იმიტომ მიყვარს აქურობა და ყოველთვის ვბრუნდები.

რა უსაქმური და საქმედალეული ვარ მე...
დავდებ კიდევ ჩემს ნაჯღაბნებს

_____________________________
_ისევ მოვესწარით_ გაღიმებული თედო ძველი, ხის სახლის აივანზე სავარძელში იჯდა და ავტობუსიდან ახლადგადმოსულ ქალებს შესცქეროდა. ახლა უკვე აღმართზე ამოდიოდნენ, ერთმანეთში ისე იყვნენ გადახლართული, ვერავინ გაარჩევდა რომელი რომელს ეყრდნობოდა.თითქოს უერთმანეთოდ ნაბიჯის გადამდგმელი ვერ იყო ვერცერთი. იმ სუროშემოხვეულ ხის გადანაჭერს ჰგავდნენ, რომ ვერ გაარჩევ სუროს უჭირავს კუნძი თუ კუნძს_სურო.
_კვამლი ამოდის. უკვე ამოსულან _ შესცინეს ერთმანეთს ქალებმა და დაღმართზე ჩამომავალ ძმას შეხედეს.
_ აივანზე ვიდექი. უცებ, ვხედავ ანათებს დაღმართი, მოვიჩრდილე და რა თქმა უნდა თქვენ... აბა სხვა ვინ? ისევ ისე ანათებთ ჩემო მინე, ჩემო ცუცა ! _ გადაეხვია გაღიმებული თედო დებს. შუაში ჩადგა და ერთად აუყვნენ აღმართს.
_ დაგრძელებულა გზა სახლამდე... _ ამოიხვნეშა ცუცამ და ძმა ხელზე მოქაჩა. _მოიცა, მოვითქვა სული
_ როცა ნაბიჯი მოკლდება_გზა გრძელდება. _თედო შეჩერდა
_ ბავშვობაში, ამ გზაზე ბალახის ღერს ვერ ნახავდი ამოსულს. ვინ აცლიდა... ახლა გატყეურებულა ყველაფერი. _მინემ აქოშინებულ დას გადახედა.
_ წელიწადში ერთი დღით ამოვდივართ. გავაცოცხლებთ, გავათბობთ სახლს და უკან ვბრუნდებით. წავიდეთ.
ბუხარში კი უკვე ცეცხლი გიზგიზებდა. შეციებული სახლი გამთბარიყო.
_მობრძანდით მულ-ბატონებო _ გაღიმებული თამო ქალებს გადაეხვია. ვახშამიც მზადაა.
_ გამარჯობა დედა! გამარჯობა მამა! _ ცუცამ ბუხარზე შემოდებული სურათი ჩამოიღო და აკოცა. _ ხომ ხედავ, დე, შენს დაბადების დღეს ისევ აქ შევხვდებით. ისევ ერთად. _ და სურათი მინეს გადასცა.
ვახშმობა მალე მოამთავრეს და თავიანთ სავარძლებში მოკალათდნენ. ყოველთვის ასე იყო . მარჯვენა სავარძელში თამო ჯდებოდა, სამზარეულოს კართან ყველაზე ახლოს, შემდეგში მინე, შემდეგ თედო და ცუცა . ოთხივეს თბილი, შალის ლურჯ-წითელი, კუბოკრული პლედი ჰქონდა მიფარებული. მოგონებების ღამე მოდიოდა. ამ დღეს უყვებოდნენ სახლს, მშობლების ფოტოს და ერთმანეთს მთელი წლის ამბებს, არც ძველს ივიწყებდნენ და არც ახალს.
_ძალიან ცივა, ეტყობა ისევ გათოვდება, მარტმა კუდი ხომ უნდა მოიქნიოს. ცუცამ პლედი მჭიდროდ შემოიკეცა.
_ რა თოვლიანი ზამთარი იცოდა... მახსოვს, დედამ ასანთი მოგცა , ერთადერთი ბიჭი ხარ ოჯახში , აანთე, გადააგდე ფანჯრიდან და ღმერთს სთხოვე: ღმერთო მეტი აღარ გაათოვო, ღმერთო მეტი აღარ გაათოვო. _ მინემ ძმას გადახედა.
