24 საათში ვნახე მაგარი სტატია ფედერერზე. მაგარი სტატიაა
ზურა თალაკვაძე
24 საათი 20.03.10
ხელშეუხებელი
როჯერ ფედერერი ბერდება და თან არ (ან ვერ) ბერდება. შედარებით ბევრს აგებს, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ მოსაგებს მაინც იგებს და ყველაზე მაგარია.
შვეიცარიელმა უკვე მოიგო დიდი სლემის 16 ტურნირი, ძალიან ბევრი რეკორდი დაამყარა ან გააუმჯობესა და ჩოგბურთში უკვე ხატია.
რეკორდებს როჯერამდეც ამყარებდნენ და რამდენიმე შედეგის გაუმჯობესება მასაც გაუჭირდება, მაგრამ დღეს გიამბობთ ფედერერის ათ რეკორდს და იქვე მათი გაუმჯობესების პროცენტულ პერსპექტივას წარმოგიდგენთ. გადახედეთ. არა მგონია, რომელიმე ჰაილაითის გაუმჯობესება იმაზე რეალური იყოს, ვიდრე ეს ამ მასალაში გვაქვს ნაჩვენები.
სილულელეა ფედერერისა და სხვა გრანდების, თუნდაც პიტ სამპრასის, ბიორნ ბორგის, ივან ლენდლის, როდ ლეივერის და ჯიმი კონორსის კარიერული მონაგრის შედარება და ბევრი უაზრო და არაფრისმთქმელი პარალელის გავლება.
1. დიდი სლემის ორი სხვადასხვა ტურნირის ზედიზედ ხუთჯერ მოგება
გაუმჯობესების შანსი: 1%
მოკლედ: 1920-25 წლებში ბილ ტილდენმა ზედიზედ ექვსჯერ მოიგო ამერიკის ღია პირველობა. 1963-67 წლებში ლეგენდარულმა ავსტრალიელმა როი ემერსონმა ზედიზედ ხუთჯერ აიღო ავსტრალიის ღია პირველობის მთავარი პრიზი, შვედმა ბიორნ ბორგმა კი უიმბლდონზე ოთხწლიანი დომინაციით (1978-81) გაალამაზა თავისი კარიერა. შვეიცარიელი ერთადერთია, რომელმაც დიდი სლემის ორი ტურნირი ზედიზედ ხუთჯერ მოიგო. 2003-07 წლებში როჯერი საუკეთესო იყო უიმბლდონზე, ხოლო 2004-08-ში კი ზედიზედ ხუთი ფინალი ამერიკაში მოიგო. საუკეთესო ფორმაში მყოფ რაფაელ ნადალს თავისუფლად შეუძლია ზედიზედ ხუთჯერ “როლან გაროსის” მოგება, მაგრამ სხვაგან ამას ნაღდად ვერ გააკეთებს. ხუან მარტინ დელ პოტროს ჰარდზე ენდი მარეის და ნოვაკ ჯოკოვიჩის სახით სერიოზული კონკურენტები ჰყავს, ბალახზე კი, როჯერის გარდა, რომელიმე სხვა მოთამაშის გამორჩევა იქამდე გამიჭირდება, სანამ ფედერერი კარიერას არ დაამთავრებს. ერთი სლემი შუალედში შეიძლება კოლია დავიდენკომ, რობინ სოდერლინგმა ან გაელ მონფილზმაც მოიგონ, მაგრამ ამ სამეულიდან ბალახზე ვერც ერთი ვერ თამაშობს სტაბილურად.
