მართალია ტრადიციაა, რომ ბიოგრაფიებს თორნიკე დებს, მაგრამ ამ ერთხელ კიმის ხათრით დავარღვევ ამას და იმედია არ მიწყენს თორნიკე

თან ეს ბიოგრაფია არც არის, სტატიაა კიმიზე, რომელიც 2007 წელს დაიწერა...
დაიბადა 1979 წლის 17 ოქტომბერს ესპოოში (ფინეთი)
სიმაღლე 175 სმ.
წონა 63 კგ.
ფორმულა 1-ში გამოდის 2001 წლიდან: 120 რბოლა, 15 მოგება, 48 პოდიუმი, 14 პოულ-პოზიცია, 25 უსწრაფესი წრე, 456 ქულა.
2003 და 2005 წლების მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (მაკლარენი)
2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (ფერარი)
გასულ შაბათს მონაკოში ავტოსამყაროს 2007 წლის გამორჩეული ხალხის გალა-წარმოდგენა გაიმართა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი ფინელი კიმი რაიკონენი იყო - ფორმულა ერთის ღირსეული და ამავდროულად სენსაციური გვირგვინოსანი.
ღირსეული იმიტომ, რომ "ყინულის ფინელი" ამ ტიტულისკენ დიდხანს და ჯიუტად მიიწევდა. ჩემპიონობამდე ორჯერ მეორე იყო "მაკლარენის" სახელით და ტრიუმფს კი პირველივე "ფერარულ" სეზონში უწია.
სენსაციას რაც შეეხება, ჩემპიონატის ფინიშამდე ორი ეტაპით ადრე რაიკონენი, თითქოსდა უიმედოდ ჩამორჩებოდა "მაკლარენელ" დებიუტანტ ლუის ჰამილტონს, მაგრამ შავ ინგლისელს ბოლოსკენ შავი დღეები დაუდგა, ბოლო ორ ეტაპზე უქულოდ დარჩა და კიმიმ კი პირიქით - სწორედ დასკვნითი რბოლები ჩაატარა ბრწყინვალე სტილში და საპირველველფორმულო კარიერის მეშვიდე წელს ჩემპიონიც გახდა.
-------------------------------------------------------
ესპოო, თოვლი და მანქანები-----------------------------------------------
კიმი რაიკონენი ჰელსინკის მახლობლად დაბა ესპოოში დაიბადა. მშობლებმა ბიჭს თავიდანვე შეატყვეს მანქანებით დაინტერესება და რვა წლისა სახლიდან ხუთიოდე კილომეტრით დაშორებულ კარტოდრომზე სავარჯიშოდ მიიყვანეს. მას შემდეგ "ბემბოლი" მისთვის მეორე სახლი გახდა.
12 წლიდან რაიკონენმა კარტინგისტთა ოფიციალურ შეჯიბრებებში დაიწყო გამოსვლა. ეს ყველაფერი არცთუ მცირე ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მშობლები ხელმოკლეობის მიუხედავად, ყოველმხრივ მხარს უჭერდნენ შვილის გატაცებას, რისთვისაც მოძველებული სახლის კაპიტალური შეკეთებისთვის წვალებით შეგროვილი თანხაც არ დაიშურეს.
ასე დაიწყო სუომელი ვუნდერკინდის ავტოკარიერა:
"ფინეთში ყველანი ძალიან ადრე ვსწავლობთ მანქანის წაყვანას, რადგან იქაურ სოფლებში უმანქანოდ ვერაფერს გახდები. ამასთან ტარება გიხდება იქ, სადაც ბევრი თოვლი და თითქმის სრული უგზოობაა, ეს კი მომზადების მშვენიერი საშუალებაა. ამიტომაც ბევრნი რალიში მიდიან, მათ შორისაა ჩემი უფროსი ძმა რამიც, რომელიც ფინეთის ჩემპიონატში გამოდის. მე რვა წლიდან კარტინგში ვარ, 18 წლისა ინგლისში წავედი" ფორმულა რენოს" სერიაში მონაწილეობისათვის, ახლა კი - ფორმულა ერთი. ერთი სიტყვით, თავიდანვე სულ წრიული ბრუნვებია და ძალიან მომწონს, რადგანაც უფრო ახლოსაა ჩემს ხასიათთან." (2001 წლის ინტერვიუდან).