_მეც გავაღე ფანჯარა, ბარდნის, წელამდე თოვლია, ავანთე ასანთი, გადავაგდე , ხელი ხელს მივადე და ვლოცულობ: ღმერთო დიდი გაათოვე, ღმერთო დიდი გაათოვე! ისე გაათოვე უგვირაბოდ ვერ გავიდეთ სახლიდან. მერე თამოსაც გააყვანინე გვირაბი და შეგვახვედრე სადმე, ჩემს და მის სახლს შორის. აგვაშენებინე თოვლქვეშა სახლი და არასოდეს დაადნო თოვლი . _ გაიცინა თედომ.
_ როცა ორი ადამიანი ერთსა და იმავეზე ლოცულობს, აუცილებლად სრულდება_ თამომ ალერსით სავსე თვალებით გადახედა მეუღლეს._ თოვლქვეშა ვერა, მაგრამ მიწისზედა სახლი ნამდვილად ავაგეთ.
_ ოღონდ სხვაგან. ამ სოფელს დიდი ხანია მამლის ყივილი აღარ აღვიძებს.
_გახსოვს მამას როგორ უყვარდა მამლების ჩხუბი? ერთხელ მეზობელს ორი დიდი დედალი გაუცვალა ერთ მუჭისხელა მამალში, მაგრამ ამ მამალს სამი რიგი ბიბილო ჰქონდა და ფერები... ცისარტყელა გეგონებოდა. ბაკლანა ერქვა. გარშემო სოფლებში მისი მომრევი მამალი არ ყიოდა. _გაიხსენა მინემ.
_მამლები არ გამახსენო. ერთხელ ჩემმა ქმარმა მამალი მოიყვანა. ყვინჩილა იყო ჯერ _დაიწყო ცუცამ_ ძირს ყუთი რომ დადო, კი არ ამოხტა ან ამოფრინდა, კაცივით გადმოდგა ფეხი ყუთიდან . არისტოკრატი იყო ნამდვილი .ჯუმბერი დავარქვი. უკეთესს რას ნახავდა კაცის თვალი ?! რამხელა იყო იცი? ბუნდღები ჰქონდა ფეხებზე ჩექმებივით , კაზაჩოკებით დადიოდა და დეზები ჰქონდა... ყანწებად ვიყენებდით მისი სიკვდილის შემდეგ. ექვს საათზე იწყებდა ყივილს. მთელი სოფელი მის ხმაზე აწყობდა საათს და იწყებდა ცხოვრებას. რვამდე ყიოდა ყოველ ხუთ წუთში. ნარგიზი რომაა ჩემი მეზობელი, მომადგა, დაკალი გინდა თუ არ გინდა, ყივისო. ვუთხარი, რაც იცის იმას აკეთებს, მაგას მრავალჟამიერის შემოძახება რომ სცოდნოდა, ამ სოფლის თავში კი არ გავაჩერებდი, გასტროლებით მოვივლიდით მსოფლიოს-მეთქი.
_ დაკალი მერე?
_ ოჯახის წევრი იყო. მაგას როგორ გავაკეთებდი. ამოვიდოდა კიბის თავზე და ვლაპარაკობდით. ის თავისას მიყვებოდა, მე ჩემსას. ერთხელ შევდივარ ოთახში, ჩამჯდარა ჩემი ჯუმბერი დივანზე , გაწვდილი აქვს ფეხი და უყურებს ტელევიზორს. ქათმების ფერმაზე იყო გადაცემა. კაცივით იყო საწყალი. დასასვენებლად მივდიოდი და ჩემს მულს დავუტოვე . ძალიან მაღალი სოფელი იყო. ჩამოვედი და შეურაცხყოფისგან მისუსტებული დამხვდა ჩემი ჯუმბერი, ამ ქვეყნის დასალიერში გადასახლება როგორ მკადრეთ , ამ სიბერეში როგორ მომაშორეთ მშობლიურ სახლ-კარსო. ორი დღე აღარ უცოცხლია. ამაყი იყო საწყალი. რაც მე მაგაზე ვიტირე...ვემდუროდი მერე კაი ხანი ჩემს მულს, შვილივით გამოზრდილ მამალს რომ არ მოუარა. ჩამოვედი სოფელში და გადავძახე ნარგიზას: _აღარაა ჩემი ჯუმბერი და გამოცხვი აწე ძილით, ადრე ამდგარი რისი გამკეთებელი იყავი და ახლა შუადღეზე რომ ადგები ხომ მიეწება მუცელი ხერხემალზე შენს ქმარ-შვილს _მეთქი,.
