ბუხართან მოსაყოლი ისტორიებიო და არავინ არაფერს ყვება......
მე მოვყვები დღევანდელ ამბავს.
ოდა ჟოაოს.
დღეს ჩემმა მეგობარმა საკეისრო გაიკეთა,
დილიდან ცუდად ვიყავი. თავბრუ მეხვეოდა.
მარჯვენა ნათხემში ნეკროზული ზონა მაქვს, მარცხენა მტკივა ამ ბოლო დროს, ამასაც თუ რამე მოუვიდა, დამერხევა საბოლოოდ..
დავრეკე მოსწავლესთან, ცუდად ვარ და ვერ მოვდივარ-მეთქი.
ძლივს გვიან ავბოჟიალდი,
ვიბანავეთ მე და ელემ და გავქანდით ჯამრთელობის სახლში,
დედ-მამა ძელსკამზე დაგვხვდა.
ორივენი ექიმები არიან, ჩემი მეგობარიც ექიმია, ძალიან ჭკვიანი ვინმე.
დედა სათნო სახის ქალია, ეტყობა, ადრე ძვირფასი ნივთები და თავის მოვლა უყვარდა, ყველაფერი გამორჩეულად გემოვნებიანი აცვია, რასაც, თუ კარგად არ დააკვირდი, ვერ მიხვდები, ერთი შეხედვით ძალიან მორწმუნე ქალის შთაბეჭდილებას ახდენს და არის კიდევაც, ყველაფერი ძალიან სადა, მაგრამ ძალიან კარგი ხარისხის აცვია. ჭაღარა, შეუღებავი ,დაწნული თმა თითქმის წელამდე უწევს. თეთრი პირისახე ნერვიულობისგან კიდევ უფრო ჩასთეთრებია. გვერდით ქმარი უზის, ტანმორჩილი, მაგრამ საუკეთესო აღნაგობის, ინტელიგენტური შესახედაობის, თმა და წვერ-ულვაშგათეთრებული მამაკაცი. პირველად რომ ვნახე, დიდხანს ვფიქრობდი, სად მინახავს-მეთქი და გავიხსენე, მაშინ შავი წვერ-ულვაში და თმა ჰქონდა, ორი კბილი დამიბჟინა ადრე, სულ ადრე, შეიძლება 28 წლის ვიყავი მაშინ,
ნერვიულობენ ძალიან, გარეთ ცხელა, კბენია სხივები არქიმედემ რომ რომის ფლოტილია გადაწვა, ისე აცხუნებენ.
შევედით ფოიეში, კაპუჩინოს აპარატი დგას. მეგობრებს ერთჯერადი ყავის ფინჯნები უჭირავთ ხელში წარწერით "ლატე". მალე რომ უნდა გაჩნდეს, იმ ბავშვის მამა მშვიდად ზის და მობილურს ჩასჩიჩინებს,
კი, აბა, ერთბაშად არ დავიჯერო!
ვიცი მე თხის რქების ამბავი, გარედან ისეთი უდრტვინველები არიან, შიგნიდან კი ემოციებისგან და გრძნობებისგან მთელი გულ-ღვიძლი ეგლიჯებათ. ესეც ზის მშვიდად და ვგრძნობ, შიგნიდან საათი მექანიზმიანი ბომბი უდევს, საცაა აფეთქდება, საყვარელი! BP რომ დაიშალა, თუ რაც მოუვიდა, ვერსად სამსახური ვერ იშოვა, ოვერქვოლიFაიდ კადრი ხარო და არ იღებდნენ. ისე, გასიებული კი აქვს ის თავი, მაგრამ მაინც მიკვირს, სად ეტევა ამდენი ცოდნა და ინფორმაცია., ამასთანავე საოცრად უვნებელი და კეთილი ადამიანია. ისეც, არ ცხოვრობს ცუდად, მაგრამ ეგ რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდეს, წარმომიდგენია, რა პუტვა იქნება ასეთ ტვინზე! ეს კიდე სამი წელი უმუშევარი და ბოლოს უცხოელებმა წაიყვანეს ბაქოში, ასეა, საქართველოში ასეთი ადამიანისთვის სამუშაოც არ არის, არ გვჭირდება ასეთი სიჭკვიანე ჩვენ.
ერთი მეგობარი, კაწია, იქ დაგვხდა. ისიც სტომატოლოგია, დედით ოსი, მამით ქუთაისელი

ძალიან ხალისიანი და საყვარელია, სტომატოლოგია პროფესიით,ერთიც I არხელი. იმას ასე კარგად არ ვიცნობ,
მოვიკითხეთ ერთმანეთი და დავიწყეთ ლოდინი.
მე დედას ვართობ, ათას სისულელეებს ვბოდავ, ის კი მისმენს ზრდილობისთვის, ძირითადად საშინელებებს ვუყვები, რათა იფიქროს, რომ მას ასეთი არაფერი სჭირს, უბრალოდ, მისი შვილი მესამე ბავშვს აჩენს.
