დილა მშვიდობის ყველას პრინციპში რა დილა შუა დღეა
აი რას მივაგენი აგასის ავტო ბიოგრაფიის შემოკლებულ ვარიანტს სადაც მისი წიგნიცაა განხილული
ულ სამი წელიწადია, რაც დიდი, სამეფო სპორტიდან, ჩოგბურთი რომ ჰქვია, წავიდა ანდრე აგასი და მიუხედავად მართლაც რომ გაწელილი და უსაშველოდ ხანგრძლივი კარიერისა, წასვლიდან სამი წლისთავზე, ერთხელაც შეახსენა თავი სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს.
საქმე ისაა, რომ ანდრე აგასიმ გამოუშვა მეტად გულახდილი ავტობიოგრაფიული წიგნი და სერიოზული პოპულარობაც დაიბრუნა. აქედანვე ვთქვათ, რომ აგასისეულმა გულახდილობამ 386 გვერდი მოიცვა და იმ მკითხველს, ვისაც ამ საკმაოდ სქელტანიანი წიგნის შეძენა მოუნდება, ჯიბის 29 დოლარით შეთხელება მოუწევს. ამერიკაში უკვე ამბობენ, რომ სპორტიდან წასულ ათლეტთა ავტობიოგრაფიებს შორის, აგასის მონაყოლი უკვე შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე "ანტისპორტულად" - ბუნებრივია, გულისხმობენ იმ წიგნებს, რომლებიც აქამდე დაბეჭდილა. ეს, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, რამეთუ, ვინც ამ მართლაც დიდებული ჩოგბურთელის კარიერას ადევნებდა თვალს, კარგად იცის - ანდრე აგასი სპორტზე და ჩოგბურთზე გულნატკენი ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო. გარდა სახელისა და მილიონებისა, სწორედ ჩოგბურთმა მოუტანა მას ოჯახური ბედნიერებაც - მას შემდეგ, რაც მისი (ანუ ჩვენი) თაობის სუპერქალს, ბრუკ შილდსს დაშორდა,
ქალთა ჩოგბურთის უპირველეს ვარსკვლავს, შტეფი გრაფს დაუკავშირა ცხოვრება, გამრავლდა და მოშენდა... და მაინც, პატარაობიდანვე წარმატებული და ლასვეგასელ ფენომენად შერაცხული ანდრე აგასი, ჩოგბურთში თავის მოღვაწეობას 30-წლიან
ციხეს ადარებს. იგი, ცოტა არ იყოს, შეძრწუნებული იხსენებს 1980 წლიდან დაწყებულ წვალებას, ოფლისგან გაჟღენთილ "ნაიკის" ფორმასა და წნეხს, რომელიც ნებისმიერ ნიჭიერ, პროფესიონალიზმის გზაზე დამდგარ ბავშვს სდევს თან...
სხვათა შორის, ავტობიოგრაფია რეზონანსული იმიტომაც გამოვიდა, რომ ანდრე აგასი საკმაოდ გულახდილი იყო და არც არავის მორიდებია. იგი ცუდად დაფარული გულისტკივილით საუბრობს მამაზე, ამერიკაში ირანიდან ემიგრირებულ სომეხ ემიგრანტზე, რომელმაც საკუთარი ცხოვრების აზრად ოთხი შვილის "გზაზე დაყენება" გაიხადა და ამისთვის არაფერს, არანაირი სიმძიმის სამუშაოს არ მორიდებია. ამ მებრძოლ კაცს, მაიკ აგასის აღზრდის მეტად მკაცრი სისტემა შეუმუშავებია და ვარსკვლავი შვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, იმდენი ქნა, ოთხიდან სამი შვილი "გაუტეხია". მხოლოდ მეოთხემ, აგასიმ გაუძლო - უდიდესი შრომისა და მამის ლამის სისასტიკის ფონზე იქცა საჩოგბურთო ვარსკვლავად, მაგრამ ახლა, 38 წლის ასაკში, ყოველივეს წუხილითა და გულისტკენით იგონებს. თვლის, რომ მიღწეული არ ღირდა 30-წლიან საკანში ჯდომად. გარდა ოჯახისა, აგასი გულახდილად საუბრობს ანაბოლიკებსა და სტიმულიატორებზეც. კერძოდ, სომატოტროპინსა და მეთამფეტამინზე, რომელთაც ჰორმონებისა და დოპინგის რანგში კი არ იღებდა, არამედ "ღამის ვოიაჟების" დროს თავის გასაბრუებლად... ახლა, როცა ამერიკაში დღეში, მინიმუმ, ერთი სკანდალი მაინც გორდება სტეროიდებთან და დოპინგთან დაკავშირებით, აგასის გულახდილობას ოდნავაც არ მიუყენებია ჩრდილი მისი მართლაც რომ ბრწყინვალე კარიერისთვის - მეტიც, ჩათვალეს, რომ სწორედ იმ ღამეებმა არ მისცეს
საშუალება ლასვეგასელ ფენომენს პლეადის უპირველეს ვარსკვლავად ქცეულიყო...