_ცუცა, შავ ზღვაში ენა რომ ჩააწო, ჭოროხის თავში თევზს დაწამლავ_ გაიცინა თედომ
_ჩემი რემონტის ამბავი კი გემახსოვრებათ _პაუზა გააკეთა ცუცამ , ყველას გადახედა და რომ დარწმუნდა ყველა სიამოვნებით მოისმენდა ამ ათასჯერ გაგონილ ამბავს, განაგრძო. _ რას ყვებოდი... რემონტი გვქონდა. ფარდაც არ იყო ფანჯრებზე ჩამოფარებული. ვწევართ მე და ჩემი რუსლანი საწოლში და შუაღამეზე გადაგვირბინა რაღაცამ . წამოხტა ჩემი ქმარი, აანთო შუქი და და რას ვხედავთ?! დარბის ვირთხა ოთახში. ვირთხა უძახე და ერთ კატას ცალ ყბაში მოიგდებდა და მეორეს მეორეში. აიღო რუსლანმა პოლის ჯოხი, რკინის გვაქვს, უბრალო კი არა, დარბის ვირთხა და დასდევს რუსლანი, მირბის და მისდევს, უკან მე მივსდევ კივილით . კი იცით როგორი მშიშარაც ვარ. მომიბრუნდა ჩემი ქმარი და მეუბნება, აგერ, ფიცრები რომაა მიწყობილი კედელზე, იქ დადექი და დაუდე ფეხიო. რის ფეხის დამდები ვიყავი მე? ხომ მომაჭამდა ფეხს? ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ წინ მე მივრბოდი, მერე ვირთხა და ბოლოს რუსლანი, პოლის ჯოხით. ნამდვილი ალუმინია. მსუბუქი.. დღესაც მაქვს, არ მოსდის არაფერი. მეორე დღეს მთელმა სოფელმა იცოდა ნარგიზას წყალობით , რომ შუაღამეზე ნიფხვისამარა რუსლანი დამსდევდა მოსაკლავად.
_ ცუცა, ის თუ გახსოვს, მინესთან რომ მივედით სტუმრად_ ახლა თამო ჩაერთო.
_რომ ტიროდა? _ გადაიკისკისა ცუცამ.
_არაა საჭირო ჩემზე დაცინვა ახლა _ გაღიმებულმა მინემ რძალს გადახედა.
_მოყევი, მოყევი_ თედომ თამო შეაგულიანა
_მივედით მე და ცუცა მინესთან სტუმრად. კარზე უნდა დავაკაკუნოთ და გვესმის მოთქმა-გოდება. კარი მუდამ ღიაა აქვს და შევაღეთ ცოტა . ვუსმენთ მინეს ხმას: _ ტატო შვილოო, შენ ხომ ახალგაზრდობა არ დაგინახავს შვილოო_ გაგვცრა ტანში, მაგრამ ტატო ვინაა ვეე ვიხსენებ_იმის ღირსი არ იყავი შენ შვილო რომ გადასახლებაში ამოგხდომოდა სულიი! შვილოო! ნახიჩევანში რატომ უნდა დარჩენილიყავი უსაფლავოდ შვილოო _ აქ კი ვეღარ მოვითმინეთ და შევცვივდით . ვკანკალებთ ორივე, მოგვდის ცრემლი
_ რა ხდება მინე? _ამ დროს მინეს წიგნი უჭირავს ხელში, მოსდის ცრემლი და აგრძელებს:
_ტატოს ვტირი, ტატოოს.
