ბეკერი: ნადალი უკვე პირველია 
მართალია, ეიტიპის რეიტინგსიაში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ესპანელ ნადალს ჯერაც 770 ქულით უსწრებს, მაგრამ განთქმული გერმანელი მეჩოგნის ბორის ბეკერის აზრით, ნადალი უკვე პირველია.
ბეკერმა, რომელიც ტორონტოში იქაური მასტერსტურნირის დიდების დარბაზში აღაზევეს, განაცხადა, რომ უკვე მთელი საჩოგბურთო თემი ერთსულოვანია იმ საკითხთან მიმართებაში, თუ ვინ არის ახლა ამქრის ჭეშმარიტი პირველოსანი.
“წლეულს ყველა იმაზე საუბრობდა, ფედერერი შევიდოდა ისტორიაში, როგორც პირველი მეჩოგნე, ვინც ღია პირველობათა ეპოქაში ზედიზედ 6-ჯერ მოიგო უიმბლდონი, თუ ნადალი შეძლებდა ბორგის მიღწევის გამეორებას და როლან გაროს და უიმბლდონს ერთ სეზონში მოიგებდა. ახლა ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია და შესაბამისი დასკვნაც – გამოტანილი” – თქვა ბეკერმა, ვისაც თავად დიდი მუზარადის 6 ტურნირზე უმარჯვია, აქედან 3-ჯერ – უიმბლდონზე.
“მართალია, რეიტინგში პირველი ადგილი კვლავ ფედერერს უკავია, მაგრამ ჰკითხეთ ნებისმიერს ჩოგბურთის სამყაროში და ის გიპასუხებთ, რომ პირველი ის არის, ვინც ერთ სეზონში როლან გაროც მოიგო და უიმბლდონიც. დიახ, ამ მომენტში ჩვენ ამქრის სათავეში ცვლილებათა მოწმენი ვართ” – დასძინა გერმანელმა.
ისე, არ არის გამორიცხული, ძალიან მალე ბეკერის მოსაზრებები რეიტინგსიასთან "შესაბამისობაში მოვიდეს": მართალია, ფედერერი ნადალთან 770 ქულით ჯერაც უპირატესობს, მაგრამ ჩრდილოამერიკულ კორტებზე მასზე მეტი ქულა აქვს დასაცავი (ის შარშანდელი კანადის მასტერსის ფინალისტი, ხოლო ცინცინატისა და აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია) და ამ ტურნირებზე მისი წაფორხილება – მით უფრო, თუ ნადალი იქ შარშანდელზე უკეთ გამოვა – ქულათა თანაფარდობაზე უმალ აისახება.
ფედერერი აშშ-ის ღია პირველობაზე მეტად ოლიმპიადაზე ფოკუსირდებაამქრის შვეიცარიელი პირველოსანი როჯერ ფედერერი სეზონის დარჩენილ პერიოდში თავის უმთავრეს პრიორიტეტად პეკინის ოლიმპიადას მიიჩნევს.
“დიდი მუზარადის არც ერთი ტურნირი რომ არ მომეგო, ალბათ, ჩემთვის ამას უფრო მეტი მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ ვინაიდან ასეთი 12 ტურნირი მაქვს მოგებული, ჩემთვის უფრო ძვირად ოლიმპიური ოქრო ფასობს” – აღნიშნა მან.
“მანამ, სანამ სიარული და თამაში შემეძლება, ოლიმპიადაზე ყოველთვის გამოვალ – თქვა ფედერერმა, რომელიც ამ კვირაში ტორონტოში, კანადის მასტერსზე ჩოგნაობს – ვინ იცის, იქნებ მედროშეობის პატივი ისევ მე მერგოს. 8 აგვისტო – ოლიმპიადის გახსნის დღე – ჩემი დაბადების დღეა და ეს მართლაც მშვენიერი იქნებოდა.”
“ასე რომ ოლიმპიადას ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან, ძალიან მაღალი ადგილი უკავია.”
სიდნეის 2000 წლის თამაშებზე ფედერერმა ბრინჯაოს მედალი ფრანგ არნო დი პასკუალესთან მატჩში დათმო, ხოლო ათენის 2004 წლის თამაშებზე ტურნირს სულაც მეორე წრეში, ჩეხ ტომაშ ბერდიხთან, გამოეთიშა.
პეკინში თითქმის მთელი ზეოცეული იქნება წარმოდგენილი, მათ შორის – ფედერერის ბედისწერად ქცეული ესპანელი რაფაელ ნადალიც, რომელმაც მას წლეულს როლან გაროს ფინალში უსასტიკესი მარცხი აგემა და მერე უიმბლდონური გვირგვინიც წაჰგვარა, და რომელსაც ოლიმპიური ოქრო თურმე ფედერერზე ნაკლებად უღირს.
“დიახ, ნაკლებად. ჩემთვის დიდი მუზარადის ტურნირებს უფრო დიდი ფასი აქვს” – თქვა ნადალმა.
პეკინის ოლიმპიური საჩოგბურთო ტურნირის დამთავრებისთანავე ამქარი ნიუ იორკში, დიდი მუზარადის უკანასკნელ წლევანდელ შეჯიბრებაზე, აშშ-ის ღია პირველობაზე, გადაინაცვლებს. ფედერერი წლეულს ამ ტურნირის ზედიზედ მეხუთედ მოგებას ეცდება.
მიმაგრებული სურათი