ბაჰრეინის გპ-ს პრესკონფერენცია:
ფერნანდო ალონსო, მიხაელ შუმახერი, კიმი რაიკონენი
Q: ფერნანდო, დღეს დაძაბული ბრძოლა ვნახეთ, თქვენ კი ბრწყინვალე შედეგი აჩვენეთ და აღსანიშნავია სტარტი, რომელზეც მეორე ადგილამდე ახვედით.
Fernando ALONSO: დიახ, სტარტი მართლაც კარგი გამომივიდა, რის შემდეგაც რბოლის მიზნები უფრო ნათლად ჩანდა. პირველი სტოპის დროს მიხაელი ძალიან სწრაფი იყო, მეორეს დროს კი ნაკლებად - მას შემდეგ კი, რაც წინ გავედი, დაახლოებით ერთი ტემპით ვმოძრაობდით.
Q: მეორე სტოპის წინ დაძაბული სიტუაცია იყო შექმნილი - თქვენ მაქსიმალურად სწრაფად უნდა გაგევლოთ წრე და ამ დროს მცირე ტრაფიკში მოხვდით.
FA: ტრაფიკი საკმაოდ სერიოზული იყო - საბედნიეროდ ყველამ გამატარა, თუმცა მარშლებმა ლურჯი დროშის გამოფენა დააგვიანეს.
Q: ბოლო სტოპის შემდეგ რას ფიქრობდით?
FA: მეგონა, რომ ბრიჯსტოუნები ბოლოსკენ უკეთეს ფორმაში იქნებოდნენ და ბოლო 4 ან 5 წრის განმავლობაში პრობლემები გვექნებოდა და ბოლოსკენ ჩემს რეზინას ვუფრთხილდებოდი.
Q: მიხაელ, თავიდან თქვენს სარკეებში ფელიპე ჩანდა, შემდეგ კი იგი ფერნანდომ შეცვალა.
Michael SCHUMACHER: დიახ, თუმცა ვინმეს ზამთარში რომ ეთქვა, რომ ამ რბოლას მეორე ადგილზე დავასრულებდით, სიხარულით დავთანხმდებოდით და ასეცაა - კმაყოფილები ვართ. მაქსიმალურ შედეგამდე მხოლოდ 2 ქულა დაგვაკლდა, თუმცა გამარჯვება ყოველთვის უკეთესია რა თქმა უნდა. გუნდმა კარგად იმუშავა, ბოლიდიც საიმედო იყო და რბოლაც საინტერესო გამოდგა.
Q: მეორე სტოპი ძალიან კარგი გქონდათ - ბევრი საწვავი ჩაისხით და ფერნანდოს კი გასწრების საშუალება არ მიეცით.
MS: დიახ - ის გარკვეულ მომენტებში ჩემზე სწრაფი იყო და როგორც კი სიჩქარის აკრეფა დავიწყე ტრაფიკში მოვხვდი - ჩემი სტოპის წინ, თუმცა ამაზე არ ვჩივი - ვწუხვარ რომ ფელიპემ უკეთეს შედეგს ვერ მიაღწია, თუმცა ამისათვის კიდევ ბევრი შესაძლებლობა ექნება.
Q: ფერნანდოს უკან ყოფნის დროს რა ხდებოდა?
MS: ფორმულა ერთში ბოლიდის გასასწრებად მასზე სწრაფი უნდა იყო, დღეს კი ერთი დონის ტექნიკა გვყავდა და სულ ბოლო ეტაპზე გასასწრებად აუცილებელ დისტანციაზეც ვერ მივუახლოვდი.
Q: კიმი, დღეს სენსაციურად ირბოლეთ - მოგვიყევით რბოლის ადრინდელ ფაზაზე, როდესაც ბევრი პოზიცია მოიგეთ.
Kimi RÄIKKÖNEN: დიახ, გულდასაწყვეტია რაც გუშინ მოხდა რადგან ბოლიდი მთელი უიკენდის განმავლობაში ძალიან კარგად გამოიყურებოდა - სტარტის დროს გადამწყვეტი ის ფაქტორი იყო, თუ რამდენი ბოლიდის გასწრებას მოვახერხებდი საწყის ეტაპზე - პირველ წრეებზე ჩემზე მსუბუქების გასწრებაც მოვახერხე, რაც ძალიან დამეხმარა - ბოლოს ჩემს უკან ჯენსონი იყო, რომელსაც ჩემზე გაცილებით ახალი საბურავები ჰქონდა, მე კი ჩემს რეზინაზე ზრუნვა მიწევდა - საბედნიეროდ მისი შეკავება მოვახერხე და მესამე პოზიციაც მოვიპოვე.