_ვინ ტატოს ქალო?
_ნიკოლოზ ბარათაშვილს დედიი და სურათი გვაჩვენა.
_ ისე ყველას დამტირებელი შენ იყავი, მინე. შინაური , გარეული , წაკითხული, ყურმოკრული ყველა გამოტირებული გყავს. თედომ მინეს ხელი გაუწოდა .
_ დილაა, საქმე მაქვს ოხრად და რეკავს ტელეფონი. _დაიწყო მინემ. _ ავიღე ყურმილი და მესმის ხმა:
_ალო, მინე დეიდა, რეზო ვარ, ვერ უნდა გითხრა კაი ამბავი, ფერად ბიძა აღარ არიო! _ამას ისეთი ხმით მეუბნება, რომ უეჭველი უნდა ვიცოდე ვისზეა ლაპარაკი.
_ვუიიი!_მეთქი ვიკივლე და იიი-ს ვაგრძელებ რომ გავიხსენო ვინაა ფერად ბიძა. ბოლო ჰაერი რომ ამოვტუმბე ფილტვებიდან , ბოლო ,,ი,,_ ზე , მივხვდი რომ ვერ ვიხსენებდი და ვეუბნები: _არ შემშალო, საიდანაა გასვენება?-მეთქი
_სარფიდანო _და უცებ მივხვდი რომ სავარაუდოდ დეიდაჩვენის ქმრის ბიძა უნდა ყოფილიყო ცხონებული.
_ იყავი ტირილში? _გადაიხარხარა თედომ.
_მაგას გამოვტოვებდი?! _თმაზე ხელი გადაისვა მინემ _ გოგო ,მალინე ბიცოლას ტირილი გახსოვს?
_ რა დამავიწყებს.
_ მოყევი, მოყევი, მე არ ვყოფილვარ, ფეხი მტკიოდა მაშინ და დავრჩი შერცხვენილი ნიაზ ბიძიასთან. _ თქვა თამომ.
_კი იცი, ქალაქში ცხოვრობდა ცხონებული და მე და მინე სადგურში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. მივედი სადგურში და რას ვხედავ, დგას ჩემი მინე შავი, წელში გამოყვანილი ვიტიჩკებიანი კაბით, გულზე კამეას ბროში უკეეთია, თმა ჩახვეული აქვს , ფეხზე ლაქის ფეხსაცმელი, პატარა ქუსლზე. რას ნახავდი უკეთესს, ბალერინა იყო ნამდვილი.
_შენ არ მოისპე_ჩაიკისკისა მინემ, _ ახალგაზრდობაში ერთი ნაჭერი ქალი ვიყავი, ქალაქში რომ ჩამოვიდოდი ყველა თვალს მაყოლებდა და რა ჩამოსანსალებული ფეხები აქვსო, ჩურჩულებდნენ. მერე გამომეგრიხა ფეხები წითელი ქარისგან .
_მაცალე, მინე, მოყოლა.
_მოიცა მეც ვთქვა. სოფლის ავტობუსიდან რომ ჩამოვიდა ცუცა, მუქი ლურჯი კაბა ეცვა. ყავისფერი ფეხსაცმელი და ჩანთა ისე უხდებოდა, ხატავდა. ვიყიდეთ ყვავილები და წავედით ფეხით.
_ყვავილები უბრალო კი არ იყო... ძვირფასი! მივედით ეზოში და არის ერთი მოთქმა -ტირილი. მეორე სართულზეა დასვენებული მალინე. ჩამწკრივებულან რძლები . სამივეს ხახვის წვენში ამოვლებული ცხვირსახოცები უჭირავთ და სამივეს თვალი მალინეს ხელზე აბრჭყვიალებულ საფირონისთვლიან ბეჭედზე უჭირავს. ტირიან, ცას და მიწას ატირებენ.
