ჰოოოდა, იმას გიყვებოდით, რომ...
... სახლში ახალდაბრუნებული ჩემს ჰამაკში ჩაწოლილი ვუსმენ დოგას ,,გრამაფონს” და ჩემს ე.წ. ფრენდ ლისტს გადავავლე თვალი და საინტერესო რამ აღმოვაჩინე:
1. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პოზიტიურს აზიარებენ, რაც მოტივაციასაც მიმაღლებს და განწყობასაც.
2. არიან ზოგნი, ვინც მხოლოდ უარყოფითს ხედავენ ყველასა და ყველაფერში, მუდამ ცხოვრებაზე დაბოღმილი და არც თუ სასიამოვნო ,,პოსტებით” გამოირჩევიან. ,,ცივი შხაპის” ეფექტი აქვთ ასეთებს, მაფხიზლებენ და რაღაცეებზე დამაფიქრებენ ხოლმე.
3. მყვანან გურმანებიც, რომლებისთვისაც დღე იწყება გემრიელი საკვებით და დღე სრულდება შემწვარ-მოხრაკულებით. თან ისე უყვართ სამზარეულოს ამბების გამოფენა, რომ საკმარისია სადმე ფინჯანი ყავა დალიონ ან სადმე გვარიანად იქეიფონ, ყველა საკვებს ფოტოს უღებენ და მერე აქ თავს იწონებენ (ნუ ესეც ეტყობა ერთგვარი გასართობია)
4. ჩექინისტები: შეხვედრა ისე არ ჩაივლის და გამარჯობას ისე არავის ეტყვიან, რომ არ დაჩექინდნენ, რაც მე ძალიან მამხიარულებს. ყოველთვის ვიცი, ისინი სად და ვისთან არიან და რას აკეთებენ.
5. მხიარულები და მოღადავეები - ისეთ პოსტებსა და ფოტოებს დებენ ხოლმე, მთელი დღე კარგი განწყობა მიმყვება და გულწრფელი მადლობა თქვენ, ვინც ასეთები მყავხართ
6. ,,დაკარგულები” - მარტო ვირტუალური სივრციდან კი არა, ტელეფონი რომც ააფეთქო, ამ სამყაროში არ არიან (ჰოჰოოო, მავანთა გასაგონად ვამბობ, 905-ში რომ იცით შეხმიანება)
7. ,,რამანწიკები” - ძალიან მიყვარხართ და, ამავდროულად, ძალიან ვხალისობ ცნობილი თუ უცნობი მწერლების და ფილოსოფოსების ამონარიდებსა და ციტატებზე სიყვარულსა და მსგავს რამეებზე
8. მოგზაურები - სულ ჩემები, სულ ძვირფასები და გულადები. არ იშურებენ საოცარი ფოტოებისა და ამბების გაზიარებას, რაც კიდევ უფრო მეტი ადგილის ათვისებისკენ და მოგზაურობისკენ მიბიძგებს.
9. აი, ფოტოების გადმოგზავნისთვის რომ ვიმატებთ ხოლმე და ,,უი, დაგამატებ რა მეც ფეისბუქზე” და მერე რომ არ გვახსოვს ერთმანეთი მაინცდამაინც - ასეთი ხალხი. გვყავს ფრენდ ლისტში, ვნაცნობობთ,ისინი იქ არიან და ჩვენ აქ.
10. ფოტოგრაფები - უძვირფასესი ხალხი, გასაოცარი ხედვით, გამჭრიახი თვალით და ყოველთვის რომ ძალიან აღმაფრთოვანებს მათი პოსტების ნახვა და ფოტოების დათვალიერება.
საბოლოოდ, იმის თქმა მინდა, რომ საინტერესო და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საზოგადოება მყავს, რომლის თითოეული წევრი, თითოეული ინდივიდი ერთი ცალკეული საინტერესო სამყაროა, თავისი ისტორიით, თავისი დარდითა და სიხარულით, მე თქვენგან ბევრს ვსწავლობ და მიყვარხართ ზუსტად ისეთები, როგორებიც ხართ
This post has been edited by nutsiko on 18 Jun 2014, 20:08