Q: ბოლიდის და საკუთარი სისწრაფით კმაყოფილი უნდა იყოთ.
KR: ნამდვილად. ტესტირების დროს არ ვიცოდით რა დონეზე ვიქნებოდით მზად და ბევრი ჩვენს კრიზისზე ლაპარაკობდა, თუმცა ბოლო თვის განმავლობაში ბევრი ვიშრომეთ და ეს ბოლიდსაც დაეტყო.
Q: ფერნანდო, საკმაოდ დაძაბული სეზონი გველოდება როგორც ჩანს.
FA: ასეა. გამარჯვებებისათვის ოთხი გუნდი იბრძოლებს ყველა ტიპის ტრასაზე: ჰონდა, მაკლარენი, ფერარი და რენო, რაც რბოლებს ძალიან, ძალიან საინტერესოს ხდის.
Q: ფელიპეს როგორ გაასწარით?
FA: სტარტის შემდეგ ის პირველ მოსახვევში შესვლას ცოტა ზედმეტი დრო მოანდომა და მისი გასწრება მეოთხე მოსახვევში და მომდევნო სწორზე ვცადე, რაც არ გამოვიდა. მეხუთე თუ მეექვსე წრეზე გამიმართლა, როცა მისი მოსრიალების დროს არ შევეხე.
Q: ხედავდით, რომ მოსრიალდა და თქვენსკენ მოდიოდა?
FA: დიახ, თუმცა არაფრის გაკეთება არ შემეძლო - რეაქციისათვის დროც არ მქონდა და უბრალოდ გამიმართლა.
Q: გადამწყვეტი ალბათ ის მომენტი იყო, როდესაც მიხაელის წინ გამოხვედით ბოლო სტოპის შემდეგ.
FA: დიახ, ეს რბოლის მოგების ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა იყო და მის გამოსაყენებლად ყველაფერი გავაკეთე - ვიცოდი, რომ თუ ბოქსების სწორზე მასზე წინ ვიქნებოდი, რბოლის მოგება მხოლოდ ჩემზე იქნებოდა დამოკიდებული - საბოლოოდ სწორედ მის წინ აღმოვჩნდი.
Q: რადიოთი ბევრ ინსტრუქციას იღებდით?
FA: არა, მათ ვთხოვდი ეცადათ, რომ ლურჯი დროშები დროზე გამოფენილიყო, ასე რომ ალბათ ჩემზე მეტს ისინი ლაპარაკობდნენ რადიოთი.
Q: ხუთი წრით ადრე მიხაელის შეტევებმა რამდენად გაგაკვირვათ?
FA: რამდენჯერმე ტრაფიკმა შემანელა და ამას მიხაელის მოახლოება მოჰყვა, შემდეგ მე დავშორდი, საბოლოო ჯამში კი დარწმუნებული ვიყავი, რომ გამარჯვება მე დამრჩებოდა.
Q: საწყის წრეებზე ღელავდით, როდესაც მიხაელი თანდათან გცილდებოდათ?
FA: არა, ჩვენი აზრით, მათ საწვავის სხვა რაოდენობა ჰქონდათ და არ გვინდოდა დროზე ადრე ავჩქარებულიყავით.
Q: პოდიუმზე შესრულებული მოძრაობები რას ნიშნავდა?
FA: საიდუმლოა; მოგვიანებით გეტყვით, სეზონის განმავლობაში.
Q: მიხაელ, იმ სტოპის მომენტი ალბათ გადამწყვეტი იყო.
MS: დიახ - სურათებზე ჩანს რამდენად ახლოს ვიყავი და გასწრება გარე რადიუსიდან ვცადე, რაც არ გამოვიდა.
Q: მსგავსი მანევრი სცადეთ მოგვიანებით.
MS: როდესაც უკან ხართ, უფრო შეცდომის იმედი გაქვთ - მეც სწორედ ამას ველოდებოდი.
Q: თუმცა ასეთი ახლო ბრძოლით კმაყოფილი უნდა იყოთ.
MS: დიახ, 18 ან 19 რბოლის შედეგებში თითოეული ქულა მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ეტაპზე 2 ქულას დიდი მნიშვნელობა არ აქვს - დღეს ფერნანდოს დღე იყო, თუმცა 4 ძლიერი გუნდი გვყავს და სეზონის დიდი ხანი გრძელდება.
Q: საწყისი წრეები გეგმის მიხედვით მიდიოდა?
MS: დიახ, საერთო ჯამში ასე იყო.
Q: მეტი დროის მოგების იმედი გქონდათ?