დაგვითმეს ადგილი და ნარგიზის გვერდით არ მოგვიწია დაჯდომა?! სამი დღე არ ამდგარა თურმე, რამე საინტერესო ამბავი არ გამომეპაროსო.
_ახლა რძლები იმაზე ფიქრობენ, რომელს დარჩება ბეჭედი. სანამ მაგას არ გავარკვევ აქედან წამსვლელი არ ვარ _გადმომჩურჩულა ნარგიზმა და განაგრძო. _წუხელ სერვიზების განაწილებაზე დაწყვიტეს ერთმანეთი. ძირს დახედე, ძირს! _ნოხით დაუფარავი ოცდაათ სანტიმეტრიანი ადგილისკენ გამახედა , კარადის ქვეშ. _ სამი რძლის ხელში დარჩა მოუწმენდავი. რომ შემოვედი, ვიტრინის კუთხეს ავუსვი ხელი და თითზე მტვერი არ ამყვა. ვიფიქრე, ვიფიქრე და მივხვდი, ჩემამდე მედიკო და დარიკო იყვნენ მოსული და შემოწმებაში გასუფთავდებოდა-მეთქი. მალინე ლოგინად არ ყოფილიყო ჩავარდნილი, ასეთი ფარდები იქნებოდა ახლა? უფროს რძალს სათვალე უყიდია, ორასლარიანი. იმნაირ ბინაში ცხოოვრობს სათვალის დასადები ადგილი არაა და რა ჯანდაბად უნდოდა ნეტა? _ილაპარაკა და ილაპარაკა, ყველა შემომსვლელის ტანსაცმელი შეაფასა, ოქრო აწონა, ხელფასი დაიანგარიშა, სისქე, სიგრძე, მენჯების და მკერდის გარშემოწერილობა, თმის საღებავის ნომერი დაადგინა და ... ჩვენ წამოვედით.
_ ნარგიზი სახლს რომ აშენებდა, ქალაქში ყველაზე დიდი სახლის პატრონს ესტუმრა. გამოსვლისას ვითომ ეზოში გაისეირნა, აგურების რაოდენობა გადათვალა და იმ სახლზე ერთი აგურით გრძელი სახლის საძირკველი ჩაყარა. _ გაიხსენა თედომ _ აღარ გვინდა ეს ტირილები, რა გადავეკიდეთ.
_ ვუახლოვდებით თედო, ვუახლოვდებით. _ ჩაიცინა მინემ _ადამიანი ყველაზე ხშირად იმაზე საუბრობს რაც მისთვის ყველაზე ახლოა. ვინ იცის მომავალში ამ სახლში ამოვალთ თუ არა. თუ ამოვალთ, რამდენი? ვინ? ჩვენთან ერთად მთავრდება მისი ისტორიაც. ჩვენი შვილები მისი მომკითხავი არ არიან. ახლა ამბებს ვუყვებით და გვისმენს. თვითონ გვიყვება და გვესმის. შემოსვლისას კიბეზე ბალახი დავინახე და წყევლა გამახსენდა: ,,შენს კიბეზე ბალახი ამოსულიყოსო. ,, ძლივს ამოვგლიჯე. სანამ ფეხზე ვართ ნამდვილად არ ამოვიყვანთ კიბეზე ბალახს, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს გარდაუვალია.
_ სიარულიდან სირბილზე გადავდივართ, მერე , ჭკუაში რომ ჩავხდებით , უფრო და უფრო ვამცირებთ ნაბიჯებს, ბოლოს მივღოღავთ, რომ ფინიშის ხაზთან რაც შეიძლება გვიან მივიდეთ, მაგრამ მაინც მივდივართ_ ნაღვლიანად თქვა თამომ.