შრომას რაც შეეხება, მართლა ჯოჯოხეთური გადაუტანია და თანაც პატარაობიდან - როგორც თავად ამბობს, დღეში 2500 დარტყმას ასრულებდა - თანაც ისე, მანქანიდან გამოსროლილი თითოეული ბურთის სისწრაფე საათში 110 მილს (სადღაც 180 კილომეტრია საათში) უდრიდაო...
"ციხე" შეცვალა უარესმა სატუსაღომ - ასე მოიხსენიებს ანდრე აგასი ნიკ ბოლეტიერის ცნობილ საჩოგბურთო აკადემიას. მზით გარუჯული მეწარმე ათასობით დოლარს უხდიდა ნიჭიერი მოზარდების მშობლებს, რათა მათი შვილები საკუთარ საგამგებლოში დაეტუსაღებინა და თავად კი, ახალბედა ჩემპიონებზე "დამშეული" ამერიკული საზოგადოების მადა დაეკმაყოფილებინაო... იგი იხსენებს ბიორნ ბორგისა და
კრის ევერტის ეპოქას და თვლის, რომ სწორედ მათ ჩაუყარეს საფუძველი პროფესიონალური ჩოგბურთის თანამედროვე სტილს: ქცეულიყო არა სპორტის სახეობად, არამედ შოუბიზნესის ნაწილად. როგორც აღმოჩნდა, ბოლეტიერის აკადემია, ტალანტების სამჭედლოს გარდა, ჯუნგლების კანონით მცხოვრები, ერთმანეთზე დაგეშილი და კონკურენციის საცეცებში გათანგული ორგანიზაცია ყოფილა, სადაც მოზარდებს უფროსების ყურადღება და სიყვარული აკლდათ... "და მე გამოვხატე პროტესტი ამ ყველაფრის მიმართ - პირსინგი და სვირინგი (სახანძრო მანქანა), იყო ამბოხი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ნორმალურად არსებობაში ხელს მიშლიდა", - ასე ამბობს ანდრე აგასი წლების მერე...
ბუნებრივია, აგასი არ საუბრობს მხოლოდ პრობლემებზე და ასახელებს იმ ორ ადამიანს, ვინც ნამდვილი მამობა გაუწია და ასე ვთქვათ, კაცად აქცია - ორივე მწვრთნელია, ერთი ფიზმომზადებისა, ჯიმ რეიესი და მეორე, საყოველთაოდ ცნობილი ბრედ ჯილბერტი. სწორედ მათ უმადლის ვარსკვლავი იმას, რომ ბავშვობიდანვე ნაგვემი და გამოფიტული სხეული აღუდგინეს და გამარჯვებების მოპოვებაში დაეხმარნენ. აგასი მოკლედ შეეხო პიტ სამპრასსაც - მას თავისი ერის ყველაზე გამოჩენილი კი უწოდა და არც 14 დიდი მუზარადის ტურნირებში გამარჯვება დაუვიწყა, მაგრამ ერთიც დაამატა: მიუხედავად იმისა, 20-14 მომიგოო (პირად შეხვედრებში), მე უფრო სრულყოფილი ჩოგბურთელი ვიყავი, რაკიღა ნებისმიერ საფარზე ელიტარულად შემეძლო თამაშიო... სამპრასი უფრო ბალახის მოთამაშე იყო, აკი, მოიგო კიდეც უიმბლდონი 7-ჯერო... რომანი ბრუკ შილდსთან? აგასის აზრით, ეს იყო ჯო დიმაჯიოსა და მერილინ მონროს სასიყვარულო დუეტის ერთგვარი რიმეიკი, რომელიც აუცილებლად განშორებით უნდა დამთავრებულიყო და ასეც მოხდა - საკმაოდ მალე, ორ წელიწადში. რაც შეეხება სხვა, "მარცხენა" გასეირნებებს, ამაზე ვარსკვლავი მეტად სიტყვაძვირია და დაახლოებით ქართულ გამოთქმას ამართლებს: ქალებში პოპულარული და წარმატებული კაცი, ასეთი რამეებით არ ტრაბახობს...
შტეფი გრაფი... ეს უდიდესი სპორტსმენი, თურმე აგასიზე მეტად ვერ იტანდა პროფესიულ ჩოგბურთში არსებულ სიტუაციას, მაგრამ ნიჭსა და შესაძლებლობებს არ ეღალატებოდა და შტეფიც აგროვებდა ტიტულებსო. ახლა, როცა ისინი ცოლ-ქმარი არიან და შვილებისთვის
ნებისმიერი სიკეთის განხორციელება ძალუძთ, გრაფმა და აგასიმ ვარსკვლავების სამჭედლოს აშენებას, ფილანთროპობა არჩიეს, "ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრი" ააშენეს და ამერიკაში მცხოვრებ დაბალი ფენის ბავშვებს, ძირითადად აფროამერიკელებს, განათლების მიღების საშუალებას აძლევენ... ვერაფერს იტყვი, დიდებული ფინალია - წიგნისაც და ჯერაც ახალგაზრდა ცხოვრებისაც...
პს ისე ცოტა ბანძი ენითაა დაწერილი