MS: არა, ჰანდიკაპით კმაყოფილი ვიყავი და ალბათ ასე გაგრძელდება სეზონის დარჩენილ ეტაპებზეც.
Q: კიმი, პირველ წრეზე 8 ადგილი მოიგეთ - რომელიმე გასწრება გახსოვთ?
KR: პირველ მოსახვევში რამდენიმეს გარედან გავასწარი, შემდეგ კი მეოთხეშიც მოვიგე რამდენიმე პოზიცია - იმის მიუხედავად, რომ ჩემს წინ მყოფები ჩემზე მსუბუქები იყვნენ, ბოლიდი ძალიან კარგ ფორმაში იყო - ყველაზე მეტი პრობლემა ვილნევმა შემიქმნა, რადგანაც სწორ მონაკვეთებზე მეშვიდე სიჩქარეზე რევ ლიმიტერი (ქართულად "ბრუნვათა შემზღუდველი" ქვია მარა მე ის სიტყვა მომწონს

) ირთვებოდა და მის გასწრებას ვეღარ ვახერხებდი; მანქანა მთელი უიკენდის განმავლობაში ძალიან კარგად მუშაობდა და ორმაგად საწყენია რაც შაბათს მოხდა, თუმცა ბევრი ქულაც არ დაგვიკარგავს - წინ ბევრი რბოლაა, ჩვენ კი სწრაფები ვართ - ვნახოთ.
Q: ბოლო წრეებზე ჯენსონისგან დაწოლა იგრძნობოდა?
KR: დიახ - ის ახალი საბურავებით იყო, ჩემები კი გაიცვითა, თუმცა დაახლოებით 5 წრის შემდეგ ისე აღარ აქტიურობდა.
Q: (Livio Oricchio - O Estado de Sao Paulo) მიხაელ, თქვენ აქ რამდენიმე დღის განმავლობაში ტესტები ჩაატარეთ - ამის გამო მიიღეთ უპირატესობა?
MS: უიკენდის დასაწყისში ეს გარკვეულ უპირატესობას მართლაც იძლევა, თუმცა შემდეგ ყველა გუნდმა იცის, რა უნდა გააკეთოს - ტესტები ცოტათი ნამდვილად დაგვეხმარა.
Q: (Anthony Rowlinson - Autosport) მიხაელ, რის ხარჯზე გჯობნით რენო - ბოლიდის თუ საბურავების?
MS: ძნელი სათქმელია საერთოდ აქვს თუ არა ვინმეს უპირატესობა - ისიც გასათვალისწინებელია, რამდენად სწრაფი რბოლა ჩაატარა კიმიმ, ასე რომ უბრალოდ დავიცადოთ და ვნახოთ.
Q: (Dieter Rencken - The Citizen) ფერნანდო, კვალიფიკაციაში თქვენ და ჯანკარლო რამდენიმე წუთის განმავლობაში ნელა მოძრაობდით და ალბათ 10 პროცენტით ნაკლები საწვავი დახარჯეთ - დაგეხმარათ ეს ფაქტორი?
FA: არა - ჩვენ მთელი უიკენდის განმავლობაში წინ ვიყავით - გუშინდელი კვალიფიკაციის დროს ახლებური მიდგომა ვცადეთ და საერთოდ, უიკენდის განმავლობაში სხვანაირ ტაქტიკას ვცდიდით, რამაც გამოიღო შედეგი.
Q: (Heikki Kulta - Turun Sanomat) კიმი, თქვენი ერთ-სტოპიანი ტაქტიკა რამდენად რისკიანი იყო საბურავების მხრივ?
KR: 2-სტოპიან ტაქტიკაზე მეტად რისკიანი არ ყოფილა - საბურავები კარგად მუშაობდა - ჩვენ ხისტი ტიპი ავირჩიეთ და პრობლემებს არც ველოდით - საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
Q: (Mathias Brunner - Motorsport Aktuell) ფერნანდო, ფიზიკელასთან მომხდარის შემდეგ გუნდიდან ბოლიდში რამის შეცვლის შესახებ გაფრთხილება ხომ არ მიგიღიათ?
FA: არა, არავითარი. მას პრობლემები კვალიფიკაციაშიც ჰქონდა, ასე რომ ალბათ დღეს გარკვეულწილად გარისკა - ჩემს შემთხვევაში არავითარ პრობლემას ადგილი არ ჰქონია.
Q: (Mark Fogarty - Auto Action) კიმის სისწრაფეზე რას იტყვით? როგორ ფიქრობთ, წინა რიგებიდან რომ აეღო სტარტი თავისუფლად გაიმარჯვებდა?