_ ერთსაც მოვყვები და მოვრჩეთ. ეშმაკურად ჩაიცინა ცუცამ _ ჩემს მეზობელი ასიას კამაზი რომ დაეჯახა და გარდაიცვალა, საწყალი, კი იცით. წავედით ორმოცზე და როგორც წესია, თავსაფრები წავიღეთ, სულმა ხომ უნდა დაგვინახოს. დავიწყებია ლუბას თავსაფარი, აქეთ ეცა, იქით ეცა. არ იცის რა ქნას, ხომ დარჩებოდა ცხონებული ასია ლუბას დაუნახავი. ბოლოს მოიფიქრა ცხვირსახოცს დავიფარებო. ეძება, ეძება ... ყველას თავისი უნდა , სატირალია, ცრემლი ხომ უნდა მოიწმინდო. უყურა ასიას ქმარმა ლუბას, უყურა და ეუბნება:_ ლუბა, ჩემმა ასიამ გზაზე მომავალი იმხელა კამაზი ვერ დაინახა , შენს ცხვირსახოცს დაინახავს ახლა? შეეშვი, ნუღარ ეძებო. _იქ ამბავი იყო... ვიღას ახსოვდა ლუბა.
_პეტრე რომაა ჩემი მეზობელი ხომ იცი? ქალაქში იყო საქმეზე, საღამოს ავტობუსით ამოვიდა სოფელში. გაჩერებაზე დახვდა თეთრი თხა. მოდის პეტრე და მოყვება თხა. გაჩერდება, ჩერდება ისიც. მიტრიალდება , გააგდებს, ეს ისევ მიჰყვება. აიღო ძირს დაგდებული ჯოხი. მოუქნევს თხას. დაიკიკინებს ისიც საწყლად და მიყვება მაინც უკან.იარეს ასე თხუთმეტი წუთი . ეზოში ვიყავი და ვუყურებდი მათ გაჭირვებას. ჩემს ჭიშკარს რომ გაუსწორდა, ოფლში გახვითქული პეტრე მეუბნება:
_მინე, გაჩერებაზე დამხვდა ეს ოხერი, უკან მომყვება და ვერ მოვიშორე ვერაფრითო.
ვუყურებ პეტრეს. მერე თხას. ისევ პეტრეს, ისევ თხას.
_პეტრე ბატონო, თქვენი პეტაა მაგი_მეთქი.
მოკვდა და არ დარჩა ცოცხალი. ჩაილუღლუღა თავისთვის
_ჭირმა გაგანელა , ჭირიშეჭმულოო . დახარა თვალები , გაიგდო თხა წინ და შევიდა თავის ეზოში. იმდენი ვიცინე, იმდენი რომ ათი წლით გავახალგაზრდავდი იმ დღეს.
_გეტყობა! მეც ვიფიქრე ასე ქორფად რატომ გამოიყურება-მეთქი_ჩაიცინა ცუცამ.
_ ერთი თვე არ იყო გასული , მგელმა შეჭამა პეტა . ძვლები ნახეს ტყის პირას. ჭირიშეჭმული არა, მაგრამ მგელიშეჭმული კი დარჩა საწყალი. მეზობელი შეხვდა პეტრეს და ეუბნება: _ვწუხვარ, პეტას გამოო და ამანაც : _რა გაწუხებს, შენს ეზოში ვასაფლავებ თუ-ო? _დააბრიალა თვალები.
_ახლა, გზაში რომ მოვდიოდით, ისაკა შეგვხვდა. ავტობუსში ამოვიდა. დაუთმეს მაშინვე ადგილი. ძლივს ვიცანი_ თქვა თედომ _ დაბერებულა . მახსოვს , ერთ შემოდგომაზე სოფლის ცენტრში ტრიალებდა ისაკა. კოსტიუმში იყო გამოწყობილი. აბა ასე ჩაცმული ვის უნახავს, მუდმივად ხაკის გახუნებული შარვალი და ასნაირად დაკერებული ხალათი ეცვა. სუფთად კი იყო ყოველთვის ჩაცმული. ... რას ვამბობდი?
_სოფლის ცენტრში დადოდა , გამოწყობილიო _შეახსენა თამომ.
