნორმალურ ხელფასზეა ლაპარაკი), მაგრამ კარგად რომ დაფიქრდა, მიხვდა რომ მისი გული უკვე ბიზნესს უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე ტექნიკურ მეცნიერებაში მუშაობას და დოქტორის სტატუსს, მიუხედევად იმისა რომ ბოლომდე მაინც არ იყო დამთმობი არც იმის. რისკს ყოველთვის ხედავდა, მაგრამ ამასაც მიეჩვია თუ შეეჩვია. ასე ვართ ადამიანები, სანამ ცუდი რამ არ მოხდება, მანამდე შებამისად და ადეკვატურად არ ვაფასებთ ხოლმე მოსალოდნელს... ავარიაში დამნაშავე მძღოლი კი შეიძლება ძალიან განიცდიდეს შემდეგ, მაგრამ არა წინასწარ, როცა სარისკო მანევრს აკეთებს გადატვირთულ გზაზე.
ლევანმა ცოლი სახლში დატოვა და თვითონ ინსტიტუტში წავიდა, რეზო იქ იყო, როგორც ყოველთვის, სამუშაოთი ისე იყო გართული, ყურადღებაც არ მიუქცევია ლევანისთვის კარგახანს, რომელიც ჩუმად ჩამოჯდა იქვე სკამზე.
-რა, ორთვიანი მიუსაჯეს? - კითხა და გამოხედა სათვალის ზემოდან.
-აბა რას იზამდნენ, სხვანაირად არც არავინ მოელოდა.
-თუ სხვანაირად არ მოელოდი, აბა ასე ცუდ ხასიათზე რატომ ხარ ?
-რა ვიცი, სანამ ფაქტი მომხდარი არ არის, მანამდე მაინც თითქოს კიდე გაქვს იმედი, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს. თუმცა თავიდანვე ვიცოდი რომ ეს იმედი უსაფუძვლო იყო.
-რას აპირებ ახლა?
-რა უნდა დავაპირო, დაველოდებით სასამართლოს - თქვა ლევანმა და ცოტა ხნის დუმილის მერე თქვა - ადარნასე შენი ნათესავის ადვოკატი იყო ხომ?
-კი.
-ფინანსური საკითხი იყო იქაც ხომ?
-კი, ფინანსურ რაღაცაზე ედავებოდნენ იმასც.
-შემახვედრე იმ შენს ნათესავს, მაინტერესებს მისი ამბის მოსმენაც.
-კი ბატონო, მაგრამ ახლა წასულია გერმანიაში, ალბათ ერთ თვეში ჩამოვა.
-გასაგებია, რაღაცეების დაზუტება მინდოდა...
-თუ გინდა სხვას შეგახვედრებ. ერთი ჩემი მეზობელია, ტექნიკის სარემონტო საამქრო აქვს და ისიც დაჭერილი იყო რამდენიმე თვით, ორი თუ სამი კვირის წინ გამოუშვეს...
-რისთვის იყო დაჭერილი?
-რაღაც ხელფასები არ გასცაო, თუ ფიქტიური გაცემა იყოო, ფული გაათეთრაო.
-როდის შეიძლება შევხვდეთ?
-ახლავე დავრეკავ - აიღო ტელეფონი რეზომ და ნომერი მოძებნა - ბატონო გოგა, გამარჯობა, როგორ ხარ?
შეხვედრა მეორე დღისთვისდაინიშნა ბატონი გოგას ოფისში.
ლევანმა რეზოს ინსტიტუტში გაუარა და დათქმულ დროს მივიდნენ ბატონი გოგას ოფისში. გოგა თავად სამოცს გადაცილებულ კაცი იქნებოდა, თუმცა ცოცხალი და ენერგიული. რეზო და მისი თანმხლები ლევანი დაინახა რა, წამოდგა, თავაზიანად მიიპატიჟა სავარძლებისკენ, მაცივრიდან ბორჯომი გამოიღო, ჭიქებიც მოძებნა და მათ წინ დაჯდა. ბორჯომი ჩამოასხა ჭიქებში და მხოლოდ ამის მერე თქვა.
-როგორც რეზომ მითხრა, თვენს მეგობარს ორთვიანი მიუსაჯეს გუშინ.
-კი, მასეა - დაუდასტურა ლევანმა - აქამდე შეხება არ მქონია ამ სისტემასთან და ახლა მეტი გზა არ მაქვს, უნდა გავერკვე ამათ ნიუანსებში.
-რა აზრი აქვს ბატონო ლევან?
-აზრი როგორ არ აქვს, გარკვეული კაცი ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.
-შეცდომა ის იქნება, თუ ზედმეტად გაერკვევი და ზედმეტ ხმაურს ატეხ, მაშინ ნამდვილად მეტი პრობლემა გექნება. ჯობია წყნარად იყო და დაელოდო, რამდენს მგოთხოვენ. მერე შევაჭრებაც მოდის, ოღონდ ფრთხილად, არ უნდა გააღიზიანო, თორემ ‘სტავკას’ აწევენ.
-მასეთი ამბავი არა ერთი გამიგია, მაგრამ უშუალოდ ნასამართლევ პირიდან მინდა გავიგო რა როგორ მოხდა.
-ჩემი ამბავი გინდა გითხრა? მართალი გითხრა, დღესაც არ ვიცი რატომ ვიყავი დაკავებული, ბრალდებაში კი ეწერა, რომ თურმე ყალბ სახელფასო უწყისებს ვწერდი, ვიღაც პირებზე, იმათ ნაკლებს ვაძლევდი და დანარჩენს ჯიბეში ვიდებდი.