კარტინგში ფინეთისა (ორჯერ) და სკანდინავიის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ რაიკონენი 1999 წელს სარბოლო მანქანაში გადაჯდა და პირველივე ცდით გაიმარჯვა დიდი ბრიტანეთის "ფორმულა რენოს" საზამთრო სერიაში (4 მოგება 4 რბოლაში). მომდევნო წელს აშკარა უპირატესობით მოიგო "რენოს" ჩემპიონატი - ათ ეტაპზე შვიდი გამარჯვება, შვიდი პოულ-პოზიცია, ექვსი უსწრაფესი წრე. მონაწილეობდა "ფორმულა რენოს" ევროპის ჩემპიონატში, სადაც სამი რბოლიდან ორი მოიგო.
სპეციალისტებმა თავიდანვე აღნიშნეს 20 წლის ფინელის თანდაყოლილი სისწრაფე და მანქანის შეგრძნების გამორჩეული უნარი. ინგლისელმა მენეჯერმა დევიდ რობერტსონმა, რომელმაც ერთი წლით ადრე ფორმულისთვის ჯენსონ ბატონი აღმოაჩინა, პეტერ ზაუბერს ურჩია ტესტებისას გამოეცადა თავისი ახალი პროტეჟე: "მე მყავს ვიღაც, ჯენსონზე უკეთესიც კი." და მალე ნათელი გახდა, რომ არა უბრალოდ, არამედ მნიშვნელოვნად უკეთესიც.
---------------------------------------------------
ულიცენზიო ბიჭის ფორმულა--------------------------------------------------
ზაუბერმა ტრასაზე კიმის პირველი ნახვისთანავე მასში უსაზღვრო პოტენციალი იგრძნო, თავის გუნდში მეორე პილოტის სხვა კანდიდადტა შესაძლებლობები კი აშკარად შეზღუდული ჩანდა. ბოსის აზრით, კიმი თავის ასაკთან შედარებით 6-7 წლით უფროსივით დააქროლებდა მანქანას და უფრო დაღვინებულად გამოიყურებოდა, ვიდრე 36 წლის ჟან ალეზი, რომელიც "ზაუბერში" წინა სეზონში გამოდიოდა.
მოკლედ, პერსპექტიული სუომელი შთამბეჭდავი პირველივე ტესტების შემდეგ, როცა თითქმის სამასი კილომეტრი უხინჯოდ გაიარა, ზაუბერმა "ზაუბერში" ოფიციალურად მიიწვია, მაგრამ როგორც კი ეს ამბავი გაცხადდა, საპირველფორმულო სამყარო ორად გაიყო. ბევრი სპეციალისტი და მრბოლელთა უმეტესობაც თვლიდა, რომ გამოუცდელი ახალგაზრდას გაშვება ტრასაზე მეტად სარისკო იქნებოდა, რადგან მისთვის უცხო, უზარმაზარი სისწრაფისას საავარიო სიტუაცია და სხვებისთვის საფრთხე შეეძლო შეექმნა.
საქმე ისაა, რომ რაიკონენს არ ურბოლია დაბალი კლასის - ფორმულა 3000-ის ჩემპიონატებში და ამდენად, არ გააჩნდა შესაბამისი პრაქტიკა, რაც აუცილებელი პირობაა სპირველფორმულო სუპერლიცენზიის მისაღებლად:
"ფორმულა ერთის ბოლიდი 600 ცხენის ძალით უფრო მძლავრია ყველა იმ მანქანაზე, რომლითაც აქამდე მიხდებოდა გამოსვლა, სხვა მხრივ, არანაირი განსხვავება არ არის. მართალია, ჩემს ანგარიშზე მხოლოდ 23 რბოლაა "ფორმულა რენოში", მაგრამ ვთვლი, რომ ციფრები ამ შემთხვევაში მთავარი არაა. ვფიქრობ, ზაუბერი არ მიიწვევდა მოუმზადებელ პილოტს და ძალიან დამწყდება გული, თუ ლიცენზიას ვერ მივიღებ მას შემდეგ, რაც უკვე კონტრაქტს მივაღწიე, ეს კი მთელ წელს დამაკარგვინებს. ფორმულა 1-ის შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ უშუალოდ ჩემპიონატში გამოსვლით, წინასწარ ამას ვერ ისწავლი".
კიმი თავისთვის უცხო მანქანას საჭეს პირველად 2000 წელს მიუჯდა, ხოლო სამი თვის შემდეგ, მეორე ტესტებისას უკვე ბევრად გამოცდილ მძღოლზე სწრაფიც იყო და არც საავარიო ვითარება შეუქმნია. ყველა გააოცა ახალ პირობებთან და უცნობ ტრასებთან ადაპტაციის უნარმა.