2. დიდი სლემის 16 ტურნირის მოგება 27 შესაძლებლიდან
გაუმჯობესების შანსი: 2%
მოკლედ: როჯერისთვის წარუმატებელი გამოდგა დიდი სლემის ტურნირებზე პირველი 16 გამოსვლა. ერთხელ მან უიმბლდონზე სამპრასსაც მოუგო, ავსტრალიაში რამდენიმე სუპერთამაში შემოატრიალა, მაგრამ ფინალში გასვლას და ჩემპიონობას ვერ ახერხებდა. 2003-ში როჯერი გადის უიმბლდონის ფინალში, სადაც მისი მოწინააღმდეგე ავსტრალიელი მეეისე მარკ ფილიპუსისი იყო. ოზი ძალიან კარგ ფორმაში იყო, იმ ტურნირზე ერთ მატჩში საშუალოდ 31 ეისს აწვდიდა და მეოთხედფინალში ანდრე აგასი ჰყავდა დამარცხებული. მიუხედავად ამისა, როჯერმა მარკს სამ სეტში მოუგო და დააბრეიკა ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მომწოდებელი. ფინალის მერე ფილიპუსისმა შვეიცარიელს “ფენომენი” უწოდა. მას მერე შვეიცარიელმა მოიგო 50 პროცენტი დიდი სლემის იმ ტურნირებისა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო. 16 მეიჯორის მოგებას მან 27 ტურნირი მოანდომა. შედარებისთვის, პიტ სამპრასმა დიდი სლემის 14 ტურნირის მოგებას 45 ტურნირი მოანდომა. პიტის და როჯერის შედარებას აზრი არ აქვს. უბრალოდ, სხვადასხვა დროს, რადიკალურად განსხვავებული მეტოქეების წინააღმდეგ უწევდათ თამაში. მთლიანობაში, უფრო სოლიდური ოპონენტები ამერიკელს ჰყავდა, მაგრამ სამპრასს არ ჰყოლია რაფაელ ნადალივით სტაბილური და უნივერსალი მოწინააღმდეგე. ანდრე აგასის თემას შეგნებულად არ ვეხები (ალბათ, ხვდებით, რატომაც), ჯიმ კურიე, გორან ივანიშევიჩი, მიხაელ შტიხი, სერხი ბრუგერა, ტომას მუსტერი და ედბერგ-ბეკერის წყვილი სამპრასს დიდ წინააღმდეგობას ვერ უწევდა.
3. 2005 წლის უიმბლდონიდან 2010 წლის ავსტრალიის ღია პირველობამდე 19 მეიჯორზე 18 ფინალი
გაუმჯობესების შანსი: 3%
მოკლედ: არა მარტო ჩოგბურთში, სპორტის ნებისმიერ სახეობაში ყველაზე მაგრები, სხვებისგან გამორჩეული სპორტსმენები ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირებზე საუკეთესოდ გამოდიან. ასეა როჯერიც. დიდი სლემის ნებისმიერ ტურნირზე შვეიცარიელი თავისი საუკეთესო ჩოგბურთის დემონსტრირებას ახდენს. ფედერერი მარტო 2008 წლის ავსტრალიზე “ჩაიჭრა”, როდესაც ნახევარფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო. ჯოკოვიჩმა ის სლემი მოიგო და არც მანამდე, არც მას შემდეგ, მეიჯორის ფინალში არ გასულა. ფედერერი ხშირად ისეთ მატჩებს იგებდა, რომლებშიც შორს იყო საუკეთესო კონდიციებისგან, მაგრამ სათამაშო კლასით მაინც ახერხებდა ყველას გადათელვას. ამ მატჩების ჩამოთვლას აზრი არ აქვს. უბრალოდ, ძალიან ბევრი შეხვედრა უნდა გავიხსენოთ.
4. 2004 წლის უიმბლდონიდან 2010 წლის ავსტრალიის ღია პირველობამდე ზედიზედ 23 (ან მეტი) ნახევარფინალი
გაუმჯობესების შანსი: 3%
მოკლედ: 2004-ში როჯერი უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა და მას მერე, დიდი სლემის ყველა ტურნირზე, სულ მცირე, ამავე სტადიაზეა. ამ სიაში მეორე ადგილზეა ივან ლენდლი, რომლის ანგარიშზე ზედიზედ 10 სასლემო ნახევარფინალია. ბოლოს, როდესაც შვეიცარიელმა მეიჯორზე ნახევარფინალამდე ვერ მიაღწია, 2004 წლის საფრანგეთის ღია პირველობაზე მოხდა. მაშინ მას ბრაზილიელმა ვეტერანმა, მანამდე “როლან გაროსის” ორჯერ მომგებმა გუსტავო კუერტენმა მესამე წრეში მოუგო. კიდევ ერთი რეკორდი, რომელსაც არაკიბორგი ნამდვილად ვერ გააუმჯობესებს ან გაიმეორებს.
