ანასტასია ჩხარტიშვილი — ლატვიის ღია ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი ქალთა ერთეულებში!
დიდი წარმატება ქართული მაგიდის ჩოგბურთისთვის!
17 წლის ანასტასია ჩხარტიშვილმა ლატვიის ღია ჩემპიონატზე ქალთა ერთეულებში ვერცხლის მედალი მოიპოვა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ანასტასია შეჯიბრებაზე მე-14 ნომრად იყო განთესილი, თუმცა შესანიშნავი თამაშით არაერთ გამოცდილ და მაღალრეიტინგულ სპორტსმენს სძლია და ფინალამდე მიაღწია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც ანასტასიამ ბრწყინვალე თამაშით 3:0 დაამარცხა ლიეტუველი მარია მიკალაუსკიტე — მოთამაშე, რომელმაც ამავე ტურნირის U21 გოგონათა ერთეულებში ჩემპიონობა მოიპოვა.
ფინალში ანასტასიას მეტოქე იყო ესტონეთის წარმომადგენელი Airi Avameri — გამოცდილი 26 წლის სპორტსმენი, რომელსაც კარიერაში მსოფლიო რეიტინგში №196 პოზიციამდე მიუღწევია და არაერთ საერთაშორისო, მათ შორის ევროპის და მსოფლიო დონის შეჯიბრებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ფინალური შეხვედრა Airi Avameri-მ 3:1 მოიგო, თუმცა ანასტასიას გამოსვლა ამ ტურნირზე უდავოდ განსაკუთრებული იყო.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ ანასტასია ტურნირის საპრიზო ტოპ რვაში მოხვედრილ მოთამაშეთა შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო.
ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდა თაობას შეუძლია ევროპულ ასპარეზზე უმაღლესი დონის მოთამაშეებთან კონკურენცია.