ბავშვობაში დაღვრილი ვერცხლის წყლის ბურთულებივით ვართ - ვმოძრაობთ, ვმოძრაობთ, ვმოძრაობთ. დიდები ვერ ხვდებიან, რა გვრჯის, მუდმივად რატომ დავდივართ, რატომ დავრბივართ და დავხტივართ, საიდან გვაქვს ამდენი ენერგია, რა არ გვასვენებს და რატომ ვერ ვჩერდებით ერთ ადგილას დამსხდრები.
ვიზრდებით, საზრუნავი (სამეცადინო, სახლის საქმე, საოფისე სამუშაო) იმატებს და ,,ვჭკვიანდებით", ვსხდებით და მერე საათობით, კვირაობით, თვეობით, წლობით ვზივართ, ვზივართ, ვზივართ... მანამ, სანამ არ გაგვახსენდება, რომ მოძრავი არსებები ვართ ან არ შევამჩნევთ, რომ 2-იანებივით მოვიხარეთ და მუხლის გასაშლელად არ მივაშურებთ სპორტდარბაზებს, სკვერებსა, პარკებს თუ სალაშქრო ბილიკებს.
აი, აქ იწყება აღმოჩენების სერია:
ჯერ აღმოვაჩენთ, რომ ფიზიკური აქტივობის შდეგად დატვირთული სახსრები ჯოჯოხეთურად გვტკივა, გვეუბნებიან, რომ იცის-ხოლმე, რომ ,,ალბათ კუნთი ან მყესი დაგვეჭიმა", ეს ვქნათ, ის ვქნათ, დავასვენოთ და გაგვივლის.
მერე აღმოვაჩენთ, რომ ეს საჩუქარი ერთჯერადი არ არის, დროდადრო მაინც გვახსენებს თავს
და მერე, როცა გადავწყვეტთ, რომ შესაბამისი გამოკვლევები ჩავიტაროთ, აღმოვაჩენთ, რომ ,,კუნთი ან მყესი კი არ დაგვჭიმვია", მაშინ, როცა მყარად ვისხედით, ჩვენს ძვრიფას ტვინს ,,მიტოვებულ" სახსრებში ხრტილის წარმოქმნის შეწყვეტის და უკვე წარმოქმნილის განლევის ბრძანება გაუცია.
მედიცინა ამბობს, რომ ამ სცენარის განვითარების ორი გზა არსებობს:
I. განვაგრძოთ არასაკმარისად მოძრავი ცხოვრება, მივენდოთ მხოლოდ მედიკამენტებს და შევეგუოთ დაავადების პროგრესირების გარდაუვალ პროცესს.
და II ....
ამოცანა გვეკითხება, რა არის მეორე გზა?
ვის რა წარმატებული გამოცდილება გაქვთ?
რა რეჟიმით, კონკრეტულად რა ვარჯიშებით შეაჩერეთ ამ კრგმტყნლი დაავადების პროგრესირება?
რამდენ ხანში?
რა შედეგზე გახვედით?
მოკლედ, გაგვიზიარეთ თქვენი ამ საკითხთან დაკავშირებული გამოცდილება
მგონია, რომ ბევრი ადამიანი დაგრჩებათ მადლობელი
* * *
მანამდე სხვების გამოცდილებას დავდებ
* * *
ვივარჯიშოთ თუ შევეშვათ ვარჯიშს?