5. ზედიზედ 24 მოგებული ფინალი
გაუმჯობესების შანსი: 4%
მოკლედ: 2004-05 წლებში ფედერერი გავიდა 22 ტურნირის ფინალში და ყველა მოიგო. ამას დაუმატეთ 2003 წლის ბოლო ფინალის მოგებაც და როჯერის კიდევ ერთ ფანტასტიკურ შედეგს მიიღებთ. წარმოიდგინეთ, ყველა ფინალში ფედერერს იმ კონკრეტულ ტურნირზე მეორე ნომრად განთესილის წინააღმდეგ უწევდა თამაში! ეს სერია დავიდ დაასრულა ნალბანდიანმა, რომელმაც მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატის ფინალში ტრავმირებულ როჯერთან პირველი ორი სეტი დათმო, მერე მეხუთე სეტშიც აგებდა, მაგრამ მაინც გადალახა ფენომენის ბარიერი და, რაფაელ ნადალის მერე, შვეიცარიელისთვის ყველაზე უხერხულ, არასასურველ ოპონენტად ითვლება. მომდევნო სეზონში როჯერმა მთელი ოთხი ფინალი წააგო და სეზონი მხოლოდ 12 ტურნირის მოგებით დაასრულა. “მხოლოდ”…12.
6. ერთ სეზონში დიდი სლემის ყველა ტურნირის ფინალში სამჯერ გასვლა
გაუმჯობესების შანსი: 4%
მოკლედ: მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ ორმა მოთამაშემ შეძლო ერთ სეზონში დიდი სლემის ოთხივე ტურნირის ფინალში გასვლა. ლეგენდარულმა როდ ლეივერმა ეს ორჯერ გააკეთა და ორჯერვე - 1962-სა და 1968-ში, “დიდი სლემი” მოიგო. ფედერერს დიდი სლემი (ერთ სეზონში ოთხივე მეიჯორი) არ მოუგია, მაგრამ სამჯერ გავიდა ოთხი სუპერტურნირის ფინალში. როჯერი უნივერსალია. დღევანდელი გენერაციის ვარსკვლავებიდან ამის გაკეთების საუკეთესო შანსი ნადალს ან ხუან მარტინ დელ პოტროს ექნებათ.
7. სამწლიანი დომინაცია
გაუმჯობესების შანსი: 5%
მოკლედ: 2004-06 წლებში როჯერმა ერთეულებში 262 მატჩი გამართა და 247 (!) გამარჯვება მოიპოვა. ფენომენალური შედეგია, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ ვერ გაიმეორებს.
2004-ში როჯერმა სეზონი 74 მოგებით და 6 წაგებით დაასრულა, მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში კი მისი სტატისტიკა იყო 81:4 და 92:5. როჯერმა სამი წლის განმავლობაში 34 ტურნირი მოიგო, დიდი სლემის ტურნირებზე რვა გამარჯვება მოიპოვა, “მასტერსის” სერიაზე ცხრაჯერ გახდა პირველი და სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე, არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატზე, ორი ფინალი მოიგო. 2005-ში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი დავიდ ნალბანდიანთან რომ არ წაეგო, როჯერი სეზონს 82 მოგებით და მხოლოდ 3 წაგებით დაასრულებდა და ჯონ მაკინროის ყველა დროის რეკორდსაც გაიმეორებდა. 1984-ში ამერიკელმა 85 მატჩიდან მხოლოდ 3 წააგო და ორჯერ მას ივან ლენდლმა (ერთხელ - საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში) აჯობა.
