ჰმმ... ნამდვილ ინდურ ჩაის გეახლებით, ეს-ესაა მომიცუნცულა მაღალმა, ხმელ-ხმელმა თეთრებში გამოწყობილმა ინდოელმა ბიჭმა. თან ვსვამ, თან თვალებს მივლულავ ხოლმე. ნეტარებაში ვარ და ფიქრები თავისით მოდიან, მახსენდება, აქ როგორ აღმოვჩნდი...
----
გამახსენდა, ჩავფრინდით ნიუ დელიში და დავტოვეთ აეროპორტის ტერიტორია. იმდენად დიდია განსხვავება აეროპორტის შიგნით და გარეთ ტემპერატურას შორის დილის 5 საათზე, რომ ერთადერთი, რაც მახსოვს ისაა, რომ ჩემოდანი გამივარდა ხელიდან, გავძეგლდი და ვგრძნობ, რომ გული ეს-ესაა შემიღონდება. ვხედავ თეთრებში გამოწყობილი მამაკაცები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე წამოწოლილან, ზოგს სძინავს, ზოგი ეტყობა ახალ ტურისტს ელოდება, იქნებ რამეში მიეხმაროს, რომ ფული იშოვნოს. ხმაური, ყაყანი, არაფერი მესმის, ყურები დამიგუბდა. ჩემ წინ ჩემს მეგობარს ვხედავ, რომელმაც ერთი ნაბიჯით გამასწრო და გავიდა აეროპორტის შენობიდან. ისიც გახევებული დგას და არაფერს აკეთებს, მგონი, ისიც შოკშია. მომენტალურად გამოვერკვიე და ვტაცე ხელი ჩემს ჩემოდანს, შევვარდი უკან აეროპორტში. დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ დავბრუნდე უკან, საქართველოში.
—
ნიუ დელიში ჩასვლის პირველი დღე, გათენდა, შოკირებული ვარ სიცხით, სურნელებით, ხალხით და ,,ვმეგობრობ” მხოლოდ ჩემს ქუდთან, ,,შლოპანცეებთან” და ერთ ბოთლ წყალთან და ის მომენტი, როცა კიდევ ვფიქრობ, ხომ არ დავბრუნდე უკან (გადავცვალო ბილეთები). წინ კიდევ 6 კვირა მაქვს ,,გასაძლები”…
ვეგუები რეალობას.
ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით და მეც მათ აყოლილი ყოველ დღე ვსტუმრობდით საოცარ ადგილებს და საცალფეხო ბილიკით დავრბოდით კისრისტეხით… ესეც გართობის ერთგვარი საშუალება ჩემსავით ,,კულტურული შოკით დაზარალებული” სტუდენტებისა

))
—
აი, ლექციების მერე რომ შეგვეძლო დიდ ბაღში გასეირნება, იტანტალე, ისეირნე, იპიკნიკე, რამდენიც გინდა, ფართობი, სილამაზე, სიგრილე ამ სასახლის კედლებში და ფიქრი იმაზე, რა კარგია შენს სამშობლოში რომ შემოდგომაა და შენ კიდევ გახანგრძლივებული ზაფხული მოიწყვე ინდოეთში, იფფ…
—
აგრისკენ მგზავრობისას სულს მოვითქმავ, ავტობუსის ფანჯარაში თავს გავყოფ -მეთქი და პატარა ინდოელმა ბიჭმა ყელსაბამი მომაჩეჩა: იყიდე, დეიდა, შენი ლამაზი თვალების ჭირიმეო, დაახლოებით ასე მითხრა თავის ენაზე. ნუ… მე ყოველ შემთხვევაში მისი სახის გამომეტყველებით ეს ამოვიკითხე და უკვე ინდოელების ვაჭრობაში ისე ვიყავი გაწაფული ლამის მაჩუქა, ოღონდ წაიღე და მომეშვიო, არ ეგონა თუ მთლად ასე იმ ,,უბნელი” ვიქნებოდი… ჰოდა, შემრჩა ეს ყელსაბამი დღემდე. ეგრეა რა… ვინ მოგაწყენდა, იმდენად დინამიკური და სწრაფი ტემპით მიდიოდა ჩემი ცხოვრება ინდოეთში, სულის მოთქმაშიც კი ახალ ცოდნასა და ნივთებს ვიძენდი.
—
ტაჯ-მაჰალი
შუადღეა, პაპანაქება, ვერ ვსუნთქავთ და ამათ კიდევ ფეხზე გაიხადეთ და ისე იარეთო… გულზე შემომეყარა. ამოვიცვით რაღაც პარკები, რაც მოგვცეს და გავარვარებულ ცხელ მარმარილოზე სულ ასკინკილით შემოვირბინეთ ტაჯ-მაჰალი… მაგრამ ღირდა რა, აი, ვფიცავ, ღირდა ეს იყო საოოოცრებაააა და ტაჯ-მაჰალის უკანა მხარეს მდინარიდან მონაბერი სიოთი გაგრილება…. შემიყვარდა ეს ადგილი და წამოსვლა აღარ მინდოდა…
—
ჩემი ინდური ბაჩიები – ამაზე კარგი არაფერია, იტანტალე, რამდენიც გინდა ინდოეთში, ოღონდ ეგაა, გადარეული ჩვენნაირი ტურისტების მეტი ამით იქ არავინ დადის. ეს იგივეა, აქ რომ ტურისტებმა ტყაპუჭებით ან ჩოხა-ახალუხით იარონ. თუმცა მთელი ხიბლი ამ წკაპუნებისა იყო ის: ხელით შეკერილია და მარჯვენა-მარცხენა არ აქვს, ტყავია და რომ გაიწელებოდა, მერე ვცვლიდი ხოლმე მარჯვენა-მარცხენას და ასე დაუსრულებლად. უჰ… კარგი იყო… ჩემი ოქროსფერი ბაჩიები.