ამას წინათ რომ ვესტუმრე, დიდი ღიპი ჰქონდა უკვე, მაშინვე დატრიალდა, ყავა, ჩაი, ათასგვარი ლიქიორი, მალიბუ, მარტინი და რაღაცნაირი კოქტეილები. მარიამი მალე დაამთავრებს და სასწავლებლად წავა, ეს კიდე ბიჭია და გავირდება, მე რა გავაკეთოო? აი, გავაჩენ მესამეს და გავერთობიო, კედელზე ქერა, მომწვანო-მოცისფრო თვაკებიანი ლამაზი მოდელი ვაჟის დიდი პლაკატი უკიდია, ამას ვუცქერ ხშირად, მინდა ჩემი შვილი დაემგვანოსო,
მამაკაცი მეგობრები მოდიოდნენ და აშაყირებდნენ, გაწი, გოგო, ეს პიდარასტი ტიპი აქედან, რამ მოგაწონაო, ჩვენ კი მოგვწონდა, სახელიც შერჩეული გვქონდა უკვე პატარასთვის _ გაბრიელი,
მოკლედ და რაღა მოკლედ, ვზივართ და ვნერვიულობთ, ფოიეში რუზრუზმა იმატა, კონდიციონერი კარგად აგრილებდა, კიდევ კარგი, მშობიარე თავის ქმარს ესემესკებს წერდა, ახლა ამას მიკეთებენ, ახლა ამასო, რამდენიმე ხანში აღარც ზარს პასუხობს და აღარც ესემესკებსო და შეიყვანესო. დაიძაბა კიდევ უფრო ყველაფერი. ვუცქერ და ვაკვირდები თხის რქას, გარედან ისევ არც ერთი კუნთი არ ერხევა, შიგნიდან კი გულში ტყვიასავით ჩაიღვენთა შიში, ვხედავ, ჭკვიანი თვალები ჩაუღამდა, ქუთუთოები ჩაეთეთქვა, განსაკუთრებით მარცხენა თვალის, დედა და მამა ხატებს მიცვივდნენ,. დამიძახეს, მოდი, ბევრი სანთელი გვაქვსო. მე უკვე ცრემლები მცვივა თავისით და მუჭებზე ვიხვევ, ცხვირსახოცი, როგორც ყოველთვის პატარა მაგიდაზე დამრჩა შესასვლელში. მივედი, ალბათ რა სასაცილო გრიმასები მაქვს, ვცდილობ ცრემლი შევიკავო, მაგრამ თავისთავად მოდის, დედა სანთელს მაწვდის, სანთელს ვანთებ და ჩურჩულით რაცხეებს ვბოდიალობ: "ღმერთო, შენ მოუწყვე ხელი". აი, რა შუაშია აქ ხელის მოწყობა, "ღმერთო, გადაარჩინე" მაინც ვთქვა, ვფიქრობ გულში, მაგრამ მაინც რაღაცნაირი სიტყვები მომდის თავში:"ღვთისმშობელო დედა, შენ გადააფარე შენი კალთა"....ახლა კიდე კალთა......ვერ ვიტან საკუთარ თავს, ასე რომ ვბოჟიალობ, არ ჯობია უთხრა: "ღმერთო, შენ გადაარჩინე, გასაზრდელი და ჯანმრთელი შვილი მიეცი"..არა! ლოცვაც კი არ შემიძლია წესიერად.
გამოვედი და ისევ მომავალ მამასთან მივედი, მშვიდად ელაპარაკება ვიღაცას ტელეფონზე: "ესე იგი, უკვე კერავენ?". გამაგიჟებენ ეს თხის რქები. "უკვე გააჩინა", თითქმის ჩურჩულით ვთქვი, მაგრამ ყველამ გაიგონა, უცებ მოვარდნენ, არავის არავისთვის უკოცნია და არც მიულოცია, დედა და მამა ტიროდნენ, კაწია ექსპრესიულად ჟესტიკულირებდა. ელემ მაშინვე რეკვა დაიწყო. დაურეკა ახლა უკვე დაბადებული გაბრიელის უფროს დას, რომელიც ცოცხალი თავით არ მოვიდა, მეშინია საავადმყოფოებისო, ასე მგონია, დედაჩემი სახლში დაბრუნდება, კაბიდან ბალიშს გამოიღებს, გაიცინებს და გვეტყვის, რა ბავშვი, რის ბავშვიო. ვიღაცები სისხლის ბანკსა და ღეროვან უჯრედებზე მსჯელობდნენ.
წავედით., ვიბოდიალეთ ქუჩებსა და მაღაზიებში, ბოლოს მოგვშივდა და შარდენის ლიტში შევედით, ამას წინათ ანალიზებზე ვიყავით სამივენი, მე კაწია და პატარა დედიკო, მაშინაც შარდენის ლიტში შევედით და დიდხანს ვსაუბრობდით იმაზე, რომ ქორიძემ პლაცენტა პრევიას დიაგნოზი დაუსვა, რომ აუცილებელი იყო საკეისრო, რომ ექიმი უფრო ნერვიულობს თავის თავზე, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანი, სულ წვრილად ახსნა ყოველი სისხლძარღვი, ყოველი კუნთი. კუნთზე გამახსენდა, ერთხელ სტუმრად ვიყავი მისული და დედიკოს ვაჟმა, ლუკამ საჭმელი მოიტოვა, დედიკომ კი საყვედური უთხრა, რატომ დატოვე, ეს დიაფრაგმის კუნთის ნაჭერია, ძალიან სასარგებლოაო.

