nforumiსად ვიცი ამდენი ინგლისური
--------------------------------------------------------------------------
რაღაც თემა ჩაჩოჩდა. ამიტომ მოგიყვებით ამბავს, ჩემს ამბავს: მისმინეთ მსმენელნო, მოიდგით ცხელი ჩაი, მოკალათდით ბუხართან და ვიწყებთ:
პარასკევსაღამოს კახეთიდან ჩამოვედი თუ არა, მხოლოდ ორი საათი მქონდა, სომხეთისთვის მოვმზადებულიყო. პირველადი საჭიროების და ძალიან აუცილებელი ნივთები სასწრაფოდ ჩავყარე განუყრელ ზურგჩანთაში და სალოსკენ გავეშურე. გამთენიისას სომხეთს ვსტუმრობდი.
სადახლომდე ისე მივედი, გზაში მეძინა და ჩემთან ერთად ეძინა მარშრუტკის ყველა მგზავრს, მძღოლის გარდა. სადახლოზე ნახევრადგახელილი ცალი თვალით გავიარე სომხეთ-საქართველოს საზღვარი და სომხეთის იურისდიქციის ქვეშ მოვექეცი...
ანუ ბარენცეს!
მზიან დილიჟანში ჩასული უკვე გამოძინებული ვიყავი და მზიანი ამინდიც მხიბლავდა (მზიანი დილიჟანი თავის სახელს ამართლებდა). კ/ფ ,,მიმინო”-დან ძეგლთან სურათების გადაღებაც მოვასწარი, მერე მცირე ხიდთან დავდექი, სადაც ქვებზე დაკუსული გედების ქანდაკებები თავს იწონებდნენ, აი, წყალი უზარმაზარ აუზში კი არსად ჩანდა. ........
მართლაც, რამოდენა ყოფილა ეს სევანის ტბა და როგორი ლივლივა და ლიცლიცა, კამკამა წყლით. სევანის მშვენიერება ვირწმუნე და გაზვიადებულად აღარ მომეჩვენა. ადგილობრივები სევანზე მოპოვებული მთვარის ქვის უამრავ ნაკეთობას მთავაზობდნენ (ძირითადად, სამკაულები). მე კი სევანიდან შუშის ბროწეულისფერი ბროწეულები - ყურთსამშვენისები ვაჩუქე საკუთარ თავს - სევანის მოსაგონებლად. სევანავანქის გზაზედ სომეხმა ბაბუმ გიტარაზე ქართულად მოგვიმღერა, პატივისცემის ნიშნად. იქვე თეთრი მტრედებიც გაუშვეს სურვილის ჩაფიქრების შემდეგ. სევანზე დიდხანს გავჩერდი და წყალს ჩავაშტერდი, მზე ლიცლიცებდა გამჭვირვალე ფირუზისფერ ტალღებში და მთვარის ქვის მოპოვებაზე ვფიქრობდი. ...........
ყავისფერ-ნაცრისფერ-მოწითალო და მაინც უფრო პირქუში, მაგრამ უდაოდ სუფთა ქალაქია ერევანი, სადაც გასარეცხი მანქანა არ დამინახავს ქუჩაში. მხოლოდ შემოდგომის მზისდაკოცნილი ფოთლები ალაგ-ალაგ იყრებოდა. საღამოსკენ გალამაზდა ერევანი, ტაშირის ,,მოძრავი” და ხმაურიანი ქუჩით (რაც ჩვენთან შარდენის სიტუაციაა), მდიდრულაივნიანი სახლებითა და მშენებარე კორპუსებით. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, მიუხედავად ამ მოჩვენებითი ხმაურიანობისა, ეს ქუჩა ,,მკვდარი” იყო, რადგან ახალაშენებული სახლები მესაკუთრეების გარეშე არსებობდნენ, მაღალი ფასების გამო. ღამით მხოლოდ ცარიელი კედლები და დაკეტილი სავაჭრო ცენტრიღა რჩებოდა ერევნის ცის ქვეშ. ............
ფერადოვანი და გენიალურია სერგო. ერევანში ჩამოსული ფარაჯანოვის მუზეუმს არ ესტუმრო პირდაპირი დანაშაულია ხელოვნების მოყვარულისთვის. გამაოცა მისმა გენიამ და დაუშრეტელმა ფანტაზიამ. ყოჩაღ, სერგო! დიდება გენიას! ........
ჯერ კიდევ ბავშვობაში, როცა ცნობილი და დიადი მხატვრების შემოქმედების ამსახველ ილუსტრირებულ წიგნებს მჩუქნიდნენ, მაოცებდა აივაზოვსკის დანახული და გაცოცხლებული ზღვები. პატარამაც კი ზუსტად ვიცოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ორიგინალებს ვნახავდი... ერევანში, ნახატების გალერეაში სულგანაბული, ერევნის წვიმაში მოყოლილი და სველი ფეხებით ვზივარ აივაზოვსკის შემოქმედების წინ და ვტკბები. ოცნებები ჩემს ცხოვრებაში სრულდება. ფარაჯანობის შემდეგ აივაზოვსკის შემოქმედებით აღტაცებული მადლიერებას გამოვხატავ ამ წყალობისთვის. ............
ერევნის ცენტრში მოვხვდით და კლასიკურ მუსიკაზე (უმეტესად რუსული ვალსები და ხაჩატურიანის მუსიკა) აცეკვებული შადრევნების წინ ვისხედით. უამრავი ხალხი ირეოდა: ზოგი ველოსიპედით, ზოგი სეირნობდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი ჩვენსავით კლასიკური მუსიკით იქცევდა თავს. ........
ეჩმიაძინმა მომხიბლა. გაგვიმართლა და კვირადილას ღვთიმსახურებასაც დავესწარით, სრულიად სამღვდელოება შეკრებილიყო და ძალიან ბევრი ადამიანი ირეოდა (ტურისტიც და მრევლიც). ეჩმიაძინის სუვენირების მაღაზიიდან პატარა ბრელოკი - ბროწეულა წამოვიღე, სამახსოვროდ. .....
ეჩმიაძინის შემდეგ გაიანესა და რიფსიმეს ეკლესიები, შემდეგ გარნი და გეღარდი. გარნის ოქროცურვილი შემოდგომა და იქ შეგროვებული ლამაზწახნაგოვანი ფოთლები, გეღარდის ეზოს მიღმა ქვის ძველი ხიდიდან წყაროსთან ნაპოვნი ნატვრის ხე. ძველ სომხურ ეკლესიებში შემთხვევით გადაყრილი მაყრიონი და სომეხი პატარძლების კოპწიაობა, დუდუკი და მუსიკა, ბევრი სომხური ქადა და კაი მაწვნის სუპი (ტანაპურ ს იშლი კუფტა) შეციებულზე, გემრიელი ბროწეულის მაცოცხლებელი ღვინო და სადახლოსკენ მიმავალ გზაზე ბოთლებში წარმოებული ,,სომხური აკროშკა”.......
ოქტომბერი, შემოდგომა სომხეთში: სევანი, გოშევანქი, სევანი, სევანავანქი, ერევანი, დილიჟანი, გარნი, გეღარდი, ეჩმიაძინი.
შნორკალუცუნე ჰაიასტან!
@ფოტორეპორტაჟი სევანიდან
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)