ძილის წინ ზღაპარს მოგიყვებით

,,ციყვუნია,,
ერთი დიდი ტყის განაპირას , უზარმაზარი მუხის ფუღუროში ციყვს დაედო ბინა. მუხის იქეთ თვალუწვდენელი მინდორი იქყებოდა. ადრე იქაც ტყე იყო, მაგრამ მრავალი წლის წინ გაჩენილ ხანძარს გაენადგურებინა. მუხას ცალ გვერდზე ახლაც ეტყობოდა ცეცხლის კვალი.
თვალი გაახილა, ბნელოდა, დახუჭა ისევ ბნელოდა.
_მიშველეეეთ, დავბრმავდიიი_დაიყვირა შეშინებულმა, პაწაწინა, ღუნღულა ციყვუნიამ.
_აქ ვარ! ნუ გეშინია, ღამეა და ბნელა_დედა ციყვმა თავზე თათი გადაუსვა , მიიხუტა, ციყვუნიამაც ცხვირი ჩაჰყო დედის თბილ ბეწვში და და ტკბილად ჩაიძინა. დილით გაღვიძებულს დედა საკვების საძებნელად წასული დახვდა. ციყვუნიამ თათები ამოჰყო წრეში, საიდანაც შუქი შედიოდა. ფუღუროდან მისი ორი შავი, კვასკვასა თვალი გამოჩნდა.
_ვა, რა ლამაზია_გაოცდა პატარა. მიიხედ-მოიხედა და და იქვე, ფუღუროსთან გამოზრდილ ტოტზე ვიღაც დაინახა.
_გამარჯობა! მე ციყვუნია ვარ, შენ ვინ ხარ?
_მე? მე ტყის ყველაზე ლამაზი, ყკბილხმოვანი, კეთილი და ჭკვიანი არსება ვარ, გუგული. ყოველ შემთხვევაში ფრინველებში მაინც.
_მიხარია გაცნობა. აქ ცხოვრობ?
_არა. ამ ტოტზე შაშვის ბუდეში კვერცხი ჩავდე, მის სამ კვერცხთან ერთად. ამ დილით შაშვი მონადირემ მოკლა. ერთი კვირა აკლდა გამოჩეკას, ახლა კი კვერცხები გალაყდება, ვინღა გამოჩეკავს...
_მერე თქვენ დაჯექით ბუდეზე და გამოჩეკეთ_გაიღიმა ციყვუნიამ.
_მე? _მოხსნა ტყუილების გუდას თავი გუგულმა_მთელი ტყე ჩემს კისერზეა, ყველა ფრინველი ჭკუას მეკითხება, გლეხებსაც მე უნდა შვატყობინო კაფვისა და თესვის დრო. მთელი დღე მოსვენება არ მაქვს, დავფრინავ აქეთ -იქეთ, საკუთარი ბუდეც კი ვერ ამიშენებია. წელს დავიწყე ამ ტოტზე ბუდის შენება. ვუყურებ მოფრინდა შაშვი, ფრთადაზიანებული, მთხოვა:_ ,,დამითმე შენი ბუდე, მე დავჩეკავ შენს ბარტყებსაც, ნუ დამღუპავო,, ყველამ იცის ჩემი კეთილი გულის ამბავი. მეხვეწა და მემუდარა. ვენდე და ხედავ?! ჩემი კვერცხიც გალაყდება და მისიც ოხრად რჩება. ახლა ამ ბუდეზე რომ დავჯდე ვინ გააკეთებს ჩემს საქმეს? იგერ გულყვითელა მოკვდა და მის ბარტყებს ვუზიდავ საზრდოს. აქეთ კაჭკაჭმა ფეხი იტკინა და იმას ვმკურნალობ. რამდენს გავწვდე? რა წყალში ჩავვარდე?
_მომიტანე კვერცხები და მე დავჩელავ_უთხრა გუგულს აცრემლებულმა ციყვუნიამ.
_რას იზამ? დაჩეკავ? _გუგულმა გადაიკისკისა_ციყვის დაჩეკილი ბარტყები ვის გაუგია? _ სკუპ-სკუპით დახტოდა გუგული ტოტიდან ტოტზე და სიცილისგან სულს ვეღარ იბრუნებდა. უცებ გაჩერდა.
_მართლა დაჩეკავ? მერე დედა რომ გაგიბრაზდება?
_დავჩეკავ. დედა ერთ კვირას მაინც არ მომცემს გარეთ გასვლის უფლებას. კვერცხებს საკუჭნაოში დავმალავ და იქ დავჩეკავ.
_მოიცა! ახლავე მოგიტან_გუგულმა სასწრაფოდ მოიტანა ნისკარტში ჩადებული წინწკლებიანი კვერცხი და ციყვუნიას მისცა.
