ქვაცაბაიას ორი ტიტული ერთ დღეში
მაშინ, როცა საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით იბრძოდა "ფედერაციის თასზე" ნაკრებში არგამოძახებული სოფიო ქვაცაბაია (429) სტამბოლის საერთაშორისო ტურნირში ყოჩაღობდა. 22 წლის ქვაცაბაია პირველ ნომრად განთესეს თურქეთში და მანაც გაამართლა ფავორიტობა.
ჩვენი თხრობა მეოთხედფინალზე შევწყვიტეთ, რომელშიც ქართველმა რუსი იანა ორლოვა დაამარცხა - 6:0, 6:2. ნახევარფინალში ჩვენებურმა მე-3 ნომრად განთესილ რუმინელ ლაურა-ლოანა ანდრეის (576) მოუგო - 6:4, 2:6, 6:2. ფინალში მას მე-4 ნომრად განთესილი ბელარუსი ქსენია მილევსკაია (692) გადაეყარა. ფინალი ჩვენმა თანამემამულემ ძალიან იოლად მოიგო - 6:2, 6:1.
ქვაცაბაია წყვილთა ბადის ფინალშიც გავიდა რუმინელ ანდრეისთან ერთად. ფინალში მათ ბულგარელი მლადენოვა და სლოვენიელი პრიშლანი დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფინალი ერთ დღეს გაიმართა, ჩვენი თანანემამულე აქაც გამარჯვებული გამოვიდა - 6:2, 6:2. სოფიოს წყვილთა თანრიგში ტიტული ადრეც მოუგია (5-ჯერ, ერთი წლეულს ფრანგულ ლიონში), მაგრამ ერთეულებში ეს მისი პირველი გამარჯვებაა კარიერაში.
მიმაგრებული სურათი