რიხარდ II და Training Day19 წლის მილოშ რაონიჩი ყველაფერს სწრაფად ითვისებს.
არ უნდა აირიდო ჟურნალისტებთან აუცილებელი საუბარი და სულელურ კითხვებზეც, ყველას მშვიდი ფიზიონომიით უნდა უპასუხო.
არ უნდა გააფორმო სასპონსორო ხელშეკრულება რომელიმე მსუნაგ კომპანიასთან და ერთჯერად საგნად არ იქცე. ბოლო დროს თითქმის სულ ასე ხდება. მილოში ამას აიცილებს.
არ უნდა დაიქირავო მწვრთნელად მარკ ფილიპუსისი. მერე, როდ ლეივერზე მაგარიც რომ გახდე, სულ “მეორე ფილიპუსისი” იქნები. თან, მარკი მალე ისედაც დაბრუნდება და ამ შედარებას თავისი შარმი ეკარგება.
არ უნდა მოეშვა ფინალში ენდი როდიკთან. სეზონში ერთხელ, ეს ბიჭიც იღებს კრედიტში მოტივაციას და ჩოგბურთის თამაშს იწყებს.
არ უნდა იწვალო იქ, სადაც სხვები რელაქსაციის კურსებს გადიან. რაონიჩი სულ დაძაბული, სტალონეს მეორე ცოლივით ზედმეტად მოტივირებულია. ბრიჯიტ ნილსენს სლაის მილიონები უნდოდა. და მილოშს… რა უნდა მილოშს? ყველაფერი. თუ ტრავმატოლოგებთან არ იძმაკაცებს, მილოშ რაონიჩი მსოფლიოს პირველი ჩოგბურთელი გახდება.
ესპანელი პიტბული ჯერ დალეწილია, როჯერი მირკას წითელ წინდაზე გასულ თვლებს ეძებს, ჯოკოვიჩი შეივინგის კურსებზე დადის, დავიდენკოს იუჟნის კეფიდან თმა გადაუნერგეს და ნიკოლაი მელოტების ლიგაში საწევროს აღარ გადაიხდის. ჯონ მაკინროიმ კიდევ ერთი ნახატი გაყიდა. ენდი მარეი სულ ენდი მარეი იქნება. პრო ტურის ახალი ჰიტი ორმეტრიანი, ბუნჩულა ბავშვი, მილოშ რაონიჩია.
კორტზე გადაადგილებით, მოწოდებით, ხვნეშით, გარეგნობით რაონიჩი კიდევ ერთი საყვარელი გიგანტის, ჰოლანდიელი რიხარდ კრაიჩეკის კლონია. რიხარდმა კარიერის განმავლობაში ყველაფერი მოიტეხა, ერთხელ მოიგო უიმბლდონი და დადებითი ტიპი იყო. არავისთან არ მეგობრობდა და მაინც ყველა ემეგობრებოდა. შემდეგ, ულამაზესი გოგონა მოიყვანა ცოლად და სახლში პრივატული სამოთხე აქვს. კრაიჩეკი და როჯერ ფედერერი რაონიჩის კერპები არიან. მილოში ამ ორის ჩოგბურთზე იზრდებოდა. როჯერი და რიხარდი რაონიჩისთვის შედევრალური Training Day-ს კორუმპირებული მასწავლებლები იყვნენ. ოღონდ, თავიდან კორუმპირებული და შემდეგ, გამოსწორებულები. მგელივით ყმუილიც აათვისებინეს და უცხო, მტრულ გარემოცვაში აზრზე მოსვლის გზებიც გაუნათეს.
რაონიჩი ეისმენია. ერთ VS-ში საშუალოდ 20 ბაზუკაზე მეტს უშვებს და იგებს. წელს თითქმის სულ იგებს.
მოიგო სან ხოსეში. ფინალში სამ სეტში პირველი ათეულის წევრს, ფერნანდო ვერდასკოს მოუშალა ნერვები.
ავსტრალიის ღია პირველობაზე კოალების სანატორიუმში შეიარა, იქ დადებითი ენერგიით დაიტვირთა და მესამე წრეში იუჟნი მიტყიპა. აქეთ-იქიდან სულ ფორჰენდ-ბექჰენდები ურტყა. თან, კრაიჩეკივით ეღიმებოდა. მეიჯორზე რაონიჩი მეოთხე წრეში გავიდა.
მემფისში ჩავიდნენ უხასიათო როდიკი, სექსუალური ხუან მარტინ დელ პოტრო, მადამ ტიუსოს მუზეუმის პერსონაჟი ლეიტონ ჰიუიტი, “ტიტანიკის” გადასაღები მოედნიდან წამოღებული მარდი ფიში და მოქმედი ჩემპიონი სემ ქუერი. რაონიჩიც ამ გაუგებრობაში მოხვდა და ეგრევე მოუგო ვერდასკოს. მეორედ სამ დღეში.
ფინალში მილოშს როდიკმა 7:6, 6:7, 7:5 აჯობა.
ფინალში მილოშმა 32 ეისი დასვა.
ფინალით რაონიჩი უფრო მიუახლოვდა კრაიჩეკს. რაონიჩი უკვე 37-ეა რეიტინგში. ძალიან მალე პირველ ოცეულში შევა.
Training Day მორჩა. სეზონის ბოლოს პრო ტურზე ოსკარებს დაარიგებენ. ნომინანტებში რაონიჩიც იქნება.
http://www.tabula.ge/article-3263.html
Everything about him is perfect...His career on and off court is an inspiration to all mankind....
Roger Federer is like a disease...ppl are obsessed with him..
LUCKY TO BE BORN in FEDERER'S ERA!!
”არ არსებობს ფინიშის ზღვარი. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი”- როჯერ ფედერერი