8. პირველი ჩოგნის სტატუსის შენარჩუნება ზედიზედ 237 კვირის განმავლობაში
გაუმჯობესების შანსი: 7%
მოკლედ: 2004 წლის 2 თებერვლიდან 2008 წლის 17 აგვისტომდე ფედერერი ერთეულთა კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე იყო და ახლოსაც არავის იკარებდა. უბრალოდ, გადახედეთ მომდევნო ადგილებზე მყოფ ლეგენდებს და მათ მონაცემებს: ჯიმი კონორსი - 160 კვირა, ივან ლენდლი - 157 კვირა და პიტ სამპრასი - 102 კვირა. საერთო ჯამში, როჯერი 268 კვირის განმავლობაში პირველ ადგილზეა მოკალათებული. სამპრასის ყველა დროის რეკორდის გაუმჯობესებამდე ფედერერი კიდევ 19 კვირა უნდა იყოს რეიტინგის სათავეში და მერე ამ არაჩვეულებრივ მაჩვენებელსაც გააუმჯობესებს. უბრალოდ, როჯერი პიტის ერთ რეკორდს ალბათ ვერ დაამსხვრევს - ამერიკელი ზედიზედ ექვსი წელიწადი ამთავრებდა სეზონს რეიტინგის ლიდერად.
9. ბალახზე ზედიზედ 65 წაუგებელი შეხვედრა
გაუმჯობესების შანსი: 12%
მოკლედ: 2006-ში, ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალამდე, როჯერს ბალახზე ზედიზედ 39 შეხვედრა ჰქონდა მოგებული და ამ სერიას დასრულების რეალური საფრთხე დაემუქრა - ბელგიელ ოლივიე როხუსს ოთხი მატჩ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ როჯერმა მატჩი შემოატრიალა და 2008 წლის უიმბლდონის ფინალამდე ყველაზე სწრაფ საფარზე წაუგებლად 65 დაპირისპირება გამართა. ნადალთან ეპიკური ფინალის წაგება უსიამოვნო იყო იმის გამოც, რომ სულ მალე როჯერმა პირველი ჩოგნის სტატუსიც დაკარგა. დღეს, როდესაც თითქმის არ არიან ბალახზე აგრესიულად მოთამაშეები, ესე იგი, სტეფან ედბერგის, ბორის ბეკერის ან პიტ სამპრასის სტილის ჩოგბურთელები, როჯერის სერიასთან მიახლოებაც კი არარეალურია. და ვინ იცის, ნადალის გარდა, ორკვირიანი მარათონის დროს ფსიქოლოგიური და ფიზიკური კონდიციების იდეალურად შენარჩუნება? მგონი, არავინ.Õ
10. ზედიზედ რვა წლის განმავლობაში, სულ მცირე, ერთი ტიტული დიდი სლემის ტურნირებზე
გაუმჯობესების შანსი: 25%
მოკლედ: ფედერერმა 2010-ში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ენდი მარეისთვის მასტერკლასის ჩატარებით გაიმეორა პიტ სამპრასის და ბიორნ ბორგის რეკორდი, რაც ზედიზედ რვა წლის განმავლობაში დიდი სლემის, სულ მცირე, ერთი ტურნირის მოგებას ითვალისწინებს. როჯერს მომდევნო სეზონშიც ექნება რომელიმე სასლემოზე თუნდაც ერთხელ გამარჯვების რეალური შანსი და სერია კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. როჯერი ყველაზე კარგად, თანაბრად ანაწილებს ენერგიას და ასაკის მატება სამპრასთან, ბორგთან, აგასისთან, ლენდლთან შედარებით, ნაკლებად ეტყობა. ფედერერის ყველაზე რეალური კონკურენტი რაფაელ ნადალია, რომელიც, ბოლო ხუთი სეზონია, სულ მცირე, ერთ მეიჯორს იგებს და შვეიცარიელის რეკორდებიდან სწორედ ამ ჰაილაითს აქვს გაუმჯობესების “პერსპექტივა”. თუ ნადალმა ტრავმა არ მიიღო, როჯერის ეს რეკორდი შეიძლება გაუმჯობესდეს, ან, ყოველ შემთხვევაში, ნადალს მისი გამეორების შანსი ნამდვილად ექნება.
სტატიის მისამართი:
http://24saati.ge/index.php/category/sport...03-20/4563.html
Everything about him is perfect...His career on and off court is an inspiration to all mankind....
Roger Federer is like a disease...ppl are obsessed with him..
LUCKY TO BE BORN in FEDERER'S ERA!!
”არ არსებობს ფინიშის ზღვარი. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი”- როჯერ ფედერერი