შვიდ საათზე უკან დავბრუნდით. ერთჯერადი თეთრი ხალათები ჩაგვაცვეს და ავედით.
ცუდად იყო. ტკივილებს ითმენდა, ცხრა საათამდე მოვითმენ და მერე გავაკეთებინებ, დილამდე მეყოფაო.
ოქსიტოცინი გაუკეთეს და ეს ნაფხეკი და გაჭრილი საშვილოსნო შეკუმშვის დროს როგორ ეტკინებოდა, წარმომიდგენია, ისევ დამეწყო ცრემლების დენა..ეს ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ამხელა ტკივილებს ითმენდა, პრომედოლიანი ძუძუ როგორ მივცე ბავშვსო, უკვე ისე იყო, მიშველეთო, ჩუმად ჩურჩულებდა, მე ხომ ვიცი, ეს რას ნიშნავს, როგორ ტკიოდა, მე მიშველეთო, რომ ამბობდა. მოვიდნენ, გაუკეთეს ანალგინ-დიმედროლი, რას გააყუჩებდა, გადავიდა ჭკუიდან, დავუძახეთ კიდე და მოვთხოვეთ, კეტანოვი გაეკეთებინათ. ძალიან ცუდად იყო. რა მოხდებოდა, ემშობიარა და ეს პლაცენტა პრევია არ დამართნოდა, თვალები ჩაუმუქდა, ფეხები სანთელივით გაუყვითლდა. რაღაცას ვცდილობდით, მე სველ ხელსახოცებს ვუსვამდი სახესა და ტანზე, კაწია მარაოს უნიავებდა, დედიკოს კი სიმწრის ოფლი ასკდებოდა. "რა კარგია, რომ მოხვედითო" ძლივს ამოთქვა რამდენჯერმე,.
ბოლოს ცოტა გადაუარა. კუთხეში, ფანჯარასთან სამეფო ბეგონიები გადარეული ყვაოდნენ, უზარმაზარი ფოთლები გამოესხათ, არ მიყვარს ქოთნის ყვავილების შეხედვა, როცა ადამიანს უჭირს, ბაბუაჩემი რომ ცუდად იყო, ფანჯრის რაფაზე ნაირნაირი ფერის იებს დასანახად ვერ ვიტანდი, ვიდექი ბეგონიებთან და ვფიქრობდი: " ეს გაბრიელი რომ გაიზრდება და ფილოსოფიურ აზრებს რომ გაფურჩქნის, რამდენიც არ უნდა ელაპარაკო ამ სიმწარეზე, ვერ მიხვდება მაინც ვერაფერს, მოიშველიებს ნიცშეს, სარტრის, კამიუს და კიდევ ვიღაც ჯანდაბების აზრებს, დაგიმტკიცებს რაღაცებს და კმაყოფილი დარჩება,".
ცოტათი დამშვიდებული იყო, ქორიძემ რომ მოგვაკითხა და პალატიდან გამოგვყარა.
ჩავედით ქვემოთ და დავიშალეთ.
მოვედი სახლში გადაქანცული.......ყველაფერი შეუჭამიათ ამ ოხრებს, სალათის დაჭრა შემეზარა. გამოვედი და კომპთან დავჯექი, იქნებ გადამიაროს შიმშილმა-მეთქი....ვიჯექი და ამ თემას ვათვალიერებდი, საიდანღაც ნივრის სასიამოვნი სურნელი მეცა, თითქოს ვიღაც როსტერში ლავაშში ჩადებულ ყველს ამზადებდეს და ცხელზე ნივრიან პომიდორის წვენს ასხამდეს.
ვერ გავუძელი შიმშილს, სასადილოში გავედი, იქნებ სალათა და ყველი გავიმზადო-,მეთქი და რას ვხედავ, ჟოაოს უცებ აჯაფსანდალი არ გაუკეთებია!!! თურმე ის სურნელება ჩვენი სამზარეულოდან გამოდიოდა!!!!!!!!!
დავჯექი და მოვულხინე, ალაგ-ალაგ ბულგარულის თესლები, რა თქმა უნდა, არ შევიმჩნიე. რატომღაც იმ დღეზე ვფიქრობდი, როცა ჟოაო დედამისმა გააჩინა. თითქოს დღეს გაჩნდა და სადმე, რომელიღაც სამშობიაროში თავ-ტანშეხვეული მიგორებულია მხარ-თეძოზე,.
და რა ვიფიქრე.....მადლობა შევუთვალე მამაჩემს საიქიოში, რომ ისე გამზარდა, არასოდეს ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ მითქვამს ქალისთვის, რომელიც იმ დღეს, ჟოაოზე მშობიარობის შემდეგ, იწვა და რაღაც ძალიან ტკიოდა.
This post has been edited by patriciia on 22 Jun 2012, 01:28