_დანარჩენები?
_რა დანარჩენები? ააა, შაშვის? ჯერ ეს ერთი გამოჩეკე და დანარჩენებს მერე მოგიტან.
_არა, თუ იმ სამსაც არ მომიტან, მაშინ საერთოდ არ გამოვჩეკავ_გაიბუტა ციყვუნია. რაღა უნდა ექნა გუგულს, მოიტანა შაშვის კვერცხებიც. ციყვუნიამ ოთხივე საკუჭნაოში მიმალა და ზედ დაჯდა.
გაოგნებული მუხა ყურადღებით ისმენდა ციყვუნიას და გუგულის საუბარს და ფიქრობდა:_ ასწლეულები მიცხოვრია და ასეთი არაფერი გამიგია. რას არ მოესწრები თურმე?
დედა ციყვი დაბრუნდა.
_გამოდი ციყვუნია, რას აკეთებ საკუჭნაოში?
_წიწიბოს, თხილს, კაკალს ვარჩევ და ცალკ-ცალკე ვაწყობ, ვერთობი_სასწრაფოდ მიმალა კვერცხები და გამოვიდა.
_კარგი გოგო ხარ_გაუღიმა და მიუალერსა დედამ.
მთელი კვირა ათბობდა ციყვუნია კვერცხებს. მეშვიდე დღეს კაკუნი გაისმა და ერთი კვერცხიდან პატარა ნისკარტი გამოჩნდა. უკაკუნა შიგნიდან პაწაწინა შაშვმა, უკაკუნა, მალე სულ დაამტვრია ნაჭუჭი და გამოძვრა. _მცივაო_თქვა და სველი ბარტყი ციყვუნიას მიეთბო. მალე კიდევ ორი შაშვი გამოძვრა. გუგულის კვერცხს კი სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
_კიდევ გავათბობ_ ციყვუნია კვერცხს მიუახლოვდა და რაღაც ხმაური გაიგონა. ყური მიადო.
_მიშველეთ! ვერ გამოვდივარ! ჩავიკეტე! _ყვიროდა კვერცხიდა გუგულის ბარტყი. ციყვუნიამ კბილებით და თათებით სცადა კვერცხის გატეხვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა._ვიგუდები, მიშველეთ!_ყვირილს განაგრძობდა პატარა გუგული. ახლა შაშვის ბარტყებმა დაჰკრეს ნისკარტები კვერცხს და სულ მალე , სველი, შეშინებული გუგული ციყვუნიას ჰყავდა გულში ჩაკრული.
_დედა გვშია!_წამოიძახა უცებ პატარა შაშვმა_გვშია, გვშია, გვშია... _გუგუნებდა ფუღურო. დაბნეულმა დედობილმა ბარტყებს წიწიბო და თხილი გამოუტანა.
_მაგარია, ვერ ვჭამთ!
_მოიცადეთ, გაგირჩევთ
_მაინც ვერ ვჭამთ, გვშია დედა, გვშია_ატირდნენ ბარტყები.
_გაჩუმდით! დედაჩემი მოდის. ხმა არ ამოიღოთ და არ გამოხვიდეთ_ციყვუნია საკუჭნაოდან გავიდა.
_გამარჯობა დედა, როგორ ხარ? _მიეკრო ციყვს
_დავიღალე შვილო, ნახე რამდენი რამ მოვიტანე.
_დედა, დღეს ვფიქრობდი, რით იკვებებიან ახალგამოჩეკილი ბარტყები?
_არ დაიწყო შენებური კითხვები. დავისვენებ და მერე ვისაუბროთ. თავის დროზე ყველაფერს გაიგებ. ახლა ის ამიხსენი რომელი ფოთოლი რომელი ხისაა?_გადმოალაგა ციყვმა ფოთლები_ ბარტყები რას ჭამენ, მაგას თავის დროზე გაიგებ.
_აბა მშიერი დავიხოცოთ?_თავი გამოყო საკუჭნაოდან გაბრაზებულმა გუგულის ბარტყმა.
_ეს ვინ არის? _ საკუჭნაოსკენ მიმავალ ციყვს შვილი გადაეფარა, მაგრამ უკვე გვიანი იყო?
_დედა მომისმინე, ეს ჩემი ბარტყია... ბარტყი კი არა ბარტყები... მე გამოვჩეკე_ცრემლი მოსდიოდა ციყვუნიას.
_რას ნიშნავს გამოჩეკე?_გაოცებილი ციყვი საკუჭნაოში იდგა და ბარტყებს უცქერდა. _ახლავე ამიხსენი ყველაფერი_და ციყვუნიამ დედას ყველაფერი უამბო.