ყოველივე ეს საკმარისი გამოდგა საიმისოდ, რომ ფედერაციის კომისიას, მართალია, საკმაო ყოყმანის შემდეგ, რაიკონენისთვის 2001 წლის სეზონის ოთხ საწყის ეტაპზე დროებითი, გამოსაცდელი ლიცენზია გაეცა და შემდეგ, შედეგების მიხედვით ემსჯელა გაგრძლებაზე.
----------------------------------------------
პირველად იყო ზაუბერი------------------------------------------------------
"სამეფო რბოლებში" რაიკონენის დებიუტი 4 მარტს ავსტრალიის გრანპრიზე შედგა "ზაუბერ-პეტრონასის" მანქანით. უმაღლეს დონეზე პირველი გაქროლების წინ, ბუნებრივია, ბუნებრივია ყველა აღელდებოდა და იქნებ მცირე პანიკასაც ჰქონოდა ადგილი, მაგრამ გარეგნულად უემოციო, "ცივი" ფინელი სრულიად მშვიდად იყო და სადილის შემდეგ გუნდის მოტორჰოუმში გვარიანად წაუძინა კიდეც.
პიტლაინზე ბოლიდების გასვლამდე 15 წუთით ადრე იგი ძლივს გააღვიძა "ზაუბერის" მენეჯერმა ბეტ სენდერმა. სულ რაღაც საათნახევრის შემდეგ 21 წლის კიმიმ ახალბედასთვის გასაკვირი უშეცდომო და დამაჯერებელი პილოტირებით შეძლო ზეგამოცდილ ჟან ალეზის, ვუნდერკინდ ჯანკარლო ფიზიკელას გასწრება და მეექვსე ადგილით თავის პირველივე რბოლაში პირველი საკარიერო ქულა მოიპოვა.
ამას კიდევ ორი წარმატებული ეტაპი მოჰყვა, რის შედეგადაც რაიკონენის სუპერლიცენზიის სათუოობის საკითხი საბოლოოდ მოიხსნა. მონტე კარლოს უვისწროეს და მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში მართალია, უქულოდ დარჩა, მაგრამ ურთულეს ტრასაზე პირველად გავლის მიუხედავად, ისეთი სისწრაფე და ოსტატობა გამოავლინა, რომ გაკვირვებულმა მიხაილ შუმახერმა წაუსტვინა კიდეც და დარწმუნებით თქვა: "დაიხსომეთ ჩემი სიტყვა - მოვა დრო და ის ჩემპიონის ტიტულს მოიგებს."
ერთი სიტყვით, "ცივსისხლიანმა", ფლეგმატურმა ფინელმა შთამბეჭდავი საბედიუტო სეზონი ჩაატარა, 16-დან ცხრა რბოლა ათეულში დაასრულა, ცხრა ქულას მოუყარა თავი და გენერალურ კლასიფიკაციაში საპატიო, მეათე ადგილი დაიკავა.
მაშინდელ ერთ-ერთ ინტერვიუში კიმიმ განაცხადა, ჩემი ოცნება "ფერარით" რბოლა და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონობააო. "ზაუბერთან" სამწლიანი კონტრაქტი კი აკავშირებდა, თუმცა პირველივე სეზონში ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ზესწრაფ ახალბედას, რომლის პილოტირების მანერასაც უკვე მაშინ ადარებდნენ მიხაელისას, ამ საშუალო ძალის გუნდში დიდხანს არ გააჩერებდნენ და ტოპსაჯინიბოში აღმოჩნდებოდა. პირველ რიგში, სწორედ "სკუდერია ფერარის" ასახელებდნენ, მაგრამ მოულოდნელად მეორე გრანდმა "მაკლარენ-მერსედესმა" წაიყვანა პენსიაზე გასული ორგზის ჩემპიონ თანამემამულე მიკა ჰაკინენის ადგილზე.
---------------------------------------------------------------
ყინული დაიძრა --------------------------------------------------------------
რაიკონენის კარიერაში კენტი წლებია საუკეთესო: 2001 - დებიუტი ფორმულა 1-ში, 2003 და 2005 წლებში მსოფლიოს ვიცეჩემპიონი გახდა, წლეულს კი "სამეფო რბოლების" გვირგვინიც დაიდგა.