_ ჰო... დადის ისაკა ჩაცმულ-დახურული, უტრიალებს მანდარინის წასაღებად ამოსულ სატვირთოებს. ამოდიან სატვირთოები, ატრიალებენ მანქანებს და მდინარის პირას აჩერებენ. დალანდა ისაკამ ერთი. გაიცინა მისებურად. ატრიალებს მძღოლი ამ მანქანას და ახლოს მისული ისაკა რომ დაინახა, დაუძახა:
_ კაი კაცო, ჩამაყენებინე მანქანაო. დადგა მდინარის პირას ისაკაც და უძახის:
_მოდი, მოდი, მოდი... მოდი და _ არ გადაჩეხა მანქანა?
_აწი ჩემს ფეხებს ამოხვალო! _ ღრმა ადგილი არ იყო, მივცვივდით ყველა, ამოდის მძღოლი კაბინიდან. ძლივს ვაკავებთ აქეთ მძღოლს, იქით ისაკას. :
_ შენ არ იყავი შარშან დარიკოს მეწველი ძროხა რომ მოკალი მანქანით, მოწმედ რომ დაგიდექი, არავინ დამიჯერა, ყველამ იცოდა გიჟი რომ ვარ. ახლაც გიჟი ვარ, შარშანს მერე არ დავჭკვიანებულვარო _გადაიხარხარა. მას შემდეგ არავის დაუნახავს კოსტიუმჩაცმული ისაკა. ისევ ძველებურად დადიოდა.
_ კბილის ექიმთან რომ იყავი, გახსოვს? _ თამომ ქმარს გადახედა.
_ მაგ ექიმს რა დამავიწყებს. ახალგაზრდა ვარ, 37-38 წლის. ნადი გვყავს სიმინდის. ამტკივდა სიბრძნის კბილი , ახალგაზრდობიდანვე ძნელად მეძლეოდა სიბრძნე... მაგრამ ხომ არ მივატოვებ ხალხს? ის დღე დავაღამე და დილაადრიან გავიქეცი ქალაქში. მივედი კლინიკაში. კლინიკა ქვია, მაგრამ ერთი საფეხური და კაბინეტში ხარ. შევედი და ვხედავ ზის ორი დედაბერი თეთრი ხალათებით. მაშინ მივხვდი რომ თეთრი შეიძლება სულაც არ იყოს თეთრი, მაგრამ მაინც თეთრი ერქვას. დაკრიჭა ერთმა, უფრო ექიმი რომ უნდა ყოფილიყო, კბილები და მაშინ ვთქვი, ვაი, უბედურო ჩემო თავო, თავო კი არა კბილო, ამას კბილის რამე ესმოდეს, ამ დღეში ხომ არ ექნებოდა პირი-მეთქი, მოკლედ გულმა კარგი არ მიგრძნო, მაგრამ გულს ვინღა უსმენდა, კბილი მკლავდა. ჩავჯექი სავარძელში და ერთმა, უფრო მოექთნომ ხელები მიმიბა სახელურებზე. ეს დაზღვევააო.
_აბა გააღე პირიო, ამოსაღებია კბილიო _ მოექიმომ მითხრა და მაშინ მივხვდი რას გრძნობდა მგელი , კომბლემ პირი რომ გააღებინა და ჩიჩია აღმოაჩნდა და მელიას ადგილზე ვინატრე ყოფნა, მაგრამ გვიანი იყო, კბილს უკვე მჭიდროდ მოსჭიდებოდა ქანჩი და მთელი ძალით ქაჩავდა ჩემს სამფესვიან სიბრძნეს. მქაჩავს და არ ნებდება ჩემი კბილი, მქაჩავს და არ ნებდება, ბრძენია, ოხერი, იცის გადააგდებენ. შემჯდა ეს ალქაჯი ზევიდან . ვერც ხელს ვიხსნი, ვერც ხმას ვიღებ, ვზმუი საწყლად. არ მეშვება ალქაჯი. ჯანიანი კი ვიყავი და დავიწყე ხტომა . დავხტივართ მე, სავარძელი, ჩემზე შემომჯდარი ქაჯი და არ ნებდება კბილი. ამ ხტომა-ხტომაში კარამდე მივედით და დავგორდით კიბეზე და ტროტუარზე ვიღაც ახმახის წინ დავენარცხე. შევებრალე. მადლიანი იყო ვიღაცა , ამათხრიშა ეს მოექიმო, მოკიდა ქანჩს ხელი და ამომგლიჯა კბილი. ერთი კი დაიძახა. _ თავს უშველეთო და სანამ ხელებს მიხსნიდა, მოექთნოს და მოექიმოს კვალი გაქრა.