FA: არ ვიცი. რბოლის განმავლობაში კიმის პოზიციაზე ინფორმაცია არ მქონდა - მისი პოდიუმზე დანახვა გამიკვირდა - მეგონა მესამეზე ჯენსონი იყო. კიმიმ ძალიან კარგად ირბოლა და წინა რიგებიდან რომ აეღო სტარტი ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნებოდა, ასე რომ დაველოდოთ მორიგ რბოლებს და ვნახოთ, რა მოხდება, როდესაც კარგ საკვალიფიკაციო პოზიციას მოიპოვებს.
MS: ყველა წრის ნაჩვენები დროების ანალიზია საჭირო, ასე რომ ძნელი სათქმელია. ის ძალიან სწრაფი იყო, რაც არცაა გასაკვირი.
Q: (Jerome Bourret - L’Equipe) მიხაელ, როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ფერნანდოსთან ბრძოლას, როდესაც ევროპაში გრილ ტემპერატურებზე დავბრუნდებით?
MS: იმედი მაქვს. ამის უარყოფის მიზეზი არ არსებობს.
Q: (Andrea Cremonesi - La Gazzetta dello Sport) ფერნანდო, თქვენი ბოლიდის დღევანდელი სისწრაფე ტრასის მდგომარეობის შედეგია თუ ამას ელოდით?
FA: სწორედ ასეთ სისწრაფეს ველოდით, თუმცა ერთადერთი ფავორიტები არ ვართ, როგორც ზოგი ამბობს. ბევრი რამ შემდეგ ტრასებზე გაირკვევა.
Q: (Mark Fogarty - Auto Action) კიმი, თქვენს სისწრაფეზე რას იტყვით? წინიდან რომ აგეღოთ სტარტი ადვილად მოცილდებოდით დანარჩენებს?
KR: რბოლის მოგების შანსი ნამდვილად მექნებოდა, თუმცა არ ვიცი ისინი (ალონსო და შუმახერი) რა დროს იყვნენ სწრაფები, ასე რომ ძნელი სათქმელია.
Q: (Mark Fogarty - Auto Action) ბოლიდი კარგად იმართებოდა?
KR: როგორც უკვე ვთქვი, ის კარგ ფორმაში იყო და დარწმუნებული ვარ, რომ რბოლების მოგების შანსი მექნება.
Q: (Juha Päätalo - Financial Times Germany) კიმი, როდის მიხვდით, რომ პოდიუმზე მოხვდებოდით და რამდენად კმაყოფილი ხართ გუშინ მომხდარის შემდეგ?
KR: რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილები ვართ - რამდენადაც მახსოვს სტოპის წინ უკვე მესამეზე ვიყავი და ვიცოდით, რომ პოდიუმისათვის ბრზოლა შეგვეძლო - ამ შედეგის მიღწევა ძალიან სასიამოვნო იყო.
Q: (Juha Päätalo - Financial Times Deutschland) ფერნანდო, იმ მომენტზე მოგვიყევით, როდესაც ფელიპე მასასთან თითქმის კონტაქტი მოხდა.
FA: საინტერესო მომენტი იყო. ერთ წამს ვიფიქრე კიდეც, რომ დამეჯახებოდა - თავიდან მარცხნივ მოხვევა ვცადე - ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
Q: (Carlos Miquel Gomez - Diario AS) ფერნანდო, იმაზე თუ ღელავთ, რომ ფერარი და მაკლარენი თქვენთან უფრო ახლოს არიან სისწრაფის მხრივ ვიდრე შარშან?
FA: არა. ჩვენ ძალიან კარგი ხალხი და კარგი ბოლიდი გვყავს და სეზონის ბოლომდე შეგვიძლია ბრძოლა - თუმცა ის მართალია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სხვა გუნდები სეზონის განმავლობაში ბოლიდს უფრო სწრაფად ავითარებდნენ. წელს მეტი უნდა ვიმუშავოთ.
Q: (Mark Fogarty, Australian Auto Action) – მიხაელ, ახალ თაობასთან ბრძოლა საინტერესოა?
MS: მართალი გითხრათ, თავს ძველ თაობას ვერ მივაკუთვნებ.
Q: ავტოსპორტის სტანდარტებით ასეა.
MS: პასპორტი ამას აჩვენებს, მაგრამ ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს.
Q: ასეთი ბრძოლა საინტერესოა? შარშან ამის შესაძლებლობა არ გქონდათ.
MS: ამაზე უკვე გიპასუხეთ - იგივე კითხვას იგივე პასუხი მოსდევს.
E.A.
Source FIA