-რა სისულელეა, თუ ფული უნდა დირექტორს, თავის თავზე ვერ გამოწერს პირდაპირ? არ გამიგია რამე შეზღუდვა იყოს ხელფასის ოდენობაზე, მილიონს აიღებ თუ გინდა.
-ცხადია სისულელეა - ჩაიცინა გოგამ - ხელფასადაც შემეძლო დამეწერა ჩემს თავზე და დივიდენდადაც, მაგრამ გამოძიება რატომღაც მაინც იმ ბრალდებას მიაწვა. ბოლო-ბოლო ძალიან სერიოზული თანხა წაიღეს, რომ გამოვეშვი და გადავიხადე, არ მიღირს ამ ხნის კაცს ციხეში ვიჯდე რაც არ უნდა ფასი მომთხოვონ. სამართლიანი განაჩენის იმედი რომ მქონოდა კიდე ხო, ვიფიქრებდი რაღაცას.
-ახლა?
-ახლა რა, მაქვს საპროცესო, კვირაში ერთხელ დავდივარ თითის მისაჭერად. საქმის მხრივ ჩავარდნა მაქვს, რამდენიმე კონტრაქტი მქონდა უკრაინელებთან და აზერბაიჯანელებთან და ის შეკვეთა დავკარგე, ამიტომ ხალხის ნაწილი უხელფასო შვებულებით სახლში გავუშვი, იმედია ‘დროებით’, ზოგიერთი პროექტის რეალიზაცია გადავიფიქრე საერთოდ. მერე ვნახოთ, დავფიქრდები კიდე, როგორ მოვიქცე.
ბევრი საინტერესო რამ ითქვა იმ შეხვედრაზე და ლევანი უფრო ჩაფიქრებული გამოვიდა გოგას ოფისიდან.
-ვერ ვხვდები რას იგებს ამით სახელმწიფო - უთხრა ლევანმა რეზოს, როცა მანქანაში ჩასხდნენ.
-როგორ თუ რას, ვერ ხედავ რამდენი ფული გადაუხდევინებიათ? ვისაც აქვს, იმას უნდა წაართვან, აბა მე, გაჭირვებულ მეცნიერს რას მერჩიან.
-ან იმას რას ერჩიან კაცო, რა დააშავა? თუ გგონია მაგით ბიუჯეტში შევა მეტი თანხა და შენ რამე სარგებელს ნახავ? რა სისულელეა. მაგით ხომ სახელმწიფო აგებს სამართლებრივად, ბიუჯეტი ფინანსურად, საზოგადოება სოციალურად.
-აბა ერთი უფრო გასაგებად მითხარი, რა რატომ?
-კაცი ამბობს სამთვენახევარი ვიჯექი და ვერ გავიგე საერთოდა რატომ ჩამსვესო, ანუ ყველა მისი ახლობელი ჩათვლის რომ ადგილი ქონდა უსამართლობას. ბიუჯეტში კი შევიდა ჯარიმის თანხა, მაგრამ საქმიანობის არეალი შეამცირა მკვეთრად, შედეგად ბევრად ნაკლები გადასახადი წავა ბიუჯეტში. სოციალურად კი წარმოიდგინე შენს თავზე, რამდენიმე თვით რომ გაგიშვან უხელფასო შვებულებაში, როგორ მოგეწონება?
-ცოდოა ცხადია ის ხალხი, ვინც უმუშევარი დარჩა.
-და გაითვალისწინე, ეს უკეთეს შემთხვევაში.
-ანუ?
-ახლა წარმოიდგინე გოგამ რომ გადაწყვიტოს თავისი ფირმის ლიკვიდაცია? ხომ ფიქრობს, რომ შეიძლება უსამართლოდ დაიჭირეს, ანუ დაუშვებს რომ კიდე და თანა არაერთხელ შეიძლება დაიჭირონ? შეიძლება ადგეს და საქმის კეთებას სახლში შვილიშვილებთან თამაში ამჯობინოს. თვითონ რას წააგებს, თავის გასატანი ფული მაინც დარჩება მაგხელა ფირმიდან, სამაგიეროდ ამდენი ხალხი დაკარგავს სამსახურს, ბიუჯეტს დააკლდება შემოსავლები, რომელსაც იღებდა ამ ფირმის საქმიანობის შედეგად და საზოგადოებაში მოიმატებს განცდა რომ ქვეყანაში სამართლიანობა არ არის.
ლევანმა ცოტა ხანს იყუჩა და მერე დაამატა.
-თან გაითვალისწინე, კაცს უკრაინელებთან და აზერბაიჯანელებთან ქონია მოლაპარაკება, პრაქტიკულად ექსპორტს აკეთებდა ფირმა და ასეთ ხალხს, რომლებიც ამ ქვეყანაში რაღაცის ისეთის გაკეთებას ახერხებენ, რომელიც შეიძლება გამოდგეს საექსპორტოდ, თვალისჩინივით უნდა უფრთხილდებოდეს ქვეყანა.
ლევანმა რეზო ისევ ინსტიტუტში მიიყვანა და თვითონ ადვოკატს დაურეკა, ცოტაოდენი პაუზის მერე უთხრა:
-კარგი, საღამოს ზვიადის სახლში ვხვდებით.