_სულელო პატარავ, როგორ მოგატყუა გგულმა? ის ხომ ყველაზე უსაქმური ფრინველია ტყეში. საკუთარი ბუდის აშენება და შვილების გამოჩეკაც ეზარება. უსაქმური... მატყუარა... როგორ გაბედა?! რა ვუყოთ ახლა ბარტყებს? ნამდვილად შიმშილით დაიხოცებიან, ჩვენ ხომ ჭიების მოტანა არ შეგვიძლია რომ გამოვკვებოთ.
_არ გვინდა სიკვდილი! _ატირდნენ პატარები და ციყვუნიას შემოეხვივნენ. _გადაგვარჩინე დადე, გვშია დედა_ ატირებულ ბარტყებს გულში იკრავდა დედობილი და თვითონაც ცხარე ცრემლით ტიროდა. გაბრაზებული ციყვი ფუღუროდან გავიდა. ცოტა ხანში მთელი ტყე ჩურჩულებდა:
_გაგიგიათ ასეთი რამ? _ შრიალებდა ჭადარი
_ციყვმა ბარტყები გამოჩეკა_ ბურდღუნებდა დათვი
_გაიგეთ რა მოხდა?_ გაოცებული კურდღელი ახალ ამბავს ატყობინებდა ხეზე შემომჯდარ ბუს.
_შიმშილით დაიხოცებიან ბავშვები_ვიშვიშებდნენ შაშვები.
უცებ ცაზე უზარმაზარი ლანდი გამოჩნდა. ყველა დაიმალა: ზოგი ფუღუროში, ზოგი_სოროში, ზოგიერთი ბუდეში... ლანდი ციყვუნიას ფუღუროსთან მიფრინდა და დაიგუგუნა:
_ ციყვუნია გამოდი! _ ფუღუროდან ციყვუნიას თვალები გამოჩნდა . ფუღუროსთან უზარმაზარი არწივს კლანჭებში გუგული ეჭირა._ეს უსაქმური დღედაღამ ჭიებს მოუტანს ბარტყებს, გამოკვებავს, გამოზრდის, დააფრენს და მერე სადაც უნდა იქ გაფრინდეს!
_ყველაფერს გავაკეთე, ყველაფერს_ აკანკალებული გუგული ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ გადარჩენილიყო. არწივმა კლანჭები გაუშვა გუგულს და გაფრინდა. მართლაც დღე -ღამეს ასწორებდა , ძალ-ღონეს არ იშურებდა და სულ მალე ბარტყებს ფრენაც ასწავლა.
ცხოვრობდნენ ციყვი, ციყვუნია, სამი საშვი და გუგულის ბარტყი ფუღუროში. ფრინველები ჭიებისგან ათავისუფლებდნენ ხეებს, თავისუფალ დროს კი ციყვუნიას ეხმარებოდნენ სარჩოს შეგროვებაში. სულ მალე ისე აავსეს უზარმაზარი ფუღურო, რომ მათი დასაბინავებელი ადგილი დარჩა მხოლოდ.
_დედა, აქ ადრე ტყე იყო?_თვალუწვდენელ მინდორს გახედა ციყვუნიამ.
_უზარმაზარი, ულამაზესი ტყე იყო. ჯერ კიდევ ჩემი ბაბუას ბავშვობაში გაჩნდა ხანძარი . უამრავი ცხოველი და ფრინველი დაიღუპა, ბევრმა დაკარგა ბინა.
_დედა ხეები რით მრავლდებიან?
_თესლით. რკო, კაკალი, თხილი, წიწიბო... რითაც ჩვენ ვიკვებებით, სწორედ ის არის მცენარეთა თესლი და იქედან აღმოცენდებიან ახალი ხეები.
მეორე დღიდან, როგორც კი ციყვი ფუღუროდან გადიოდა, ციყვუნია, შაშვები და გუგული იწყებდნენ აქეთ-იქეთ სირბილსა და ფრენას. მთელი თვე უცნაურად ფუსფუსებდნენ.
დაზამთრდა. ზამთარი გაზაფხულმა შეცვალა.
ტყის პირას ცხოველები და ფრინველები შეკრებილიყვნენ. ტყის ბინადრები მინდორს შესცქეროდნენ და თვალს არ უჯერებდნენ. მთელი მინდორი ახალამოწვერილი ნერგებით იყო სავსე...
_ ასწლეულები მიცოცხლია და ასეთი არაფერი მინახავს_ჩაიშრიალა ბებერმა მუხამ და მის ტოტზე შემომჯდარ ციყვუნიას თავზე ფოთოლი გადაუსვა.