_შენ არ მოისპე! _სათვალე მოიხსნა და ისე გაიწმინდა ცრემლიანი თვალები ცუცამ.
_ბაბუ, ჩაგძინებია, გრილა აივანზე. მოდი სახლში შევიდეთ. _ახალგაზრდა ბიჭი ბაბუას მიუახლოვდა, ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლი მოწმინდა. _მეუბნებოდა მამა, არ წაიყვანო სოფელში, ცუდად გახდებაო. არ დავუჯერეთ. ხედავ, ძლივს ითქვამ სულს?!
_არა სიზმარ-ცხადში ვიყავი. მოვიდნენ.
_ვინ მოვიდა? ნუ მაშინებ.
_მომაკითხეს. ჩემებმა.
_ირაკლი, შემოდი ,ბაბუა მანქანამდე მიმაყვანინე .
_არა, საწოლამდე მიმიყვანე. კარგად ვარ. ამაღამაც დავრჩეთ. _ჩაიჩურჩულა თედომ. _უბრალოდ მოგონებებმა გამიტაცა. ნელ-ნელა წავიდნენ, ჯერ მინე, შემდეგ ცუცა... თამომ, ჩემმა თამომაც კი მიმატოვა. ამაღამ აქ დავიძინებ, ხვალ წავიდეთ. ოღონდ დღეს არა.
ირაკლიმ და ლუკამ ბაბუა საწოლამდე მიიყვანეს. დააწვინეს და საბანი შემოუკეცეს.
_ასეთია ბოლო_ჩაიჩურჩულა მოხუცმა.
_რა დროს ბოლოა, ქვეყნის საქმე გაქვს გასაკეთებელი ჯერ_ირაკლიმ გახუმრება სცადა.
_მოდით ახლა ორივე , ბაბუ, აქ ! საწოლზე ჩამომიჯექით, რაღაც უნდა გითხრათ. დიდები ხართ უკვე , ჩემი საქმე მოვითავე მე , თუ საქმემ მომითავა არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი რომ ქვეყნის საქმე ტელევიზორიდან არ კეთდება შვილო. ქვეყნის საქმე აი იმ მიწის პირველი ბელტის ამობრუნებით იწყება, ამ ფანჯრიდან დაუბარავი რომ მოსჩანს ახლა, იმიტომ რომ პატრონი უკვდება. ქვეყნის საქმე იმ პირველი ყურძნის მოწყვეტით იწყება, შემოდგომაზე ჭიტას რომ დაიძახებს ვაზის ფოთლებიდან შავი თვალებით. ქვეყნის საქმე იმ პირველი ფუტკრის გამოფრენით იწყება სკიდან, ყურთან რომ ჩაგიზუზუნებს და შენს მკლავებში მოქცეული გოგოს თავზე დადგმული იების გვირგვინისგან ნექტარს რომ დალევს. ქვეყნის საქმე შენი სახლიდან იწყება. კაცი რომ საკუთარ სახლს და მიწას ვერ მიხედავს, აბა ის რისი გამკეთებელია, ბაბუ. _თედოს ხმა ჩაუწყდა._ სახლი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, ოჯახი ყველაზე ძვირფასი განძია და სანამ მოგონებებად გადაგექცათ, მოუარეთ.
იმ ღამით თედო გონს აღარ მოსულა. მზის ამოსვლისას უკანასკნელად გაახილა თვალები.
_ თამო, ფანჯარა გააღე! _ჩაიჩურჩულა. ღია ფანჯრიდან წვიმის, ბალახის და ახალდაბარული მიწის სუნით გაჟღენთილი ნიავი შემოიჭრა და გაღიმებულ მოხუცს თვალები დაუხუჭა.