მხოლოდ ორი სეზონი დასჭირდა, რათა საპირველფორმულო ელიტაში ჩაწერილიყო. ის კი არა, 2003 წელს ლამის ტიტული მოიპოვა - სულ ორი ქულით ჩამორჩა შუმახერს, მიუხედავად იმისა, რომ მიხაელმა ექვსი დიდი პრიზი მოიგო, კიმიმ მხოლოდ ერთი, თუმც 10 პოდიუმით მეექვსედ გაჩემპიონებულ გერმანელზე უფრო სტაბილური იყო.
უენო "ყინულის კაცი" თანდათან "გალღვა", უფრო კომუნიკაბელური და სალმიანი გახდა, ოღონდ საუბრისას ისევ მოკლე, ერთფეროვანი პასუხებით იფარგლებოდა. ახალი გერლფრენდი გაიჩინა - 2001 წლის "მის სკანდინავია" ჯენი დალმანი. კიმის წინანდელი გოგო - ჰანა ჩვეულებრივი სტუდენტი იყო. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მისი ფინანსური მდგომარეობაც - წლიური ხელფასი ოთხ მილიონ დოლარს შეადგენდა, თავდაპირველზე თითქმის ათჯერ მეტს.
მომდევნო სეზონის ჩაფლავების მიუხედავად (მეშვიდე ადგილი), ფერარის გენერალურმა დირექტორმა ჟან ტოტმა განაცხადა, რომ "წითლებს" ისევ ეჭირათ რაიკონენზე თვალი და მას შუმახერის მემკვიდრედ განიხილავდნენ: "მე მომწონს კიმი, იგი სწრაფია და ბუნებით ნიჭიერი. როცა დრო მოვა, გადაწყვეტილებას მივიღებ მრბოლის არჩევაზე და ის შესაძლოა, სწორედ კიმი გახდეს".
2005 წელს ზესწრაფ ფინელს ისევ ერთი ნაბიჯი დააკლდა ტიტულამდე. იმდენივე რბოლა კი მოიგო, რამდენიც ჩემპიონმა ფერნანდო ალონსოს - შვიდი, მაგრამ ჩქაროსნულობის მიუხედავად, კიმის "მაკს" საიმედოობა ღალატობდა - შვიდჯერ გამოეთიშა რბოლას.
იმ ორ "ვერცხლის" სეზონს შორის კიმი და ჯენი დაქორწინდნენ. სხვამხრივ, 2004 წელი ვიცე ჩემპიონისთვის უხეირო გამოდგა - სულ ოთხი საპრიზო ადგილი და მხოლოდ მეშვიდე პოზიცია გენერალურ კლასიფიკაციაში.
---------------------------------------------------------------
ქალი და ღვინო ------------------------------------------------------------
იმ დროს იყო, ცოლ-ქმარი ისე მაგრა წაკინკლავდა, რომ კიმიმ სასმელით მოინდომა ბოღმის გაქარვება. ამბავი კანარის კუნძულების ერთ-ერთ ბარში მოხდა - გამომთვრალი პაპარაცებმა მაშინ გამოიჭირეს, ქერათმიან ლამაზმანებთან ჩახუტებული რომ ცეკვავდა და ფინური გაზეთები მეორე დღესვე ფოტოებით აჭრელდა. ბუნებრივია, სკანდალი ატყდა, რაიკონენს გუნდის უფროსობამაც "გაუხურა" და ულამაზეს მეუღლესთანაც ახსნა-განმარტება და პატიებსი თხოვნა მოუხდა:
"ჩემთვის მხოლოდ ერთი ქალი არსებობს - ესაა ჯენი. სხვასთან არაფერი არ მქონია, მე ეს უბრალოდ არ მჭირდება. მიყვარს ჯენი და მხოლოდ ჯენი. ჩვენ ყველაფერზე უკვე ვილაპარაკეთ. კი, დავთვერი და ვიცეკვე, რაც ფოტოებზეც ნათლად ჩანს, მაგრამ რაომ უნდა მექნა ეს? ხანდახან მეც მინდა ნორმალური ბიჭი ვიყო".
"მაკლარენ-მერსედესის" სპორტულმა დირექტორმა ნორბერტ ჰაუგმა მოკლედ აღნიშნა, რომ გუნდი შინაურ ვითარებაში მოაგვარებდა ამ საჩოთირო საკითხს. ისე, ბრიტანულ საჯინიბოს რამდენიმე ხნის წინაც მოუხდა თავისი ფინელი მრბოლის დაცვა, რომელიც ისე დათვრა, რომ იახტიდან გადავარდა და კინაღამ დაიხრჩო. და ეს ყველაფერი მაშინაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა.
კანარული ინციდენტის შემდეგ ორი თვეც არ გასულიყო, რომ რაიკონენი კვლავ გაეხვია ალკოჰოლურ შარში, ამჯერად ლონდონის ღამის კლუბში - "მხოლოდ თქვენი თვალისთვის". ვიპ-ზონაში სტრიპტიზიორი გოგონების თვალწინ შარვალი ჩაიხადა და თავად გაშიშვლდა.
ერთი სიტყვით, როგორც ფინელთა უმეტესობას, კიმისაც უყვარს გადაკვრა, თუმც, როგორც ხედავთ ეს მის სატრასო შედეგებზე არ მოქმედებს.
შემდგომ წელს კი "ვერცხლისფერი ისრების" ბოს რონ დენისსა და "ყინულის კაც" რაიკონენს შორის კატამ ნამდვილად გადაჭრა ტრასა, თუმც რა ფერის იყო, თავიდან არ ჩანდა.
აქ მხოლოდ ფინელის უმოგებო სეზონი არაა მიზეზი, ან ვთქვათ, აშშ-ის გრანპრის პირველივე წრეზე თანამაკელ ხუან პაბლო მონტოიასთან უტვინო შეჯახება, რის შემდეგაც ორივე ბრძოლას გამოეთიშნენ, გაცეცხლებულმა რონმა კი ბრძანა, ეს გუნდის ისტორიაში პირველი ამგვარი სამარცხვინო შემთხვევააო. ინგლისელი შეფის თვალში "ცივმა" ფინელმა ხუთი უტიტულო სეზონით "თავისი მოჭამა", მით უმეტეს, შემცვლელად თვით ორგზის ტრიუმფატორი ფერნანდო ალონსო იგულისხმებოდა.
-----------------------------------------------------------
წითელი ფინიში --------------------------------------------------------
რაიკონენის "ფერარში" გადასვლაზე, როგორც აღვნიშნეთ უამრავი წელი კი ლაპარაკობდნენ, მაგრამ "წითლებმა" საბოლოოდ მესამე ცდაზეღა მიაღწიეს საწადელს.
ეს ამბავი შარშან სექტემბერში, იტალიური ეტაპის შემდეგ გაცხადდა, როცა უდიადესმა შვიდგზის ტრიუმფატორმა მიხაელ შუმახერმა "სამეფო სამყაროს" თავის გადადგომაზე აუწყა.
"სკუდერია-ფერარის" გენერალური დირექტორი ჟან ტოტი: "ჩვენი გუნდის ისტორიაში ახალი, ექსტრაორდინალური პერიოდი იწყება. მართლაც უნიკალური სეზონი გველის, რადგან პირველად თორმეტი წლის შემდეგ, "ფერარის" მანქანაში არ იჯდება მიხაელ შუმახერი. მოვა დრო, რომ ახლებმა - ფელიპე მასამ და კიმი რაიკონენმა გამარჯვების დროშა აიტაცონ".
ნიშანდობლივია, რომ "ატაცებამდე" კარგა ხნით ადრე ყოვლისმცოდნე ბრიტანელმა ბუქმეიკერმა 2007 წელს ჩემპიონობა სწორედ რაიკონენს უწინასწარმეტყველეს კოეფიციენტით - 2,25, ალონსოს შანსი საგრძნობლად ნაკლები იყო - 3,0.
რაიკონენმა ახალ გუნდში გასაოცრად დაიწყო - პირველივე ეტაპი ჰეთთრიკით (პოულ-პოზიცია, უსწრაფესი წრე და გამარჯვება) მოიგო, მაგრამ "წითლებს" მერე საიმედოობის მწარე პერიოდი დაუდგათ და ლიდერობა შავკანიანმა მაკლარენელმა ლუის ჰამილტონმა იგდო ხელთ. ისე მოხდა, რომ შუა სეზონში "ჰემი" 26 ქულით უსწრებდა "ყინულოვან კიმის" და ტიტულის ბედიც გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ბოლო ორ ეტაპზე წარმოუდგენელი უქულო ჩაფლავებით ჰემილტონმა ყველაფერი დაკარგა და ორივე გრანპრის მოგებით გვირგვინი მის ნაცვლად რაიკონენმა დაიდგა. თუმც ეს უკვე სხვა ისტორიაა. მთავარი კი ის გახლავთ, რომ 28 წლის კიმი მათიას რაიკონენი სამეფო რბოლების 58 წლიან ისტორიაში 29-ე და ღირსეული ჩემპიონი გახდა.
ხუთშაბათი, 13 დეკემბერი, 2007 წელი
This post has been edited by rooney on 17 Apr 2008, 02:12